ოთხშაბათი, ოქტომბერი 16, 2024
16 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

ვის ეშინია წიგნების?

წიგნებთან ბრძოლის რამდენიმე ასპექტი

 

„დიახ! წიგნი კი გატენილი თოფია, რომელიც კარის მეზობელს დაუმიზნებია შენთვის. დაწვით ის და თოფი უტყვიოდ დარჩება! ადამიანის გონება უნდა აილაგმოს. რა ვიცით, ვინ გახდება ნაკითხი კაცის სამიზნე? იქნებ მე? აი, ამიტომ ვერ ვიტან მაგისთანებს!“

რეი ბრედბერი, „451° ფარენჰაიტით“

 

წიგნების შიში ახალი და თანამედროვე მოვლენა რომ არ არის, ამას ისტორიაც გვიჩვენებს. წიგნებს და ხელნაწერებს წვავდნენ უხსოვარ დროს, შუა საუკუნეებში, დიქტატორების ეპოქებში, ტერორიზმის ბუდეებში, წვავდნენ და ამით დიდ სიამოვნებას იღებდნენ, აი, რაღაცნაირ ნეტარებას მათ ხომ ბოროტება ალაგმეს და გაანადგურეს! ადამიანების გონება დაიცვეს საცდურისგან, ეშმაკისეული მანქანებისგან!

ვინ ებრძვის წიგნებს? ვის სძულს წიგნები? მას, ვისაც ეშინია! დიახ, ეშინია თავისუფალი სულის, გაცნობიერებული გონების, განათლებული აზრების, განსხვავებული მოსაზრებებების, ეშინია იმის, რაც თავად არ უგრძნია, არ წაუკითხავს, არ აღმოუჩენია! ან დიახაც, რომ უგრძნია და დიახაც, რომ იცის წიგნის ძალა ამიტომაც ებრძვის, რადგან წიგნიერი ადამიანის დამორჩილება, იდეოლოგიის მარწუხებში მოქცევა ძნელია. რაზეც ასეთ ხალხს პასუხი არ აქვს განადგურდეს! რაც ოდნავ განსხვავდება მათი გატკეპნილი გზისგან – დაიწვას! ებრძვიან კეთილ ჯადოქარ ჰარის და მასში სატანიზმს ხედავენ, როცა შეიძლება, სიკეთისა და ბოროტების მარადიული ჭიდილი დაინახონ. მხოლოდ ზებუნებრიობა განსაზღვრავს იარლიყებს, არადა, ჩვენი ხალხი სწორედ რომ ხალხურმა მაგიამ გადაარჩინა, რისი შესანიშნავი მაგალითებია ქართული ხალხური ზღაპრები, ხალხური შელოცვები და დღეობა-რიტუალები. კეთილი და ბოროტი, შავი და თეთრი ხომ მარადიულია, – რა მნიშვნელობა აქვს, თეთრი რაინდი გველეშაპს მახვილით დაამარცხებს თუ ჯადოსნური ჯოხით? რა მნიშვნელობა აქვს ბავშვობის ტრავმების სპეციფიკას, წამების ხარისხს, როცა ეს გზა ორივე შემთხვევაში გაიარა გმირმა? რატომ ვეკიდებით ზედაპირს, რატომ აღვიქვამთ სიმბოლოებს არსად? რატომ არ ვუღრმავდებით, რატომ არ ვეძიებით, ბოლოს და ბოლოს, რატომ ვაქციეთ რწმენა  ყველაფრისგან დაცლილ რიტუალად? სად დავმალეთ ქრისტე? რას ვეთაყვანებით? რისი გვწამს? რა გვჭირს და რატომ ვებრძვით წიგნებს? როცა ყველაზე მკაცრი ეპოქის ყველაზე მკაცრმა მოძღვარმა გრიგოლ ხანძთელმა საკუთარი არსის შეცნობა და ქრისტეს გზაზე სიარული დაიწყო, საერო წიგნები კი არ დაწვა, კი არ უარყო წაიკითხა! რაც მისაღები იყო, მიიღო, რაც დასავიწყებელი იყო, დაივიწყა. ეს მისი პირადი არჩევანი გახლდათ.

 

„ფერადკანიანებს არ მოსწონთ „პატარა ზანგის ბიჭი სამბო“? დაწვით! თეთრკანიანებს არ სიამოვნებთ „ბიძია თომას ქოხი“? დაწვით! ვიღაცამ დაწერა წიგნი თამბაქოსა და ფილტვების კიბოს შესახებ. სიგარეტის მეწარმეები დაფრთხნენ! დაწვით ეს წიგნიც! სიმშვიდეა, მონტეგ, საჭირო! არავის უნდა აწუხებდეს რაიმე. ყველაფერი, რაც კი გაწუხებს, უნდა მოისპოს, ღუმელში უნდა დაიწვას“.

რეი ბრედბერი, „451° ფარენჰაიტით“

 

მოდი, ვიყოთ ბანალურები და ვთქვათ, რომ წიგნი შუქურაა, ის ადამიანის შინაგან „მეს“ ანათებს, ანათლებს, განათლება კი თავისუფლებაა. თავისუფალი ადამიანის მართვა ძნელია, მეტ ცოდნას, მეტ ოსტატობას მოითხოვს. განათლებულ ადამიანს ისევ განათლებული ადამიანი თუ „მოერევა“,  ჰოდა, არ არის იოლი საქმე. უფრო ადვილია, აბსურდული პროპაგანდა ააგორო, მიუვარდე, დაწვა, გაანადგურო. პროპაგანდას თავისი კანონები აქვს, ის შიშზეა აგებული, ადამიანების ქვეცნობიერი კომპლექსებითა და შფოთვებით იკვებება: აი, გადავგვარდებით, აი, გავნადგურდებით, აი, ბავშვებს გარყვნიან, სოდომი და გომორი განმეორდება და მთელი რიგი მითები თუ შეთქმულებათა თეორიებია ქცეული მყვირალა ლოზუნგებად: „ქართლის დედებო, შეერთდით“, „შვილები დავიცვათ!“ აბა, რომელი გულანათებული, პატრიოტი, შვილის მოყვარული დედა არ წამოეგება მსგავს სატყუარას? აბა, სხვანაირად როგორ დაინთება ის ცეცხლი, რომელიც, საბოლოოდ, მართლაც საფრთხეს შეუქმნის მომავალ თაობას, ცენზურას დააკანონებს, შედეგი კი ისევ და ისევ კარგად ნაცნობი წიგნების დაწვა იქნება.

 

„შეიძლება, ერთი რამ გკითხოთ? რამდენი ხანია, რაც მეხანძრედ მუშაობთ?

ოცი წლიდან მეხანძრე ვარ. აგერ უკვე ათი წელიწადია.

ოდესმე თუ კითხულობთ რომელიმე დასაწვავ წიგნს?

ამას კანონი გვიკრძალავს, ღიმილით მიუგო მონტეგმა.

ჰო… რა თქმა უნდა.

ეს მშვენიერი ხელობაა. ორშაბათს შილერი დავწვათ, ოთხშაბათს სუიტმენი, პარასკევს ფოლკნერი. ფერფლად ვაქციოთ, მერე ფერფლიც დავწვათ! ეს არის ჩვენი პროფესიული დევიზი“.

რეი ბრედბერი, „451° ფარენჰაიტით“ 

 

მოდი, გადავხედოთ წიგნებთან ბრძოლის ისტორიას, რომელიც, სამწუხაროდ, არც ისე მოკლეა. ვინც დიქტატორობისკენ, ერთპიროვნული მართვისკენ, ავტორიტარიზმისკენ მიილტვის, ვისთვისაც რელიგია იდეოლოგიური იარაღია, ხოლო პატრიოტიზმით აპელირება კარგად ნაცნობი და გაცვეთილი საშუალება, ის ბრძოლას, უპირველეს ყოვლისა, თავისუფალ, განათლებულ ადამიანებს უცხადებს და ამ ამბავში, როგორც წესი, წიგნები იჭყლიტება. ისიც აღვნიშნოთ, რომ წიგნის კითხვა უპირობოდ არ ნიშნავს განათლებულობას, სიკეთეს. თუმცა ესეც პიროვნული არჩევანია, ჩვენ კი რასაც ველტვით და რაც გვინდა, ის არის, რომ ადამიანმა თავად გადაწყვიტოს, რომელ მხარეს დგას, რისი სჯერა, რისი სწამს და რა ფასეულობებია მისთვის პრიორიტეტული. გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ამ ამბავში მასწავლებლებს უზომოდ დიდი როლი გვაკისრია. ამიტომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მასწავლებლების ნათელ მხარეს დგომა.

მაშ ასე, დავიწყოთ:

ჩინეთში უკანასკნელი საიმპერატორო დინასტიის – ცინის დროს, 212 წელს, იმპერატორმა ცინ ში ჰუანგიმ უამრავი წიგნი დაწვა. სავარაუდოდ, განადგურდა ასი აზროვნების სკოლის ფილოსოფიური ტრაქტატები.

„სიბრძნის სახლის“ განადგურება ბაღდადის მონღოლთა ალყის დროს (1258 წ.).

აცტეკების კოდექსების განადგურება იცკოატლის მიერ (1430 წ.).

მაიას ტომის კოდექსების დაწვა ეპისკოპოს დიეგო დე ლანდას ბრძანებით (1562).

შრი-ლანკაში ჯაფნას საჯარო ბიბლიოთეკის დაწვა (1981).

თანახის (ებრაული წმინდა ტექსტის) მიხედვით, ძვ. წ. VII საუკუნეში იუდას მეფე იეჰოიაკიმმა დაწვა გრაგნილის ნაწილი, რომელიც ბარუქ ბენ ნერიამ დაწერა წინასწარმეტყველ იერემიას კარნახით (იხ. იერემია 36).

ახალი აღთქმის მოციქულთა საქმეებში ნათქვამია, რომ პავლემ ეფესოში ეგზორციზმი განახორციელა. მას შემდეგ, რაც სხვა კაცებმა ეფესოში იმავეს გაკეთება ვერ შეძლეს, უმრავლესობამ ხელი ჩაიქნია და ქრისტიანული წიგნები დაწვეს, რადგან ჩათვალეს, რომ ისინი უსარგებლო იყო.

ნიკეის პირველი კრების შემდეგ (ახ. წ. 325 წ.) რომის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა გამოსცა ბრძანებულება არატრინიტარი არიანელების წინააღმდეგ, რომელიც წიგნების სისტემატური დაწვის განკარგულებას შეიცავდა. ვინც ბრძანებას გადავიდოდა და წიგნებს არ დაწვავდა, სიკვდილით დაისჯებოდა.

1759 წელს რომის პაპმა კლემენტ XIII-მ გამოაცხადა, რომ ბიოლოგ ლინეს ყველა წიგნი უნდა დაეწვათ.

ფრედეგარის ქრონიკის მიხედვით, რეკარედმა, ვესტგოთთა მეფემ (მეფობდა 586–601 წლებში) და ესპანეთის პირველმა კათოლიკე გვირგვინოსანმა, 587 წელს, კათოლიციზმზე მოქცევის შემდეგ, ბრძანა, ყველა არიანული წიგნი შეეგროვებინათ და დაეწვათ, და არიანეს ღვთისმეტყველების ყველა წიგნი ფერფლად იქცა იმ სახლთან ერთად, რომელშიც ისინი განზრახ შეგროვდა.

1244 წელს, პარიზის დავის შედეგად, 24 ვაგონი თალმუდი და სხვა ებრაული რელიგიური ხელნაწერები დაწვეს ფრანგმა სამართალდამცველებმა პარიზის ქუჩებში.

მონობის საწინააღმდეგო წიგნები დაწვეს ამერიკის სამხრეთში, 1859–1860 წლებში.

ნაცისტებმა უამრავი წიგნი გაანადგურეს მეორე მსოფლიო ომის დროს.

ცნობილია, რომ 1730-იან წლებში კარლო გოლდონიმ დაწვა თავისი პირველი პიესა, ტრაგედია „ამალასუნტა“, როდესაც მას მძაფრი კრიტიკით გამოეხმაურნენ.

1842 წელს ნიკოლაი გოგოლმა დაწვა „მკვდარი სულების“ მეორე ნახევარი მღვდლის გავლენით, რომელმაც დაარწმუნა, რომ მისი ნამუშევარი მკრეხელობა იყო. მოგვიანებით გოგოლმა შეცდომა აღიარა.

1976 წელს ვენესუელელი ლიბერალი მწერლის კარლოს რანგელის მოწინააღმდეგეებმა საჯაროდ დაწვეს მისი წიგნები.

სწავლულების დახოცვა და წიგნების დაწვა, მე-18 საუკუნის უცნობი ავტორის ჩინური ნახატი, საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა, პარიზი

 

არიანული წიგნების დაწვა ნიკეაში (ილუსტრაცია კანონიკური სამართლის კომპენდიუმიდან, დაახლოებით 825, MS. კაპიტულარული ბიბლიოთეკა, ვერჩელი)

პედრო ბერუგეტის ნახატის დეტალი. კამათი წმინდა დომინიკ გუზმანსა და ალბიგენსიელებს (კათარებს) შორის, რომლის დროსაც ორივეს წიგნები ცეცხლში იქნა ჩაყრილი. წმინდა დომინიკის წიგნები სასწაულებრივად გადაურჩა დაწვას.

1933 წელს ნაცისტებმა დაწვეს ებრაელი ავტორების ნამუშევრები და სხვა ნამუშევრები, რომლებიც „არაგერმანულად“ მიიჩნეოდა.

მემარცხენე წიგნების დაწვა ჩილეს სამხედრო დიქტატურის პირველ დღეებში, 1974 წ.

ათასობით წიგნი იწვის უზარმაზარ კოცონში. გერმანელები „ნაცისტურ სალამს“ იძლევიან წიგნების დაწვის დროს, რაც მთელ გერმანიაში გავრცელდა.

სიმბოლო ორგანიზაციისა „ნიუ-იორკის საზოგადოება მანკიერების ჩასახშობად“, რომელიც მხარს უჭერდა „მანკიერი“ წიგნების დაწვას.

წიგნების დაწვა ჩილეში, 1973 წლის გადატრიალების შემდეგ, რომელმაც დაამყარა პინოჩეტის დიქტატურა.

 

 

 

 

ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევები, რა თქმა უნდა, ზღვაში წვეთია და ვერ დაიტევს უამრავ განადგურებულ წიგნსა თუ ტრაქტატს.

წიგნებს წვავდნენ, წიგნებს დღესაც წვავენ, მაგრამ მინდა, რომ მომავალში წიგნები აღარ დაწვან!

„წიგნები აცვიოდა მხრებზე, მკლავებზე, სახეზე. წიგნები უშიშრად, შინაური მტრედებივით ასხდებოდნენ ხელებზე და თან ფრთებს აფარფატებდნენ. აი, სუსტ, მოციმციმე სინათლეზე თოვლივით ქათქათა ფრთასავით აფარფატდა სიტყვებით მოქარგული ფურცელი. მონტეგი ჩქარობდა საქმის დასრულებას, მაგრამ ფურცელს მაინც გადაჰკრა თვალი და ამოკითხულმა სტრიქონმა თითქოს სამართებლით დაუსერა გონება. ეს სტრიქონი სამუდამოდ დაამახსოვრდა: „დრომაც ჩათვლიმა შუადღის მზეზე“. მან წიგნი დააგდო, მაგრამ მაშინვე მეორე ჩაუვარდა მკლავებში“.

რეი ბრედბერი, „451° ფარენჰაიტით“

 

წიგნთან ბრძოლა საბოლოოდ გამარჯვებას ვერცერთ მხარეს ვერ მოუტანს,  განადგურება ხომ მხოლოდ მშიშრების გადაწყვეტილებაა. ცეცხლის დანახვისას ბრბოს ყიჟინა და აღფრთოვანება წარმავალია. ისტორია მხოლოდ ფაქტებს ინახავს, ხოლო პროპაგანდის მანქანა, რომელიც ძველი წესებით მოქმედებს, რომელიც შიშით იკვებება, დამარცხებისთვის განწირულია და ის ჩვენ, მასწავლებლებმა უნდა დავამარცხოთ. ჩვენი უპირველესი მისიაა, ვიდგეთ სინათლის, განათლების, წიგნებისა და თავისუფლების მხარეს!

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“