კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

დილემებით სწავლება ბიოლოგიაში

მოსწავლეებს და ზოგადად ადამიანებს უჭირთ დილემების სხვადასხვა კუთხიდან განხილვა. ამიტომ  საკითხზე მუშაობა მნიშვნელოვანია სკოლის პერიოდიდან. აქ განხილული დილემების მაგალითები მხოლოდ საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი, თუმცა ამავე მეთოდით დაწყებით და საბაზო საფეხურზეც შეიძლება აქტივობის განხორციელება.

მოსწავლეები ეთიკურ დილემებს განიხილავენ ჯგუფებში. პირველ ეტაპზე მოსწავლეების გამოკითხვა უნდა ჩატარდეს, რათა დადგინდეს მათი დამოკიდებულება  საკითხისადმი (ბიოეთკა). მომდევნო ეტაპზე მათ მოუწევს იმ პოზიციის დაცვა, რომელსაც არ ემხრობოდა. მასწავლებელს შეუძლია შექმნას პარლამენტის კომიტეტის სხდომის მოდელი. როლური სიმულაცია მოსწავლეს საშუალებას აძლევს, მოიძიოს არგუმენტები და კონტრარგუმენტები. საკითხს შეხედოს როგორც მომხრის, ისე მოწინააღმდეგის პოზიციიდან. შეაფასოს ბიოლოგიური კვლევის ეთიკური შედეგები და პოზიციის დასაცავად გამოიყენოს ბიოლოგიაში მიღებული ცოდნა.

როცა მოსწავლეებს ვთხოვთ, დაწერონ ნაშრომი, რომლითაც შეისწავლიან ბიოეთიკის საკითხს, დილემას,  ისინი მხოლოდ იმ კონტექსტზე მუშაობენ, რომელსაც ისედაც იზიარებენ და მათთვის მისაღებია. მცირე ყურადღებას აქცევენ ან იგნორირებას უკეთებენ მათი მოსაზრების  საპირისპირო ხედვებს.  დილემებით სწავლების მეთოდი კი ,,აიძულებს“  მათ მოწინააღმდეგის პოზიცია ისეთ დონეზე შეისწავლონ, რომ მოახერხონ კომიტეტის სხდომაზე საკუთარი პოზიციის დაცვა.

როლური თამაში ,,ექსპერტი – მოწმე“ მოსწავლეს საშუალებას აძლევს მოტივაციას, არგუმენტირებულად დაამოწმოს საპირისპირო პოზიცია. ის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ  ინფორმაციის მოწოდება.  მოსწავლემ უნდა იფიქროს როგორც ,,სხვამ“, რადგან საკუთარი შეხედულებები გვერდზე უნდა გადადოს და არგუმენტები სხვა კუთხით მოიტანოს. მეთოდს რამდენიმე ძირითადი მიზანი აქვს: კომუნიკაციური შესაძლებლობების გაძლიერება და მიკროეთიკის შესახებ მოსწავლეთა პერსპექტივების გაფართოება.

პროფესორებმა დორნმა და კროსენმა მეთოდი გამოიყენეს ინჟინერიის ეთიკის სწავლების პროცესში.

პირველი – წინარე დავალება:

მოსწავლეს ინდივიდუალურად გადაეცემა რამდენიმე ეთიკური დილემა.

სიტუაციური ამოცანები

ღეროვანი უჯრედები

ღეროვანი უჯრედები არადიფერენცირებული უჯრედებია. პოტენციალი აქვთ გარდაიქმნან მრავალი სახის უჯრედად. სხვადასხვა ტიპის ღეროვან უჯრედებს დიფერენცირების განსხვავებული პოტენციალი აქვთ. ემბრიონული ღეროვანი უჯრედები პლურიპოტენტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ტიპის უჯრედად შეიძლება გარდაიქმნას. თუ უჯრედმა დიფერენცირების პროცესი დაიწყო, პროცესი აღარ შებრუნდება უჯრედის დაზიანების გარეშე.  მაგალითად, სიმსივნური უჯრედები.  1995 წელს პრეზიდენტმა კლინტონმა ფედერალური თანხების იმ კვლევებისთვის გამოყენების ნებართვა გასცა, სადაც ადამიანის ღეროვანი უჯრედებია გამოყენებული.  იმ შეზღუდვით, რომ ეს უჯრედები არ უნდა იყოს ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად დარჩენილი. ამავე წელს ამერიკის კონგრესმა გააუქმა ნებართვა, რომელიც საშუალებას იძლეოდა გაენადგურებინათ ნებისმიერი ემბრიონი, თუნდაც ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად გამოუყენებელი. 2001 წელს პრეზიდენტმა ბუშმა ნებართვა გასცა ფედერალურ კვლევებში გამოიყენონ ემბრიონული ღეროვანი უჯრედები. უცნობია, რამდენ ხანს ინარჩუნებს თვისებებს ემბრიონული ღეროვანი უჯრედები. შესაძლებელია ემბრიონის დონაციაც.

  • ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად გადარჩენილი ჩანასახები რა დანიშნულებით შეიძლება იქნას გამოყენებული?
  • რამდენ ხანს უნდა შეინახონ ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად დარჩენილი ემბრიონები და ვინ უნდა გადაიხადოს შენახვის თანხა?
  • როგორ ფიქრობ, უნდა დაუჭირო თუ არა მხარი ემბრიონული ღეროვანი უჯრედების კვლევებში გამოყენებას?
  • რა უნდა იყოს ღეროვანი უჯრედების წყარო?
  • როგორ ფიქრობ, უნდა შეიქმნას ახალი ღეროვანი უჯრედები?
  • საიდან უნდა მიიღონ ისინი?
  • რა სახის ინფორმაციაა საჭირო დასკვნის გასაკეთებლად?

ადამიანის გენომი

ადამიანის გენომის პროექტი 2003 წელს დასრულდა. პროექტი დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი დაჯდა და მის გაშიფვრას 13 წელი დასჭირდა. პროექტში ხარვეზების გასასწორებლად მუშაობა მის დასრულების შემდეგაც მიმდინარეობდა. ტექნოლოგიების წყალობით დღეს გენომის გაშიფვრა 1000 დოლარი ღირს. გენომის გაშიფვრა იძლევა იმის საშუალებას, რომ გამოვლინდეს გენის ექსპრესიის დონეები. ერთი ნუკლეოტიდის ცვლილებაც კი, რომელიც მიუთითებს დაავადების განვითარების ალბათობაზე.

  • ვის უნდა ჰქონდეს წვდომა ადამიანის გენომზე?
  • როგორ უნდა შეინახონ ინფორმაცია?
  • რაში უნდა გამოიყენონ ეს ინფორმაცია?
  • დამზღვევისათვის ან პაციენტის დამსაქმებლისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს გენეტიკური ინფორმაცია?
  • რა პასუხისმგებლობა დაეკისრება დამქირავებელს ან დაზღვეულს?
  • სავალდებულო უნდა იყოს თუ არა ინ ვიტრო განაყოფიერების გზით მიღებული ემბრიონის სკრინინგი?
  • ვინ უნდა გადაწყვიტოს, მოხდეს თუ არა ინ ვიტრო ემბრიონის უჯრედების სკრინინგი?
  • რა დროს შეიძლება ჩატარდეს ამნიონური სითხის გამოკვლევა?
  • გენეტიკური ტესტის შედეგებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე? (მაგალითად, ძალადობრივი ქცევის გამომწვევი ალელები);
  • პოლიციას უნდა ჰქონდეს თუ არა უფლება, შეინახოს დაკავებულის გენეტიკური ინფორმაცია?
  • რა სახის ინფორმაცია გჭირდება დასკვნის გასაკეთებლად?

გენმოდიფიცირებული ორგანიზმები

გენმოდიფიცირებული მარცვლეული გამოიყენება პირუტყვის გამოსაკვებად. ეს კულტურები მოდიფიცირებული ჰერბიციდების, პათოგენების ან სხვა სახის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით. ამ გზით მიიღეს გლიპოსატის მიმართ რეზისტენტული მარცვლეული. გლიპოსატი ჰერბიციდ რაუნდაფის მოქმედი ნივთიერებაა. ისევ სვამენ შეკითხვას, რა გავლენას მოახდენს გენმოდიფიცირებული ორგანიზმები ადამიანის ჯანმრთელობაზე. ალელების გადაადგილებისას ცვლილება ხდება გენოფონდში. გენმოდიფიცირებული თამბაქო და ბანანი ვაქცინების მიღების გზაა.

  • ვინ არის პასუხისმგებელი გენმოდიფიცირებულ მცენარეებსა და მასთან დაკავშირებული ქიმიკატების გრძელვადიან გავლენაზე ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოს სისუფთავეზე?
  • ვინ არის პასუხისმგებელი დაბინძურების პრევენციაზე და რა უნდა გაკეთდეს დაბინძურების შემთხვევაში?
  • რა სამართლებრივი საშუალება უნდა ჰქონდეთ ფერმერებსა და თესლის მწარმოებელ კომპანიებს?
  • ვინ უნდა აკონტროლოს ვაქცინების მისაღებად გამოყენებული კულტურების ზრდა?
  • რა სახის ინფორმაციაა საჭირო დასკვნის გასაკეთებლად?

H5N1 არის A გრიპის ერთ-ერთი ქვეტიპი. ის ფრინველის პათოგენია, ხასიათდება მუტაციის მაღალი სიჩქარით. ფრინველის გრიპს უწოდებენ. ამცირებს ფრინველების პოპულაციას. ასევე გადადის ადამიანზე ინფიცირებულ ფრინველთან კონტაქტის გზით. მეცნიერები გენის ფუნქციის შესასწავლად ხშირად მის მუტაციას იყენებენ. ზოგჯერ ხელოვნურად ხდება დაავადების გამოწვევა. როტერდამის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ბოლო წლებში გამოიწვიეს ხუთი სხვადასხვა მუტაცია. 2012 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 60 დღიანი  მორატორიუმი გამოაცხადა მსგავს კვლევებზე. თებერვალში კი შეიკრიბნენ და შეთანხმდნენ სამომავლო საქმიანობაზე.

  • რა სახის ინფორმაცია უნდა იყოს ხელმისაწვდომი და ვისთვის?
  • უნდა იყოს თუ არა შტამი ხელმისაწვდომი?
  • რა ცოდნა არსებობს ზემოთ ხსენებულ 5 მუტაციაზე?
  • უნდა გამოქვეყნდეს თუ არა სტატიები საკითხთან დაკავშირებით?
  • ვინ უნდა იყოს ჩართული გადაწყვეტილებების მიღებაში?
  • რა სახის ინფორმაციაა საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად?

 

 

მცირე ჯგუფებში 15 წუთის განმავლობაში განიხილავენ შეკითხვებს.  იმსჯელებენ, რა სახის ინფორმაციაა საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად.

დილემების განხილვის შემდეგ მოხდება მოსწავლეების გამოკითხვა. კითხვარის შეკითხვებით დგინდება მოსწავლის დამოკიდებულება.

გამოკითხვის ინსტრუმენტი

ემბრიონული ღეროვანი უჯრედები

  1. ემბრიონული ღეროვანი უჯრედები უნდა გამოიყენებოდეს:

ა) ბაზისურ კვლევებში;

ბ) კლინიკურ კვლევებში;

გ) მკურნალობის პროცესში;

დ) არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ სიტუაციაში.

  1. ემბრიონული ღეროვანი უჯრედები უნდა მიიღონ:

ა) გამოუსადეგარი გაყინული ემბრიონული მასალიდან, რომელიც დარჩა ინ ვიტრო განაყოფიერების შემდეგ;

ბ) აბორტის შედეგად დარჩენილი ქსოვილებისგან;

გ) ძველი უჯრედული ხაზებიდან;

დ) არც ერთი ჩამოთვლილი პასუხი არაა მისაღები.

  1. მეცნიერებმა უნდა:

ა) შეამოწმონ ზოგიერთი ემბრიონი, რათა დაადგინონ გაყინვის შემდეგ რამდენად გამოსადეგი იქნება;

ბ) აღწერონ ემბრიონი გარკვეული დროის შემდეგ;

გ) მიმართონ არასასურველი ემბრიონის იმპლანტაციას იმ ქალებში, რომლებსაც სურვილი აქვთ დაორსულდნენ, თუმცა არ შეუძლიათ;

დ) გაყინონ ემბრიონები განუსაზღვრელი ვადით;

ე) არც ერთი ჩამოთვლილი.

ადამიანის პერსონალური გენომი

  1. სადაზღვეო კომპანიებს ლეგალურად უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა:

ა) პაციენტები დააჯგუფონ გენეტიკური ტესტის საფუძველზე;

ბ) ჰკითხონ ადამიანს დაშავებამდე თუ ჰქონდა გაკეთებული გენეტიკური ტესტი;

გ) მოითხოვონ გენეტიკური სკრინინგის შედეგები და კონსულტაცია;

დ) შეუწყვიტონ დაზღვეულს მომსახურება, თუ არ გაუზიარებს გენეტიკური ტესტის შედეგებს;

ე) არც ერთი ჩამოთვლილი.

  1. ინ ვიტრო განაყოფიერების დროს პაციენტებმა ნებართვა უნდა გასცენ ემბრიონის სკრინინგზე, რათა:

ა) პაციენტმა იცოდეს სავარაუდო დაავადების გამომწვევი ალელური წყვილები;

ბ) პაციენტმა იცოდეს ქცევების განმსაზღვრელი ალელების შესახებ (მაგალითად ალკოჰოლიზმი);

გ) არც ერთი ჩამოთვლილი.

  1. ქალმა იცის, რომ ის დაავადების მატარებელია და ორსულადაა, არ უნდა ემბრიონის სკრინინგის ჩატარება. მამას უნდა შვილის გენომის განსაზღვრა. შენი აზრით, ვინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება?

ა) დედამ;

ბ) მამამ;

გ) ექიმმა;

დ) სადაზღვეო კომპანიამ.

  1. თუ ადამიანს ალელების ისეთი კომბინაცია აქვს, რომელიც იწვევს კრიმინალურ აქტივობას (აგრესიული ქცევა), ის უნდა მკურნალობდეს სხვადასხვა დაავადების გამომწვევ მიზეზებს:

ა) დიახ;

ბ) არა.

  1. მოქალაქემ დნმ-ის ნიმუში უნდა მიაბას პოლიციის ბაზას, თუ:

ა) დამნაშავედ ცნეს სამოქალაქო დანაშაულში;

ბ) დამნაშავედ ცნეს კრიმინალში;

გ) დააკავეს სამოქალაქო დანაშაულისთვის;

დ) დააკავეს ყაჩაღობისთვის;

ე) არც ერთი ჩამოთვლილი.

  1. მოქალაქემ საკუთარი გენომი უნდა ატვირთოს პოლიციის ბაზაში:

ა) დიახ;

ბ) არა.

გენმოდიფიცირებული მარცვლეული

  1. მრავალი კვლევა უნდა განხორციელდეს და განისაზღვროს გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გავლენა:

ა) მცენარეებზე;

ბ) ცხოველებზე;

გ) არც ერთ ჩამოთვლილზე.

  1. ვინ უნდა გადაიხადოს ფული გენმოდიფიცირებული მარცვლეულის შესასწავლად კვლევების ჩატარებისთვის?

ა) მთავრობამ;

ბ) იმ კომპანიამ, რომელიც ყიდის მარცვლეულს;

გ) კერძო დამფუძნებელმა;

დ) ასეთი კვლევები საერთოდ არ უნდა ჩატარდეს.

  1. უნდა ხდებოდეს თუ არა გენმოდიფიცირებული მარცვლეულის გამოყენება ცხოველების საკვებად?

ა) დიახ;

ბ) არა.

როლის მინიჭება  – კითხვარის ანალიზის შემდეგ მოსწავლეებს მიენიჭებათ როლები – ექსპერტი, მოწმე. თითოეული მინიჭებული პოზიცია უნიკალური უნდა იყოს. წინასწარ მათ არ უნდა იცოდნენ, რომ მოუწევთ საპირისპირო პოზიციის დაცვა.

მოსწავლემ უნდა წარუდგინოს სამეცნიერო ეთიკის ქვეკომიტეტს მტკიცებულებები. ოთხ კვირაში უნდა მოამზადონ 6 წუთიანი პრეზენტაცია პოზიციის დასაცავად.

პრეზენტაციის დღეს ინსტრუქტორი თამაშობს ქვეკომიტეტის თავმჯდომარის როლს, კიდევ ერთი ან ორი ადამიანი ასრულებს ქვეკომიტეტის წევრების როლს. მანდატურის როლშიც არის მასწავლებელი. აუცილებელია დრესკოდის დაცვა. ჩასაცმელი უნდა შეესაბამებოდეს პარლამენტის მოთხოვნებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თამაში არის ნებაყოფლობითი.

მოწმეები (პრეზენტატორები) სხედან ერთ მაგიდასთან, ისე რომ პირდაპირ უყურებენ აუდიტორიას. კომიტეტის წევრები სხედან მეორე მაგიდასთან. ის უნდა იდგეს მოწმეების მაგიდის პირისპირ. მანდატური გამოიძახებს მოწმეს ჩვენების მისაცემად.  ერთდროულად შემოდის 2-3 მოსწავლისგან შემდგარი ჯგუფი. ერთი ჯგუფი წარადგენს ერთსა და იმავე დილემას სხვადასხვა პოზიციიდან. სამივე მათგანი სათითაოდ წარდგება, კომიტეტის წევრები უსვამენ შეკითხვებს. კითხვის დასმა შეუძლია აუდიტორიასაც. აუდიტორიის წევრებს ევალებათ, შეაფასონ პრეზენტატორები სპეციალური რუბრიკის გამოყენებით. ბოლოს, მონაწილეები შეაფასებენ აქტივობის მნიშვნელობას. როგორ იმოქმედა მათზე დავალებამ, რა მნიშვნელობა ჰქონდა ეთიკური დილემების განხილვას. შეფასება შესაძლებელია შეფასების რუბრიკის გამოყენებით.

შეფასების რუბრიკა

  1. თეზისი არის ნათელი და ლაკონიური ——— /10 ქულა;
  2. თეზისის დამადასტურებელი არგუმენტები  ლაკონიური მარტივად გასაგები  – – – /10 ქულა;
  3. თითოეული თეზისის მტკიცებულება არის ვალიდური ——–/20 ქულა;
  4. პრეზენტატორი ადეკვატურად იყენებს შესაბამის სამეცნიერო ტერმინებს ——–/10 ქულა;
  5. შეუძლია კონტრარგუმენტების მოტანა ——–/20 ქულა;
  6. ასახელებს პრეზენტაციის წყაროებს                                              ——–/10 ქულა;
  7. მოხსენების დროს იცავს 6 წუთიან რეგლამენტს ——–/10 ქულა;
  8. მოხსენებას აკეთებს ძირითადად ზეპირად                                      ——–/10 ქულა;

 

 

დასკვნა: ზემოთ აღწერილი როლური თამაში მოსწავლეებს აცნობს ეთიკური გადაწყვეტილებების მიღების სირთულეებს და ამავდროულად, აძლევს მოტივაციას იმისთვის, რომ დაამტკიცოს საკუთარი მოსაზრების საწინააღმდეგო მოსაზრება ისეთივე ოსტატურად, როგორც საკუთარ აზრს დაასაბუთებდა. მასწავლებელს შეუძლია დილემები სხვა მიმართულებითაც გადაამუშაოს. მაგალითად:

  1. აბორტი – მთავარი შეკითხვა უკავშირდება ნაყოფის, დაუბადებელი ბავშვის მორალურ სტატუსსა და მნიშვნელობას. მისი სიცოცხლის შეწყვეტა ხდება მისივე ნებართვის გარეშე;
  2. სუროგაცია – საინტერესოა ბავშვის იდენტიფიკაცია. ითვლება თუ არა ბიოლოგიური მშობლები ნამდვილ მშობლებად;
  3. ადამიანის გენომის გაშიფვრა – საკითხი სადავოა, რადგან გენომის გაშიფვრის დროს არ არსებობს ბავშვის თანხმობა;
  4. კლონირება – ბაქტერიებში, მცენარეებსა და ცხოველებში უკვე განხორციელებულია. ადამიანის შემთხვევაში, რისკია დედისთვისაც და ბავშვისთვისაც. არც ამ შემთხვევაში იარსებებს ბავშვის ნებართვა;
  5. ღეროვანი უჯრედები – ჰგავს კლონებს. ბიოეთიკის მხარდამჭერები თვლიან, რომ ღეროვანი უჯრედების საკვლევად გამოყენება არღვევს სიცოცხლის პატივისცემის უფლებას, რადგან ამ დროს ნადგურდება წყარო – ემბრიონი. ღეროვანი უჯრედები ზრდიან ადამიანის გამოჯანმრთელების შანსს, თუმცა შესაძლოა, მოხდეს უჯრედებისა და სიცოცხლის უკონტროლო კომოდიფიკაცია.
  6. ევგენიკა(eugenes ((eu-საწყისი. genes-დაბადება.) – ადოლფ ჰიტლერის ბრძანებით, გენის სისუფთავის შესანარჩუნებლად,  ხოცავდნენ  ადამიანებს, რომელთაც რაიმე ტიპის ფიზიკური შეზღუდვა  ჰქონდათ,  მათ შორის სრულიად ჯანმრთელ ებრაელებს, ასევე საქმე ეხებოდა სქესობრივ უთანასწორობასაც.
  7. გენმოდიფიცირებული ორგანიზმები – აქ მუშაობა მიმდინარეობს გენეტიკის დონეზე. მეთოდი გამოიყენება მარცვლეულის მისაღებად. ჯერ არ არის მათი მოქმედების ხანგრძლივი ეფექტი შესწავლილი.
  8. ჯანდაცვა – რადგან ჯანდაცვაზე ადამიანების ხელმისაწვდომობა არათანაბარია და ეს დამოკიდებულია ფინანსურ მდგომარეობაზე, ითვლება, რომ მომსახურება ბიოლოგიურ დილემებს მიეკუთვნება;
  9. ხანდაზმულთა დახმარება – ვინ უნდა იყოს დამხმარე, როგორი უნდა იყოს მათი ცხოვრების წესი. ისმება კითხვები ბალანსის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების შესახებ;
  10. ევთანაზია – ლიტერატურულად ნიშნავს ,,კარგ სიკვდილს“. ამავე დროს უწოდებენ ექიმის დახმარებით მკვლელობას. ამ გზით ადამიანები თავიდან იცილებენ ტკივილებს, ტანჯვას. ბევრ ქვეყანაში არალეგალურია. ევთანაზია ეჭვქვეშ აყენებს რწმენას სიცოცხლის ყველა ფორმის სიწმინდისა და თანასწორობის შესახებ. ევთანაზია არღვევს სამედიცინო პრაქტიკას და ძირს უთხრის თვითმკვლელობის პრევენციულ ღონისძიებებს.
  11. ორგანოების დონაცია – აქ რამდენიმე შეუსაბამობა ჩნდება: ორგანოების დეფიციტი მათთვის, ვისაც სჭირდება; ორგანოებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა. მაგალითად, მწეველები, ნარკოტიკების მომხმარებლები ვერ ინაცვლებენ დონაციის სიაში წინ. ასევე ორგანოების უკანონოდ მოპოვება – ადამიანით ვაჭრობა მისი თანხმობის გარეშე;
  12. გაყინვა – ახალგარდაცვლილის გაყინვა, რომ მოგვიანებით გააცოცხლონ. აქ მთავარი პრობლემა უკვდავებაა. პლანეტაზე საკვები შეზღუდულია და უკვდავება დაარღვევს ბალანსს;
  13. ძვლების გამტარობა – ყურის ძვლების ჩანაცვლება ბგერის გამტარით;
  14. ხელოვნური გარეგანი ჩონჩხი – იყენებენ მოხუცებისთვის. ბიოეთიკური საზრუნავი ის არის, რომ მან უნდა იმუშაოს საპენსიო ასაკამდე და მას შემდეგაც.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://triasi.ge/upload/10-2-moswavle-biologia.pdf ღეროვანი უჯრედები – ნანა ზაალიშვილი 2022 წელი, გამომცემლობა ტრიასი;
  2. https://triasi.ge/upload/10-2-maswavlebeli-biologia.pdf კომპლექსური დავალება ღეროვანი უჯრედები – ნ.ზაალიშვილი, თ. ზარდიაშვილი 2022 წელი, გამომცემლობა ტრიასი;

https://mastsavlebeli.ge/?p=33701

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი