სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

  შემთხვევის ანალიზით სწავლების მნიშვნელობა

კვლევებით დადგინდა, რომ შემთხვევის ანალიზით  სწავლება აუმჯობესებს მოსწავლეთა სწავლის შედეგებს, ზრდის მოსწავლეთა აღქმას სწავლის მიღწევების შესახებ და ხელს უწყობს  სასწავლო მიზნების მიღწევას( Bonney, K. M. 2015, Krain, M. 2016).  ასევე აღინიშნება მოსწავლეთა უფრო მეტი ჩართულობა სწავლაში (Thistlethwaite, JE; Davies, D.; Ekeocha, S.; Kidd, J.M.; MacDougall, C.; Matthews, P.; Purkis, J.; Clay D. 2012), ადგილი აქვს შესასწავლი საკითხის  უფრო ღრმა გაგებას, რაც მდგომარეობს საკითხის კრიტიკულ გააზრებაში და საკითხის სხვადასხვა პერსპექტივიდან გაანალიზებაში (Yadav, A.; Lundeberg, M.; DeSchryver, M.; Dirkin, K.; Schiller, N.A.; Maier, K. and Herreid, C.F. (2007).

შემთხვევის განხილვაზე (ქეისებზე) დაფუძნებული სწავლების საშუალებით მოსწავლეები სვამენ კითხვებს  მოცემული შემთხვევის შესახებ, მუშაობენ პრობლემის გადაჭრაზე,  ურთიერთობენ და სწავლობენ მათ თანატოლებთან, „ხსნიან“ პრობლემას, აანალიზებენ, აჯამებენ. ისინი სწავლობენ,  როგორ უნდა იმუშაონ მოცემული არასაკმარისი ინფორმაციის პირობებში  და ეკითხებიან საკუთარ თავს: რას გავაკეთებდი, რომ ვიყო ამ კონკრეტულ სიტუაციაში? ამ მეთოდით მუშაობისას მოსწავლე აკავშირებს თეორიას პრაქტიკასთან, რაც  ხელს უწყობს მოსწავლეებში საკითხისადმი ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას და მათში: კომუნიკაციის, აქტიური მოსმენის, კრიტიკული აზროვნების, გადაწყვეტილების მიღებისა და მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას (Popil, I. 2011).

 

მასწავლებლები ამა თუ იმ თემის შესწავლისას სასწავლო პრაქტიკაში იყენებენ სხვადასხვა ტიპის შემთხვევის ანალიზს:

  1. სიტუაციური შემთხვევის ანალიზი;
  2. პრობლემური სიტუაციის შემთხვევის ანალიზი;
  3. პრობლემის გადაჭრის გზების ამსახველი შემთხვევის ანალიზი;
  4. არასრულყოფილი ინფორმაციის შემცველი შემთხვევის ანალიზი.

 

 

 

დასახელება აღწერა რა არის  მოსწავლის გამოწვევა?
სიტუაციური შემთხვევის ანალიზი გადასაჭრელი პრობლემა შეფარვით არის მოცემული შეძლოს შეფარულად მოცემული პრობლემების აღმოჩენა, გაანალიზება, პრობლემის გადაჭრის განსხვავებული გზის პოვნა და მისი მართებულობის დასაბუთება.
პრობლემური სიტუაციის შემთხვევის ანალიზი პრობლემა უკვე მკაფიოდ არის წარმოჩენილი. შემთხვევაში აღწერილ პრობლემაზე დაყრდნობით, მისი გადაჭრის ალტერნატიული გზების პოვნა, მათი მართებულობის დასაბუთება და გადაწყვეტილების მიღება.
პრობლემის გადაჭრის გზების ამსახველი  შემთხვევის ანალიზი აღწერილ შემთხვევაშივეა მოცემული პრობლემის გადაჭრის გზები. მოცემული პრობლემის გადაჭრის თითოეული გზის კრიტიკული გააზრება, პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზის პოვნა და მისი მართებულობის დასაბუთება.

 

არასრულყოფილი ინფორმაციის შემცველი შემთხვევის ანალიზი ამ ვარიანტში შემთხვევა არ მოიცავს პრობლემის ამოსაცნობად, გასაანალიზებლად და გადაჭრის გზების საძიებლად საჭირო სრულყოფილ ინფორმაციას. ამ ვარიანტზე მუშაობისას, მოსწავლეებმა თავად უნდა ამოიცნონ, რა დამატებითი ინფორმაციის მოძიება დაეხმარება მათ ამოცანის გადაჭრაში.

 

როგორც ვხედავთ, მეოთხე ქეისი განსხვავდება წინა სამი ვარიანტისგან, სადაც შემთხვევა სრულყოფილად არის წარმოდგენილი და მოსწავლე ანალიზის დროს ეყრდნობა მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც სიტუაციაშია აღწერილი. აქ მოსწავლეთა საქმიანობა, უმთავრესად, ინფორმაციის მოძიებისკენ არის მიმართული, რადგან ამ ვარიანტში შემთხვევა არ მოიცავს პრობლემის ამოსაცნობად, გასაანალიზებლად და გადაჭრის გზების საძიებლად საჭირო სრულყოფილ ინფორმაციას. ამ ვარიანტზე მუშაობისას, მოსწავლეებმა თავად უნდა ამოიცნონ, რა  ინფორმაციის მოძიება დასჭირდება მათ ამოცანის გადაჭრაშიასეთი ტიპის შემთხვევაზე მუშაობა საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს, თუმცა იგი პრაქტიკასთან, ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან ყველაზე ახლოს მდგომად განიხილება, რადგან მოსწავლეებს დამატებითი ინფორმაციის მოძიების პროცესში რეალურად უხდებათ შეხება აღნიშნულ შემთხვევასთან/პრობლემასთან და, ამავდროულად, მასზე მუშაობა მოსწავლეებს აყალიბებს დამოუკიდებელ შემსწავლელებად.

გამოიყოფა შემთხვევის ანალიზზე  მუშაობის ხუთი ეტაპი:

შემთხვევის ანალიზით მუშაობისას გადადგმული ხუთივე ნაბიჯის აღწერა ასეთია:

პირველი ნაბიჯი – მოსწავლეებისთვის შემთხვევის გაცნობა

ნაბიჯის აღწერამოსწავლეები ეცნობიან აღწერილ სიტუაციას.

მეორე ნაბიჯი – მუშაობა ინფორმაციაზე

ნაბიჯის აღწერა – მოსწავლეები აანალიზებენ სიტუაციას და/ან მოიპოვებენ დამატებით ინფორმაციას, პრობლემის უკეთ გადაჭრის მიზნით.

მესამე ნაბიჯი – დისკუსია ჯგუფში

ნაბიჯის აღწერა – მოსწავლეები შეიმუშავებენ პრობლემის გადაჭრის ალტერნატიულ გზებს, მსჯელობენ თითოეული გზის ძლიერ, სუსტ მხარეებზე და იმ შედეგებზე, რაც შეიძლება დადგეს ამა თუ იმ გადაწყვეტილებისას.

მეოთხე ნაბიჯი – შეთანხმება ჯგუფის შიგნით

ნაბიჯის აღწერა – ჯგუფში დისკუსიის შედეგად, მოსწავლეები შემოთავაზებული ალტერნატივებიდან აფასებენ თითოეულს, თანხმდებიან და ირჩევენ არსებული სიტუაციისთვის ყველაზე უფრო შესაფერისს.

მეხუთე ნაბიჯი – დისკუსია მთელი კლასის მონაწილეობით

ნაბიჯის აღწერა – თითოეული ჯგუფის წარმომადგენელი მთელ კლასს აცნობს ჯგუფებში მიღებულ გადაწყვეტილებას. ასაბუთებს ამ გადაწყვეტილების მართებულობას. შემდეგ კი იმართება დისკუსია მთელი კლასის მონაწილეობით. ამ დროს ჯგუფების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ადარებენ შემთხვევაში მოცემულ გადაწყვეტილებას და შეიმუშავებენ რეკომენდაციებს – ამ ეტაპზე მოსწავლეებს უვითარდებათ რეფლექსიისა და შეფასების, არგუმენტირებულად მსჯელობის უნარები.

სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართვის რამდენიმე სტრატეგია ქეისებით სწავლებისას და  მოსწავლემასწავლებლის როლები.

სტრატეგია მოსწავლეების სარგებელი მასწავლებლის როლი მოსწავლის როლი
დებატები ან  სასამართლო პროცესი განივითარებენ კრიტიკული აზროვნების უნარებს და დებატების კულტურას. აქტივობის სტრუქტურირება, ისე რომ  ხელი შეუწყოს საპირისპირო შეხედულებებს შორის დებატებს. მოემზადონ დებატებისთვის. იმუშაონ გუნდებში არგუმენტების შემუშავებისა და წარმოდგენისთვის. იმსჯელონ.
როლური თამაში ან  საჯარო მოსმენა სხვადასხვა თვალსაზრისის გაგება, შემოქმედებითი აზროვნება, თანაგრძნობა. როლური თამაშის დაგეგმვა-ფასილიტაცია შეასრულონ შესაბამისი როლი, გაიაზრონ სხვა მხარეების თვალსაზრისი.
ჯიგსოუ  თანატოლებისგან ისწავლოს და ასწავლოს. დაგეგმოს ჯიგსოუს ჯგუფები, ჯგუფების სამუშაოები,  ხელი შეუწყოს ბრიფინგს. ჯგუფურ მუშაობაში და მონაცვლეობაში ჩართულობა, შეიმუშაოს მიდგომა პრობლემის ნაწილისთვის.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Bonney, K. M. (2015). Case Study Teaching Method Improves Student Performance and Perceptions of Learning Gains†. Journal of Microbiology & Biology Education16(1), 21–28.https://doi.org/10.1128/jmbe.v16i1.846
  2. Krain, M. (2016). Putting the Learning in Case Learning? The Effects of Case-Based Approaches on Student Knowledge, Attitudes, and Engagement. Journal on Excellence in College Teaching. 27(2), 131-153.
  3. Yadav, A.; Lundeberg, M.; DeSchryver, M.; Dirkin, K.; Schiller, N.A.; Maier, K. and Herreid, C.F. (2007). Teaching Science with Case Studies: A National Survey of Faculty Perceptions of the Benefits and Challenges of Using Cases. Journal of College Science Teaching; Sept/Oct 2007; 37(1).
  4. Popil, I. (2011). Promotion of critical thinking by using case studies as teaching method. Nurse Education Today, 31(2), 204–207. https://doi.org/10.1016/j.nedt.2010.06.002

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი