როდესაც ამ სტატიას წაიკითხავთ, 22 აპრილი უკვე ჩავლილი იქნება. უბრალოდ, ვინც არ იცოდით, არ დაივიწყოთ და ვინც უკვე იცოდით, მუდამ გახსოვდეთ, რომ ეს დღე დედამიწისაა. ჩემი აზრით, ორი თარიღი არ უნდა დავივიწყოთ, ერთი – დედა ენის, მეორე – დედამიწის, ანუ იმ პლანეტის, რომელზეც ვცხოვრობთ.
სწორედ, ამ დღის აღსანიშნად შევიკრიბეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ორდღიან ფორუმზე და კლიმატის ცვლილებაზე ვისაუბრეთ. ამ საუბრებში ვინ აღარ ჩაერთო, პროფესორებიდან დაწყებული, სტუდენტებით და მოსწავლეებით დამთავრებული. ერთ-ერთი საკმაოდ სერიოზული კვლევიდან ნათელი გახდა, რომ დედამიწაზე იმ დიდი გამყინვარების გარდა, კლიმატი უამრავჯერ შეცვლილა. საბოლოოდ გამომსვლელმა მოგვიწოდა – ხალხო, იმ დროსთან შედარებით და კიდევ 150 ათასი წლის შემდეგ, რომ დრო დადგება, სამოთხეში ვცხოვრობთ და ნუ ვიწუწუნებთ, ამის შენარჩუნებაზე ვიზრუნოთო.
რატომღაც სემუელ პიპსი გამახსენდა. ეს ვინღაა? ძალიან ვრცელი და გულახდილი დღიურების ავტორი გახლავთ. ისეთი გულახდილის, რომ თავისი დროის ჟამთა აღმრიცხველადაც გამოდგება. მისი დღიურები ცალკე წიგნადაც იყო გამოცემული და სწორედ მისი თარგმნილი ვერსია ჩამივარდა ხელში.
ამბავი წლების წინანდელია. დედასთან ერთად ლიკანის სანატორიუმში ვისვენებდი. მთავარი ექიმი ცნობილი გასტროენტეროლოგი ემანუელ დვალიშვილი გახლდათ, რომელიც მართლაც ზედმიწევნით ზრუნავდა ყველაფერზე, მათ შორის, საკმაოდ მრავალფეროვანი ბიბლიოთეკის მუდმივ გამდიდრებაზეც. ჰოდა, ზუსტად იმ ბიბლიოთეკაში გადავაწყდი პიპსის დღიურებს და ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე.
რას აღარ მოესწრო ცხოვრების გზაზე – ომს, ხანძრებს, რევოლუციას, შავ ჭირსა და კომეტას.
- და, აი დადგა დღე, როდესაც მეფე კარლოს პირველი ეშაფოტზე აიყვანეს და თავი მოკვეთეს. სხეულიდან სისხლმა შადრევანივით ამოხეთქა და რამდენიმე წვეთი ქაღალდივით გათეთრებულ, ეშაფოტის შიგნით მდგარ გრაფ დე ლაფერს, იგივე ათოსს სახეზე მიესხა. გრაფი მიხვდა, რომ თავის ჩანაფიქრს, გადაერჩინა მეფე, ვეღარ განახორციელებდა.
ეს ალექსანდრე დიუმას ფანტაზიის ნაყოფია, რომანიდან „ოცი წლის შემდეგ“…
სიმართლე კი ის არის, რომ ეშაფოტის წინ, სანახაობის სხვა მაყურებლებთან ერთად, თხუთმეტი წლის სემუელ პიპსი იდგა. შემდგომში ის ამ სცენას დეტალებში აღწერს და ამით მომავალ თაობას სიმართლეს შემოუნახავს.
თავის დღიურში, ლონდონის შავი ჭირის გარდა, დროდადრო ჩამომდგარ გასაოცარ ნისლზეც გვიყვება და იმაზე, თუ როგორ წამლავს ნისლი ადამიანებს.
1661 წელს ჯონ ეველინმა თავის წიგნში „Fumifugium” ლონდონის ატმოსფერული ჰაერი აღწერა. ეს ის დღე იყო, როდესაც ლონდონში თითქოს აღარ გათენდა. გარშემო უცნაურად ჩამომდგარი ნისლი იყო, რომელსაც უამრავი ხალხის სიცოცხლე შეეწირა.
ტერმინი „სმოგი“ ორი სიტყვის კომბინაციით წარმოიქმნა: „Smoke“ და „Fog“ და ასახავს ჰაერის დაბინძურების ტიპებს, რომლის დროსაც ჰაერში ატაცებული დაქუცმაცებული მყარი ნაწილაკებისა და შერეული თხევადი აეროზოლების გამო ხილვადობა ფაქტობრივად შეუძლებელია. დღეისთვის არჩევენ: კლასიკურ, ლონდონურ სმოგს და ფოტოქიმიურ, ლოს ანჯელესის სმოგს.
მიხვდით, ალბათ, რომ პიპსის მიერ ნახსენები ნისლ-კვამლიც სმოგი იქნებოდა. სმოგი დღევანდელი სამყაროს პრობლემაც არის. ოღონდ, ამჯერად უფრო ფოქტოქიმიური სმოგი გვაწუხებს. მისი წარმოქმნის წინაპირობა სხვადასხვა წარმოშობის აეროზოლების მომატებული კონცენტრაციაა.
აეროზოლებში იგულისხმება მყარი და თხევადი ნაწილაკები. აეროზოლის შემადგენელი ნაწილაკების ატმოსფეროში დარჩენის ხანგრძლივობა მთელ რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული. უფრო დიდი ზომის ნაწილაკები დიდხანს დარჩებიან, პატარები კი მალევე ერთიანდება უფრო დიდი ზომის ნაწილაკებად. მათ სხვადასხვა სახელწოდება აქვთ, რაც წარმომავალ წყაროზეა დამოკიდებული.
მყარი ნაწილაკები შეიცავენ ნახშირს, ვერცხლის იოდიდს, საწვავის წვის პროდუქტებს, ზღვის მარილის ნაწილაკებს. უფრო დიდი ზომის ნაწილაკები ცემენტის, ქარის მიერ მოტანილი ნიადაგის, ფერო-შენადნობის წარმოების მტვერს შეიცავენ. თხევადი ტიპის მასალაში წვიმის წვეთებიცაა, ასევე ნისლი და გოგირდმჟავას კვამლი. დისპერსული აეროზოლები, როგორიც მტვერია, ფორმირდება 1 მიკრო/გრამი სიდიდის მყარი ნაწილაკებისგან. ამას უერთდება ტრანსპორტის გამონაბოლქვიც. საბადოების მტვერი. მტვერი, წარმოებული ეროზიული პროცესებიდან.
ნაწილაკების ფორმირების წყარო ძირითადად წვის პროცესებია, მათ შორის წიაღისეულის წვაც, კოცონიც და ბუხარიც. ასევე ცემენტის ქარხნები. ბუნებრივ წყაროებს მიეკუთვნება ტყის ხანძრები და აქტიური ვულკანები. ასეთი მცირე ზომის ნაწილაკები განსაკუთრებით სახიფათოა, რადგან ისინი უფრო იოლად შეაღწევენ ფილტვების ალვეოლებში. ამავე დროს, მათთან იოლად შეკავშირდება მომწამლავი მძიმე მეტალებისა და დარიშხანის იონები.
დისპერსიული აეროზოლები გოგირდმჟავას წვეთებსაც შეიცავს. აეროზოლში წარმოქმნილი გოგირდმჟავა იქ უკვე არსებულ ამიაკის ორთქლთან ან მყარ კალციუმის ოქსიდთან შედის რეაქციაში. რეაქციები განსაკუთრებულად კარგად მაღალი ტენიანობის პირობებში წარიმართება.
გაზოლინზე და დიზელზე მომუშავე ძრავის მქონე ტრანსპორტის გამონაბოლქვის მეშვეობით აეროზოლებში შეიძლება აზოტშემცველი ორგანული ნაერთები მოხვდეს. ასევე, აქ შეიძლება იყოს ნ-ალკანები, ბენზალდეჰიდი, ბენზოის მჟავა, პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები, მათ შორის დაჟანგული ფორმითაც, პენტაციკლური ტრიტერპანები. ასევე, ბენზოპირენი, რომელიც უძლიერესი კანცეროგენია.
არაორგანული შემადგენლობა აეროზოლში მათ წარმომავლობაზე მიუთითებს, თუმცა მხედველობაშია მისაღები ის რეაქციები, რომლებიც ამ შემადგენლობას შეცვლიან. მაგ. ოკეანის თავზე აეროზოლში შეიძლება იყოს გოგირდის დიოქსიდი, ხოლო უკვე სანაპირო ზოლის თავზე გოგირდმჟავა ფიქსირდებოდეს. ან, შუა ოკეანის თავზე იყოს ნატრიუმის ქლორიდი და სანაპირო ზოლის თავზე ქლორწყალბადმჟავა. შემადგენლობა მართლაც მრავალფეროვანია და არაორგანული კლასის ნივთიერებათა ოთხივე წარმომადგენელს მოიცავს, მათ შორის აზოტ, გოგირდ შემცველ მარილებს, სხვადასხვა მეტალს და რადიონუკლიდებს. ე.წ. „კვალის იგივე შლეიფის“ ელემენტებიდან აეროზოლი შეიცავს: ალუმინს, კალციუმს, ნახშირბადს, რკინას, კალიუმს, ნატრიუმს, სილიციუმს. ასევე, შეიძლება მასში იყოს: სპილენძი, ტყვია, ტიტანი, თუთია, ბერილიუმი, ბისმუთი, კადმიუმი, კობალტი, ქრომი, ცეზიუმი, ლითიუმი, მანგანუმი, ნიკელი, რუბიდიუმი, სტრონციუმი და ვანადიუმი. ეს მეტალები ოქსიდების და მარილების სახით შედიან აეროზოლებში და მათ „მოფარფატე ფერფლს“ უწოდებენ.
აქედან: Al,Fe,Ca,Si წყაროა – ნიადაგის ეროზია, ქვების მტვერი, ნახშირის წვა. C წყაროა – ნახშირბადის შემცველი საწვავის არასრული წვა. Na, Cl წყაროა – ზღვის აეროზოლები, პოლიმერული ნარჩენები; Sb, Se წყაროა – ზეთების, ნახშირის, საწვავის წვა; V წყაროა – საწვავის ნარჩენი ფრაქციების წვა; Zn წყაროა – წვის შედეგად გაბნევა, საბადოებიდან. Pb წყაროა – ტყვია შემცველი საწვავის წვა.
ცალკე უნდა ითქვას, ე.წ. აზბესტურ დამაბინძურებლებზე. აქ იგულისხმება ბოჭკოვანი აღნაგობის სილიკატური მასალა. საშიშ დამაბინძურებლად ითვლება, რადგან მისი შემცველი ჰაერის ჩასუნთქვა პნევმონიის პროვოცირებას იწვევს. ასეთი ჰაერით ხანგრძლივი სუნთქვისას კი შეიძლება ფილტვების კიბო განვითარდეს.
ატმოსფეროში შემავალი ვერცხლისწყალი ასევე საშიშია. შეიძლება არსებობდეს დიმეთილ და მონომეთილ მერკურის სახით. აეროზოლში ხვდება ძირითადად ანთროპოგენური ფაქტორებით.
ზოგიერთი აეროზოლი რადიოაქტიურ ნაწილაკებსაც შეიცავს. მათ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს რადონი. ატმოსფეროში შეიძლება ორი იზოტოპის სახით იყოს: 222Rn (ნახევრად დაშლის პერიოდი 3,8 დღე) და 220Rn (ნახევრად დაშლის პერიოდი 54,5 წამი). ასევე შეიძლება შევხვდეთ შემდეგ იზოტოპებს: 218 Po და 216 Po; 7Be და 10Be; 14C; 39Cl;3H; 22Na; 32P და 33P.
დიახ, დღევანდელ დღეს ჰაერში სმოგიც დგას და სმოგის წინა სტადიის აეროზოლებიც მდგრადია. გვაქვს არქტიკული ნისლიც – ფენომენი, რომელიც ჩნდება ატმოსფეროში მაღალ განედებზე ჰაერის დაბინძურების გამო. ის, რაც განასხვავებს არქტიკულ ნისლს სხვა ატმოსფერული ნისლისაგან, არის მისი ქიმიური ინგრედიენტების უნარი, შედარებით უფრო დიდხანს დარჩეს ატმოსფეროში სხვა დამაბინძურებლებთან.
თუმცა, გვაქვს სემუელ პიპსის დღიურიც, სადაც წერს, რომ ყველანაირი ცუდი დრო დასრულდება, ამიტომ ოპტიმისტებად უნდა დავრჩეთ!
გილოცავთ აწ უკვე ჩავლილ დედამიწის დღეს!
მრავალს დავესწროთ, უფრო სუფთა პლანეტით!