სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

სამოქალაქო თავდაცვისა და ბუნებრივი კატასტროფების დროს ქცევის წესების სწავლება სკოლებში

შოვის ტრაგედიის კადრები სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში. სულ რამდენიმე წამში ტალახით დაფარული სიცოცხლე, გადარჩენილთა განწირული ყვირილი, განადგურებული კურორტი… 3 აგვისტოს შემდეგ გამუდმებით ვფიქრობ, რა შეიძლება გავაკეთოთ მასწავლებლებმა სამოქალაქო უსაფრთხოებისა და ბუნებრივი კატასტროფების დროს ქცევის წესების სწავლების თვალსაზრისით.

საქართველოში მრავალი სახის ბუნებრივი მოვლენა აღირიცხება. ხშირია წყალმოვარდნა და წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ღვარცოფი, მიწისძვრა, ძლიერი ქარი, სეტყვა, ბუნებრივი ხანძარი და სხვ. გარდა ბუნებრივი კატასტროფებისა, ხშირია ადამიანის დაუდევრობით გამოწვეული უბედური შემთხვევებიც. სტიქიური მოვლენებისა თუ უბედური შემთხვევების დროს ქცევის წესების არცოდნა გარდაცვლილთა რაოდენობას ზრდის.

ქცევის წესების ცოდნა და პრაქტიკული უნარების ფლობა ყველგან გვჭირდება. მნიშვნელოვანია, მომავალმა თაობებმა, კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე, მეტი ყურადღება დაუთმონ ბუნებრივი კატასტროფების გამომწვევ მიზეზებს. შესაძლოა, ვცხოვრობდეთ ისეთ დასახლებულ არეალში, სადაც ბუნებრივი მოვლენით გამოწვეული ექსტრემალური სიტუაციის შექმნის რისკი დაბალია, თუმცა ეს თავის დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს: შესაძლოა, წავიდეთ ექსკურსიაზე, დასასვენებლად მთაში ან ზღვაზე…

ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ნათლად დავინახეთ, რაოდენ მნიშვნელოვანია სამოქალაქო თავდაცვის პირველადი უნარები სიცოცხლის გადასარჩენად. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ხუთღიანი ომის დროს სამოქალაქო მსხვერპლი საკმაოდ დიდი იყო.

ამის გათვალისწინებით, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და თავდაცვის უნარების განვითარება და ბუნებრივი კატასტროფების დროს ქცევის წესების სწავლება საქართველოს მსგავსი გეოპოლიტიკური მდებარეობის ქვეყნებში ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს.

ამ დროს საშუალო საფეხურის მოსწავლეს რომ ჰკითხოთ, სად მდებარეობს უახლოესი თავშესაფარი, ვერ გიპასუხებთ. რატომ?

სამწუხაროდ, სკოლებსა და სხვა სააღმზრდელო დაწესებულებებში სამოქალაქო უსაფრთხოებასა და თავდაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს სათანადო ყურადღება არ ექცევა. წლების განმავლობაში ისწავლებოდა საგანი „სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება“, რომელიც საათების „შევსების“ საშუალებად იყო ქცეული.

სასკოლო გარემო იდეალურია სამოქალაქო უსაფრთხოებისა და ბუნებრივი კატასტროფების დროს ქცევის წესების სწავლებისა და შესაბამისი უნარების განვითარებისთვის. მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხები ფრაგმენტულია და რამდენიმე საგნის ფარგლებში მუშავდება.

დაწყებით საფეხურზე უსაფრთხოების შესწავლას მოსწავლეები საგან „მე და საზოგადოების“ ფარგლებში III-IV კლასებში იწყებენ. აქ ბავშვები ამუშავებენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: „ჩემი უსაფრთხოება“, „საგზაო უსაფრთხოება“, „ხიფათი და ექსტრემალური სიტუაციები“ და სხვ.

საბაზო და საშუალო საფეხურებზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების სწავლება უმთავრესად მოქალაქეობისა და გეოგრაფიის ფარგლებში გრძელდება, თუმცა აქ ის ძირითადად თეორიულია და სხვადასხვა ექსტრემალურ სიტუაციაში ქცევის წესების შეხსენებით შემოიფარგლება.

ცალკე საგანი „სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება“ მხოლოდ მე-12 კლასში ისწავლება. მომავალი სასწავლო წლიდან საშუალო საფეხურის სტანდარტით აღნიშნული საგანი აღარ იქნება გათვალისწინებული.

მესამე თაობის ესგ-ში განსაზღვრულია რვა პრიორიტეტული მიმართულება, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ სამოქალაქო უსაფრთხოებაა. მაგალითად, 2023-2024 სასწავლო წლისთვის მარნეულის N5 საჯარო სკოლამ, გამოკითხვის შედეგად, სწორედ სამოქალაქო უსაფრთხოება შეარჩია. სასწავლო წლის განმავლობაში მასწავლებლებმა/საგნობრივმა კათედრებმა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული სხვადასხვა აქტივობა უნდა შესთავაზონ მოსწავლეებს.

ზაფხულში დავინტერესდი, თუ როგორ ასწავლიან სამოქალაქო უსაფრთხოებასა და ბუნებრივი კატასტროფების დროს ქცევის წესებს სხვადასხვა ქვეყანაში.

დავიწყოთ შორეული აღმოსავლეთით.

 

ამომავალი მზის ქვეყანა

კუნძულოვანი ქვეყანა იაპონია წყნარ ოკეანეში მდებარეობს. არქიპელაგზე გადის ცეცხლოვანი რკალი (სარტყელი), რის გამოც იქ ხშირია მიწისძვრები, ცუნამები და ტაიფუნები. 2011 წელს იაპონიის სანაპიროს სიახლოვეს მომხდარმა მიწისძვრამ დამანგრეველი ცუნამი გამოიწვია. საზოგადოდ, ამ ქვეყანაში მიწისძვრები ყოველდღიურობის ნაწილია. საინტერესოა, როგორ ამზადებენ მოსწავლეებს ბუნებრივი მოვლენებისგან თავდაცვისთვის.

იაპონიის საგანმანათლებლო სისტემაში დანერგილია უსაფრთხოების სწავლება. მიმართულების მიზანია, მოამზადოს მოსწავლეები საკუთარი და სხვათა სიცოცხლის დასაცავად და შეამციროს ზიანი.

სკოლებსა თუ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში სიმულაციები უდიდეს როლს ასრულებს. მუდმივად ტარდება ევაკუაციის გაკვეთილები და პრევენციის კვირეულები. მასწავლებლებსა და სკოლის პერსონალს მუდმივად უტარდებათ ტრენინგები.

კატასტროფის შემდეგ, ზარალის მინიმიზაციის მიზნით, აქტიურად გამოიყენება ტექნოლოგიები. მოსწავლეებს მისდით შეტყობინება ახლოს არსებული საფრთხის შესახებ.

ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მოტოშიროს დაწყებითი სკოლის პრაქტიკა. სკოლა ყოველწლიურად მართავს ტრენინგს ევაკუაციაში ხანძრისა და მიწისძვრისთვის მოსამზადებლად. მოსწავლეები თეორიულად სწავლობენ ევაკუაციის მარშრუტებს, სიმულაციის დროს მიდიან უახლოეს თავშესაფრამდე.

დაწყებითი სკოლა თანამშრომლობს უნივერსიტეტთანაც. უნივერსიტეტის სტუდენტები ზომავენ რეალურ დროს ევაკუაციისთვის GPS-ის გამოყენებით. შეკრებილი მონაცემები გამოიყენება ტრენინგის დასახვეწად.

სკოლაში მოსწავლეები ასევე სწავლობენ ცეცხლმაქრებისა და სხვა ინვენტარის გამოყენებას, საფრთხეების რუკაზე მუშაობას, წყალდიდობის შემთხვევაში სამაშველო ჟილეტების გამოყენებას, ბუნებრივი თავშესაფრების შერჩევას და ა.შ. რაც მთავარია, ამას აქვს პრაქტიკული და მრავალჯერადი ხასიათი.

იაპონიაში აქტიურად გამოიყენება ადრეული გაფრთხილების სისტემები. მოსწავლეებს ტელეფონზე მისდით შეტყობინება მათ სიახლოვეს არსებული საფრთხის შესახებ. თუ საშიშროება სერიოზულია, იწყება ევაკუაციისა და უსაფრთხო ადგილას გადაყვანის ოპერაცია.

სინგაპური

საინტერესო მიდგომებს იყენებენ წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარე კიდევ ერთ ქვეყანაში სინგაპურში. სინგაპურის განათლების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულია ამომწურავი ინფორმაცია საგანგებო სიტუაციებში სკოლების როლის შესახებ.

სინგაპურში დანერგილია თანამშრომლობითი მიდგომა. სკოლები, პოლიცია და სამოქალაქო თავდაცვის ძალები ერთად მუშაობენ საგანგებო სიტუაციებში რეაგირების მექანიზმის დასანერგავად. სპეციალურად გადამზადებული ოფიცრები წინასწარ მომზადებული სასწავლო პროგრამის მიხედვით ატარებენ წვრთნებს (სიმულაციებს) და ტრენინგებს, რომლებშიც სასკოლო საზოგადოება მონაწილეობს.

თითოეულ სკოლას შემუშავებული აქვს ინდივიდუალური დოკუმენტი, რომელშიც გაწერილია კონკრეტული როლები და პასუხისმგებლობები საგანგებო სიტუაციების დროს, პირველი დახმარების წესები, ევაკუაციის გეგმა, მოცემულია ინფორმაცია პირველი დახმარების უახლოესი პუნქტებისა და თავშესაფრების შესახებ და ა.შ. სკოლის ლიდერები რეგულარულ შეხვედრებს მართავენ პერსონალთან დოკუმენტის დახვეწის, განახლებისა და პრაქტიკაში გამოყენების მიზნით.

სინგაპურში პოპულარულია სამოქალაქო თავდაცვის ეროვნული კადეტთა კორპუსი, რომელიც ექვემდებარება განათლების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სამოქალაქო თავდაცვის ძალებს. მათი დევიზია: „ჩვენ ვსწავლობთ, ჩვენ ვხელმძღვანელობთ, ჩვენ ვემსახურებით“.

კადეტთა კორპუსის სასწავლო პროგრამაში/სილაბუსში სამოქალაქო თავდაცვის კომპონენტს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. აქტიური თეორიული სწავლება და პრაქტიკული სიმულაციები ინტეგრირებულია ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში. ახალგაზრდები სწავლობენ სახანძრო უსაფრთხოების, პირველი დახმარებისა და შველა-გადარჩენის წესებს.

 

ესტონეთი

უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ევროპასა და მთელ მსოფლიოში ახალი რეალობა შექმნა, ამიტომ ესტონელები მიიჩნევენ, რომ მათი ამჟამინდელი მიდგომა აღარ არის საკმარისი მოსახლეობის დასაცავად და როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო თავდაცვის სფეროს დასახვეწად მეტი ძალისხმევაა საჭირო.

ესტონეთში სამოქალაქო თავდაცვის მიზანია მოსახლეობის მხარდაჭერა კრიზისულ ვითარებაში, კერძოდ, ომის შემთხვევაში, და კრიზისების დამოუკიდებლად დასაძლევად მისი მზადყოფნის ამაღლება.

სამოქალაქო თავდაცვა კრიზისის დროს ნიშნავს სახელმწიფოსა და საზოგადოების მზადყოფნას და გულისხმობს:

  • გამაფრთხილებელ შეტყობინებებს;
  • სამაშველო სამუშაოებს;
  • ევაკუაციას;
  • თავშესაფრის პოვნას;
  • პირველ დახმარებას და კატასტროფის მედიცინას;
  • გარდაუვალ სოციალურ ზრუნვას;
  • ფსიქოსოციალური კრიზისის დროს დახმარებას;
  • მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სხვა სახის დახმარებას.

ესტონეთში სამოქალაქო თავდაცვის სწავლებისა და მოსახლეობაში შესაბამისი მზადყოფნის უზრუნველყოფის თვალსაზრისით სკოლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს ცენტრალური ადგილი უკავიათ.

სწორედ განათლების სისტემა უზრუნველყოფს თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას, რის შედეგადაც მოსახლეობის ცნობიერება ამ ქვეყანაში საკმაოდ მაღალია.

 

ფინეთი

ფინეთში ფუნქციონირებს ცენტრალური და 22 დამოუკიდებელი რეგიონული სამაშველო დეპარტამენტი, რომლებიც სასწრაფო დახმარებას უწევენ მოსახელობას უბედური შემთხვევის ან ბუნებრივი საფრთხის დროს. სწორედ რეგიონული სამაშველო დეპარტამენტები არიან პასუხისმგებელნი ცნობიერების ამაღლებაზე თავიანთ რეგიონში. ისინი მჭიდრო კოორდინაციაში იმყოფებიან საბავშვო ბაღებსა და სკოლებთან, საჭიროებისამებრ უწევენ მათ დახმარებას სიმულაციების დაგეგმვაში, ევაკუაციისა და თავშესაფრებში გადაყვანის მოდელირებაში.

ფინეთში ყოველწლიურად იმართება ხანძარსაწინააღმდეგო ცნობიერების ამაღლებისა და უსაფრთხოების კამპანიები. მაგალითად, სახანძრო უსაფრთხოების კვირეული მიზნად ისახავს, გააუმჯობესოს ხანძარსაწინააღმდეგო უნარები, ხოლო უბედური შემთხვევების დღე ამაღლებს ცნობიერებას საფრთხის რისკის, ავარიებისა და მათი პრევენციის შესახებ. ამ კვირეულებში აქტიურად ერთვებიან სკოლები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ფინურ სკოლებში ბავშვებს სთავაზობენ სასწრაფო დახმარების უნარების უფასო კურსებს, ასწავლიან პირველი დახმარების გაწევას, ხანძრის ჩაქრობას და თავდაცვას სხვა ელემენტებს.

2023 წლის კვლევის მიხედვით, ფინელებს სამაშველო სამსახურების მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვთ. მსოფლიო მოვლენები, მათ შორის – რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, აშკარად ახდენს გავლენას იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ ფინელები პოტენციურ რისკებს. ფინელებს სამოქალაქო თავდაცვა დღეს უფრო საჭიროდ მიაჩნიათ, ვიდრე წინათ. ყოველი ათი ფინელიდან ცხრა სამოქალაქო თავდაცვას უსაფრთხოებისთვის აუცილებელ ელემენტად მიიჩნევს.

 

სიმულაციები

სასწავლო სიმულაციები მოსწავლეთა მიერ შეძენილი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოცდის კარგი საშუალებაა. წინასწარ გაწერილი სცენარით ექსტრემალური სიტუაციების გათამაშება სკოლაში ან მის ფარგლებს გარეთ (საცხოვრებელ კორპუსში, ბუნებაში და ა.შ.) შესაბამისი უნარების გამომუშავებაში გვეხმარება.

სასურველია, ასაკის შესაბამის სიმულაციებში მოსწავლეების ჩართვა იწყებოდეს საბავშვო ბაღებიდან და გრძელდებოდეს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. სიმულაციების მსვლელობას უნდა ხელმძღვანელობდნენ კვალიფიციური, გადამზადებული კადრები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან, თავდაცვის სამინისტროდან და ა.შ.

სიმბოლურია, რომ ჟურნალ „მასწავლებელში“ ჩემი პირველი სტატია სწორედ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან თანამშრომლობით ჩატარებულ სასწავლო სიმულაციას ეხებოდა.

 

შეჯამება

სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ისინი მეტად სერიოზულად მიიჩნევენ სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების სწავლებას. მათი მიდგომიდან თვალსაჩინოა პრევენციული მექანიზმების აქტიური გამოყენება და გარემოზე ზემოქმედების შემცირებაზე ზრუნვა. მათ სჯერათ, რომ სკოლებში სწორად დაგეგმილ სწავლა-სწავლების პროცესს შეუძლია, ჩამოუყალიბოს მოსწავლეებს შესაბამისი დამოკიდებულება და ხელი შეუწყოს კატასტროფების პრევენციის კულტურის განვითარებას. სწორედ ამიტომ სასწავლო პროგრამები მოიცავს გარემოსდაცვით საკითხებს, კატასტროფების პრევენციას და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას. ყურადღება მახვილდება ეკოლოგიურ პრობლემებზე, მათ მიზეზებსა და შედეგებზე. ამ ყველაფრის ცენტრში დგანან მოსწავლეები, რომლებიც პროცესში აქტიურად მონაწილეობენ და მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღებით არ შემოიფარგლებიან.

ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადრეული შეტყობინების სისტემების შესახებ ცნობიერების ამაღლება. ახალგაზრდებმა და, საზოგადოდ, მოსახლეობამ იცის, როგორ მოიქცეს განგაშის სიგნალის შემთხვევაში.

 

გამოყენებული წყაროები:

https://web-japan.org/kidsweb/cool/20/202011_disaster-prevention-education_en.html

https://www.mdpi.com/2227-9067/7/6/65

https://www.jstage.jst.go.jp/article/jdr/16/7/16_1121/_pdf კვლევა და ევაკუაციის გაკვეთილები.

https://www.moe.gov.sg/about-us/emergency-preparedness

https://www.scdf.gov.sg/ncdcc

https://www.scdf.gov.sg/home/community-volunteers/community-preparedness/school-programmes

https://www.rescue.ee/files/2020-03/elanikkonnakaitse-a4-en.pdf?977eed4edf Disaster Risk Management Summary of Estonia 2020

https://www.siseministeerium.ee/media/1451/download

https://www.rescue.ee/en/instruction/civil-protection

https://civil-protection-humanitarian-aid.ec.europa.eu/what/civil-protection/national-disaster-management-system/finland_en

https://valtioneuvosto.fi/en/-/1410869/nine-out-of-ten-finns-consider-civil-defence-necessary-for-security

https://www.ft.com/content/7c8cebc4-8107-45d8-8f58-2382277fdd0c

https://mes.gov.ge/content.php?id=12552&lang=geo მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი