შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ბავშვები შავ-თეთრი წარსულიდან

ივნის-ივლისში, როცა შემოქმედებითი წერის მასწავლებელი მერქვა, ფრთხილად ვარჩევდი შეხვედრების დროს შესასრულებელ დავალებებს – ვინ იცის, რა მოეწონებოდათ ჯგუფის წევრებს, რის გამო მოუნდებოდათ რვეულის გადაშლა, ხელის გავარჯიშება. თითქმის სავალდებულო სავარჯიშოები შევცვალე, რაღაც გავართულე, რაღაც გავამარტივე. ბოლოს ცდუნებას ვერ გავუძელი და ჩემი საყვარელი ლიტველი ფოტოგრაფის, ანტანას სუტკუსის ორი ფოტო ვაჩვენე, იგნალინელი პიონერისა და კულაუტუვაში, საბავშვო სიმღერის ფესტივალზე აღმოჩენილი გოგონასი. წარმოიდგინეთ, რომ და-ძმა არიან და ეს სურათები ერთ დღეს გადაუღეს-მეთქი. წარმოიდგინეთ, რა მოხდა, რა ისტორიის ფრაგმენტებს ხედავთ-მეთქი. მახსოვს, რომ დაიძაბნენ, თავიდან გაუძნელდათ კიდეც, მაგრამ მერე იმაზე დიდხანს წერდნენ, ვიდრე დავალების პირობით იყო გათვალისწინებული. დროდადრო შეკითხვებს მისვამდნენ ლიტვაზე, 60-იანი წლების საბჭოთა ყოფაზე. როგორი სენტიმენტალური ამბებიც უნდა გამოეგონებინათ, მაინც უფრო ახლოს იქნებოდნენ მიზანთან – მეტს გაიგებდნენ მწერლის სამუშაოს სირთულეზე.

 

*

სომხური წარმოშობის თურქი ფოტოგრაფი არა გიულერი ჩემმა მეგობარმა, რუსკა ჟორჟოლიანმა აღმომაჩენინა – მისი გამოფენა სტამბოლში, მწერალთა რეზიდენციაში ყოფნისას ენახა და შავ-თეთრი სამყაროს მრავალგვარობით მოხიბლულიყო. ბავშვების სურათებიც იქნება ალბომშიო, მითხრა ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის ბიბლიოთეკაში. გვერდიგვერდ ვისხედით და ვათვალიერებდით სტამბოლის უბნებს, სტამბოლელ კაცებსა და ქალებს, რომლებზეც არა გიულერს მზერა შეეჩერებინა, სხვებისგან რაღაც ნიშნებით გამოერჩია, მათი ხმები უფრო მკაფიოდ გასაგონი, მათი ამბები უფრო ცხადად წარმოსადგენი გაეხადა. ბავშვებიც ყველგან იყვნენ, ხან სიხარულით განათებული, ხან რაღაც სახელდაურქმევლით შთაგონებული, ხანაც უბრალოდ მომლოდინე სახეებით – თითქოს მეორე წუთს ცა უნდა გადახსნილიყო, კუდიანი ვარსკვლავების ცეკვა უნდა დაწყებულიყო.

1986 წელს თოფჰანეში გადაღებულ გოგო-ბიჭებს ვუყურებ და მათ აწეული ხელები, გადამდები მღელვარება ერთ შეკითხვას მიჩენს: რა დაშავდება, თუ ჩვენი სამყაროს სიჭრელეში ხელს მათებურად ავწევ?

 

*

ნიკო კალანდაძის სახელი არც კი მეცოდინებოდა, გორელ ფოტოგრაფთა კლუბს მისი ნამუშევრების – 25 წლის განმავლობაში გადაღებული ფოტოების გაციფრულება რომ არ გადაეწყვიტა. არადა, ჩემს ქალაქში მუშაობდა, მისი ყოფის ყველაზე საინტერესო მხარეს ხედავდა და სხვებსაც აჩვენებდა. უპრეტენზიოდ, ადგილობრივი გაზეთებისთვის მომზადებული ფოტორეპორტაჟებით იქმნებოდა მატიანე. საბჭოთა ყოველდღიურობა გასაოგნებელი ძალით და სიცხადით ცოცხლდება ამ სურათებზე, საპირველმაისო თუ საშვიდნოემბრო აღლუმებით, ბამბეულის კომბინატის ჭრელთავსაფრიანი ქალებით, ლენინის ძეგლის წინ ჩამწკრივებული მექორწილეებით, მედლებით მკერდდამძიმებული პენსიონერებით, ახლად შეღერებული ქალიშვილებით, მოსაწყენ სინამდვილეში გულის გადასაყოლებელი რომ ვერაფერი უპოვიათ…

ფოტოზე, რომელმაც დანახვისთანავე მომხიბლა, რვა-ცხრა წლის გოგოა, გაშლილი და სანახევროდ მარცხენა მხარზე გადმოფენილი თმით, თეთრი პერანგით, მოკლე ქვედაკაბით. ისეთი წინდები და საზაფხულო ფეხსაცმელი აცვია, როგორიც ყველას გვქონდა 80-იანებში, მაგრამ გოგო ისე არ დგას, როგორც მაშინდელი წესი ითხოვდა – ეტყობა, რომ დაუმორჩილებლობის განზრახვაზე ხელი არ აუღია, რაღაც შორეულსა და სასურველზე ფიქრი წამითაც არ შეუწყვეტია. თითქოს სადღაც გაიგონა, რომ ფოტოაპარატის წინ გამომეტყველების შეცვლა, გაპრანჭვა სამარცხვინოაო. თითქოს გულმა უთხრა, საეჭვო არაფერია – ვისაც ენდობი, ბოლომდე უნდა ენდოო.

ნეტავ რა მოხდებოდა, ნიკო კალანდაძისთვის ჩვენი სასკოლო ცხოვრების ჩვენება რომ დაევალებინათ? როგორებად დაგვინახავდა მისი თვალი, ვინც იმ დღეს მთელ კლასს ჩვეულებრივ კაცად, ჩვეულებრივ მესურათედ მოგვეჩვენებოდა?

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი