სტატია სამყაროს ჰოლისტური აღქმის ფორმირების საჭიროებას ეხება. ბოლო რამდენიმე წელია, მთელი ყურადღება მდგრად განვითარებაზეა გადატანილი. სულ უფრო მეტად მაინტერესებს და ვიძიებ, როგორ შეიძლება ჩამოვუყალიბოთ ჩვენს მოსწავლეებს ჰოლისტური მსოფლმხედველობა, რათა მათ სხვადასხვა გაკვეთილზე მიღებული ცოდნის სინთეზირება მოახდინონ, რაც მსოფლიოს მთლიანობას დაანახებს. რატომ მომინდა ამ საკითხზე წერა? ცოტა ხნის წინ კოლეგებს შორის დისკუსია გაიმართა: რომელი საგნის პედაგოგის პრეროგატივაა არჩევითი საგნის – მდგრადი განვითარების სწავლება? არ გაგიკვირდებათ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა წარმომადგენლები საკუთარ უპირატესობას მხურვალედ ამტკიცებდნენ. დისკუსიაში არ ჩავრეულვარ, თუმცა მოკლედ გამოვხატე ჩემი აზრი. მას შემდეგ ეს საკითხი მოსვენებას არ მაძლევს. აი, რატომ მომინდა, კვლავ ერთად გვეფიქრა მდგრად განვითარებასა და ჰოლისტურ სწავლებაზე. მოსწავლეთა აღზრდაში მასწავლებლის როლი ხომ განუზომელია. მას შეუძლია, წვლილი შეიტანოს ჰოლისტური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში, შემოქმედებითად მიუდგეს სწავლების შინაარსს.
განათლების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჰოლისტური მიდგომაა, რომელიც აერთიანებს კომპეტენციებს და ინტეგრირებულ, ერთიან, სისტემურ აზროვნებას მოითხოვს.
ჰოლისტური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება შეესაბამება მეცნიერებისა და სოციალური პრაქტიკის განვითარების დონეს, თანამედროვე სამყაროს სოციალური, კულტურული, ენობრივი, სულიერი მრავალფეროვნების გათვალისწინებით.
ეს ინოვაციური კონცეფცია იან კრისტიან სმუტსმა 1980-იან წლებში შექმნა. თუმცა ეს საგანმანათლებლო მოძრაობა სათავს იღებს ბერძნული ფილოსოფიიდან, რომელსაც სჯერა იმ იდეის, რომ სამყარო „ერთი მთლიანობაა“.
ტერმინი „ჰოლისტური“ მომდინარეობს სიტყვისგან „whole“ – „მთლიანი“ – და გულისხმობს, რომ ადამიანი ურთიერთდამოკიდებული ნაწილების ერთობას წარმოადგენს. ყველა ნაწილს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ჩვენს ცხოვრებაში და რომელიმე მათგანის ხანგრძლივი უგულებელყოფა დანარჩენებზე აუცილებლად უარყოფით გავლენას მოახდენს.
ჰოლისტური განათლება არის მიდგომა, რომელიც ორიენტირებულია ინდივიდის განვითარების ყველა ასპექტზე და არა მხოლოდ მის აკადემიურ ან ინტელექტუალურ განვითარებაზე.
ჰოლისტური განათლება არის მეთოდი, რომელიც კონცენტრირდება მოსწავლეების განვითარებაზე, რათა გაუმკლავდნენ იმ გამოწვევებს, რომლებსაც შეიძლება შეეჯახონ ცხოვრებასა თუ საგანმანათლებლო კარიერაში. ის მნიშვნელოვნად მიიჩნევს საკუთარი თავის შესწავლას, პოზიტიური სოციალური ქცევებისა და ჯანსაღი ურთიერთობების, გამძლეობის, ემოციურ და სოციალურ, სიმართლის შემოწმების, ტრანსცენდენციისა და სილამაზის განცდის უნარების განვითარებას.
ჰოლისტური განათლების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი ის არის, რომ სწავლა უნდა იყოს მნიშვნელოვანი და შესაბამისი. ეს ნიშნავს, რომ თითოეულ მოსწავლეს უნდა შეეძლოს, ამოიცნოს ნაცნობი კონტექსტი და სწავლის პროცესში ჩაერთოს.
მეთოდი ძლიერ აქცენტს სვამს შემოქმედებითობასა და კრიტიკულ აზროვნებაზე. მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება, თავისუფლად იფიქრონ, ეჭვქვეშ დააყენონ ვარაუდები და ეძებონ ახალი პერსპექტივები. ამასთან, მეთოდი მათ რისკებისა და შეცდომებზე სწავლისკენ უბიძგებს.
აღნიშნული პრაქტიკა ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საზოგადოებისა და თანამშრომლობის განვითარებას. მოსწავლეებს ხელს უწყობენ, ერთად იმუშაონ და მხარი დაუჭირონ ერთმანეთს ისეთი აქტივობების საშუალებით, როგორიცაა ჯგუფური პროექტები და თანატოლთა სწავლება.
ფიზიკური აღზრდა და გონების ვარჯიში გადამწყვეტია ჰოლისტურ განათლებაში.
ჰოლისტური განათლების მომხრეები არ გამოარჩევდნენ სწავლების რომელიმე მეთოდს ან ტექნიკას. პირიქით, ჰოლისტური განათლება ჩაფიქრებული იყო როგორც გამოწვევა ტრადიციული შეხედულებებისთვის.
ჰოლისტური განათლება ფოკუსირებულია მოსწავლის აკადემიურ და სოციალურ საჭიროებებზე. პედაგოგები ცდილობენ, შეასრულონ აკადემიური მოთხოვნები, ასწავლონ სწორი მეთოდები, რომლებითაც მოსწავლეები შეძლებენ, ცხოვრებისეულ გამოწვევებს გაუმკლავდნენ. ისინი ცდილობენ, ჩაერთონ მოსწავლის განვითარების ყველა ასპექტში. ამ საგანმანათლებლო მიდგომაში აქცენტი დაისმის სკოლების პოზიტიურ გარემოზე, ასევე – მოსწავლის სააზროვნო უნარებზე პოზიტიური სოციალური ქცევით.
მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქია არის თეორია, რომლის გამოყენებაც შეიძლება ჰოლისტურ განათლებაში. ის დაეხმარება მასწავლებლებს, გააცნობიერონ მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებები და იცოდნენ, როგორ დააკმაყოფილონ ისინი საუკეთესოდ. შესაძლებელია, სკოლებმა მიიღონ ჰოლისტური სასწავლო გეგმა. სკოლა არ არის მხოლოდ სწავლის ადგილი, ის ასევე არის საზოგადოება, რომელიც მოსწავლეს პიროვნებად აყალიბებს.
კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებსაც აქვთ საშუალო IQ (ინტელექტის კოეფიციენტი), მაგრამ მაღალი EI (ემოციური ინტელექტი), უფრო წარმატებულები არიან, ვიდრე მაღალი IQ-ს, მაგრამ დაბალი EI-ს მქონენი, ამიტომ დღეს მასწავლებლებს უწევთ სწავლების პრაქტიკის იმგვარი ინტეგრირება, რომ ის დაეფუძნოს ინდივიდის ყველა ასპექტის –ფიზიკური, ემოციური, ფსიქოლოგიური და სულიერი ასპექტების – განვითარებას.
ეს საუკეთესო მეთოდია ისეთი ადამიანის აღსაზრდელად, რომელსაც აქვს ყოფიერებისა და საზოგადოებისადმი კუთვნილების გრძნობა, რომლის გონება და ხედვაც უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სკოლაში სიარული სწავლისთვის და გამოცდების ჩაბარება უნივერსიტეტსა თუ სამსახურში მისაღებად.
გაითვალისწინეთ მოსწავლე-მასწავლებლის როლები კლასში და გამოიყენეთ ისინი განათლების ისეთი სისტემის შესაქმნელად, რომელიც ფოკუსირებულია მოსწავლის გონებაზე, სულსა და სხეულზე როგორც ერთიანობაზე. სკოლა აქცენტს სვამს პოზიტიური გარემოს შექმნაზე, რომელიც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მოსწავლის პოზიტიურ ქცევას.
ეს ვრცელდება ჩვენს საზოგადოებაზეც. ასე რომ, ჩვენც შეგვიძლია შევქმნათ თანაბარი და სამართლიანი გარემო, რომელიც ერთიანობაზეა დაფუძნებული; შევქმნათ საზოგადოება, რომელშიც ყველას შეეძლება საკუთარი თავის შეცნობა.
ჩვენ, მასწავლებლებს, გვაქვს შესაძლებლობა, დავეხმაროთ მოსწავლეებს, გახდნენ მგრძნობიარე, გამძლე, ჰარმონიული ადამიანები, რომლებიც პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანენ ჩვენს საზოგადოებას.
არსებობს მრავალფეროვანი საგანმანათლებლო მოდელები, რომლებიც ჰოლისტური განათლების ფარგლებში გამოიყენება.
ექსპერიმენტული სწავლება
პრაქტიკული მიდგომა, რომლის დროსაც მოსწავლეები წყვეტენ, სწავლის რომელი სტილი შეეფერება მათ და მათ ჯგუფს. ეს ქმნის მეგობრულ კლასს, რომელსაც შეუძლია თანამშრომლობა და აყალიბებს სასწავლო სისტემას, რომელიც ხელს უწყობს პრობლემის გადაჭრას და ინოვაციური იდეების წარმოშობას.
თვითმართვადი სწავლა
მეთოდი, რომლის დროსაც მოსწავლეები იყენებენ მოტივაციას და ინტერესებს, რათა ისწავლონ საკუთარი ტემპით, აფასებენ სწავლის გამოცდილებას და აძლევენ მასწავლებელს სწორ უკუკავშირს.
ორიენტაცია გლობალურ საზოგადოებაზე
ჰოლისტური მიდგომის კიდევ ერთი მახასიათებელია მისი ინკლუზიურობა და მრავალფეროვნების პატივისცემა. ჰოლისტური განათლება აღიარებს საზოგადოების მნიშვნელობას და მიზნად ისახავს, ასწავლოს მოსწავლეებს, დააფასონ და იზრუნონ მის თითოეულ წევრზე. ეს შესაძლოა გულისხმობდეს გარემოსდაცვითი საკითხების მოგვარებას, უთანასწორობის აღმოფხვრას.
გარდა ამისა, ჰოლისტური სისტემა ყურადღებას აქცევს კულტურულ განსხვავებებს. ბავშვებს ასწავლიან, აღიარონ კულტურათა ფართო სპექტრი, რომელსაც პატივი უნდა სცენ. კულტურული მგრძნობელობის განვითარება ხელს უწყობს მოსწავლეთა მომზადებას განსხვავებული წარმოშობის მქონე ადამიანებთან ურთიერთობისთვის.
კომუნიკაციაზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეებს ეხმარება იმის გააზრებაში, რომ ისინი საზოგადოების ნაწილი არიან. ისინი იზრდებიან როგორც ინდივიდები, იუმჯობესებენ გუნდურად მუშაობის უნარს, იწყებენ არსებული შესაძლებლობების გაცნობიერებას.
გარდა ამისა, ეს აყალიბებს განსაკუთრებულ ურთიერთობებს მასწავლებლებს, მშობლებსა და საზოგადოების სხვა წევრებს შორის; ქმნის მტკიცე სასწავლო გარემოს. ამავე დროს, უფრო არატრადიციულია და მოითხოვს უფრო ინდივიდუალისტურ მენტალიტეტს, რაც უდავოდ აისახება ჩვენს გარემომცველ სამყაროზე.
ინტერდისციპლინური კურსი
ეს ტექნიკა ხელს უწყობს კოგნიტიურ ზრდას მრავალი საგნის შესწავლით, რომლებიც ერთად განიხილება. საგნების პროგრამები ერთიანდება, რათა მასწავლებლებმა ასწავლონ თემატური კურსები, რომლებიც იკვლევს სხვადასხვა საკითხს და მრავალ პერსპექტივას.
ეს შეიძლება მოხდეს დამოუკიდებელი სწავლის, საველე მოგზაურობის, ჯგუფური პროექტების ან სტაჟირების ფორმით.
ზრდაზე დაფუძნებული ეს აქტივობები ეხმარება მოსწავლეებს, შეხედონ მონეტის ორივე მხარეს და უფრო ღრმად შეისწავლონ მასალა, ამასთან, ისწავლონ უფრო ემპათიური და შემეცნებითი მეთოდით, რაც, თავის მხრივ, განუვითარებს მათ სიტუაციების ლოჯისტიკური კუთხით შეფასების უნარს.
ეს ყველაფერი ასევე ხელს უწყობს ლიდერობის უნარების გამომუშავებას და საზოგადოებისთვის მიკუთვნებულობის გრძნობის განვითარებას. აღნიშნული პრინციპი მოქმედებს როგორც კოლეგა მასწავლებლებთან მუშაობის, ისე მშობლებთან ურთიერთობის დროსაც.
გამოყენებული რესურსები:
https://www.teacheracademy.eu/blog/holistic-education/
https://www.educationcorner.com/holistic-education.html
https://ezyschooling.com/parenting/expert/Holistic-development-and-its-benefits