ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

კლიმატის ცვლილება და ბავშვთა პრობლემები

კლიმატის ცვლილება და მისი შედეგები მსოფლიოს უდიდეს საფრთხეს შეუქმნის მომავალში. მეცნიერთა პროგნოზით კლიმატურმა ცვლილებებმა 2050 წლისთვის შეიძლება მსოფლიოს 6 რეგიონში 216 მილიონზე მეტი ადამიანის იძულებითი გადაადგილება გამოიწვიოს.

გაეროს კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო პანელზე გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მომდევნო 30 წლის განმავლობაში გვალვის, ზღვის დონის მატებისა და სხვა კლიმატური კატასტროფების გამო, დაახლოებით143 მილიონ ადამიანს მოუწევს იძულებითი გადაადგილება.

მსოფლიო ბანკმა გააანალიზა კლიმატური ცვლილების ზეგავლენა მიგრაციაზე სამხრეთ აზიაში, ლათინურ ამერიკასა და ცენტრალურ აფრიკაში. 2018 წელს გამოაქვეყნა ანგარიში “Groundswell”, სადაც დაამატა ისეთი რეგიონებიც, როგორებიც არის ჩრდილოეთ აფრიკა, აღმოსავლეთ აზია და ოკეანეთი, აღმოსავლეთ ევროპა და ცენტრალური აზია.

2022 წელს სტიქიური უბედურებების შედეგად დაღუპულთა ყველაზე მეტი წილი ევროპაში დაფიქსირდა. 16 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა მაღალი ტემპერატურის გამო. იმ წელს აზიაში დაფიქსირდა ბუნებრივი კატასტროფების შედეგად დაღუპულთა სიდიდით მეორე წილი.

სტიქიური უბედურებების შედეგად დაღუპულთა წილი 2022 წელს, კონტინენტების მიხედვით:

გლობალური დათბობა გაზრდის ქარიშხლების, სითბური ტალღების და გვალვების ინტენსივობას. მოსალოდნელია, რომ ამ მოვლენებით სამხრეთის ქვეყნები ყველაზე მეტად დაზარალდნენ. გვალვები შეამცირებს სახნავ-სათესი მიწების ფართობს, რაც გაზრდის შიმშილსა და სიღარიბეს. უფრო მეტიც, სამხრეთის ქვეყნები, როგორც წესი, უფრო ღარიბია, ვიდრე ჩრდილოეთის, შესაბამისად, დამცავი ზომების განხორციელების ნაკლები შესაძლებლობა აქვთ.

კლიმატის ცვლილებასა და მიგრაციას შორის რთული ურთიერთკავშირია. მართალია, წყალდიდობა და ქარიშხალი ბუნებრივი მოვლენებია, რომლებიც კლიმატის ცვლილებაზე შესაძლოა პირდაპირ გავლენას არ ახდენდეს, რადგან ყოველთვის არსებობდა, თუმცა კლიმატის ცვლილება გავლენას ახდენს მათ სიხშირეზე, ექსტრემალური ამინდის მოვლენების ინტენსივობაზე, გეოგრაფიულ დიაპაზონზე, ხანგრძლივობასა და დროზე.

მაშასადამე, არცერთი მოვლენა სრულიად „ბუნებრივი“ აღარ არის, არამედ მოვლენები უნდა განვიხილოთ ცვალებადი კლიმატის კონტექსტში. ფართომასშტაბიანი კატასტროფები ახლა უფრო ხშირია. ფაქტობრივად, ყოველი 1°-ის მატება მიგრაციის 50% -ით ზრდას გამოიწვევს. კლიმატის ცვლილება ყველაზე მეტად დააზარალებს ღარიბ და დაუცველ რეგიონებს და საფრთხეს შეუქმნის ეკონომიკურ განვითარებას.

კლიმატის ცვლილება საფრთხეს უქმნის ყველა ადამიანს, თუმცა ბავშვები მის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ, რადგან ზრდასრულ ადამიანებთან შედარებით, მათ კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებთან გამკლავება ნაკლებად შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, ხშირად კლიმატის ცვლილების კრიზისს ბავშვთა უფლებების კრიზისსაც უწოდებენ. UNICEF-ის მიხედვით, დღესდღეობით ბავშვებისა და მომავალი თაობებისთვის, შესაძლოა არც არსებობდეს უფრო დიდი და მზარდი საფრთხე, ვიდრე კლიმატის ცვლილებაა.

მილიონობით ბავშვი უკვე დევნილია საკუთარი სახლიდან კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მოვლენების გამო. გადაადგილება შეიძლება იყოს იძულებითი ან პრევენციის მიზნით ევაკუირებული. კატასტროფების დროს გადაადგილების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება იმპულსურად ხდება, რაც ხშირ შემთხვევაში საარსებო გარემოს გაუარესებას იწვევს.

გადაადგილებამ – ხანმოკლემ თუ ხანგრძლივმა – შეიძლება გააძლიეროს კლიმატთან დაკავშირებული რისკები ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის. კატასტროფის შემდეგ ბავშვები შეიძლება დაშორდნენ მშობლებს ან მომვლელებს, რაც ამძაფრებს ექსპლუატაციის, ბავშვებით ვაჭრობისა და ძალადობის რისკს. გადაადგილებამ შეიძლება ხელი შეუშალოს განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას, გამოიწვიოს ბავშვების არასრულფასოვანი კვება, დაავადებები და დაბალი იმუნიზაცია. გარდა ამისა, მათი ევაკუაცია შეიძლება კვლავ კლიმატით დაუცველ ადგილებში მოხდეს. ამგვარ პირობებში ბავშვები, რომლებსაც ზრდასრულ ადამიანებთან შედარებით სუსტი იმუნური სისტემა და საფრთხეებთან გამკლავების ნაკლები უნარი აქვთ, მეტად ზიანდებიან არასრულფასოვანი კვების, გავრცელებული დაავადებებისა და ტრავმებისგან, რაც ახალგაზრდების სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელზე აისახება.

როგორც UNICEF-ის ახალ ანგარიშშია აღწერილი, 2016 წლიდან 2021 წლამდე, სტიქიური უბედურებების გამო, დაახლოებით 43,1 მილიონი ბავშვი იყო სახლიდან იძულებით გადაადგილებული – რაც დღეში დაახლოებით 20 000 ბავშვის გადაადგილებას ნიშნავს.

აღრიცხული ბავშვების თითქმის 95%-ის გადაადგილება წყალდიდობამ და ქარიშხლებმა გამოიწვია. მათ შორის 19,7 მილიონი ბავშვი იყო წყალდიდობის გამო გადაადგილებული, 21,2 მლნ. ბავშვი კი 2016-2021 წლებში ქარიშხლების გამო გადაადგილდა.

სად დაზარალდნენ ყველაზე მეტად ბავშვები?

კვლევის შედეგები ძალიან განსხვავებულს სურათს აჩვენებს. მიგრირებული ბავშვების რაოდენობით სამი ქვეყანა დომინირებს: ფილიპინები, ინდოეთი და ჩინეთი, სადაც საერთო ჯამში 2016 და 2021 წლებში ამინდთან დაკავშირებული მოვლენების გამო დაახლოებით 23 მილიონი ბავშვი გადასახლდა.

ფილიპინებში 9,7 მილიონი ბავშვი გადასახლდა, ინდოეთში 6,7 მილიონი და ჩინეთში – 6,4 მილიონი.

ამ პერიოდში დაზარალებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა ფილიპინებში იყო. ქვეყნის სავარაუდო 9,7 მილიონი დევნილი ბავშვიდან, დაახლოებით 8,3 მილიონი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სახლი – ხანმოკლე ან ხანგრძლივი პერიოდით – ქარიშხლის გამო. გლობალურად, აღმოჩნდა, რომ ქარიშხალი ასეთი გადაადგილების (21,2 მილიონი ბავშვი) ყველაზე ხშირი მიზეზი იყო ექვსწლიანი პერიოდის განმავლობაში.

ინდოეთი მეორე ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა, სადაც 6.7 მილიონი იძულებით გადაადგილებული ბავშვია. გადასახლების მთავარი მიზეზი (3,9 მილიონი) წყალდიდობა იყო, რასაც მოჰყვა ქარიშხალი (2,8 მილიონი). შეერთებული შტატები იკავებს სიის პირველ ადგილს (დაახლოებით 1,7 მილიონ დევნილ ბავშვი), სადაც გადაადგილების მიზეზი, ძირითადად, შტორმები და ტყის ხანძრებია.

გარდა ფიზიკური საფრთხეებისა, კლიმატის ცვლილება უარყოფითად აისახება ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. მათ განსაკუთრებული სტრესი ადგებათ კლიმატის ცვლილების თანმდევი ბუნებრივი კატასტროფების, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული იძულებითი მიგრაციის, დამძიმებული ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში და სხვა.

კლიმატის ცვლილება, ასევე, ხელს უშლის ბავშვებს, მიიღონ სათანადო განათლება. ხშირად კლიმატის ცვლილების თანმდევი ბუნებრივი კატასტროფების გამო, შესაძლოა, გარკვეული დროით დაიხუროს სკოლები და ბავშვებს შეეზღუდოთ სწავლის შესაძლებლობა. ამასთან, გაუარესებული სამეურნეო პირობების გამო, ოჯახებს სხვადასხვა მეურნეობაში, შესაძლოა, დასჭირდეთ ბავშვების დახმარება და ბავშვებმა ვეღარ მოახერხონ სასკოლო განათლების მიღება.

გარდა ამისა, ასეთ სიტუაციებში ბავშვები შორდებიან თავიანთ აღმზრდელებს და ექვემდებარებიან ექსპლუატაციასა და ძალადობას. UNICEF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კეტრინ რასელმა ხაზი გაუსვა სწორედ მათ ფსიქოლოგიურ ტრავმას, რომელიც თან ახლავს დევნილობას: „ნებისმიერი ბავშვისთვის სასტიკი ხანძარი, ქარიშხალი ან წყალდიდობა შემაძრწუნებელია… მათთვის, ვინც იძულებულია, გაიქცეს, შიში შეიძლება იყოს განსაკუთრებით დამანგრეველი. შიში იმისა, დაბრუნდებიან თუ არა ისინი სახლში, განაახლებენ თუ არა სწავლას, თუ იძულებულნი გახდებიან სხვა საცხოვრისი ეძებონ”.

აქედან გამომდინარე, კლიმატის ცვლილება, ერთი მხრივ, განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ბავშვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მეორე მხრივ კი, ხელს უშლის მათ სათანადოდ განვითარებას.

მიუხედავად იმისა, რომ ფილიპინები, ინდოეთი და ჩინეთი არიან კლიმატთან დაკავშირებული კატასტროფების მაღალი რისკის ქვეყნები, სამივე ქვეყანა ახორციელებს პრევენციულ ევაკუაციას კატასტროფის დროს, რომელიც სათანადო მართვის შემთხვევაში შეიძლება ეფექტური იყოს სიცოცხლის გადასარჩენად.

მიგრაციის ანალიზმა აჩვენა, რომ ამინდთან დაკავშირებული კატასტროფები გამწვავებულია კლიმატის ცვალებადობით.

შეერთებულ შტატებში, კანადასა და ისრაელში, რადგან მათ აქვთ ძლიერი ადრეული გაფრთხილებისა და DRR სისტემები, ასევე ძლიერი მონაცემთა სისტემები, გადაადგილებული ბავშვების მეტი წილი წინასწარ ევაკუაციაზე მოდის. ქვეყნებში, სადაც კატასტროფის რისკი მაღალია, მაგრამ პრევენციული ღონისძიებები ცოტაა, ბავშვები ყველაზე დაუცველი არიან.

ბავშვები არ უნდა განვიხილოთ, როგორც მხოლოდ და მხოლოდ კლიმატის ცვლილების მიმართ მოწყვლადი ჯგუფი. მათ შეუძლიათ, იყვნენ ცვლილების მომტანი ძალა. ისინი აქტიურად არიან ჩართული კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მათ შორის, გაეროს საქმიანობაში. კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში ბავშვთა ჩართულობისა და მონაწილეობის მნიშვნელობა აღიარებულია გლაზგოს კლიმატის პაქტითაც, რომლის მიხედვითაც, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა მოითხოვს ყველა პირის, მათ შორის, ბავშვების ჩართულობას მიმდინარე პროცესებში.

მსოფლიოს მასშტაბით თანდათან იზრდება ბავშვების როლი გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ პროცესებში, რაც ბუნებრივია. ვინაიდან სწორედ ისინი არიან იმ თაობის წარმომადგენელნი, რომელსაც ყველაზე ნაკლები წვლილი მიუძღვის თანამედროვე კლიმატის ცვლილების გამოწვევაში და მიუხედავად ამისა, სწორედ მათზე აისახება ყველაზე მეტად მისი უარყოფითი შედეგები.

 

გამოყენებული ვებგვერდები: https://www.statista.com/topics/2155/natural-disasters/#topicOverview; https://www.unicef.org/media/145951/file/Climate%20displacement%20report%20(English).pdf

https://gyla.ge/ge/post/klimatis-cvlileba-da-bavshvebi?fbclid=IwAR0i_Hq2luTQzJqMeGhItjcJdaC938zC9tP1s8obrgVUluXTAl2boTnX1vw#sthash.54fX8V5H.8ys3kfd9.dpbs

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“