ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

წერა ყველა ბავშვს შეუძლია

„ჩემი აზრით, წერა თვითგამოხატვისა და თვითაღმოჩენის ერთ-ერთი დამაკმაყოფილებელი, ღირებული და ეფექტური საშუალებაა“.

ვაიოლეტ ოკლანდერი

 

ბავშვობაში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ლიტერატურის კურსზე დავდიოდი. 90-იან წლებში გარეუბანში გაზრდილი გოგოსთვის ეს იყო უდიდესი მოტივაცია და თვითგამოხატვის საშუალება. ერთხელ მასწავლებელმა დაგვავალა, მომდევნო შეხვედრისთვის დაგვეწერა თავისუფალი თემა ქარში მფრინავ ცელოფნის პარკზე. სკოლიდან შინ ვბრუნდებოდი და ვწუხდი, რა დამეწერა. ერთი წინადადებაც კი არ მაფიქრდებოდა. მახსოვს მტანჯველი შეგრძნება, რომ დავალებას თავს ვერ ვართმევდი. ეს მოგონება ამ სტატიაზე ფიქრისას ამომიტივტივდა და ახლა, როცა თავად ვასწავლი წერას, დავფიქრდი, როგორ შეიძლება დააბრკოლოს ბავშვი თუნდაც ერთმა წერითმა ინსტრუქციამ და მისი შფოთვის შესახებ მასწავლებელმა ვერასდროს შეიტყოს. საკუთარ ბავშვობასთან მიბრუნება მასწავლებლობისას კიდევ უფრო მეტი სიფრთხილისკენ მიბიძგებს და წერის სწავლების მრავალფეროვანი ტექნიკის მოძიების სურვილს მიჩენს.

ჩემი ფიქრების კვალდაკვალ კიდევ ერთი ამბავი უნდა მოგითხროთ, რომელიც წერის სირთულის საილუსტრაციო მაგალითია. დილას ვკითხულობდი მეშვიდეკლასელი მოსწავლის საშინაო დავალების რვეულს. თუ მთელი წლის შრომის შედეგის ჩვენებას განვიზრახავ, ამისთვის მეშვიდეკლასელი ანდრიას რვეული ნამდვილად არ გამომადგება გამოტოვებული დავალებების, გაკრული ხელნაწერის, გაუმართავი წინადადებების გამო, თუმცა მის რვეულში არის ჩანაწერები, რომლებმაც გული გამითბო, მასზე ფიქრებით ამავსო და დამარწმუნა, რომ შეფასებისას მხოლოდ იდეალურ შედეგზე არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება. რამდენიმე წინადადება გავხაზე კიდეც. ასეთი წინადადებები მაგონებს სერფინგის დაფას, რომელსაც რამდენიმემეტრიანი ტალღის ქვეშ შეუძლია გაძვრომა. მოსწავლის გულწრფელობით სავსე წინადადებებსაც შეუძლია, მასწავლებლის შფოთვა ჩააცხროს. მერე ჩემი ორი თვის ბიჭი ეზოში ჩავიყვანე სასეირნოდ. კლასელებთან ერთად მომავალი ანდრია რომ დავინახე, თვალწინ მისმა ჩანაწერებმა გამიელვა. ბავშვები გამომელაპარაკნენ, მე ანდრიას ჩემი შთაბეჭდილებები გავუზიარე და გავახსენე დღის ათწუთიანი ჩანაწერი, სადაც წერს, რომ მის ტვინს კარანტინი დაემართა და საზღვრები ჩაეკეტა. ორივეს გაგვეღიმა. მერე ბიჭებმა საბავშვო ეტლი ლიფტამდე ამატანინეს და სადარბაზოში მარტო დარჩენილი ისევ ანდრიაზე ვფიქრობდი – ნეტავ, მართლა თუ ახსოვდა ის ჩანაწერი ან როდის გაიაზრებს მთელი სისავსით მასწავლებლის მცდელობას-მეთქი. ახლა უკვე ვიცი, რომ ჩემი ფიქრები, ზეპირი თუ წერილობითი კომენტარები მისთვის აუცილებლად იქცევა ზურგის ქარად.

წლის ერთ-ერთი დავალება ამგვარი იყო – უნდა დაეწერათ თავფარავნელი ჭაბუკიდან ლირიკული გმირის, გოგოს, დღიური. ანდრია წერს:

„დღეს როგორც ყოველი დღე არის უბრალო. ვზივარ წისქვილის კენწეროში და ვუყურებ ზღვის შემდეგ რომ დგას სახლი. იქ ცხოვრობს ერთი ბიჭი, რომელიც ცოტათი მიყვარს. ვფიქრობ მასზე სულ“.

13 წლის ბიჭს ჩანაწერისთვის თავისივე სურვილით დაურთავს ნახატი – წისქვილი, ზღვის ტალღებში მისი ანარეკლი, მთვარე და ვარსკვლავები.

ანდრიას წერითი უნარების გამომუშავებამდე იყო ოთხწლიანი შრომა და მიდგომები, რომლებიც სწავლა-სწავლებისას თანდათან აღმოვაჩინე, მოვსინჯე, დავნერგე და ახლა უკვე მტკიცედ შემიძლია ვთქვა, რომ წერა ყველა ბავშვს შეუძლია. „დღეს როგორც ყოველი დღე არის უბრალო“ – ამ წინადადებამ დროში დამაბრუნა, წარმოვიდგინე, როგორ ზის, ფიქრობს და წერს ანდრია. ამ ჩანაწერმა მისდამი თანაგანცდა გამიღვივა და უფრო მეტად შემაყვარა იგი.

ასე რომ, გამოცდილებაზე დაყრდნობით, იმისთვის, რომ ბავშვს წერა შევაყვაროთ, აუცილებელია:

* მივცეთ პირადი მაგალითი – თავად დავწეროთ ის, რასაც დავავალებთ;

* მოვუსმინოთ გულისყურით;

* მივცეთ აუდიტორიის (კლასის) წინაშე ნაწერის წაკითხვის საშუალება;

* შევაქოთ, წავახალისოთ;

* ვიპოვოთ წინადადება, რომელსაც მოსმენისას  ჩავიწერთ და უკუკავშირისას გამოვიყენოთ;

* დავუწეროთ განმავითარებელი კომენტარი;

* ყურადღება ნაკლებად გავამახვილოთ შეცდომებზე და რჩევები დიდი სიფრთხილით მივცეთ.

უბნის ბიბლიოთეკაში აღმოვაჩინე ვაიოლეტ ოკლანდერის წიგნი სახელად „ფანჯრები ჩვენი ბავშვებისკენ“, რომელიც ბავშვთა განვითარების მრავალ თემას ეხება. წიგნში ერთი თავი წერის სწავლებას ეთმობა. ვაიოლეტ ოკლანდერი წერს:

„ვფიქრობ, ბავშვებს ხშირად ეზარებათ წერა, რადგან სკოლები, პირველ რიგში, ყურადღებას აქცევენ მართლწერას, ფორმას, წინადადების აგებულებას, და ხელწერასაც კი. ეს ახრჩობს და გუდავს ბავშვის შემოქმედებით ნაკადს. ჩემი აზრით, გრამატიკა და მართლწერა უნდა განცალკევდეს ნამდვილი წერისგან, ცალკე ან, შესაძლოა, მოგვიანებით უნდა ისწავლებოდეს, მას მერე, რაც ბავშვი წერას გაუშინაურდება. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ახლად ალაპარაკებული ბავშვისთვის პირველივე სიტყვაზე დაჟინებით რომ მოგვეთხოვა წინადადებების სრულყოფილი სისწორით დალაგება! ბავშვები სწორ ლაპარაკს გარშემო მყოფი მოზრდილების მიბაძვით სწავლობენ. თუკი ბავშვებს თავს დავანებებთ და არ შევაშინებთ, იმგვარადვე ისწავლიან წერას, როგორც ლაპარაკს სწავლობენ“.

ვაიოლეტ ოკლანდერი ამ მოსაზრებით გამოეხმაურა ჩემს ბოლოდროინდელ ფიქრებს. კერძოდ, მეშვიდეკლასელების საშინაო დავალებების კითხვისას უფრო და უფრო მიჭირდა გრამატიკული შეცდომების გასწორება – ბავშვების ნაწერში დატოვებული შესწორებები თითქოს „ყვიროდა“. ვდარდობდი, თვალიერებისას თვალში რომ მოხვდებოდათ გასწორებული სიტყვები და ჩემი დაწერილი სასვენი ნიშნები, ამას მათი შემოქმედებითი უნარები არ ჩაექრო. საკუთარ თავს ვეკითხებოდი, რა შედეგს გამოიღებდა შეცდომების გასწორება? გაითვალისწინებდნენ თუ არა შემდეგში რჩევებს? როგორი ფორმა შემერჩია შეცდომებზე ყურადღების გასამახვილებლად? სტატიაში მოყვანილი მონაკვეთის წაკითხვისას მივხვდი, რომ გუმანი არ მღალატობდა და სწორი გზით მივდიოდი. წერის სწავლებისას მასწავლებლებმა აუცილებლად უნდა დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა, რა არის ჩვენი მიზანი – ბავშვმა თავისი თავი გამოხატოს, გრძნობები გაასიტყვოს, გაგვენდოს, მოგვენდოს, გვიამბოს, გაგვეცნოს თუ ცარიელი ფურცელი მოგვიტანოს ან მისი წერითი დავალება მშობლისთვის თავსატეხად იქცეს?

ამგვარად, მთავარია, ბავშვებს წერის სურვილი გავუღვივოთ და ხშირად წერონ. დროსთან ერთად მათთვის აკადემიური წერითი უნარების გამომუშავებას აუცილებლად შევძლებთ.

აქვე უნდა გამოვყოთ კიდევ ერთი გავრცელებული მოსაზრება. კერძოდ, ხშირად მომისმენია, რომ კლასში რამდენიმე მოსწავლე გამორჩეულად კარგად წერს, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ კლასის დანარჩენ ნაწილს წერა არ გამოსდის. ჩემი აზრით, ამის ხაზგასმა აუცილებლად ჩაუქრობს დანარჩენ მოსწავლეებს წერის სურვილს. ისინი აუცილებლად იგრძნობენ მასწავლებლის წინარეგანწყობას და დაიჯერებენ, რომ წერა არ შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, ჯერ თავად უნდა ვირწმუნოთ მასწავლებლებმა, რომ წერა ყველა ბავშვს შეუძლია და შემდეგ ბავშვებიც დავარწმუნოთ ამაში.

მაინც როგორ მოვახერხოთ მცირე საგაკვეთილო დროში ყველა მოსწავლეს გავწვდეთ, ყველა წერის სურვილით ავანთოთ?

  • დავიწყოთ საკუთარი აზრის ერთი წინადადებით ჩამოყალიბების სწავლებით. ამისთვის ხშირად ვთავაზობ წინადადების დასრულებას, მაგალითად:

ჩემი აზრით, ეს სიტყვა ნიშნავს…

ჩემი აზრით, ყუთში დევს…

შემდეგ ყველა ბავშვი კითხულობს საკუთარ მოსაზრებას. ამგვარად თითოეულის მოსმენას და უკუკავშირს ვახერხებ. ძალიან მიყვარს, როდესაც საშინაო დავალების რვეულების თვალიერებისას საკუთარი აზრის გამომხატველი საკლასო ჩანაწერები მხვდება:

  • ასეთივე დატვირთვისაა, როდესაც წერენ მოთხრობის სავარაუდო გაგრძელებას ან წიგნის სათაურის მიხედვით მთავარი თემის გამოცნობას ცდილობენ.
  • შევთავაზოთ მკაფიო ინსტრუქცია, ერთგვარი ქარგა, რომლის მიხედვითაც გაუადვილდებათ აზრის ჩამოყალიბება, აბზაცების გამოყოფა. ბავშვები სიხარულით წერენ შეთავაზებული ქარგის მიხედვით დღის ჩანაწერებსა და პირად წერილებს:

  • დავასრულებინოთ წინადადებები – ამ მეთოდის შესახებ ვაიოლეტ ოკლანდერი წერს:

„დაუსრულებელი წინადადებების დასრულება საუკეთესო გზაა ბავშვების წასაქეზებლად, რომ გააკეთონ დეკლარაციული განაცხადი საკუთარ თავზე, გაიაზრონ თავიანთი ნატვრები, სურვილები, საჭიროებები, იმედგაცრუებები, ფიქრები, იდეები და გრძნობები“.

მეც ხშირად მივმართავ ამ მეთოდს და დიდი ინტერესით ვეცნობი ბავშვების ნაწერებს. ვაიოლეტ ოკლანდერი დაუსრულებელ წინადადებებსაც გვთავაზობს:

„უსამართლობაა, როცა… მიხარია, როცა… ვდარდობ, როცა… სამი მნიშვნელოვანი რამ, რაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში, არის… საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შემიძლია, არის… მე რომ მასწავლებელი ვიყო… ამქვეყნად ყველაზე ლამაზი რამ არის…“

 

  • კომენტარი – წერილობითი კომენტარის დაწერა ხელს უწყობს წაკითხულის გააზრებას, ბავშვებს უადვილდებათ შეფასება, პარალელების გავლება, უკეთესად ამახსოვრდებათ მოვლენების განვითარება. ამასთანავე, წერილობითი კომენტარი უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს, რაც გულისხმობს აზრის განვითარებას, წინადადებების ლოგიკურ გადაბმას:

  • პერსონაჟის მესენჯერ-ჩატი ბავშვების ინტერესებს მორგებული წერითი დავალებაა. ვინაიდან სოციალურ ქსელს ყოველდღიურად იყენებენ, მას მარტივად უკავშირებენ ლიტერატურულ ტექსტს. მასწავლებლისთვისაც სახალისოა, როდესაც მოსწავლის რვეულში აბესალომისა და ეთერის, პირქუშისა და ხოგაის მინდის წარმოსახვით მიმოწერას კითხულობს:

  • შევავსებინოთ გასასვლელი ბილეთები. გასასვლელი ბილეთების ქარგას ხშირად ვცვლი. რესურსებს ყოველთვის ვინახავ და გასასვლელ ბილეთებს ყველაზე ხშირად ვუბრუნდები. ვფიქრობ, ღია კითხვები და დაუსრულებელი წინადადებებისგან აკინძული ბილეთი ყველაზე მეტად ეხმარება ბავშვს, შთაბეჭდილებები წერილობით გამოხატოს.
  • თავისუფალი თემა. თავისუფალი თემის დაწერამდე ზემოთ ჩამოთვლილი წერილობითი აქტივობებით ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ. თუ ხშირად ვაწერინებთ ბავშვებს, თავისუფალი თემის დაწერა გაუადვილდებათ.
  • დღიური. პერსონაჟთა დღიურიდან პირადი დღიურის წერამდე ერთი ნაბიჯია. პირადი მაგალითისთვის ხშირად ვიყენებ ჩემი ბავშვობის დღიურებს და ხმამაღლა ვუკითხავ ჩანაწერებს.

ამგვარი მუშაობის შედეგად აუცილებლად მივალთ ვრცელი წერითი ნაშრომების დაწერამდე. ვგულისხმობ არგუმენტირებულ და ანალიტიკურ ესეებს, საკონფერენციო და საკონკურსო თემებს. მრავალფეროვანი მეთოდების დასწავლის შემდეგ ბავშვები თავად ირჩევენ საყვარელ წერით ინსტრუქციას. მათ რვეულებზე დაკვირვებისას ვამჩნევ, რომელი წერითი აქტივობა მოსწონთ. რაც მთავარია, ყველამ უნდა მიაგნოს მათთვის საინტერესო დავალებას, ძიებისას კი მასწავლებლის თანადგომა სჭირდებათ.

სტატიას კიდევ ერთი პირადი მაგალითით დავასრულებ. ერთ მშვენიერ დილას, სანამ ჩემს შვილებს ეძინათ, აგუსტინ ფერნანდეს პასის „მეკობრეთა სკოლას“ ვკითხულობდი. ამ ბოლო დროს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა თანამედროვე ესპანურენოვანი საბავშვო წიგნები, რომლებიც ჩემმა მეგობარმა, თინა ბატიაშვილმა, შესანიშნავად თარგმნა. ერთი სული მაქვს, სანამ თინას თარგმანებისთვის დროს მოვიხელთებ ხოლმე. ჩემი სტუდენტობის დროინდელი დღიური გადავსებულია თინას ჩანაწერებით. ახლა კი მისმა შესანიშნავმა წერის უნარმა თარგმანებში გაიბრწყინა.

ვკითხულობ „მეკობრეთა სკოლას“ და იმდენ საერთოს ვხედავ მთავარ პერსონაჟთან, მასწავლებელ ანასთან, მიხარია. გაბმული წვიმების გამო გალისიაში მოსწავლეები და მასწავლებელი ერთნაირად გაბეზრებულან. ანა მასწავლებელი პროგრამას არ მიჰყვება, მარტას და მის კლასელებს ზღაპრებს უამბობს, მათთვის საინტერესო თემაზე დიდხანს ჩერდება, რის გამოც დირექტორი საყვედურობს. ბავშვები განიცდიან დირექტორის აგრესიისგან ჩამქრალი ანა მასწავლებლის დანახვისას, თუმცა იციან, რომ მათი საყვარელი ადამიანი მალე დაივიწყებს უსიამოვნო შეხვედრას და ჩვეულებისამებრ გააგრძელებს გაკვეთილს. მალევე შეამჩნევენ ძალიან უცნაურ რამეს – სკოლის შენობის ამოძრავებას და მდინარის დინების მიმართულებით სვლას. მეტს აღარ მოგიყვებით. „მეკობრეთა სკოლა“ უკარგესი წიგნია ბევრი საგულისხმო მომენტით, წიგნის მთავარი სათქმელი კი ის არის, რომ სკოლა დაუვიწყარი თავგადასავლების ადგილი უნდა იყოს.

„თუ არ ვცდები, სწორედ თქვენ ხართ ის ძრავა, რომელიც ამ შენობას ამოძრავებს. წარმოსახვას გაცილებით დიდი ძალა აქვს, ვიდრე გვგონია. სინამდვილეში, ეს ერთადერთი ძალაა, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია, მით უმეტეს, თუ ადამიანები შეთანხმებულად მოქმედებენ… თქვენ „საშიში“ პიროვნება ხართ, მეგობარო. ერთ რამეს ვერ ვხვდები: ეს ყველაფერი მოსწავლეებს თქვენ ჩააგონეთ თუ, პირიქით, მათ ჩაგაგონეს? თუმცა ამ შემთხვევაში ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს“, – ამ სიტყვებს ანას სკოლაში განვითარებული მოვლენების გამოსაკვლევად მისული ანიტა ეუბნება.

ვკითხულობ და გული მითბება. მერე რა, რომ წიგნში შევხვდი ადამიანს, რომელმაც იმ დილას ანასთან ერთად მეც გამამხნევა. დიახ, მასწავლებლები ნამდვილად ვართ ჯადოსნური თავგადასავლების მამოძრავებელი ძრავები – ეს შედარება ძალიან მომწონს, ვჩერდები, ვფიქრობ და მეღიმება.

რამდენიმე ფურცელი მაშორებს თხელტანიანი წიგნის დასასრულს. ვამჩნევ პატარა ბარათებს, რომლებზეც ჩემი მოსწავლეების ნაწერებია. ეტყობა, რომელიმე გაკვეთილის დასრულების შემდეგ „მეკობრეთა სკოლაში“ ჩავდე და აქ შემორჩა. მაინტერესებს, რა წერია, მაგრამ გადავწყვიტე, წიგნის დასრულების შემდეგ წავიკითხო.

„უკვე იცოდა, რამხელა ძალა ჰქონდათ მათ ყველას ერთად“. –

წიგნის ბოლო აბზაციც მიილია. ისევ მეღიმება კითხვით მოგვრილი სიხარულისგან. ვიღებ ბარათებს და პირველივე წინადადება სახეს ცრემლებით მისველებს: „ლელა მასმა გაიღიმა“, – თავბრუს მახვევს მეხუთეკლასელი ლიზის ნაწერი. ლიზი ის გოგოა, შესვენებებზე რომ მოდიოდა და მეკითხებოდა: შეიძლება, ჩაგეხუტოთო? ლიზის თითქოს მუხტავდა ჩახუტება და ჩემს ენერგიას გაკვეთილებზე მიიყოლებდა. ახლა კი ის სულ ერთი წინადადებით ჩემთან ერთად არის და მე მართლა ვიღიმი სკოლის, ბავშვების, ჯადოსნური თავგადასავლების გამო.

მერე დანარჩენ ბარათებს ვკითხულობ. მახსენდება დავალების ინსტრუქციაც. პირველი სემესტრის დასაწყისში ბავშვებს შევთავაზე, გაკვეთილების დასრულების შემდეგ ერთი წინადადებით დაეწერათ, რა გაუხარდათ იმ დღეს. აი, დანარჩენი წინადადებებიც:

„ბუნების გაკვეთილზე ძალიან ბევრი ვიცინეთ“.

„მე მომეწონა, რომ ბავშვები ერთობოდნენ“.

„ბუნების გაკვეთილი კარგად მოვყევი“.

„ჩემმა მეგობრებმა მომაკითხეს და ბევრი ვილაპარაკეთ“.

„მასწავლებელს ჩემი საჩუქარი მოეწონა“.

„ბუნება ვისწავლე“.

„ბარათები მოგვცეს კალათბურთის და ცეკვის“.

„დღეს მასწავლებელს შევეცოდეთ, როგორ დაიღალეთო და დავალება არ მოგვცა. ჩვენი ყველაზე საყვარელი და კეთილი მასწავლებელი“.

მინდა, ამ ნაწერების ჩვილი ბავშვივით ხელში აყვანა და გულში ჩახუტება შემეძლოს. ნამდვილად ყველა ბავშვს შეუძლია წერა.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ოკლანდერი, ვაიოლეტ. ფანჯრები ჩვენი ბავშვებისკენ. თარგმანი მარიამ და ნინო ქაჯაიებისა. რედაქტორები – მზიკო დალაქიშვილი, გვანცა შუბითიძე. გამომცემლობა „არტანუჯი“, 2020.
  2. პასი, ფერნანდეს ავგუსტინ. მეკობრეთა სკოლა. თარგმანი თინა ბატიაშვილისა, რედაქტორი – ნინო ილაშვილი. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2023.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“