რამდენიმე წლის წინ ერთი ფონდის დაფინანსებით ძალიან ნიჭიერ პროგრამისტთან ერთად ქიმიაში საგანმანათლებლო პროგრამაზე ვმუშაობდი. ნიჭიერი კი იყო ეს პროგრამისტი, მაგრამ ერთი ცუდი თვისება ჰქონდა – თუ გვერდით არ ვეჯექი, ყურადღება ეფანტებოდა. ვეხუმრებოდი, დედა რომ ზარმაც პირველკლასელს დაადგება თავზე, ისე ვართ-მეთქი. ვმუშაობდით შეუსვენებლად, უქმეებზეც კი.
ერთ შაბათ დღესაც საქმეზე გავედი, თვითონ ჩემს ოთახში დავტოვე დავალებით. რომ დავბრუნდი, მუსიკის ხმა შემომესმა და რას ვხედავ – ეს ჩემი პროგრამისტი ეკრანს ჩასცქერის და ვიღაცას ბედნიერებას უსურვებს. თურმე სკაიპით მეგობრის ქორწილს ესწრებოდა და ნეფე-დედოფალს ადღეგრძელებდა…
ეს ამბავი იმიტომ გავიხსენე, რომ დღეს ყველა მეტისმეტად მივეჯაჭვეთ კომპიუტერის ეკრანს, რაც სულაც არ არის კარგი, ამიტომ მანჩესტერში, ქიმიის ისტორიის მსოფლიო კონგრესზე ყოფნისას თავისუფალ დროს რეალური (და არა ვირტუალური) გასეირნების არც ერთ შესაძლებლობას ხელიდან არ ვუშვებდი. ჰოდა, როდესაც „ქიმიური გასეირნება” შემომთავაზეს, უყოყმანოდ დავთანხმდი.
უნივერსიტეტის ძველი შენობის ულამაზეს ბაღში შევიკრიბეთ. ეზოში რომ შევუხვიე, მე და ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს შევცინეთ. ეს ის ადამიანები აღმოჩნდნენ, ვისაც თითქმის ყველა სესიაზე ვხვდებოდი. პარალელურ რეჟიმში უამრავი პრეზენტაცია მიმდინარეობდა, მაგრამ მე და ეს ოციოდე ადამიანი ერთმანეთთან შეუთანხმებლად სულ ერთნაირ სესიებზე ვიყრიდით თავს და აი, ახლაც, საღამოს რვა საათზე, როცა კონგრესის სხვა მონაწილენი ალბათ პაბებში ერთობოდნენ, ჩვენ აქ შევიკრიბეთ ქიმიური გასეირნების მოლოდინში.
ვინ ვიყავით? თქვენ როგორ ფიქრობთ? – ქიმიკოსები. სხვა ვინ გადადებდა თავს დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ ქიმიური გასეირნებისთვის?!
მალე ჩვენი მთხრობელი, უნივერსიტეტის ვეტერანი თანამშრომელი ქეთრინ ვოლი გამოჩნდა, ხელში ტრაფარეტი ეჭირა: „Chemistry Walk” – და დაიწყო…
უნივერსიტეტის ძველი შენობის შიდა ეზოს მივყევით და იქვე, მარჯვენა მხარეს, გოთური სტილის ერთსართულიან შენობასთან შევჩერდით. ეს ჰენრიხ როსკოს მიერ აგებული პირველი ქიმიური ლაბორატორია ყოფილა. პირველი-მეთქი, ვამბობ, რადგან მანამდე მანჩესტერის უნივერსიტეტში ქიმია როგორც მეცნიერება არ არსებობდა, სწორედ როსკომ დაუდო მის კვლევას საფუძველი. ლონდონში დაიბადა, ლივერპულის ვაჟთა ინსტიტუტი და ლონდონის უნივერსიტეტთან არსებული კოლეჯი დაამთავრა. 1857 წელს მიავლინეს მანჩესტერში, სადაც 1886 წლამდე დარჩა. სწორედ იქ დააარსა ქიმიური ლაბორატორია და ბიბლიოთეკა, სადაც ვანადიუმისა და მისი ნაერთების შესწავლა დაიწყო. ცდილობდა, ვანადიუმი ნაერთებიდან სუფთა სახით გამოეყო. ამ სამუშაოსთვის 1868 წელს სპეციალური პრიზითაც დააჯილდოეს. Bakerian Lecture – ასე ერქვა წოდებას, რომელსაც გამორჩეულ ქიმიკოსებს და ფიზიკოსებს სამეფო საზოგადოება ანიჭებდა.
https://en.wikipedia.org/wiki/Bakerian_Lecture
მოგვიანებით განაგრძო მუშაობა ნეობიუმზე, ვოლფრამსა და ამონიუმის ნაერთებზე. დღეს მანჩესტერის უნივერსიტეტის კორპუსებს შორის ჰენრიჰ როსკოს სახელობის შენობაც არის – Roscoe Building
https://conferences.visitmanchester.com/plan-an-event/conferences-guide/venues/the-roscoe-building,-the-university-of-manchester
როსკოს ძველი ლაბორატორიიდან პირდაპირ თუ წახვალთ და შემდეგ მარცხნივ შეუხვევთ, სწორ ბილიკზე აღმოჩნდებით. იქაურები ამ ბილიკს „პრისტლის გზას” უწოდებენ. სწორედ ამ გზით ჰყვარებია ჯოზეფ პრისტლის თავის ლაბორატორიაში სიარული. თავისი ცხოვრების გარკვეული პერიოდი პრისტლიმ მანჩესტერში გაატარა და ლაბორატორიასთან საოცარი ბაღიც გააშენა. ბაღი, ბუნებრივია, მის სახელს ატარებს.
ბავშვობიდან ხიბლავდა პრისტლის მცენარეები. ხომ გახსოვთ, რა ცდებს ატარებდა ჯერ კიდევ სრულიად მცირე ასაკში: მინის ქილაში ერთად ათავსებდა თაგვს, სანთელს და მცენარეს და აკვირდებოდა. შეამჩნია, რომ მცენარესთან ერთად სანთელიც უფრო მეტხანს იწვოდა და თაგვიც უფრო მეტხანს ცოცხლობდა. უკვე მოზრდილი, ბავშვობაში ჩატარებულ ამ ცდას დაუბრუნდა და სხვა გამოკვლევებთან ერთად „სასიცოცხლო ჰაერი” – ოქსიგენიუმი (როგორც ლავუაზიემ უწოდა) ანუ ჟანგბადი აღმოაჩინა. სხვათა შორის, ამბობენ, რომ ჟანგბადი პირველმა კარლ შეელემ მიიღო, სტატიაც მიიტანა ამის შესახებ ჟურნალში, მაგრამ გამომცემელს მისი გამოქვეყნება… დაავიწყდა. მერე თავი უმართლებია, ზედა თაროზე შემოვდე და თავიდან ამომივარდაო. გამომცემლის გულმავიწყობა შეელეს ძვირად დაუჯდა – ამასობაში პრისტლიმაც აღმოაჩინა ჟანგბადი და რაკი, შეელესგან განსხვავებით, მან კარგი მეხსიერების პატრონ გამომცემელს მიმართა, ეს აღმოჩენაც სწორედ მის სახელს დაუკავშირდა. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი გაირკვა და ისტორიამ არც შეელეს დაუკარგა ღვაწლი. დღეს ნებისმიერ წყაროში ამოიკითხავთ, რომ ჟანგბადი პრისტლის და შეელეს აღმოჩენილია.
პრისტლიმ ნახშირბადის დიოქსიდის შეგროვების ახალი მეთოდი დანერგა. თუ მანამდე მას წყლიანი ჭურჭლის თავზე აგროვებდნენ და ამის გამო დიდი დანაკარგი ჰქონდათ (წყალში იხსნებოდა და ნახშირმჟავას წარმოქმნიდა), პრისტლიმ მისი შეგროვება ვერცხლისწყლით სავსე ჭურჭლის ზედაპირზე დაიწყო და დანაკარგიც საგრძნობლად შემცირდა. ისიც უნდა იცოდეთ, რომ შუშხუნა სასმელების წარმოებაც სწორედ პრისტლის სახელთანაა დაკავშირებული.
პრისტლი ვეგეტარიანელი იყო. მისი ლაბორატორიის პირველ სართულზე დღეს ვეგეტარიანული კაფეა, სადაც ზედმიწევნით ცდილობენ მაშინდელი, პრისტლისეული ინტერიერისა და განწყობის შენარჩუნებას.
მოკლედ, პრისტლის ბილიკზე აღმოვჩნდით თუ არა, ყველა ავხმაურდით, სურათების გადაღებას მოვყევით და ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩვენმა კეთილმა მთხრობელმა ქეთრინ ვოლმა სიცელქისთვის დაგვტუქსა კიდეც. ჩვენც გაგვახსენდა, რომ ზრდასრულები ვიყავით, სამეცნიერო ხარისხი გვქონდა და აქეთ გვეკისრა სტუდენტების აღზრდა, ამიტომ დავსერიოზულდით და სეირნობაც გაგრძელდა.
სადღაც მიხვეულ-მოხვეულ ადგილებში ვიარეთ, სწრაფი ნაბიჯით ჩავუარეთ სტომატოლოგების კორპუსს, ოტორინოლარინგოლოგების კორპუსს, შენობას, სადაც ფრედი უილიამსმა შექმნა პირველი კომპიუტერი, პირველი სართული მთლიანად რომ ეკავა…
შორიდან ალბათ ძალიან სასაცილო სანახავები ვიყავით. წინ ქალბატონი ქეთრინი მირბოდა, კვალში ამერიკელები ედგნენ. მე და ირლანდიელი კოლეგა ვცდილობდით, არ ჩამოვრჩენოდით, ბოლოს კი შვიდიოდე იაპონელი ქიმიკოსი მორბოდა. გზადაგზა ფოტოაპარატებს ვაჩხაკუნებდით. ასე სირბილ-სირბილით მივედით ერთსართულიან, სამკუთხასახურავიან შენობასთან, – აქ საწვავის მამად წოდებული ჩარლზ სილვესტერ დიქსონის ლაბორატორია ყოფილა და იმისთვის გვირბენია, რომ დაკეტვამდე შიგნით შესვლა მოგვესწრო. აქ დიქსონზე არაფერს ვიტყვი, რადგან ცოტა მეტი სივრცე მინდა მოვიტოვო ქიმიის თანამედროვე შენობაზე დასაწერად.
ის ჰენრიხ როსკოს სახელობის კორპუსის მოპირდაპირე მხარეს დგას ძალიან სახალისო სახელწოდების კაფეთი – Cafe2O4. პირველ სართულზე, მარჯვენა მხარეს, კედელს პერიოდული სისტემის ულამაზესი გამოსახულება ამშვენებს. თითოეული ელემენტის უჯრაში ჩამაგრებულია გამჭვირვალე თავდახურული სინჯარა ამ ელემენტის ნიმუშით. განსაკუთრებით სახალისო ინერტული აირების ცარიელი სინჯარებია – უნდა ვიგულისხმოთ, რომ შიგნით მართლაც ესა თუ ის ინერტული აირია.
საგანგებოდ ჩვენთვის მანჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯონატან აგერმა ქიმიური შოუც გამართა. იყო ბევრი აფეთქება, ცეცხლი, ამოფრქვევა და საოცარი ოსტატობა, უსაფრთხოების წესების დაცვა.
ერთი უსაფრთხო ექსპერიმენტის მსვლელობას თქვენც ჩაგაწერინებთ. კარგი იქნება, თუ ნეიტრალიზაციის რეაქციის შესწავლის შემდეგ ჩაატარებთ.
აიღეთ ორლიტრიანი ცილინდრი და 1,6 ლ-მდე ონკანის წყლით აავსეთ. შიგნით მოათავსეთ კალიუმის ან ნატრიუმის ტუტის ოთხი მარცვალი (მეტი არ გინდათ). უშუალოდ ექსპერიმენტის წინ რამდენიმე წვეთი უნივერსალური ინდიკატორი ჩაამატეთ (ისე, რომ მკვეთრი იისფერი მიიღოს). მერე ცილინდრში მშრალი ყინულის მარცვლები (გაყინული ნახშირბადის დიოქსიდი) ჩაყარეთ და ნახავთ, რაც მოხდება. ახლავე გეტყვით, საშიში არაფერია. აი, მოსწავლეების მოტივაცია კი ორი-სამი კვირით მაინც გარანტირებული გაქვთ.
გასეირნება დასრულდა. დაღლილებსა და კმაყოფილებს, ერთმა ჩრდილოეთირლანდიელმა კოლეგამ შემოგვთავაზა, აქვე მყუდრო პაბი ვიცი, წავიდეთ, ქიმიის სადღეგრძელო შევსვათო.
ჰმ… რატომაც არა?