სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

მუსიკის ჰანგები არმიის სამსახურში

თანამედროვე სამყაროში თითქმის არცერთი სერიოზული ორგანიზაცია აღარ არის მონოფუნქციური. ჩვენს ეპოქაში გადასარჩენად აუცილებელია, რომ დაწესებულება, გაერთიანება რამდენიმე ფუნქციას ერთდროულად ითავსებდეს და ამგვარად ინარჩუნებდეს გავლენასა თუ მნიშვნელობას. ხშირად ადამიანებს, ინსტიტუტებს სრულიად არაორდინარული მოქმედება უწევთ, რათა პარალელურად თავიანთი მთავარი დანიშნულება შეასრულონ. ეს ტენდენცია სხვადასხვა მუსიკალურ კოლექტივებსაც ეხებათ.

თავდაპირველად აშშ-ის საზღვაო ფლოტში ორკესტრი, ბენდი და გუნდი ერთადერთი მისიით ჩამოყალიბდა. სამხედრო-საზღვაო ძალების მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულ წევრებს თავისუფალ დროს კოლეგები უნდა გაემხნევებინათ და პატრიოტული სიმღერების შესრულებით მათი მხედრული სული განემტკიცებინათ. დროთა განმავლობაში აშშ-ის საზღვაო ფლოტის მუსიკალური შემადგენლობა გარდაიქმნა. ნელ-ნელა ორკესტრისა და გუნდის წევრები სამხედრო მოვალეობისგან თითქმის სრულად გაათავისუფლეს და მათ მხოლოდ ცერემონიებში მონაწილეობის ვალდებულება დააკისრეს. მუსიკოსებს მიეცათ საშუალება მთლიანად კონცენტრირებულიყვნენ თავიანთ შემოქმედებაზე. თავისუფალი დრო საზღვაო ფლოტის ხელოვანებმა რეპერტუარის დახვეწასა და გამრავალფეროვნებას მიუძღვნეს. შედეგად, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან აშშ-ის საადმირალო შტაბის ყოველი საჯარო ღონისძიება მაღალი ხარისხის, გემოვნებიან წარმოდგენად – შოუდ გარდაისახა. ფლოტის მუსიკოსებმა არნახული პოპულარობა მოუტანეს ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალებს, უამრავი ახალგაზრდა სწორედ შთამბეჭდავი მუსიკალური ნომრების წყალობით იგებდა არმიის საზღვაო დანაყოფების არსებობის შესახებ, არაერთი მოზარდი მუსიკის დახმარებით იკაფავდა გზას მსოფლიო ოკეანეებისაკენ.

განვითარების ახალ ეტაპზე სამხედრო-საზღვაო ძალების მუსიკალურმა შემადგენლობამ ხალხში გასვლა გადაწყვიტა. ბოლო რამდენიმე ათწლეულია United States Navy Band-ის კონცერტები მხოლოდ საადმირალო შტაბის ორგანიზებულ შეხვედრებზე არ იმართება ხოლმე. სახელოვანი მეზღვაურების გუნდსა და ორკესტრს უკვე დიდი ქალაქები და მათი მთავარი მოედნები მასპინძლობენ. Concerts on the Avenue-ის სერიით თეთრ უნიფორმებში გამოწყობილმა ხელოვანებმა არაერთი ქუჩა მოიარეს და მილიონობით ადამიანის გული მოიგეს. ბენდის წევრები კიდევ უფრო შორს წავიდნენ და უარი თქვეს მხოლოდ ფლოტთან დაკავშირებული ან მხოლოდ პატრიოტული კომპოზიციების შესრულებაზე. ისინი მღერიან იმას, რაც ხალხს უყვარს. ვთქვათ, ფლოტის სოლისტი – რეიჩელ სორაკო ამერიკის ურბანულ სივრცეებს ხშირად ავსებს ხოლმე ელტონ ჯონის ჰანგებით. ალბათ, ყველას მოსმენილი გაქვთ გენიალური ნაწარმოები „სიცოცხლის წრე“ კლასიკური მულტიპლიკაციური ფილმიდან „მეფე ლომი“. ამერიკაში ბევრი ფიქრობს, რომ „Circle of Life“-ის სულისკვეთების გადმოცემა ყველაზე უკეთ მეზღვაურ მუსიკოსებს შეუძლიათ. ისინი არც ცნობილი ვიდეო-თამაშების გენიალური თემების გაჟღერებას ერიდებიან. United States Navy Band-ის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად სამართლიანად მიიჩნევა ქრისტოფერ ტინის „Baba Yetu“, რომელიც სახელგანთქმულ თამაშს „ცივილიზაცია IV”-ს გასდევს ფონად.

საზოგადოებაში არმიის სახელისა და პრესტიჟის შენარჩუნებაზე მხოლოდ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მუსიკალური შემადგენლობა არ ზრუნავს. ევროპის ქვეყნებშიც ძალიან პოპულარულნი არიან თავდაცვის სამინისტროსა თუ გენერალური შტაბის ორკესტრები.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში განსაკუთრებით უყვართ ტრადიცია, რომელსაც „Großer Zapfenstreich“ ეწოდება. ეს არის უმაღლესი რანგის სამხედრო ღონისძიება, რომელიც ძირითადად შებინდებისას იმართება ხოლმე. მასში მუსიკალური ინსტრუმენტებითა და ჩირაღდნებით შეიარაღებული ჯარისკაცები იღებენ მონაწილეობას. როგორც წესი, აღნიშნული ცერემონიით თანამდებობიდან აცილებენ გადამდგარ პრეზიდენტს, კანცლერსა თუ თავდაცვის მინისტრს. Großer Zapfenstreich-ის ცენტრალურ ფიგურას უფლება აქვს გერმანიის სამხედრო ძალებს მისი საყვარელი სამი კომპოზიციის შესრულება სთხოვოს.

თავდაცვის მინისტრმა კარლ ფონ გუტენბერგმა თავისი გაცილების ღონისძიებაზე Smoke on the Water (Deep Purple)-ის შესრულება მოითხოვა, გერჰარდ შრიოდერმა ფრანკ სინატრას „My Way” დააკვრევინა სამხედრო სასულე ორკესტრს და შემდეგ ნიანგის ცრემლებითაც იტირა, ევროკომისიის დღევანდელ პრეზიდენტს – ურსულა ფონ დერ ლეიენს კი გერმანული როკ-ბენდის „სკორპიონსის“ „Wind of Change”-ით დაულოცეს ბრიუსელისკენ მიმავალი გზა. ამ და სხვა ნომრების შესრულების გამო სახელი მხოლოდ ორკესტრმა კი არ გაითქვა, არამედ საზოგადოებაში კიდევ ერთხელ წარმოჩინდა ფედერალური არმიის მრავალმხრივი შესაძლებლობები.

გასულ ზაფხულს მიხეილ მესხის სტადიონზე რაგბის რამდენიმე მატჩს დავესწარი. ნაციონალური ჰიმნები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სასულე ორკესტრმა შეასრულა. შესანიშნავად დაუკრეს, ბრწყინვალედ შეასრულეს ურთულესი კომპოზიციები. რა სამწუხაროა, რომ ისინი მხოლოდ ოფიციალურ ღონისძიებებზე გამოდიან და მხოლოდ ოფიციალური პროგრამით მოქმედებენ. არადა, დარწმუნებული ვარ, ჩვენს არმიას კიდევ უფრო დიდ პოპულარობას მოუტანდა მუსიკალური შემადგენლობა, რომელიც ჩარჩოებს დაარღვევდა და ამერიკელი თუ გერმანელი კოლეგების მსგავსად ხალხთან ერთად იმღერებდა მათთვის საყვარელ ნაწარმოებებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“