სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ესტონეთის განათლების სისტემის ზოგადი მიმოხილვა

ნაწილი პირველი

 

ბოლო ათწლეულში საერთაშორისო კვლევების (PISA, OECD) შედეგები მთელ მსოფლიოში განხილვის საგანია. მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA – Program for International Student Assessment) განმეორებითი საერთაშორისო კვლევაა. ის 2000 წლიდან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით სამ წელიწადში ერთხელ ტარდება ორგანიზაციის წევრი და პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობით.საქართველო, როგორც პარტნიორი ქვეყანა, PISA-ში 2009 წლიდან ჩაერთო და მას შემდეგ 2015, 2018 და 2021 წლების ციკლში მიიღო მონაწილეობა (Naec.ge). სწორედ ამ დროიდან გახდა საქართველოში ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 15 წლის ქართველი მოსწავლეების მიღწევები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, კითხვასა და მათემატიკაში. აღმოჩნდა, რომ ჩვენი ქვეყანა ბევრად ჩამორჩება მონაწილე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს, ხოლო რეიტინგის სათავეში ჯერ სკანდინავიის ქვეყნები (კერძოდ, ფინეთი) და შემდეგ მისი მეზობელი, ესტონეთი არიან.

ფინეთის ლიდერობის გამოკვეთის შემდეგ აქტიურად დაიწყო ფინური განათლების სისტემის განხილვა, მისი მიდგომებისა და პოლიტიკის ანალიზი. საქართველოსთვის კი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ესტონეთის წარმატება. ამ პატარა, მილიონნახევრიანი მოსახლეობის მქონე, თითქმის რესურსების გარეშე მყოფმა ქვეყანამ საბჭოთა ოკუპაციისგან თავის დაღწევის შემდეგ მოახერხა იმდენი, რამდენიც დანარჩენმა „მოძმე“ რესპუბლიკებმა 30 წლის განმავლობაში ვერ შეძლეს – განათლების სისტემის გადაყვანა ახალ ღირებულებით რელსებზე და ამ  მიღწევის არა მხოლოდ ერთი რეფორმის ფარგლებში შექმნა, არამედ შენარჩუნება და განვითარებაც. სწორედ ქვეყნის მოცულობის, მოსახლეობის რაოდენობის, საერთო ისტორიული წარსულის კონტექსტში ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა, როგორ მიაღწიეს ესტონელებმა ასეთ წარმატებას. სტატიების ამ ციკლში განვიხილავთ ესტონური განათლების სისტემიდან რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს – განათლების პოლიტიკისადმი ქვეყნის ზოგად მიდგომას, მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პროცესებს, ციფრულ განათლებას და სხვა.

განათლების სისტემის რეფორმირებაზე ფიქრი ესტონეთში ჯერ კიდევ საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში, 1987 წლიდან დაიწყო. იმ დროისთვის ესტონური საზოგადოება მიხვდა, რომ სისტემაში არსებითი ცვლილებები იყო საჭირო, რომელთა ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელებაც დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დაიწყო. მასწავლებლების ამ კონგრესზე მიღებულ გადაწყვეტილებათა პოლიტიკური განხორციელება 1991 წლიდან სისტემის დეცენტრალიზაციით გადაწყდა. 2005-დან 2015 წლამდე ესტონეთში, ისევე როგორც მრავალ სხვა ქვეყანაში, სტრატეგიული დაგეგმვის აფეთქება იყო. არსებობდა ბევრი მინისტრატეგია, რომლებიც საბოლოოდ დაიხვეწა და გაერთიანდა 2012-2020 წლების ერთიან ხედვად, ხოლო ამჟამინდელი 2021-2035 წლების სტრატეგიის დოკუმენტი აერთიანებს მიზნებს, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ცვლილებებისა და შესწორებების შედეგად დარჩა.

2020 წელს ქვეყანამ ასევე მიიღო მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სტრატეგია, რომლის ძირითადი პრინციპებია სწავლისადმი მიდგომის ცვლილება, კომპეტენტური და მოტივირებული მასწავლებელი და სკოლის დირექტორი, მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის შესაძლებლობებსა და ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობა, ციფრული ფოკუსი მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის შესაძლებლობებზე და თანაბარი შესაძლებლობის შეთავაზების გზით LLL პროგრამების მონაწილეთა რაოდენობის ზრდა.

მთავარი, რის გაკეთებაც ქვეყანამ შეძლო, არის შეთანხმება სამთავრობო და ოპოზიციურ პარტიებს შორის. განათლების ექსპერტები, რომლებიც თავიდანვე ჩართული იყვნენ ახალგაზრდა ქვეყნის საგანმანათლებლო სტრატეგიისა და პოლიტიკის დაგეგმვაში, ამბობენ, რომ მოლაპარაკებები  მიმდინარეობდა როგორც სამთავრობო, ისე ოპოზიციურ თუ ნეიტრალური მიდგომის მქონე პარტიებთან. მოლაპარაკებების მიზანი იყო, მიღწეულიყო საერთო შეთანხმება განათლების პოლიტიკის, მისი განხორციელებისა პრინციპებისა და მექანიზმების შესახებ. ქვეყანაში შედგა კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ღირებულებების მქონე მოსწავლე, მასწავლებელი და სკოლის დირექტორი იყო საჭირო სამომავლო განვითარებისათვის. ამიტომაც განათლების სისტემა დაცული იყო სამთავრობო ცვლილებების შემთხვევაში საფუძვლიანი რყევებისგან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ესტონეთის მოსახლეობის 35% რუსულენოვანია, ამიტომ რუსეთისგან მომავალი საფრთხეები დღემდე აქტუალურია საზოგადოებისთვის. დღეისთვის ქვეყნის გაცხადებული პოლიტიკაა რუსულენოვანი მოსახლეობის ინტეგრაცია ესტონურ სოციუმში, თუმცა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მაშინ როდესაც მრავალ ქვეყანაში (მათ შორის საქართველოშიც) ენობრივ და ეთნიკურ ნიადაგზე გაღვივებული ომები მიმდინარეობდა, ესტონურმა საზოგადოებამ შეძლო, შეეფასებინა საფრთხეები და განათლება ქვეყნის განვითარების მთავარ იარაღად ექცია.

განათლების სისტემის ფორმირებაში ესტონეთს აქტიურ დახმარებას უწევდნენ სხვა ქვეყნებიც, განსაკუთრებით – მეზობელი ფინეთი. მასწავლებლების მომზადება-გადამზადების, საუნივერსიტეტო პროგრამების დახვეწისა და სხვა მიმართულებით ფინეთთან თანამშრომლობა ბევრის მომცემი იყო ქვეყნისთვის. ესტონელებმა შეძლეს (რასაც დღემდე აგრძელებენ), სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან აეღოთ საუკეთესო და მოერგოთ ის ადგილობრივი კონტექსტისთვის, საკუთარი ხალხის ხასიათის, რეალობის, ქცევისა და სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით.

განათლების პოლიტიკისადმი მეორე და მნიშვნელოვანი მიდგომაა მისი ცენტრალიზება – მკაცრი კონტროლი, ვინ შემოვა სისტემაში. ქვეყანაში მხოლოდ 6 უნივერსიტეტია, აქედან მხოლოდ ორია კერძო, რომლებსაც ვიწრო კვლევითი პროფილი აქვს (სახელოვნებო და ბიზნესი). ძალიან მცირეა კერძო სკოლების რაოდენობა საჯარო სკოლებთან შედარებით. განათლებასთან დაკავშირებით ესტონეთში არ მუშაობს თავისუფალი ბაზრის პრინციპები. განათლების საკითხი მჭიდროდ არის დაკავშირებული ქვეყნის უსაფრთხოების, უთანასწორობის აღმოფხვრისა და სამომავლო განვითარების საკითხებთან, ამიტომ ახალი, კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების სისტემაში შემოსვლა ძალიან რთულია, თითქმის შეუძლებელი, განსაკუთრებით უმაღლეს საგანამანათლებლო სფეროში.

მეორე და მნიშვნელოვანი პუნქტი უნივერსიტეტების გაძლიერებაა. სახელმწიფო განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებს თვალს იმ ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლებიც მასწავლებლის მომზადების პროგრამებს ახორციელებს. ყოველ წელს მთავრობა უნივერსიტეტებს უფორმებს ხელშეკრულებას, რომელშიც ასახულია, დაახლოებით რა რაოდენობის მასწავლებელი იქნება საჭირო ესტონეთისთვის მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. ასევე კონტროლდება შინაარსი – რას ასწავლიან – და პერსონალი – ვინ ასწავლის. ქვეყანას სურს, დაწრმუნებული იყოს, რომ იმ ღირებულებებისა და ცოდნის მასწავლებელი გადის უნივერსიტეტიდან, რომელიც მისი განვითარებისთვის არის საჭირო, ხოლო სკოლაში შესულს აძლევს თავისუფლებას, თავად დაგეგმოს და მიიღოს გადაწყვეტილებები სწავლებასთან დაკავშირებით. ავტონომიურობა და ნდობა სწავლა-სწავლების პროცესის მთავარი პრინციპებია. ამაზე უფრო ვრცლად მომდევნო სტატიებში ვისაუბრებთ.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ესტონეთმა დიდი ყურადღება დაუთმო უნივერსიტეტში განათლების სკოლების/ფაკულტეტების გაძლიერებას. საუნივერსიტეტო სივრცე მთლიანად ინტერნაციონალიზებულია. დაიწყო კვლევები განათლების სხვადასხვა სფეროში და, რაც მთავარია, კვლევების მთავარი დამკვეთი და მომხმარებელი თავად სახელმწიფოა. ამან ხელი შეუწყო აკადემიური პერსონალის კომპეტენციის ამაღლებას და ახალგაზრდების შემოდინებას საუნივერსიტეტო სივრცეში. ყველა ესტონელი ექსპერტი, პროფესორი, სკოლის დირექტორი, მასწავლებელი – რიგითი ჯარისკაცი თუ გენერალი – აღნიშნავს უტყუარი მტკიცებულებების – მონაცემებისა და მათი ანალიზის – მნიშვნელობას. სკოლის დონიდან განათლების პოლიტიკის დაგეგმვამდე – ყველა საფეხურზე – მტკიცებულებებსა და კვლევების შედეგებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება მიიჩნევა პრიორიტეტად. თუ რაიმე მიმართულებით მონაცემები არ არსებობს (რაც უკვე ფაქტობრივად შეუძლებელია), სახელმწიფო მაშინვე იწყებს ამ კუთხით კვლევას და მონაცემთა ბაზების შექმნას.

დაბოლოს, სისტემის წარმატების კიდევ ერთ მთავარ პირობად სახელდება ესტონელი ხალხის ხასიათის თვისება – პრობლემების ძიება. ესტონელი ექსპერტები ხუმრობენ კიდეც: ყველაფერი გამართულად რომ ფუნქციონირებდეს, ესტონელი მაინც იპოვის პრობლემას და მიზეზს ჩაეძიებაო. პრობლემები და შეცდომების დაშვება ნორმად მიიჩნევა, მთავარია, ორგანიზაციას/პიროვნებას ჰქონდეს პრობლემის გააზრებისა უნარი და მისი აღმოფხვრის შესახებ მკაფიო წარმოდგენა, ან იცოდეს მაინც, სად შეიძლება იპოვოს დახმარება. ესტონელები არ მალავენ პრობლემებს – რომ დღემდე არიან სისტემაში მასწავლებლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ, თუმცა წარმატების ერთ-ერთ საიდუმლოდ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა უმრავლესობის პროფესიონალიზმს ასახელებენ („ჩვენ ვენდობით ჩვენს მასწავლებლებს და სკოლის დირექტორებს, რადგან უკვე დარწმუნებული ვართ, რომ მინიმუმ 80% კომპეტენტური და პროფესიონალია“).

 

შენიშვნა: მასალები მომზადებულია ტალინის უნივერსიტეტის პროგრამის (microdegree) „საგანმანათლებლო ლიდერობა და ინოვაცია“ ფარგლებში მიღებული გამოცდილებისა და მასალების საფუძველზე. პროგრამის ფარგლებში გაწეული მხარდაჭერისთვის ავტორი მადლობას უხდის ტალინის უნივერსიტეტის პროფესორს ევე აიზენშმიდტს და საერთაშორისო ექსპერტს პეტერ მეჰისტოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“