სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

რა მოხდებოდა, რომ… (ფოსტალიონი კოდალას ამბავი)

სახალისო დავალება – რა მოხდება, თუკი კოდალა დათვის წერილს შეცდომით მიუტანს ბაჭიას და კურდღლის წერილს – თეთრ დათვს, შექმნილია სახელმძღვანელოსთვის „მშობლიური ენის კვალზე“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ავტორები ნინო გორდელაძე, გვანცა ჩხენკელი, თანაავტორი ლელა მანგოშვილი, მხატვარი – ნინო ჩაკვეტაძე, რედაქტორი მარიამ გოჩიტაშვილი).

სახელმძღვანელო ეფუძნება სწავლების იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდიკას, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითად დებულებებს და კონსტრუქტივისტული მიდგომის პრინციპებს.

რესურსები და აქტივობები იმგვარად არის შერჩეული, რომ დავალების შესრულება შეუძლია ნებისმიერ პირველკლასელს, მიუხედავად იმისა, რომელი სახელმძღვანელოთი სწავლობს.

თემა ჩვენ და ბუნება

გრძელვადიანი მიზანი სამიზნე ცნება ტექსტი (ჟანრები)

ქვესაკითხები: მოთხრობის „ფოსტალიონი კოდალას“ პერსონაჟები და მონაკვეთები.

დავალება: რა მოხდებოდა, რომ…

გააფერადე ცხოველები, რომლებმაც წერილები გაუგზავნეს მონატრებულ მეგობრებს. მოიფიქრე ამბავი, როგორ შეიცვლება მოთხრობა „ფოსტალიონი კოდალა“, თუკი კოდალა დათვის წერილს შეცდომით მიუტანს ბაჭიას და კურდღლის წერილს – თეთრ დათვს.

დავალების შეფასების კრიტერიუმები:

ნამუშევარში/ნამუშევრის წარდგენისას წარმოაჩინე:

  • რა მოხდება, რას იტყვის თეთრი დათვი? კურდღლის ბაჭია?
  • რატომ ფიქრობ, რომ ასე შეიცვლება ამბავი – რა გაფიქრებინებს ამას.

 

დავალების შესრულებისთვის საჭირო რესურსები და აქტივობები

რესურსი

აქტივობა წინარე ცოდნის გააქტიურება, დავალების პირობის გაცნობა და გააზრება

 

  • ხომ არავინ იცის, რას ნიშნავს სიტყვა ფოსტალიონი? რა მიჰქონდათ ადამიანთან ფოსტალიონებს?
  • გაგიგიათ რაიმე ფოსტალიონი მტრედების შესახებ? ფოსტალიონი კოდალას შესახებ?
  • როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება მოხდეს, თუ წერილი თქვენ გამოგიგზავნეს და სხვასთან მივიდა?
  • გქონიათ ასეთი შემთხვევა? ან ფილმში ხომ არ გინახავთ?
  • როგორ წარმოგიდგენიათ, კოდალას შეუძლია იყოს კარგი ფოსტალიონი? რატომ ფიქრობთ ასე?
  • ხომ არ იცით, როგორი ფრინველია კოდალა? რაში იყენებს თავის გრძელ ნისკარტს?
  • მოდით, გავეცნოთ ტყის ბინადრების ცხოვრებას და თავად მიხვდებით, როგორ დაეხმაროთ ფოსტალიონ კოდალას.
  • ახსენით თქვენი სიტყვებით, რას მოითხოვს თქვენგან დავალება?
  • რის შესწავლა დაგჭირდებათ?

 

რესურსი მოსწავლის წიგნი გვ. 10

 

სიტყვა – ნაძვი/ირემი.

წინადადება – დათვის ბელები ტყეში თამაშობენ/ციყვი ფუღუროსკენ მირბის.

აღწერა – ტყეში (გარეული ცხოველები, წიწვოვანი და ფოთლოვანი ხეები)

აქტივობა სურათის აღწერა.

  • რას ხედავთ სურათზე?
  • სად დგას შველი? მელა?
  • რომელ ხესთან ზის დათვი?
  • რას აკეთებენ დათვის ბელები?
  • სად დაძვრება ციყვი?
  • რომელი ფრინველები სხედან ხის ტოტებზე?
  • რას აკეთებს კოდალა?
  • სად ზის კურდღელი?

 

რესურსი ტყე და მისი ბინადრები

აქტივობა მასწავლებლის მიერ ტექსტის წაკითხვა

წარმოიდგინეთ დიდი, დაბურული ტყე! ნაძვები ცისკენ, მაღლა აღმართულან. წიწვებს შორის გირჩებს გამოუყვიათ თავები. აქვეა ფოთლოვანი ხეებიც. ერთ-ერთი ხის ძირას კურდღლის ბაჭია მოჩანს. სკუპ-სკუპით სოროში შეძრომას ცდილობს!

ნაძვის ძირში რომ დიდი სოროა, მელიების საბინადროა. მელია და მისი ლეკვები მოზრდილ სოროებში ბინადრობენ.

კურდღელსა და მის ბაჭიებს კი ოდნავ უფრო პატარა საბინადრო აქვთ.

აი, ზემოთ, ხის ტოტებზე, ციყვი დახტის! კუდბუთქუნა ციყვუნია თავისი ფუღუროსაკენ მიცუნცულებს. ბუც ფუღუროში მოკალათებულა. თავისი მართვეებიც აქ ჰყავს, საკუთარ ფუღუროში. ღამით ფხიზლობს, ხანდახან კივის და ტყეში მისი ხმა გაისმის.

აი ყვავი კი დროგამოშვებით ჩხავის. დიდ ბუდეში თავისი ბახალები ჰყავს. ისინიც დედა ყვავივით შავი ფერისანი არიან!

ნეტავ რომელი ცხოველისაა ეს დიდი საბინადრო?!

აი, ბელი მიბაჯბაჯებს მისკენ. ეს დათვის ბუნაგი ყოფილა!

დიდ ცხოველებს ბუნაგები აქვთ.

ტყის მეფეს – ლომსაც ბუნაგი აქვს. იქვე კოტრიალობენ მისი ბოკვრები…

დამხმარე შეკითხვები:

  • ტყეში მაღალი ნაძვის ხეებია. ფოთლების ნაცვლად რა აქვს ნაძვს? (წიწვები).

გირჩა რას ეწოდება?

  • რომელი ცხოველებია დასახელებული ამ ტექსტში? (კურდღელი, მელა, ციყვი, დათვი, ლომი).
  • ფრინველები? (ბუ, ყვავი).
  • რას ჰყავს ბაჭია? ლეკვი? ბელი? ბოკვერი?
  • ბუს რა ჰყავს? ყვავს? (მართვე, ბახალა).
  • ხომ არ იცით, კიდევ რომელი ფრინველის ნაშიერს ვუწოდებთ მართვეს? (არწივის).
  • ხეების ფუღუროებში რომელ ფრინველებს გაუკეთებიათ თავიანთი საბინადრო? (ციყვს, ბუს).
  • რა ეწოდება კურდღლებისა და მელიების საბინადროს? (სორო).
  • შენი აზრით, რატომ აქვთ კურდღლებს შედარებით პატარა სოროები, ვიდრე მელიებს? (ტანით უფრო პატარები არიან).
  • დიდი ცხოველების, დათვის, ლომის საბინადროს რა ჰქვია? (ბუნაგი).
  • ცხოველთა მეფე რომელს უწოდეს? (ლომს).
  • რომელ ცხოველზე ითქმის კუდბუთქუნა? რატომ?
  • რა დაცუნცულებს და რა დაბაჯბაჯებს?
  • რა კივის და რა ჩხავის?
  • რომელი სიტყვით აღვნიშნავთ ქართულ ენაში ლომის ძლიერ ხმას? (ღრიალი, ღრიალებს).

რესურსი მოსწავლის რვეული (გვ.18) გასაფერადებელი ნახატი (მელა, ბუ)

აქტივობა ნახატის გაფერადება

რესურსი ნაშიერი და საბინადრო. მოსწავლის რვეული (გვ.19)

 

აქტივობა მოსწავლეები დააკავშირებენ ცხოველებისა და ფრინველების ფოტოებს საბინადრო გარემოსთან მიიყვანე დათვი ბუნაგთან, კურდღელი – სოროსთან, შეიყვანე ბუ ფუღუროში, ჩააფრინე დედა ჩიტი ბუდეში.

რესურსი მოსწავლის რვეული (გვ. 20)

აქტივობა ნახატების მიხედვით მოსწავლეებმა გამოიცნონ სიტყვა და წარმოთქვან ბოლო

ბგერები: დათვი, კოდალა, ფუღურო, ბუდე, ბუ. რვეულში შემოხაზონ ნახატი/სიტყვა, რომელიც „ი“ ბგერით ბოლოვდება.

 

რესურსი მოსწავლის წიგნი – გვ. 11 – ლექსიკა ნახატებით – ნაშიერები (მგელი/ლეკვი, მელია/ლეკვი, ლომი/ბოკვერი, ვეფხვი/ბოკვერი, შველი/ნუკრი, მერცხალი/ბარტყი, ყვავი/ბახალა)

აქტივობა მოსწავლეები დაასახელებენ ცხოველებისა და ფრინველების ნაშიერებს და დათვლიან, რამდენი ბგერისგან შედგება თითოეული სიტყვა.

აქტივობა ილუსტრაციებზე წარმოდგენილი გარეული ცხოველ-ფრინველის დასახელება და ნაშიერთან დაკავშირება ხაზებით. სიტყვებით წინადადებების შედგენა.

დამხმარე შეკითხვები:

  • რა ჰქვია დათვის, კურდღლის, მელიის, ლომის ნაშიერებს?
  • ამ ფრინველთა ნაშიერს რას ვუწოდებთ? (მერცხლის, ყვავის).
  • სად ცხოვრობს/ბინადრობს დათვი? კურდღელი? მელია?
  • რომელი ცხოველი არ არის ნახატზე? (ლომი).
  • რა უყვარს დათვს? კურდღელს?
  • რომელი სიტყვით აღვნიშნავთ დათვის ხმას? ლომის? (ბურდღუნი, ღრიალი).
  • როგორ შევადგინო ილუსტრაციების მიხედვით წინადადებები?
  • რამდენსიტყვიანია შენ მიერ შედგენილი წინადადება? რომელია პირველი სიტყვა? მეორე? მესამე?

რესურსი მოსწავლის რვეული – გვ. 22-23 – მოტორიკა-ლექსიკის სავარჯიშო გარეული ცხოველებისა და ფრინველების საბინადრო გარემო.

აქტივობა მოსწავლეები დააკავშირებენ ცხოველებისა და ფრინველების ილუსტრაციებს მათ ნაშიერთან და საბინადრო გარემოსთან.

რესურსი ვიდეობმული „კოდალა“ https://www.youtube.com/watch?v=07u_Cz5-dhU

აქტივობა ვიდეობმულის ნახვის შემდეგ საუბარი კოდალას შესახებ.

რესურსი ფოსტალიონი კოდალა (ავტორი ნინო გორდელაძე).

ტყეში ერთი დიდფუღუროიანი ხე იდგა. ეს ფუღურო ფრინველ-ცხოველების ფოსტა იყო! იქ

მიჰქონდათ გასაგზავნი წერილები თუ ბარათები. ტყის ფოსტალიონი კოდალა იყო. თავისი გრძელი ნისკარტით ადვილად არიგებდა წერილებს. ერთხელ ჩვენს გამრჯე კოდალას წვიმამ ისე დაუსველა ორი წერილი, რომ მისამართები ვერ ამოიცნო.

მოდით, დავეხმაროთ!

 წერილი პირველი

 – მოგესალმები, ჩემო თეთრო ძმობილო. მე მურა ვარ. ტყეში დიდ ბუნაგში ვცხოვრობ. ორი ბელი მყავს. ერთს დრუნჩა ჰქვია, მეორეს, უმცროსს, ბაჯბაჯა. ძალიან უყვართ თაფლი. ტყის ხეების ფუღუროებში თაფლს ვაგროვებ მათთვის. საშიშ ფუტკრებს ვემალები!

შენ როგორ ხარ? ძალიან ცივა შენს მხარეში?

გამახარებ, თუ წერილს მომწერ.

გემშვიდობები და სიკეთეს გისურვებ.

წერილი მეორე

– ჩემო ნაცარა, აბა შენ იცი, კარგად მოიქეცი: ფრთხილად იყავი და მელიებს ერიდე. შორს არ გაიპარო. ადამიანებთან, ბოსტანში არ შეიპარო!

მე მოგიტან ბევრ სტაფილოს! ხომ გახსოვს, რომ ჩქარი სკუპ-სკუპი საშიშია!

ხტუნვით კისერი არ მოიტეხო! ტყის სიღრმეშიც არ შეხვიდე, იქ მგლებს ბუნაგები აქვთ. როგორც კი საშიშ ცხოველს მოკრავ თვალს, მაშინვე ჩვენს სოროში ჩაძვერი და კარგად დაიმალე. მე მალე დავბრუნდები.

დედა

აქტივობა მასწავლებელი ტექსტს კითხულობს შეჩერებებით და მოსწავლეებს სთხოვს,

ყურადღებით მოისმინონ და დაიმახსოვრონ მინიშნებები, რომლებიც დაეხმარება წერილის ავტორის ამოცნობაში. მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდს, რა მოხდება.

პაუზა 1. მისამართები ვერ ამოიცნო… (როგორ ფიქრობთ, რა მოხდება? რა სჭირდება ფოსტალიონ კოდალას? შეგიძლიათ, დაეხმაროთ? როგორ?).

პაუზა 2. ტყეში, დიდ ბუნაგში ვცხოვრობ… (როგორ ფიქრობთ, რა არის? რა ცხოვრობს ტყეში, დიდ ბუნაგში?)

პაუზა 3. მე მოგიტან ბევრ სტაფილოს… (ვინ უნდა მიუტანოს ბევრი სტაფილო ნაცარას? რა ყოფილა?)

ვარაუდების გამოთქმის შემდეგ მასწავლებელი ერთხელ კიდევ წაუკითხავს ტექსტს მოსწავლეებს.

დამხმარე შეკითხვები:

  • როგორი ფრინველია კოდალა? რა სარგებლობა მოაქვს ტყისთვის? რაში იყენებს თავის გრძელ ნისკარტს?
  • რისთვის იყენებდნენ ტყის ბინადრები დიდფუღუროიან ხეს? რას ნიშნავს დიდფუღუროიანი?
  • რომელი ფრინველი იყო ტყის ფოსტალიონი? რა ეხმარებოდა მას წერილების მიტანაში?
  • როგორი ყოფილა კოდალა, რომ არ ეზარებოდა წერილების ტარება? (გამრჯე).
  • რა მოხდა ერთხელ, რატომ ვერ ამოიცნო კოდალამ წერილები?

 

  • რომელი მინიშნება დაგეხმარათ პირველი წერილის ავტორის ამოცნობაში?
  • რას ნიშნავს სიტყვები: მურა? ბუნაგი? დრუნჩა? ბაჯბაჯა? გამრჯე? ფუღურო?
  • მეორე წერილი რომელი მინიშნებებით ამოიცანი? ჩამოთვალე. (ნაცარა, სორო, სტაფილო, სკუპ-სკუპი).
  • რას ნიშნავს ნაცარა? სორო?
  • ვის გაუგზავნა მურა დათვმა წერილი?
  • როგორია მურა დათვის ძმობილი დათვი? სად ცხოვრობენ თეთრი დათვები? ცივა თუ ცხელა იქ? რას უყვება მურა დათვი თავის შესახებ?
  • ვის გაუგზავნა დედა კურდღელმა წერილი? რა ჰქვია მის ბაჭიას?
  • რას სთხოვს დედა ნაცარას?
  • როგორ ფიქრობთ, ტყუილად ეშინია დედა კურდღელს, რომ რაიმე განსაცდელს არ გადაეყაროს ბაჭია, თუ მართლა ძალიან ცელქია ნაცარა?
  • მოდი, გავიხსენოთ, სად არ უნდა წავიდეს ბაჭია? რას უნდა მოერიდოს? რატომ არ უნდა შევიდეს ტყის სიღრმეში? რა უნდა ქნას, თუკი საშიშ ცხოველს დაინახავს? რატომ არის ჩქარი სკუპ-სკუპი საშიში? რა შეიძლება ამ დროს მოხდეს?
  • დათვი ბაჯბაჯებს, კურდღელი სკუპ-სკუპით ხტუნავს, ციყვი? (მიცუნცულებს)
  • ხედავთ, როგორი მნიშვნელოვანი წერილები გაგზავნეს მურა დათვმა და დედა კურდღელმა?
  • რატომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დედა კურდღლის წერილი?
  • გავიხსენოთ, რატომ აერია კოდალას მისამართები? უყურადღებოა?
  • თუ თქვენ დაეხმარებით კოდალას, მაშინ თეთრი დათვი და ბაჭია წერილებს მიიღებენ, მაგრამ თუ შორს ხართ და ვერ დაეხმარებით, მაშინ შეიძლება კოდალამ წერილები შეცდომით ჩააბაროს მიმღებს.
  • როგორ ფიქრობთ, რას იტყვის კურდღლის ბაჭია, როცა მურა დათვის წერილს წაიკითხავს?
  • რა შეიძლება მოხდეს? მას ხომ დედა კურდღელი დარიგებას აძლევს წერილში, რომელიც ვერ მიიღო.
  • რას იტყვის თეთრი დათვი, რომელიც ნაცარასთვის დაწერილ წერილს წაიკითხავს? გაუხარდება, თუ მას ბევრ სტაფილოს მიუტანენ?

რესურსი მოსწავლის რვეული (გვ. 24) ნახატები (თაგვი, კურდღელი, სტაფილო, თხილი).

აქტივობა მოსწავლეები ხაზებით დააკავშირებენ თაგვს თხილთან და კურდღელს სტაფილოსთან.

ზეპირად დაასრულებენ აზრს:

მურა დათვმა წერილი გაუგზავნა…

ბაჭიას ბარათი დაუტოვა….

აქტივობა სახალისო სიტყვების მოქმედებაში გადატანა. მასწავლებელი ასახელებს სიტყვებს: ბაჯბაჯი, სკუპ-სკუპით ხტუნვა, ცუნცული. მოსწავლეები გაიმეორებენ და სიტყვის შესაბამის მოქმედებას ასრულებენ.

აქტივობა დავალების შესრულება: მოსწავლეები გააფერადებენ ცხოველებს,

რომლებმაც წერილები გაუგზავნეს მონატრებულ მეგობრებს. მოიფიქრებენ ამბავს, როგორ შეიცვლება ნაწარმოები „ფოსტალიონი კოდალა“, თუკი კოდალა დათვის წერილს შეცდომით მიუტანს ბაჭიას და კურდღლის წერილს – თეთრ დათვს (მოსწავლის რვეული, გვ. 24).

დავალების შესრულებისა და პრეზენტაციის პროცესში დასასმელი შეკითხვების ბანკი კონკრეტულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის საწარმოებლად, თითოეული

მათგანის წინსვლისა და რეფლექსიის უნარის ხელშესაწყობად.

  •  როგორ შეიცვალა ნაწარმოები, როცა კოდალამ დათვის წერილი ბაჭიას მიუტანა და

კურდღლის წერილი – თეთრ დათვს?

  • როგორ იმუშავე დავალებაზე: რა გააკეთე, რა თანამიმდევრობით?
  • რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ?
  • შენი თანაკლასელის რომელი ნამუშევარი მოგეწონა ყველაზე მეტად? რატომ?
  • რას გააკეთებდი განსხვავებულად, ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“