პარასკევი, ოქტომბერი 11, 2024
11 ოქტომბერი, პარასკევი, 2024

ქიმიის ტური

ერთი მეგობარი მყავს, ზოგჯერ ფეისბუქის მეშვეობით ვესაუბრები. ჩემს სტატიებს კითხულობს თურმე. ამას წინათ ნახევრად ხუმრობით მითხრა, რა გჭირს, რა ყველაფერში ქიმიას ხედავო, არადა, ბოლომდე რომ ჩავიკითხავ, ვრწმუნდები – ყველაფერი მართლაც ქიმიასთან არის დაკავშირებული და შენი წერილების თემებს მულტიპლიკაციურ ფილმებად წარმოვიდგენ ხოლმეო. მერე თითქოს სინანულით დასძინა, სკოლაში ქიმია ფაქტობრივად არ მისწავლია, ერთი ახალგაზრდა, სანდომიანი მასწავლებელი გვყვავდა, რომელიც, მართალია, საგანს არ გვასწავლიდა, მაგრამ სასიამოვნო ადამიანი იყო და მეც კეთილი მოგონებები დამრჩა მასზეო. კიდევ, იცი, რა მახსოვს ქიმიაზე? – ჩემი ბავშვობის უსაყვარლესი მსახიობის, თენგიზ ჩანტლაძის სკეტჩი ლომონოსოვის სურათის შესახებო.

ამ ერთი შეხედვით ლაღ, არაფრისმთქმელ საუბარში დიდი პრობლემა იმალება. დიახ, დღესაც იგივე მდგომარეობაა – მოსწავლეებმა ქიმია არ იციან. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ფაქტია, მასწავლებლები მათ დაინტერესებას ვერ ახერხებენ. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არის და ღმერთმა დაგვიფაროს, არ იყოს. მე ამის დაწერას მხოლოდ ის მაბედინებს, რასაც ჩემი შესავალი კურსების პირველკურსელ სტუდენტებთან (გუშინდელ მოსწავლეებთან, რომლებმაც სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში ქიმიაც ჩააბარეს) ვხედავ. მათ ქიმია არ ახსოვთ! როდესაც ქიმიის გაკვეთილების შესახებ ვეკითხები, მპასუხობენ, რომ ან არ უტარდებოდათ, ან არ აინტერესებდათ. საქმეც სწორედ ეს არის – ინტერესის უქონლობა.

ამ შემთხვევაში ორმაგად ვცდილობ, ქიმია მოვაწონო და ერთმა ამას წინათ ისიც კი იკითხა: რატომ არ ვსწავლობდი ამ საგანს სკოლაში, თუ ასეთი საინტერესო იყოო?

თემას ცოტა ხნით გადავუხვევ და აღვნიშნავ, რომ დღეს ძალიან მოთხოვნადია ტურიზმი. ეს მიმართულება საქართველოსთვის სტრატეგიულად განიხილება, რაც ძალიან მომწონს. რაც მეტად განვითარდება, მით უკეთესი.

ტურიზმი თომას ჰუკმა გამოიგონა. 1841 წელს 600 ადამიანი გაასეირნა მატარებლით, 1845 წელს ლივერპულში მოაწყო ექსკურსია, 1847 წელს პირველი ტურისტული საზოგადოება დააარსა, რომელიც ინგლისის ფარგლებში და მის გარეთ ტურებს მართავდა. თომას ჰუკი ტურიზმის სფეროში პირველ მენეჯერად ითვლება. სხვათა შორის, მანვე დანერგა სასტუმროების დაჯავშნის პრაქტიკაც. მისი ფირმის ერთ-ერთი ცნობილი უცხოელი კლიენტი კი მარკ ტვენი ყოფილა.

ინტერესი იწვევს განწყობას, ერთხელ მიღებული განწყობა კი არ ქრება, გონებაში ილექება და თავის შედეგს გვაძლევს. დავაკავშიროთ ქიმია იმასთან, რაც მოსწავლეს ქიმიის კანონებზე მეტად ხიბლავს. მართალია, საბოლოოდ ამ კანონების, მექანიზმებისა და ფორმულების შესწავლა მაინც მოუწევს, მაგრამ თუ ამას ოდნავ უკეთესი განწყობით გააკეთებს, ხომ კარგი იქნება? ქიმიის შესაძლებლობები განუსაზღვრელია და თუ მოვინდომებთ, მოსწავლისთვის საინტერესო ნებისმიერ თემასთან დავაკავშირებთ. სულ ცოტა ფანტაზია გვჭირდება, სულ ცოტა…

მაშ ასე, ზაფხულია, არდადეგებია და თემაც შესაფერისი შევარჩიე – „ქიმიის ტური”. ვიმოგზაუროთ, ოღონდ… ქიმიასთან ერთად. მარშრუტს ასეთს შემოგთავაზებთ: საქართველო-საფრანგეთი-ინგლისი-პოლონეთი-საქართველო.

ბავშვობიდან ერთ ქვეყანაზე ვოცნებობდი – საფრანგეთზე. მისი ნახვის ნატვრა კი ამისრულდა – გრაფინია კაროლინ დე ლოღჟეღილის საზაფხულო სკოლას ვესტუმრე და მეორედაც გახლდით იქ, მაგრამ ეს ქვეყანა დღემდე საოცნებოა ჩემთვის, ამიტომ ჩემი მარშუტი საფრანგეთიდან დაიწყება.

პარიზში ჩასვლისთანავე რა უნდა მოინახულოთ? მე პირდაპირ მუზეუმთა მუზეუმში – ლუვრში წავიდოდი. სულ მცირე, ორი დღე მაინც მოიტოვეთ ლუვრისთვის. იქ მართლაც ბევრი რამ არის სანახავი, ოღონდ მე მხოლოდ ქიმიასთან დაკავშირებულ ექსპონატებზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას.

ალქიმიკოსები ოქროს მიღებაზე ოცნებობდნენ. ფიქრობდნენ, ნებისმიერი მეტალის ოქროდ ტრანსმუტაციას შევძლებთო – არ გამოუვიდათ… მერე თქვეს, არამეტალიც საჭიროა ამ საქმისთვისო. აიღეს და გოგირდი ვერცხლისწყალთან შეიყვანეს რეაქციაში. შედეგად ოქრო არა, მაგრამ ვერცხლისწყლის სულფიდი კი მიიღეს. ცოტა დრო სჭირდება, თორემ ეს მორუხო ფხვნილი ოქროს მოგვცემსო. დრო გადიოდა, მაგრამ ფხვნილი ფხვნილად რჩებოდა. ბოლოს არაბმა ალქიმიკოსმა ჯაბირმა თქვა, როგორ ვერ მივხვდით, მთელ ამ პროცესს დამაჩქარებელი სჭირდება, რაღაც ისეთი, რაც რეაქციაში არ შევა, არ დაიხარჯება, მაგრამ პროცესის მსვლელობას დააჩქარებსო. ეს რაღაც ფხვნილი უნდა იყოსო, არაბულად – „იქსირი”, არაბული „ალ” არტიკლით – „ალ იქსირი”. ევროპელებმა ეს სახელი გაალამაზეს და ასე მივიღეთ „ელექსირი”, ანუ „ფილოსოფიური ქვა”. ჯაბირი გაუცნობიერებლად კატალიზატორს ეძებდა, თუმცა კატალიზსა და კატალიზატორს გაცილებით გვიან აღმოაჩენენ.

ჯაბირი ერთ ლეგენდას იშველიებდა. ლეგენდის თანახმად, მეფე მიდასმა, რომელიც ფრიგიას განაგებდა, ღმერთ დიონისესგან მიიღო ქვა, რომლის შეხებითაც ის ყველაფერს ოქროდ აქცევდა. მიდასი მართლა ზღაპრულად მდიდარი იყო, ოღონდ იმიტომ, რომ ოქროს საბადოებს ფლობდა, ალქიმიკოსებს კი ეგონათ, მას ფილოსოფიური ქვა ჰქონდა. ლეგენდის თანახმად, მეფე მიდასმა თავისი ერთადერთი ასულიც ოქროდ აქცია. სწორედ ამ მომენტის ამსახველ ულამაზეს გრავიურას იხილავთ ლუვრის ეგვიპტური ექსპონატების განყოფილებაში.

პირველი ქიმიური ენციკლოპედია ეგვიპტელ ზოსიმას ეკუთვნის. ის 28 ტომისგან შედგებოდა. მოგვიანებით ის რომის იმპერატორმა დიოკლეტიანემ გაანადგურა – შეეშინდა, ალქიმიკოსებს ოქრო არ მიეღოთ და მისი სიმდიდრე არ გაუფასურებულიყო. მხოლოდ სამი ტომი გადარჩა და მათი ნახვაც ლუვრში, იმავე განყოფილებაშია შესაძლებელი.

ლუვრშივე ნახავთ ძალიან ლამაზ გრავიურას, რომელზეც არაბების ეგვიპტეში შეჭრის მომენტია გამოსახული. „ბერძნულ ცეცხლზე” თუ გაგიგონიათ რამე? ის ბერძენმა კალენიკემ შექმნა ნავთობის, გოგირდისა და ზეთისგან. ეგვიპტელები სწორედ ამ ცეცხლით დახვდნენ ეგვიპტის სანაპიროსთან მისულ არაბი დამპყრობლების გემებს და ერთიანად გადაწვეს. ამ ცეცხლს ერთი თავისებურება ჰქონდა – წყლის დასხმისას უფრო ჩაღდებოდა. სხვათა შორის, კოლხებსაც ჰქონიათ ასეთივე თვისებების ცეცხლი. ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოფი კესარიელი საგანგებოდ აღნიშნავდა, რომ კოლხი მებრძოლები ლოდსატყორცნი მანქანებიდან ფეთქებად ნარევებსაც ისროდნენ – „მათ (კოლხებმა) აავსეს ქოთნები გოგირდით და ერთი საწამლავით, რომლებსაც მიდიელები ნავთს ეძახიან, ელინები კი მედეას ზეთს, მოუკიდეს ცეცხლი და ესროდნენ კედლის დამანგრეველ მანქანებს, რომელთა უმეტესობაც დაწვეს”.

სენის მარჯვენა სანაპიროზე Hotel de Ville-ის მოედანზე, ძველად გრევის მოედანი რომ ერქვა, ულამაზესი შენობა დგას. 1357 წლიდან აქ პარიზის მუნიციპალური ორგანოებია განთავსებული. მის ფასადს საფრანგეთის „ღირსეული შვილების” ქანდაკებები ამშვენებს, მათ შორის – ქიმიის მამად წოდებული-ანტუან ლორან ლავუაზიესიც. არ დაიზაროთ, მოინახულეთ. ქიმია ვალშია მის წინაშე და მე ის განსაკუთრებულად მიყვარს.

გადავინაცვლოთ ინგლისში. ლონდონში უთუოდ უნდა შეიაროთ ქიმიკოსთა სამეფო საზოგადოების მუზეუმში. ეს ის საზოგადოებაა, მენდელეევი იმ დროისთვის უძვირფასესი მეტალისგან, ალუმინისგან, დამზადებული ჭიქით რომ დააჯილდოვა.

რითი სუნთქავთ? მართალია, ჟანგბადით. იცით კი, ვინ აღმოაჩინა? ორმა მეცნიერმა, პრისტლიმ და შეელემ, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. პრისტლიმ გამადიდებელ მინაში გამავალი მზის სხივების საშუალებით ვერცხლისწყლის ოქსიდი დაშალა. იგრძნო, რომ რაღაც აირი გამოიყო, შეაგროვა, ჩაისუნთქა და მოგვიანებით დაწერა: მეგონა, გავფრინდებოდი, ისეთი სასიამოვნო იყოო. ახალი გაზის შესახებ ლავუაზიეს აცნობეს და მანაც „ოქსიგენიუმად”, „სასიცოცხლო ჰაერად” მონათლა. დიახ, პრისტლიმ სუფთა ჟანგბადი მიიღო და სწორედ ის ჩაისუნთქა. 

ლონდონიდან მანჩესტერში გადაინაცვლეთ და „კეთილი გულუბრყვილო ადამიანის” ჰენრი კავენდიშის მუზეუმი ნახეთ. ჰენრიმაც აირი აღმოაჩინა, რომელსაც ლავუაზიემ „ჰიდროგენიუმი”, „წყლის მბადი”, ანუ წყალბადი უწოდა.
ჩემ მიერ შედგენილი მარშრუტის თანახმად, ინგლისიდან პოლონეთში მიდიხართ. ქალაქ ველიჩკაში სუფრის მარილისგან შექმნილი ბუნებრივი მღვიმე დაგხვდებათ. მღვიმეს იუნესკო მფარველობს და ჰაერი იქ განსაცვიფრებლად კამკამაა. ყოველ წელს ათასობით ადამიანი ისწრაფის ამ მღვიმის სანახავად, განსაკუთრებით ისინი, ვისაც სასუნთქი გზების დაავადებები აქვს. თამამად შეგიძლიათ, კედელს გემო გაუსინჯოთ – სუფთა ნატრიუმის ქლორიდია.

ვარშავაში თუ გადახვალთ, იქვე ახლოს ევროპის მცირე ვერსალად წოდებული ვილანოვების სასახლეა. მეფე ედუარდ მეორის პირადი ალქიმიკოსი არნოლდ ვილანოვიც ამ შტოს წარმომადგენელია და სასახლის მეორე სართულზე, გალერეაში, მის უზარმაზარ პორტრეტსაც ნახავთ.

ვარშავაში მოხვედრილმა მარია სკლადოვსკაია-კიურის მუზეუმი აუცილებლად უნდა მოინახულოთ. მერწმუნეთ, აქ ქიმიასთან დაკავშირებულ უამრავ საინტერესო ამბავს მოიძიებთ და მოისმენთ. მეცნიერი ქალის კეთილი ხუმრობაც გაგახალისებთ: „კაცებსაც შეუძლიათ მეცნიერების შექმნა”.

მაშ ასე, სასიამოვნოდ იმოგზაურეთ და მშვიდობიანად დაგვიბრუნდით. იცით, კიდევ რამდენი რამ მაქვს მოსაყოლი ქიმიაზე?..

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ქიმიური იარაღი

სატურნის სული

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“