კვირა, ოქტომბერი 6, 2024
6 ოქტომბერი, კვირა, 2024

როგორია თქვენი ფერის სამყარო?

გვიან ღამით 1875 წლის 15 ნოემბერს შვედეთში, ლაგენლუნდრთან ახლოს ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. ორივე სამგზავრო ექსპრესი იყო, ერთი სტოკჰოლმიდან მალმაში, მეორე კი, პირიქით – მალმიდან სტოკჰოლმში მიდიოდა. შეჯახება გასავლელი გზის შუაში მოხდა. იმ დროისთვის მატარებლით მგზავრობა ფუფუნებად ითვლებოდა. მატარებელი იმ დროს არ ყოფილა ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი ტრანსპორტი, როგორც ახლა არის.

 

ექსპრეს მატარებელში მესამე კლასის ვაგონები უბრალოდ არ იყო. ექვსი ვაგონისგან შედგებოდა, ყველა მათგანში ბარხატი იყო გამოკრული და ანტიკვარული ავეჯით იყო მორთული. იმ ღამით მატარებლით ცნობილი და მდიდარი ხალხი მგზავრობდა – მინისტრები, ადვოკატები, ბიზნესმენები. თანაც ეს ხალხი მთელი ევროპიდან შეკრებილიყო. ამიტომ, ავარიის შესახებ ცნობა მეორე დღეს მთელი ევროპის გაზეთებით გავრცელდა.

 

ცხრილის მიხედვით ორ ექსპრესს გვერდი ერთმანეთისთვის ლინკეპინგის სადგურზე უნდა აექცია. თუმცა, იმ ღამეს შვედეთის სამხრეთით ქარი ამოვარდა, ამიტომ მალმიდან მომავალმა მატარებელმა გამოსვლა დააგვიანა, მეორე კი დროულად გამოვიდა. ამავე დროს სამხრეთიდან მომავალი მატარებლის დაგვიანება ტელეგრაფითაც იყო გადაცემული. მოგვიანებით, დაიკითხება სამი სადგურის პერსონალი და მოხდება გარკვევა, რატომ არ დაიგეგმა სხვა სადგურებში მატარებლების გვერდის აქცევა, როგორც ეს ადრე არაერთხელ მომხდარა.

 

როგორც გაირკვა, როდესაც ამბავმა მატარებლის დაგვიანების შესახებ ლინკეპინგამდე ჩააღწია, ჩრდილოეთ ექსპრესი იქ უკვე ჩავლილი იყო. მემანქანეც აცნობიერებდა, რომ საპირისპირო მატარებელთან ჯერ გვერდი აქცეული არ ჰქონდა და სიჩქარეს უმატებდა, რომ სხვა სადგურში (სადაც ასევე შეიძლებოდა გვერდის აქცევა) მეორეზე ადრე ჩასულიყო. ვერავინ ვერ გასცა პასუხი კითხვას – რატომ ჩაიქროლა მთელი სისწრაფით სამხრეთის მატარებელმა ამ მეორე, სხვა სადგურში და არ დაელოდა ჩრდილოეთ მატარებელს, რომ მშვიდობიანად აევლოთ გვერდი ერთმანეთისთვის. არადა, ლიანდაგის მეთვალყურენი მემანქანეს მთელი ძალით უქნევდნენ ფერად სანათებსა და დროშებს. ამ ამბიდან ოთხი წუთის შემდეგ, ორი მატარებელი ერთმანეთს ეჯახება. 9 ადამიანი იღუპება, ბევრიც დაშავდება.

 

სასამართლო დეკემბრიდან მაისამდე გაიჭიმა. ყველას აინტერესებდა, რატომ არ მიაქცია ყურადღება ნაჩვენებ ფერად მანიშნებლებს მემანქანემ (რომელიც დაიღუპა და პასუხს ვერ გასცემდა). საბოლოოდ, ციხეში ექვსი თვით იმ სადგურის უფროსი გაისტუმრეს, რომელი სადგურიც სამხრეთის მატარებელმა შეუჩერებლივ გაიარა და ფერად ნიშნებს ყურადღება არ მიაქცია. თუმცა, შეკითხვა უპასუხოდ დარჩა.

 

აი, ამ დროს ასპარეზზე პრაქტიკოსი ექიმი, უფსალას უნივერსიტეტის პროფესორი ფრიდრიხ ჰოგმრენი გამოჩნდა. მისი კვლევის საგანი მხედველობა და ფერების აღქმა იყო. მეცხრამეტე საუკუნის შუა პერიოდში უკვე იცოდნენ, რომ ადამიანების ნაწილი ფერებს სხვა ადამიანებივით ვერ აღიქვამდა. ჯერ კიდევ 1794 წელს მომავალმა ცნობილმა ქიმიკოსმა დალტონმა, რომელმაც ატომისტიკური მოძღვრება ჩამოაყალიბა, გამოაქვეყნა სტატია „ფერების აღქმის თავისებურების შესახებ“. ამ დროისთვის დალტონი ჯერ ცნობილი არ იყო. სტატიაში დალტონმა საკუთარი გამოცდილება აღწერა. იმ დროისთვის ბოტანიკით იყო გატაცებული და აღმოაჩინა, რომ ყვავილების ფერები, რომლებიც ატლასში იყო აღწერილი, მისი აზრით, ერთმანეთისგან არ განსხვავდებოდა, ყველა ყვავილი ერთნაირი იყო. ჯერ იფიქრა, წიგნშია შეცდომაო. თუმცა, სხვა წიგნებშიც, რომ იგივე ინფორმაცია აღმოაჩინა, მიხვდა, საქმე მისსავე თვალებში იყო. დაიწყო ნაცნობ-მეგობრების გამოკითხვა, თუმცა ვერავინ მიუხვდა, რას გულისხმობდა. ვერავინ, საკუთარი ძმის გარდა. მაშინ, დალტონისთვის ნათელი გახდა, რომ საქმე მემკვიდრეობით გადაცემად დარღვევას ეხებოდა. თავის სტატიაში წერდა: „ფერს, რომელსაც სხვები წითელს ეძახიან, ჩემთვის მუქი ლაქაა. ყვითელი, მწვანე, ნარინჯისფერი ჩემთვის ერთი ფერია“. დალტონმა ივარაუდა, რომ მისი თვალის მინისებრ სხეულში რუხი ფერის ნივთიერება ჭარბობდა. ამიტომ, ფაქტობრივად ის რუხი ლინზებიდან უყურებდა სამყაროს. ეს ვარაუდი მცდარი აღმოჩნდა, თუმცა, ექიმების ფართო სპექტრის ყურადღება მიიპყრო. მანამდე, ამ პრობლემას ისინიც კი არ აქცევდნენ ყურადღებას, ვისაც აწუხებდა.

 

მოგვიანებით დალტონი თვალებს მეცნიერებას უანდერძებს. მისი გარდაცვალების შემდეგ მის თვალებს შეისწავლიან და აღმოჩნდება, რომ მას ტიპური ბიქრომატული დალტონიზმი აწუხებდა. თვალის ჩხირებსა და კოლბებში სინათლე ელექტრულ იმპულსებად გარდაიქმნება, რომელიც ტვინში იგზავნება. ტვინი კი თავის მხრივ სამყაროს სურათებს ხატავს. ფერებზე სწორედ კოლბებია პასუხისმგებელი. S კოლბები მოკლე short ტალღოვან სინათლეზე რეაგირებენ, ტვინი ამ სიგრძის ტალღას აღიქვამს, როგორც ლურჯსა და იისფერს. M კოლბები საშუალო სიგრძის ტალღებზე რეაგირებენ და ეს მწვანე ფერის სპექტრია. L კოლბები აღიქვამენ გრძელ ტალღებს – წითელ და ნარინჯისფერ სპექტრს. ეს ტალღები ერთმანეთს გადაფარავენ, ამიტომ ადამიანთა უმრავლესობა ბევრ გარდამავალ ფერს ხედავს. ეს უნარი კარგად აქვთ განვითარებული მხატვრებს. ადამიანთა ნაწილი გენეტიკური დეფექტით იბადება, რომელიც მათ ჯანმრთელობაზე ზოგადად გავლენას არ ახდენს. ეს ადამიანები ვერ აღიქვამენ გარკვეული ტალღის სინათლეს და ვერ არჩევენ ფერებს. ამიტომ, თუ ასეთი დეფექტი მატარებლის მემანქანეს ექნებოდა, შეიძლება ვერ გაერჩია, რა ფერის დროშებს ან ნიშნებს აჩვენებენ…

 

1876 წ. 14 ივლისს პროფ. ფრიდრიხ ჰოგმრენი სამედიცინო კონგრესზე გამოვიდა და მხედველობის შესამოწმებელი ახალი ტესტი წარადგინა, რომლის ავტორიც თავად გახლდათ. ეს იყო ფერადი ბეწვი და პოტენციურ პაციენტებს, ჯერ სთავაზობდნენ მწვანე სპექტრის ათი ნიმუშის არჩევას, შემდეგ კი – ათი წითელი ნიმუშის. ბევრი ადამიანი ტესტს ვერ აბარებდა. ჰომგრენმა მოახერხა და მიიღო უფლება, ტესტი მემანქანეებისთვის ჩაეტარებინა… შედეგი გასაოცარი დადგა, 13 ადამიანი წითელსა და მწვანეს ერთმანეთისგან ვერ არჩევდა. მათ შორის იყვნენ კონდუქტორები, სადგურის უფროსი და ა.შ.

 

ტესტი ერთ პატარა კერძო სადგურში ჩატარდა. უკვე შემდეგ, პროფესორმა გაგზავნა წერილი ტრანსპორტის მინისტრთან და ტესტის ქვეყნის მასშტაბით ჩატარება მოითხოვა. მინისტრი დემონსტრირებისთვის უპსალაში მიიწვიეს. სცენაზე ერთმანეთის საპირისპიროდ სანათებით ხელში ორი უკვე ტესტირებული და დალტონიზმში „მხილებული“ სადგურის თანამშრომელი დააყენეს. ამ სანიშნე სანათებს მინები ეცვლებოდა, ანუ ხრახნის დატრიალებით ფერებს შეცვლიდი და შესაბამისი სინათლე გამოვიდოდა. მინისტრს სთხოვეს, თავად დაესახელებინა სანიშნე ფერი. მან თეთრი შეარჩია. დემონსტრირება ასეთი იყო, რკინიგზის თანამშრომელი მეორეს აჩვენებდა ფერს და ისიც იმავე ფერით პასუხობდა. პირველმა თანამშრომელმა წითელი ფერი აჩვენა (გახსოვთ ხომ, მინისტრის არჩევანი თეთრი იყო), ანუ ვერ გაარჩია თეთრი და წითელი, რაზეც მეორემ მწვანე ფერით უპასუხა. ექიმი მინისტრისკენ შეტრიალდა და ჰკითხა – მიხვდით ალბათ, ვინ არის ავარიაში დამნაშავე, არა?

 

საოცარია, მანამდე როგორ ახერხებდნენ ეს თანამშრომლები მუშაობას? რა ვიცი, ალბათ სანათს თუ იყო ხელი მიჩვეული? ფაქტია, თავს ართმევდნენ, თუმცა, ერთი უყურადღებობა და…

 

ამ დემონსტრირების შემდეგ ევროპის ქვეყნებში მასობრივად ჩატარდა ტესტი და იქ სადაც ფერის აღქმა მნიშვნელოვანია, დალტონიზმით დაავადებულებს მუშაობა ეკრძალათ. ასეთი მოსახლეობის 8%-ია.

 

ჩვენ ჩვენი ტესტი ჩავატაროთ.

 

ავიღოთ შვიდი ქიმიური ჭიქა. პირველში კალიუმის თიოციანატის ხსნარი ჩავასხათ. წითელი ფერის მისაღებად ჩავამატოთ რკინის (III) ქლორიდის ხსნარის რამდენიმე წვეთი. წარმოიქმნება რკინის თიოციანატი, რომელსაც წითელი შეფერილობა აქვს:

3KSCN+FeCl3=Fe(SCN)3+3KCl.

 

მეორე ჭიქაში ჩავასხათ კალიუმის ბიქრომატის ხსნარი, რომელიც ისედაც ნარინჯისფერია და ამიტომ ასევე დავტოვებთ.

 

მესამე ჭიქაშიც ჩავასხათ კალიუმის ბიქრომატის ხსნარი – თუ მას ნატრიუმის ტუტის ხსნარს დაუმატებთ, კაშკაშა ყვითელ შეფერილობას მივიღებთ. ტუტე არეში კალიუმის ბიქრომატი ქრომატში გადადის და ყვითლდება:

K2Cr2O7+NaOH=2KNaCrO4+H2O.

 

მომდევნო სამ ჭიქაში ვასხამთ სპილენძის სულფატის სხვადასხვა კონცენტრაციის ხსნარებს.

 

მეოთხე ჭიქაში სპილენძის სულფატის ხსნარს ვამატებთ კალიუმის თიოციანატს და მწვანე ფერს ვიღებთ:

CuSO4+4KSCN=K2[Cu(SCN)4]+K2SO4.

 

მეხუთე ჭიქაშიც სპილენძის სულფატის ხსნარი ასხია, რომელიც ისედაც ცისფერია და ამიტომ ასეც დავტოვებთ.

 

მეექვსე ჭიქაში სპილენძის სულფატის ოდნავ ნაკლები კონცენტრაციის ხსნარია, რომელსაც ლურჯი ფერის მისაღებად ამონიუმის ჰიდროქსიდს დავუმატებთ:

CuSO4+NH4OH=[Cu(NH3)4]SO4+4H2O.

 

მეშვიდე ჭიქაში ვასხამთ კალიუმის მანგანატის ხსნარს. გოგირდმჟავას დამატებისას მწვანე იისფრად გარდაიქმნება.

 

ახლა, საქმე ის არის, ჩვენი თვალების კოლბები ამ ფერებს სწორად აღიქვამენ, თუ არა.

 

როგორია თქვენი ფერის სამყარო?

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

როგორ გავხდი ავტორიტეტი

კომუნიზმი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“