სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

დღის ფოტოამბავი  

„ყოველი ფოტოსურათი,

თხელ ფირფიტად ქცეული,

გამოცალკევებული წამია,

რომლის აღების და კიდევ ერთხელ დათვალიერების ნება გვეძლევა“.

სიუზან ზონტაგი

 

დღის ფოტოამბის იდეა, ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში მეშვიდეკლასელების წაყვანას რომ ვგეგმავდი, მაშინ დამებადა. შთაბეჭდილებების გამოსარკვევად დღის ბოლოს მოსწავლეებს გასასვლელ ბილეთებს ვავსებინებ ხოლმე. ამჯერად გადავწყვიტე, მათთვის შემეთავაზებინა ამბის თხრობის ციფრული საშუალება: მათ რამდენიმე ფოტო უნდა გადაეღოთ და სკოლაში დაბრუნებულებს დაეწერათ ფოტოზე ასახული ამბის შესახებ. აქტივობა შემაჯამებელ წერად ვაქციე.

ისეთი საინტერესო შედეგები მივიღე, თქვენთვის გაზიარება მომინდა.

არაფორმალური გარემო სასწავლო პროცესისადმი შინაგან მოტივაციას აღვივებს, ამიტომ ჩემი ოთხი კლასისთვის სემესტრის განმავლობაში მუზეუმში სტუმრობას წინასწარ ვგეგმავ და ვცდილობ, საპროგრამო მასალას დავუკავშირო. მეშვიდე კლასის სახელმძღვანელოში შეტანილია „ეთერიანი“. კლასის დამრიგებელი მარიამი მუსიკის მასწავლებელია, ამიტომ გადაწყვეტილება მარტივად მივიღეთ და ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს ვეწვიეთ. მუზეუმების გაერთიანება სკოლებს სხვადასხვა საგანამანათლებლო პროგრამას სთავაზობს. ამჯერად შევარჩიეთ „ადამიანი ბუნებისთვის“. კომპოზიტორის ბიოგრაფიის გაცნობისა და ექსპონატების დათვალიერების შემდეგ მოსწავლეებს ესაუბრნენ ეკოლოგიური საფრთხეებისა და დედამიწის ბიომრავალფეროვნების შესახებ და შემაჯამებელ აქტივობად შესთავაზეს ეკოკლუბისთვის სახელის, ლოგოსა და სლოგანის მოფიქრება. პროგრამის დასრულების შემდეგ მუზეუმში მინისპექტაკლი გავმართეთ – აბესალომი ეთერს ცოლად გაყოლას რომ სთხოვს, ის ეპიზოდი გავაცოცხლეთ. მეფისთვის მოსასხამი მქონდა წაღებული, ეთერს კი ნაძვის ხის მოსართავი ციმციმები შემოვახვიეთ და ტექსტში ასახული მისი უჩვეულო ნათება ამგვარად წარმოვაჩინეთ. მუსიკა მარი მასწავლებელმა შეგვირჩია. რამდენიმე წუთი დაგვჭირდა მინისპექტაკლის დასადგმელად, მაგრამ იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ქართული ხალხური ეპოსის ეს უმნიშვნელოვანესი ტექსტი დაუვიწყარი გახდა.

მოგვიანებით კლასის ფეისბუკის ჯგუფში მშობლებს ვთხოვე, ჩემი პოსტის ქვეშ ბავშვების გადაღებული ფოტოები აეტვირთათ. დროის სიმცირის გამო ყველამ ვერ შეძლო ფოტოების გამოგზავნა. პრობლემა მარტივად მოვაგვარე: მუზეუმში წაღებული მქონდა ფოტოაპარატი, რომელიც ბავშვებს ძალიან უყვართ და იქ ყოფნისას ხელიდან ხელში გადადიოდა. შემაჯამებელი წერისთვის ბავშვების გამოგზავნილ ფოტოებთან ერთად ჩემი აპარატითა და მობილური ტელეფონით გადაღებული ფოტოები დავახარისხე და საინტერესო კადრები შევარჩიე. Word-ის ფაილში თითოეულ მოსწავლეს თითო ფოტო განვუსაზღვრე, ამოვბეჭდე და მეორე დღეს გაკვეთილზე მოლოდინითა და სიხარულით სავსე გამოვცხადდი.

თავად რესურსი იმდენად შთამბეჭდავი გამოვიდა, რომ წერის სურვილი აღძრა. მოსწავლეებს არჩევანის საშუალება მივეცი და ყველამ თავად შეარჩია სასურველი ფოტოკადრი. წერითი დავალების ინსტრუქციაც ერთად შევიმუშავეთ:

  • დაარქვი ფოტოს სათაური;
  • აღწერე ფოტოზე ასახული ამბავი;
  • გააცოცხლე ხმები, რომლებიც ფოტოს გადაღებისას ისმის;
  • როგორი განწყობა იგრძნობა შენ მიერ შერჩეულ ფოტოზე?
  • დაასაბუთე შენი არჩევანი;
  • დასვი ერთი შეკითხვა.

ჩემი დაკვირვებით, წერილობითი ტექსტის ინსტრუქციის ქარგამ შეიძლება შეაფერხოს წერის პროცესი, ამიტომ შევთანხმდით, რომ შეეძლოთ, არეულად მიჰყოლოდნენ ჩამონათვალს, თავად დაემატებინათ რამე ან რომელიმე პუნქტი გამოეტოვებინათ. მთავარია, ნაწერი აბზაცებად დაეყოთ.

პირადი მაგალითისთვის მეც შევარჩიე ერთი ფოტო, განწყობისთვის ფირსაკრავი ჩავრთეთ და მოსწავლეებთან ერთად წერას შევუდექი.

დრო სასიამოვნოდ მიქროდა. წინა დღის მოვლენებში გადავსახლდით. მოსწავლეებთან ერთად წერის დადებითი მხარე ის არის, რომ უფრო ემპათიური ხდები და შემოქმედებითი პროცესიც უფრო გეძვირფასება. ზარი რომ დაირეკა, ჩემი ნაწერი სავსე იყო გადახაზული წინადადებებით. სამწუხაროდ, დრო არ გვეყო ჩვენი ნაწერების წაკითხვისა და შესწორებისთვის. გადავწყვიტე, საკუთარი ნაწერი ხმამაღლა წამეკითხა და მეჩვენებინა, როგორ ვარჩევდი სათანადო სიტყვებს, ვცვლიდი აზრს, ვსვამდი გამოტოვებულ სასვენ ნიშნებს. მომდევნო ეტაპი იქნებოდა რედაქტირება – ჯერ თავად შევასწორებდი მათ ნაშრომებს, შემდეგ კი გადაწერას ვთხოვდი და დღის ფოტოამბებს საკლასო ოთახში გამოვფენდით.

წერის პროცესზე არანაკლები სიამოვნება მივიღე მოსწავლეების ნაწერების კითხვისას. მათი ნამუშევრების გაცნობა ჩვენს ბლოგზე შეგიძლიათ, თუმცა მხოლოდ სათაურების წაკითხვაც საკმარისია იმის აღსაქმელად, როგორი გულმოდგინებით წერდნენ და ფიქრობდნენ: „რვეული მუხლზე“, „ჩვენი თავგადასავლის კარი“, „მეშვიდეკლასელები“, „ერთ ფოტოში ჩატეული სიხარული“, „ცხენმიბმული კაცი“, „აღმოაჩინე დამალული სიტყვა“, „მოწესრიგებული საწერი მაგიდა“, „პური და წყალი“, „ჩვენ ვიყავით მუზეუმში“, „The door of the nature“, „აბესალომი და ეთერი“, „ფოთლებიანი სახლი“, „ჩვენი კლასის შეკრება“, „ლელა მასი და ფოტო“, „მუზეუმში წასვლის დღე“, „ყვავილებით და ფოთლებით მორთული კორპუსი“, „მოუსვენარი მე-7 ა კლასი“, „ქორფა, მოღიმარი სახეები“, „ძვირფასი საჩუქარი“, „ოცნების სახლი“.

სათაურებმა შთამაგონა კიდევ ერთი საინტერესო იდეა, სახელად „სათაურების მენიუ“: შევქმნით ხელნაკეთ მენიუს, რომელშიც ჩაწერილი იქნება სათაურები და სხვა კლასის მოსწავლეებს შევთავაზებთ, შეარჩიონ სასურველი სათაური, მერე კი შერჩეულ ფოტოამბავს „მივართმევთ“. ამგვარად აღვუძრავთ ცნობისმოყვარეობას და გასვლითი შეხვედრებისთვის უფრო შეგნებულად მოემზადებიან სასურველი ფოტოკადრის გადასაღებად. შეგვიძლია, ამგვარი აქტივობა ურთიერთსწავლების ფორმად ვაქციოთ და ერთი სკოლის მოსწავლეებს ერთმანეთი უკეთესად გავაცნოთ.

მეტი სიცხადისთვის გიზიარებთ ჩემ მიერ შერჩეული ფოტოს მიხედვით დაწერილ ამბავს. წაკითხვამდე გთხოვთ ჩართოთ ჯგუფ „ტრიოს“ მიერ ნამღერი „რისთვის მიყვარხარ“, რომლის ბმულიც სტატიას ბოლოში დავურთე.

ძვირფასი საჩუქარი

სამუზეუმო ექსპონატები ძალიან მიყვარს. ისინი ჩემს ცხოვრებას განსხვავებულ ელფერს სძენენ. ხშირად ვფიქრობ, რატომ დავატარებ მუზეუმში ბავშვებს დაუზარლად? ალბათ, ის ენერგეტიკა მხიბლავს, რომელიც იქ ტრიალებს და იმ ნივთების გაცნობა, რომლებსაც ადამიანების ენერგეტიკა აქვთ არეკლილი.

ეს ფოტო ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში გადავიღე. გუშინ, ნოემბრის მზიან, მშვიდ დღეს, გაკვეთილების შემდეგ მე და მარი მასწავლებელმა მე-7 ა კლასი მუზეუმში წავიყვანეთ. შეხვედრის ბოლოს ძლიერი სისუსტე ვიგრძენი და დერეფანში დატოვებული ნაჭრის ჩანთის ასაღებად გავეშურე. ჩანთაში თაფლიანი, ქაფქაფა ყავით სავსე თერმოსი მეგულებოდა და ვიფიქრე, მომაყოჩაღებდა. ბავშვები ძირს დაფენილ ჭრელ ბალიშებზე ისხდნენ და გულდასმით უსმენდნენ გიდს. ეკრანზე ნავთობში ამოვლებული ყანჩა ჩანდა. გული მომეწურა.

მუზეუმის სხვა ოთახებში არავინ იყო და ნივთების თვალიერება დავიწყე. ძალიან მიყვარს წარწერებიან ექსპონატებზე დაკვირვება. ჩემი ყურადღება სანოტო ფურცელმა მიიქცია. წარწერას დავაკვირდი და გული გამითბა: „დიდი ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს ვუძღვნი საჩუქრად მისი უახლოესი მეგობარი ნ.ი. ბეზოღლი“. სიტყვა „მეგობარი“. ლექსის სათაური „რისთვის მიყვარხარ“ და ილია ჭავჭავაძის სახელი და გვარი ზაქარია ფალიაშვილს დაუკავშირდა და ეს ადამიანი კიდევ უფრო მოუახლოვდა ჩემს სულს. დილით მეხუთეკლასელებს ილია ჭავჭავაძის შესახებ ვესაუბრებოდი. ეს ლექსიც აღარ მახსოვდა და მისი წაკითხვის ძლიერი სურვილი გამიჩნდა.

ვუყურებ ამ ფოტოს. მუზეუმში სიჩუმეა, მაგრამ ვცდილობ წარმოვიდგინო, როგორი მრავალფეროვანი, ერთმანეთში არეული ხმები იქნებოდა, როდესაც ზაქარია ფალიაშვილი ამ რომანსის მუსიკაზე მუშაობდა. წერისას მოვძებნე ჯგუფ „ტრიოს“ მიერ ნამღერი „რისთვის მიყვარხარ“ და ძალიან მომწონს.

ისეთ განწყობაზე ვარ, თითქოს ზღვის ტალღებზე ვლივლივებ და ჩემი გულიც სამყაროსადმი სიყვარულით არის სავსე.

ვუყურებ შავ-თეთრ ფოტოს და ათასი ადამიანის ემოცია აღწევს ჩემამდე, ცნობისმოყვარეობას აღმიძრავს და მამშვიდებს.

ეს ფოტო სწორედ იმიტომ შევარჩიე, რომ მაძიებლობისკენ მიბიძგებს, რაც ჩემი ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

ჩემი კითხვა ამგვარია: ვის მიუძღვნა ილიამ ლექსი „რისთვის მიყვარხარ?“

 

ასე რომ, თუ გსურთ, მოსწავლეთა შინაგან სამყაროს ახლოს გაეცნოთ, მოზარდები ციფრული თხრობის მნიშვნელობაზე დააფიქროთ, წერითი დავალება დიდ სიხარულად აქციოთ, შესთავაზეთ მათ წერითი აქტივობა – „დღის ფოტოამბავი“.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი