შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ჩრდილში გარუჯული პოეტი

(ზაურ გერგედავას პოეზია)

მე მაქვს ამბიცია, რომ თანამედროვე ქართულ ლიტერატურასა და, მით უმეტეს – პოეზიას, კარგად ვიცნობ, მაგრამ, ჩემდა სამარცხვინოდ, ზაურ გერგედავას ლექსებს მხოლოდ ამ რამდენიმე თვის წინ გავეცანი. საერთოდ, სხვისი რჩევით რამის წაკითხვა საორჭოფო საქმეა, მეტწილად იმედგაცრუებული რჩები. თან იმის ამბიცია თუ გაქვს, რომ შეუძლებელია, ამ სფეროში რამე ხარისხიანი გამოგეპაროს, ფეხს ითრევ ხოლმე. ასე დამემართა, როცა ირინა ტაბაღუამ ზაურის პოეზიის წაკითხვა მირჩია და რამდენიმე ლექსის ფოტოც გამომიგზავნა. ლექსებმა ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება დატოვა. მერე ზაურის ბოლო (რიგით – მეორე), სქელტანიანი წიგნიც მათხოვა ირინამ და საფუძვლიანად გავეცანი მის პოეზიას. ეს უდავოდ აღმატებული პოეზიაა. ასეთი პოეზიის აღმოჩენა წყლიდან ამოყვინთვასა და ჰაერის ღრმად ჩასუნთქვას ჰგავს. მოგეხსენებათ, თანამედროვე ქართველი პოეტების უმეტესობის ერთ-ერთი პრობლემა ფრაგმენტულობაა, შემიძლია, დავასახელო პოეტები, რომლებსაც, ცალ-ცალკე აღებული, შესანიშნავი ლექსები აქვთ, მაგრამ თითოეული მათგანის ლექსებს ერთად თუ წაიკითხავ, არანაირ კორელაციურ-პოეტიკურ ბმაში არ არიან ერთმანეთთან, სხვადასხვა პოეტის დაწერილი გეგონება. დიდ პოეზიას საშუალო დონის პოეზიისგან სწორედ მეთოდურობა და თანმიმდევრულობა გამოარჩევს. როგორც მხატვრის მნიშვნელობას განაპირობებს მეთოდურობა და მკვეთრი ხელწერა, ზუსტად ისევე განაპირობებს ეს ყველაფერი პოეტის მნიშვნელობასაც. მკვეთრად ოკაზიონური ხელწერის მქონე მხატვრის მიერ დახატული, არაფრით გამორჩეული კომპოზიცია ავტორის მთლიან, ერთიან შემოქმედებასთან მიმართებაშია მნიშვნელოვანი, როგორც რაღაც მონოლითურის ფრაგმენტი. ასევეა პოეტიც – თუ მას თავისი საავტორო მეტრულ-რიტმული ინვენტარი გააჩნია, ან ძველი ფორმებით ოპერირებს, მაგრამ ინდივიდუალური ინტონაციურ-სააზროვნო სივრცე აქვს, მისი დაწერილი ერთი ჩვეულებრივი სტროფი ან სტროფოიდი უკვე მნიშვნელობას იძენს მის ზოგად პოეტიკასთან მიმართებაში.

ზაურ გერგედავას პოეზია, ეს არის უნიტარული, ერთიანი სამყარო, თავისი პოეტური მითოლოგიითა და ტროპული გალერეით. ეს არის პოეტური აზროვნების პირქუში ვერბალურ-ტექსტუალური მოდელი, გაჯერებული ტრანსცენდენტურ-მისტიკური ვიზიონებით, მითოლოგიური და კრეაციულ-რელიგიური მოტივებით და, როგორც მომეჩვენა, ესთეტიკური არქეტიპების მკაცრი დეკონსტრუქციით. კლიშედ ქცეულ ესთეტიკურ მოდუსებსა და სურათ-ხატებს პოეტი, ხშირ შემთხვევაში, სრულიად სხვა კუთხით წარმოგვიდგენს. ამ ტიპის პოეზიის ფრაგმენტული გაცნობით ესთეტიკური ზემოქმედების ძალა მკვეთრად რედუცირდება. ამიტომ აუცილებელია ერთიანი რეცეფცია – მინიმუმ რამდენიმე ლექსის წაკითხვა მიყოლებით. ეს არ არის გამჭვირვალე, მარტივად გასაგები პოეზია. რეციპიენტს გონების დაძაბვა და ზოგადი მზაობა (დიდი პოეზიის აღქმის უნარი) სჭირდება, რომ მიჰყვეს პოეტის უჩვეულო, არცთუ იშვიათ შემთხვევაში – ჰერმეტულ, მეტყველებას და ქვეცნობიერის ნაპრალებიდან ამომხტარ ვიზიონებს, და მიიღოს ესთეტიკური ტკბობა. ზაურის ლექსების კითხვისას არ გტოვებს პოეზიის სინკრეტულ საწყისებთან მიახლოების ამაღელვებელი განცდა. თითქოს არქაულ ნიადაგში ღრმად ფესვგადგმულ მეგრულ შელოცვებს კითხულობ, და, როგორც იმ შელოცვებში არ არის ყველაფერი გასაგები, თუმცა შემლოცველის მხრიდან თეატრალური ვერბალიზაციით შეიძლება გარკვეული პლაცებოს მიღწევა, ისეა აქაც – იმ განსხვავებით, რომ ეს ეფექტი გაცილებით უფრო ხელშესახები და გრძელვადიანია. ლექსების ლირიკული გმირი მუდმივად ონტოლოგიურ-ეგზისტენციალურ საფიქრალშია ჩაფლული, მისი რეფლექსიის საგანი ზედროული და ზესივრცული თემებია, ამიტომ შეუძლებელია ამ ლექსების ქრონოტოპული ლოკალიზაცია. შიგადაშიგ თანამედროვე თემატიკაც გაიელვებს ხოლმე, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერიც წარსულის უღრანებიდან ფუტურისტულ სამყაროში მოხვედრილი ქურუმის ობსერვაციაა. ეროტიკაცაა აქ, ოღონდ ესეც შამანურ-პაგანური რიტუალების აურითაა დამუხტული, მაშინაც კი, როცა ობიექტი სრულიად რეალური, მეზობელთან სტუმრად მოსული გოგოა.

გამორჩეულია ასევე ტროპული აზროვნება: მუდმივად ენაცვლება ერთმანეთს ოქსიმორონული, სიმბოლისტური (ასე ვთქვათ – შესაგრძნობი) და ზუსტი (ადვილად გასაგები) სახეები. პოეტის ენაც მრავალშრიანია: ხშირად მიმართავს მეტყველების ზომიერ არქაიზაციას, ამავე დროს დაურიდებლად იყენებს თანამედროვე სამეტყველო ენას: სლენგს, ფრივოლურ ლექსიკას… და ეს ლინგვისტური კომპილაცია ქმნის სწორედ ზაურ გერგედავას იდიოლექტს.

ფორმობრივად თითქმის მთელი კრებული პროზაული ფაქტურით განლაგებული ვერლიბრია – ქართულ პოეზიაში პრევალენტური რიტმული სქემით, რომელიც მცირე და დიდბესიკურის და კიდევ რამდენიმე, ლოგაედური და მეორე პეონურ-დიქორული კომბინაციით კონსტრუირებულ, მეტრულ ერთეულს აერთიანებს. თუმცა არის ასევე ცალკე დაქტილური ტერფით და ცალკე მეორე პეონურ-დიქორული ტერფებით კონსტრუირებული ვერლიბრები, რომლებსაც ასევე პროზაული განლაგება აქვთ. ზოგჯერ პოეტი დისკრეტულ მონაკვეთებად – სტროფოიდებად ყოფს ამ ფორმის ლექსებს, ზოგჯერ კი ასტროფული განლაგებით გვთავაზობს. ვერლიბრის პროზაული დალაგება ჩვენში სამოც-სამოცდაათიან წლებში იყო პოპულარული უცხოური პოეზიის თარგმანების ინსპირაციით. ეს ფორმა ყველაზე ოპტიმალურია ზაურ გერგედავას პოეზიისთვის – პროზაულ-რიტმული სიდინჯე ზუსტად ეხამება პოეტის სათქმელს, ანუ ეს ფორმალისტური პოზიორობა კი არა, შინაგანი აუცილებლობაა. წიგნში ჩვეულებრივი სალექსო გრაფიკით განლაგებული ვერლიბრებიცაა, რომელთაგან ზოგი რიტმულად არის ორგანიზებული, ზოგი კი სრულიად თავისუფალია რიტმული ვალდებულებებისგან. სხვადასხვა საზომით დაწერილ ვერბლანებსაც და ნომინალური რითმით გაწყობილ კონვენციებსაც შეხვდება მკითხველი, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, მთავარი ფორმა, ზაურ გერგედავას მთავარი იარაღი, ვერლიბრია.

***

მინდა, ზაურის პიროვნებასაც შევეხო: ზაური რომ გავიცანი (თავის სახლში დამპატიჟა), თავიდან ასაკობრივი სხვაობის შესაბამისი ეტიკეტით – ბატონობით და თქვენობით – მივმართავდი, მაგრამ ორ-ორი ჭიქა კონიაკის შემდეგ მითხრა, „ბატონობით“ ნუ მომმართავ, „შენობით“ მელაპარაკეო. სადღაც სუფრის შუაში უკვე დიდი ხნის ძმაკაცებივით ვიყავით, სრულიად წაიშალა ასაკობრივი ზღვარი ჩვენ შორის. ეს ალკოჰოლით გამოწვეული სითამამე არ ყოფილა, მას შემდეგ სულ ასეთი შეგრძნება მაქვს. მისი „ბიჭურობა“ და დარდიმანდულობა მისი დიდპოეტობის ხილული ჰიპოსტასია.

„მხოლოდ დუმილია დიადი, სხვა ყველაფერი სისუსტეა”, – თქვა ფრანგმა პოეტმა და დრამატურგმა ალფრედ დე ვინიმ. ეს მოხდენილი აფორისტული თქმა ზუსტად ერგება ზაურ გერგედავას, რომელმაც მთელი ცხოვრება ჩრდილში დგომითა და დუმილით განვლო. მისი ბიოგრაფია მაგალითია იმისა, როგორ უნდა იცხოვროს პოეტმა კონტროვერსიული გარემო პირობების მთელი ჯაჭვის ფონზე, და როგორი გულმოდგინებით უნდა განახორციელოს თვითვიქტიმიზაცია – საკუთარი თავის შეწირვა პოეზიის სამსხვერპლოზე. ჩვენს ლიტერატურაში ცალ ხელზე ჩამოითვლება მისნაირი სუფთა ლიტერატურული ბიოგრაფიის პოეტები.

მე რამდენადაც ვაკვირდები, ზაურის პოეზიას ახალგაზრდა ავტორები უფრო აფასებენ, ყოველ შემთხვევაში, ძველი თაობის პოეტებისგან მე არ შემხვედრია რაიმე განსაკუთრებული პიეტეტი მისი შემოქმედებისადმი (თუ ვცდები, ბოდიშს ვიხდი). მისი ეს წიგნი კრიტიკის ყურადღების მიღმაც დარჩა. სამწუხაროა, რომ აღარ ხდება ჩვენში, კრიტიკოსების მხრიდან, ლიტერატურული მიღწევის თეორიული ფიქსაცია, და მკითხველებისთვის ორიენტირად მხოლოდ ლიტერატურული კონკურსები იქცა, სადაც, ხშირ შემთხვევაში, ფრიად საკამათო სელექციული რეზულტატები იდება.

იმედი მაქვს, ეს ჩემი ესეისტური ოპუსი ბიძგი იქნება და კრიტიკოსები ყურადღებას მიაქცევენ ზაურის შემოქმედებას. დღეს თუ – არა, ხვალ ეს ისედაც მოხდება.

პ. ს. „ჩრდილში გარუჯული პოეტი” – ასე დაახასიათა ერთხელ თავისი თავი ზაურმა, ჰოდა, იქიდანაა ამ ბლოგის სათაური.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჩემი „ვანგოგენი“

ეული ყველასთან ერთად

დარდისას გეტყვი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი