სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ირმას ერთი მოთხრობა

წერილი ეძღვნება ცნობილი ჟურნალისტის, მწერლის, მკვლევრისა და საზოგადო მოღვაწის, ირმა კახურაშვილის ნათელ ხსოვნას                                                                      

რამდენჯერაც დავიწყე ირმაზე წერა, ყელში ბურთი მომებჯინა და შევჩერდი, სიმართლე რომ ვთქვა, არც კი ვიცი, საიდან და როგორ დამეწყო. გუშინწინ მისი მოთხრობის კითხვა ჩემს მეოთხეკლასელ შვილთან ხმამაღლა წამოვიწყე, ძალიან დაინტერესდა ოთო, იოლად გაიგო და მოიწონა ირმას ფრაზა, სიტყვა, შინაარსი. ჰოდა კვლავ იმ მოთხრობას მივადექი, ირმას საავტორო ფოტოს ჩავჩერებივარ და მისი წყლიანი თვალები თითქოს ღიმილით მანიშნებენ, რომ აქ, ერთ პატარა მოთხრობაში შეუხვია თავისი დარდი და  საფიქრალი ყველა დიდ თუ პატარა მოქალაქეს, განსაკუთრებით კი, მასწავლებელს. ყველა ასაკისთვის საინტერესოა ირმას სათქმელი, ხშირად გასამეორებელი და ძალდაუტანებლად დასასწავლი.

„რატომ არ მოვკალი მიშო“, ალბათ, ირმას ბოლო მოთხრობაა, რომელიც ჟურნალი „მასწავლებლის“ 2022 წლის, სპეციალურ  ნომერში  გამოქვეყნდა. მაშინდელია. ჟურნალის საზეიმო პრეზენტაციამდე საკუთარი ნეირონული ჩარჩოს უკვე განსხვავებულ მდგომარეოაბზე მელაპარაკა დიდხანს. მერე კი მალე წავიდა, თუმცა მის სხვა, ძალიან საინტერესო ტექსტებთან ერთად, მღელვარე ხმად ეს მოთხრობა დაგვიტოვა.

ტექსტის კითხვას იწყებ და გეგონება, ირმა ისევ აქ იყო და წინა კვირების მოვლენებით დაიწყო წერა. მეოთხეკლასელ ოთოსაც არ უჭირს გაგება, ყოველ დღე, სკოლიდან „თავისუფლებამდე“[1] და იქიდან სახლის გზაზე,  ასევე — პირიქით, სახლიდან „თავისუფლებამდე“ და იქიდან სკოლამდე — თითქმის ყოველდღე — აქციებს, მოპროტესტეებს და მათ დასაშლელად მომართულ პოლიციელთა ჯგუფებს ხედავს. „მოთხოვნა“, „პროტესტი“, მომავალი ახალგაზრდობამ რომ უნდა შეცვალოს, სხვა სამოქალაქო პასუხისმგებლობები და სოციალურია თუ სამართლებრივი ვალდებულებაც არაა უცხო პროტაგონისტზე თითქმის 4 წლით უმცროსი ბიჭისთვის. — რა გულწრფელია! შენი მეგობარი, ალბათ, ძალიან მაგარი მასწია, — მეუბნება ოთო. — არაა მასწი, უბრალოდ, მწერალია, ასე  დაწერა, — ვუხსნი მე, თუმცა არ ვიცი, რამდენად კარგად და ვფიქრობ, რამდენად „მაგარი“ მწერალია ირმა. ერთ პატარა მოთხრობაში მთელი ქვეყანა ჩაატია — რამდენი თემა, საზოგადოების ტკივილები და სენი, „ჩინოვნიკების“ და იმათი შვილების ხალხისადმი დამოკიდებულება, მოკლედ,  შედეგები, რომელსაც ყოველდღე ვიმკით,  ტელევიზიითაც ხშირად ისმის, მე კი, ეს რამდენიმე თვეა, სასამარლო განჩინებებად მეჩეხება და მაცამტვერებს. მართლა ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ამდენი პატარა გოგო-ბიჭის გაუპატიურების ან მისი მცდელობის ფაქტს ჰქონდა ადგილი „წილხვდომილ“ საქართველოში, მით უფრო, ოჯახის წევრების ან ახლობლების მხრიდან.

ძალიან მტკივნეული თემებია, მაგრამ ოთო ყურადღებით მისმენს, დროდადრო ჩამეკითხება ხოლმე, მეც ვპასუხობ, ღიად და — როგორც შემიძლია. არ შეიძლება ასეთი თემების წაყრუება ან მიფუჩეჩება, ყველა მშობელმა ან მასწავლებელმა უნდა გამონახოს დრო ბავშვებთან მათზე სასაუბროდ, თუნდაც 8-9 წლის ასაკის ბავშვებთან, რადგან 14 წელს მიუღწეველ მოზარდებს ზოგჯერ ნორმა ჰგონიათ, რასაც იმათგან გარყვნილი ზრდასრულები ითხოვენ  ან მუქარის შემდეგ შინდებიან, ჩუმდებიან და მერე, ამის გამო, სამუდამოდ იტანჯებიან. დამნაშავენი კი ციხიდან რამდენიმე წელში ბრუნდებიან დაშვებით, რომ მათ მსხვერპლთან კვლავ მოუწიოთ შეხვედრა და — ერთ სივრცეში თანაარსებობაც.

წარმოგიდგენიათ რამოდენა პრობლემას შეეხო ირმა? როგორი გაბედულებით, თან რა მარტივად ჩაატია მთელი დრამა სამიოდ გვერდში? ოსტატურად, ეპისტოლარულად, მეორე პირში?  სხვათა შორის, გამოსახვის ამ მეთოდს ტიუიზმი (ლათინური სიტყვიდან — tu[2] ჰქვია, ილეიზმის[3] მსგავსი რამაა, ოღონდაც ობიექტივირდება მეორე პირი.

აუცილებლად წააკითხეთ მოსწავლეებს ირმას ეს მოთხრობა, აპოვნინეთ  თითოეული ფასეულობა, როგორც თეზა და ის, რაც იმათ საპირწონედ კონტრასტს ქმნის.  აპოვნინეთ საგასაღებო სიტყვები და ზედაპირზე მოტივტივე ყველა შეკითხვა. თუნდაც ერთ მათგანზე პასუხის გაცემა დიდი, წინგადაგდებული საქმე იქნება. ასეთი საქმეებისთვის იცხოვრა ირმამ და ახლა ჩვენგან ელის სამაგიეროს.

 

 

 

[1] მეტროსადგურ „თავისუფლებამდე“, ცხადია.

[2] https://en.wiktionary.org/wiki/tuism

[3] ილეიზმის შესახებ ჩემი წერილი შეგიძლიათ, იხილოთ  ბმულზე: https://mastsavlebeli.ge/?p=1625

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“