უფროსები ხშირად გამოვხატავთ უკმაყოფილებას და არ ვიშურებთ საყვედურებს ბავშვების მიმართ მათი ამა თუ იმ ქცევის გამო. თუმცა, იშვიათად ვცდილობთ აღნიშნული ქცევის გამომწვევი მიზეზების მოძიებას და ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე, რომ ეს მიზეზები შეიძლება ბავშვთან ურთიერთობაში მისი განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომებით იყოს განპირობებული. ეს შეცდომები საკმაოდ მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია. ერთ-ერთი ასეთი შეცდომა, რაც ბევრი უარყოფითი შედეგის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს, ბავშვის პირადი საზღვრების, პირადი სივრცის დარღვევას უკავშირდება.
პირადი საზღვრები ეს არის ფიზიკური, ემოციური და ფსიქოლოგიური შეზღუდვები, რომელსაც თითოეული ადამიანი ადგენს თავის გარშემო იმისათვის, რომ ის თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობდეს. სწორედ პირადი საზღვრებით არის ნაკარნახევი, თუ რა ქცევა, რა მოქმედება იქნება ჩვენთვის მისაღები სხვა ადამიანების მხრიდან და რა – არა. პირადი საზღვრები გვეხმარება, ადამიანებს განვსაზღვროთ საკუთარი ინდივიდუალურობა, დავიცვათ საკუთარი უფლებები და შევინარჩუნოთ პირადი ცხოვრება.
პირადი საზღვრების დადგენის, პატივისცემისა და დაცვის უნარი ნებისმიერი ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პირადი საზღვრების განცდის გარეშე ადამიანი წყვეტს საკუთარი ცხოვრების მართვას, აკეთებს არა იმას, რაც სურს, არამედ იმას, რაც სურთ მისგან სხვა ადამიანებს. ამიტომ არის ასეთი აუცილებელი შეგვეძლოს საკუთარი პირადი საზღვრების დაცვა და სხვების პირადი საზღვრების პატივისცემა. უფროსებისთვის ამის გაკეთება ყველაზე რთული ბავშვებთან ურთიერთობისას არის. აქ გვიწევს დავაბალანსოთ უპირობო მიღება და „არას” დროულად თქმა, სირთულეებისგან ბავშვის დაცვის სურვილი და მისთვის საკუთარი ცხოვრების დამოუკიდებლად მართვის უფლების მინიჭება. ხშირია შემთხვევა, როცა ბავშვის პირადი საზღვრები ჩვენ მიერ თითქოს კეთილი განზრახვით ირღვევა, მაგრამ მოგვიანებით ის საკმაოდ ნეგატიური შედეგების მომტანი აღმოჩნდება ხოლმე.
რა შემთხვევებში ირღვევა ბავშვის პირადი საზღვრები:
- რამდენადაც უცნაურად არ უნდა მოგვეჩვენოს, ბავშვის პირადი საზღვრები, უპირველეს ყოვლისა, მაშინ ირღვევა, როცა ვაიძულებთ ბოლომდე შეჭამოს ის, რასაც ვთავაზობთ. ბავშვის იძულებით კვება მისი ფიზიკური საზღვრების დარღვევაა. ასეთი ქცევით ჩვენ მას გადავცემთ ინფორმაციას, რომ ის უნდა ენდოს არა საკუთარ სხეულებრივ შეგრძნებებს (შიმშილი, დანაყრება), არამედ გარე დამკვირვებლებს, უფროსებს, რომლებმაც რატომღაც უკეთ იციან ბავშვი დანაყრდა თუ არა;
- ბავშვის პირადი საზღვრები ირღვევა მაშინაც, როცა ის იძულებით, ძალდატანებით დაგვყავს სხვადასხვა წრეზე. ყოველ ადამიანს, თუნდაც ბავშვს, აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი გატაცებები, ინტერესები. ესეც ერთგვარი პირადი სივრცეა, რომელიც სხვებისგან ინტელექტუალური საზღვრებით არის დაცული. შესაძლოა ჩვენ ძალიან კეთილი განზრახვა გვამოძრავებდეს, როცა ბავშვი მისი ნების, ინტერესების, სურვილის საწინააღმდეგოდ დაგვყავს ფორტეპიანოზე, ხატვაზე ან ჭადრაკის წრეზე, მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ ამით ჩვენ მის პირად საზღვრებს ვარღვევთ და ზიანი შეიძლება საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდეს და ძალებიც უაზროდ დაიხარჯოს. ინტელექტუალური საზღვრები ირღვევა მაშინაც, როცა ბავშვს ეკრძალება საკუთარი აზრის გამოთქმა („ჯერ რძე არ შეგშრობია ტუჩებზე, იჯექი და ენას კბილი დააჭირე“); როცა ბავშვის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს დასცინიან და გაუმართლებლად აკრიტიკებენ („შენ რა გესმის!“); როცა ბავშვს აიძულებენ, წაიკითხოს წიგნები, რომლებიც მისთვის საინტერესო არ არის („მე უკეთ ვიცი, რა გჭირდება“);
- ბავშვის პირადი საზღვრების დარღვევასთან გვაქვს საქმე მაშინაც, როცა მის თავისუფალ დროში ვერევით, ექსპლუატაციას ვუწევთ მის თავისუფალ დროს, ვაიძულებთ აკეთოს ის, რაც მისთვის არანაირი შედეგის მომტანი არ არის, მაგრამ ჩვენთვის საჭიროა. ამ შემთხვევაში ირღვევა დროის საზღვრები. თუ ბავშვის დროს სიფრთხილით და ყურადღებით მოვეკიდებით, ამით მოვამზადებთ მას, რომ ზრდასრულობის ასაკში უაზროდ არ გაფლანგოს თავისი დრო;
- ბავშვის პირად საზღვრებს ვარღვევთ მაშინაც, როცა მას ვარცხვენთ, ვსაყვედურობთ, თუ ის თავის ნივთს, სათამაშოს არ უზიარებს, არ ათხოვებს სხვას – „როგორი ხარბი ხარ“, „მიეცი მას შენი მანქანა, შენ ხომ მაინც არ თამაშობ ამ მანქანით“. გავითვალისწინოთ, რომ ასეთი ფრაზები ბავშვის მატერიალური საზღვრების დარღვევაზე მიგვანიშნებს. მატერიალური საზღვრები – ეს პირადი საკუთრების დაცვაა. თუ ჩვენ, უფროსები პატივს ვცემთ ბავშვის ამ საზღვრებს, არ უნდა შევარცხვინოთ, არ გავკიცხოთ, არ ვეჩხუბოთ და არ მივიღოთ უკმაყოფილო სახე, როცა ბავშვი თავის სათამაშოს არ აძლევს სხვას. ბავშვის პირადი ნივთები, სათამაშოები მისი პირადი საკუთრებაა. მას აქვს უფლება უარი თქვას საკუთარი სათამაშოს სხვისთვის გაზიარებაზე, ასევე უფლება აქვს, აჩუქოს ის ვისაც უნდა და როცა მოესურვება. ბავშვის მატერიალური საზღვრების მიღება, აღიარება და დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში ის თავადაც ვერ იგრძნობს ამ საზღვრებს სხვა ადამიანების მიმართ და არც შეეცდება მათ დაცვას. აქედან მომდინარეობს ქურდობა, ძალით წართმევა და იმათზე განაწყენება, ვინც რაღაც არ მისცა.
ბავშვის პირადი საზღვრების მუდმივად დარღვევის შედეგები:
- დაქვეითებული თვითშეფასება. ბავშვს უყალიბდება საკუთარ თავში დაურწმუნებლობის გრძნობა. ბუნდოვანი პირადი საზღვრები იწვევს თვითღირებულების დაკარგვას. ბავშვი ვერ გრძნობს თავს კარგ ადამიანად და მუდმივად ცდილობს ეს ყველას დაუმტკიცოს;
- ირაციონალური განწყობები. თუ ადამიანს მთელი ბავშვობა უმტკიცებდნენ, რომ სადილზე შეთავაზებული კერძი ბოლომდე უნდა შეეჭამა და თეფში ცარიელი დაეტოვებინა, ის ეჩვევა საჭმლის ბოლომდე ჭამას და რადაც არ უნდა დაუჯდეს, თეფშზე არაფერს ტოვებს. ეს განწყობა-დამოკიდებულება გადადის ქვეცნობიერ დონეზე და მოგვიანებით, უკვე ზრდასრულობის ასაკში მას გაუჭირდება ამ არაჯანსაღი ჩვევის დაძლევა. აქედან მომდინარეობს ჭარბწონიანობა და ასევე დანაშაულის გრძნობა, თუ საჭმელს ბოლომდე არ შეჭამს;
- ქურდობა, სისასტიკე. ბავშვი მსჯელობს დაახლოებით ასე: „თუ მე უნდა მივცე ჩემი საკუთარი ნივთი, სათამაშო სხვას, ე.ი. სხვებმაც უნდა მომცენ თავიანთი ნივთები და თუ არ სურთ ამის გაკეთება, შეიძლება წავართვა, ან შეუმჩნევლად ავიღო“. ბავშვს უყალიბდება დამახინჯებული წარმოდგენა სამართლიანობაზე;
- ფსიქოსომატური დაავადებები. როდესაც ექიმები ამბობენ, რომ ადამიანი „ჯანმრთელია“, მაგრამ მას მაინც აქვს ტკივილები. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ემოციების მუდმივი შეკავება, ჩახშობა იმიტომ, რომ დედამ თქვა: „ბრაზდებიან მხოლოდ ცუდი ბავშვები“, „ბიჭები არ ტირიან“ და ა.შ.;
- სხვისი პირადი საზღვრების უპატივცემულობა და დარღვევა. გავითვალისწინოთ, რომ ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი საზღვრების დაცვა, როგორც წესი, ვერც სხვის საზღვრებს ხედავს და მუდმივად არღვევს მათ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირადი საზღვრების დადგენა და დაცვა ბავშვის აღზრდის მნიშვნელოვან ამოცანად უნდა დავისახოთ. დავეხმაროთ მოზარდს და განუვითაროთ მას პირადი საზღვრების დადგენისა და დაცვის უნარ-ჩვევები, რათა მან თავი კომფორტულად, უსაფრთხოდ და თავდაჯერებულად იგრძნოს სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას. ეს კი, თავის მხრივ, ემოციური კეთილდღეობის მიღწევასა და გარშემომყოფებთან ჯანსაღი ურთიერთობის დამყარებაში დაეხმარება მას, შეძლებს როგორც საკუთარი პირადი საზღვრების დაცვას, ასევე სხვების პირადი საზღვრების პატივისცემას.