შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ხალხური მკურნალობა და შელოცვები დიდ თონეთურ ზეპირსიტყვიერებაში

დღესაც კი დიდ თონეთელებს სჯერათ, რომ დაავადებას სხეულში ჩასახლებული სული იწვევს. ჩემს ხსოვნაში არიან ადამიანები, რომლებიც სხეულში ჩასახლებული ბოროტი სულის განდევნას გამოლოცვით ცდილობდნენ. ახლა ისინი, სამწუხაროდ, აღარ არიან ცოცხლები. ჩვენი სკოლის ერთ-ერთმა საუკეთესო მასწავლებელმა, მაია ღოღაძემ გადაწყვიტა ეს ლოცვის ნიმუშები შეეგროვებინა, ამ უდავოდ კარგ საქმეში მონაწილეობა მიიღო 11 კლასის მოსწავლემ ნათია მარიკაშვილმაც.

ფიქრობდნენ, რომ ადამიანის ავადმყოფობის მიზეზი ყველაზე ხშირად ავი თვალის ცემა იყო. მლოცველი შავტარიანი დანით თლიდა ნახშირს. თან ამ მაგიურ სიტყვებს ამბობდა:

„იჯდა დედა მარიამი, ტოლსა ქსოვდა ბროწეულსა,

გვერდს იდგა ოქროს ჭურჭელი, შიგ ედგა ვარდის წყალი,

ჩამაიარა ურიამ, თვალნაცრიანმა, ყურბაწრიანმა.

დამნატრა, სანატრელი ნეტავი შენ დედა მარიამო,

ტოლსა ქსოვ ბროწეულს, თმასა ქსოვ ძოწეულს.

გასკდა ოქროს ჭურჭელი, შიგ ედგა ვარდის წყალი,

თმა ჩამოვიდა ძოწეული, ტოლი დაიშალა ბროწეული,

დაჯდა დედა მარიამი, დაიწყო ტირილი.

ჩამოიარა ქრისტე ღმერთმა, რატომ ტირი დედა მარიამო?

ჩაუყარე თვალის წყალი ორშაბათსა, სამშაბათსა, ხუთშაბათსა და შაბათსა.

დადგეს იმის თვალი, გასკდეს იმის გული,

ვინც ავი თვალით შემოგხედოს.

ლოცვა ჩემი რგება ღვთისა,

ლოცვა ჩემი რგება ღვთისა,

ლოცვა ჩემი რგება ღვთისა“.

ახალბედა დედებს ყველაზე მეტად ბავშვის გათვალვის ეშინოდათ. დედა აიღებდა ერთ კვერცხს მოჰკიდებდა ბავშვს ხელს და მლოცავთან მიდიოდა. მლოცავი სავარაუდო გამთვალავის სახელს ჩხაპნიდა დედის მიერ მიტანილ კვერცხზე და თან შელოცვას ბუტბუტებდა:

„ალისასა, ბალისასა, შეგილოცამ თვალისასა,

შინაურისა, გარეულისა, შავგვრემნისა, ქერისა,

მაღლისა, დაბლისა, მამისა თუ დედისა,

შენსა ავთვალსა გულში ლახვარი, თვალში ნაცარი,

ღმერთო, შენ გააქრე ავი თვალი, ავი გზა და ავი კვალი,

ლოცვა ჩემი და რგება ღვთისა“. ( 3-ჯერ ).

თუ ადამიანი რამისგან იყო შეშინებული, მლოცავი დანაზე პურის ლუკმას დაადებდა, დანიანი ხელით გადასწერდა პირჯვარს შეშინებულს და ლოცვას იწყებდა:

„აშინა, მაშინა,

დედალი საბუდარასა, სული სულთან, გული გულთან,

აგორდი გულო,

ჩაგორდი გულო,

გულო ჩაგორდი ბუდეში,

ფერი ფერთან, ხორცი ხორცთან

სისხლი სისხლთან,

აგორდი, გულო,

ჩაგორდი, გულო,

გულო ჩაგორდი ბუდეში“.

იყო ლოცვაც, როცა ადამიანი რაღაცას იღრძობდა და აუტანელი ტკივილი აწუხებდა:

„უცხო მინდორზე უცხო ხე იყო,

უცხო ფრინველი იყო შემჯდარი,

უხელო ჩამოვიყვანე,

უფეხო ჩამოვიყვანე,

უპიროდ შევჭამე

უცეცხლოდ შევწვი,

გორებით გორდებოდა

ნაღრძობი მთელდებოდა

რა არის მისი წამალი?

ნიგოზი და ნიგვზის ზეთი

დავზილოთ და შევიხვიოთ

მესამე დღემდე არ გადაგვყვეს“.

იყო შაკიკის შელოცვაც. რომლის დროსაც ავადმყოფსა და მლოცავს ხელში შავი ძაფი ეჭირათ და სამჯერ ახვევდნენ კაკლის ხეს. იყო მეორე ვარიანტიც მლოცავი ნახშირით ლურჯ ქსოვილზე ხაზებს გაავლებდა, ლოცვას ჩაიბუტბუტებდა და ნახაზებიან ქსოვილს ავადმყოფს შუბლზე გააკრავდა.

„შაკიკი შაჩვეულა

ჩვენი სათივის ძირსა,

როგორც ხარი თივასა,

ღმერთო უფალო,

ამ ჩემმა ლოცვამ გასჭრას,

გაკაფოს უხეირო ქარი, უხეირო კვალი

ლოცვა ჩემი და რგება ღვთისა“. ( 3-ჯერ).

გლეხისთვის საკუთარ ჯანმრთელობაზე მეტად, მისი შემნახველის პირუტყვის კარგად ყოფნა იყო მნიშვნელოვანი. პირუტყვის სიკვდილი რომელიც გაჭმევს და გინახავს, ოჯახის წევრის სიკვდილის ტოლფასია. ამიტომ, როცა მაკე ძროხა რამით არ დაავადებულიყო და კარგად მოელოგინებინა, მლოცავს უხმობდნენ, რომელიც ნახშირსა და სანთელს რქებზე შემოატარებდა და ლოცულობდა:

„ეგრემისა მინდორზე

ეგრემისა ხიდი იყო,

დედამ უთხრა შვილს,

დედა, ე, ხიდი მომეცი.

ვერც მოგცემ, ვერც დაგანებებ,

რამდენი დროით მაკე თვალთანახისი,

დრომდი და ადომდი იყო ცხრა თვე,

იყოს და იდგეს“.

საინტერესო ისაა, რომ ყველა მლოცავი ქალი იყო. ახლა აღარცერთი ცოცხალი აღარაა. ჩემს ხსოვნაში ხშირად მიდიოდნენ ჩემი სოფლელები მათთან გამოლოცვის სათხოვნელად. სჯეროდათ, რომ მლოცავების ლოცვა მათაც გადაარჩენდა და მათ პირუტყვსაც. ასეც ხდებოდა, რისიც სჯეროდათ, ის უვლენდა სასწაულს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჩემი „ვანგოგენი“

ეული ყველასთან ერთად

დარდისას გეტყვი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი