პარასკევი, ოქტომბერი 11, 2024
11 ოქტომბერი, პარასკევი, 2024

ნიკოლოზ ბარათაშვილი, კორეელი მინზა და ჯიმ კვიკის „უსაზღვროება“

„ვიმედოვნებ, რომ ამ წიგნში მოცემულ ცოდნას გამოიყენებთ არა მხოლოდ თქვენი ცხოვრების გასაუმჯობესებლად, არამედ – თქვენ გარშემო მყოფთათვისაც. ფორმულა ძალიან მარტივია: ისწავლე + დაეუფლე + გააზიარე. გმირის მოგზაურობა მხოლოდ მას ვერ მოუტანს სარგებელს: თქვენი ახალი ცოდნით შეგიძლიათ დაეხმაროთ გარშემო მყოფებსაც“.

ჯიმ კვიკი

 

მერვე კლასის ქართულის სახელმძღვანელოში შეტანილია ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი „ფიქრნი მტკვრის პირას“. პოეტის ბიოგრაფიის უკეთ გასაცნობად მოსწავლეებს მაიკო ორბელიანისადმი მიწერილი მისი პირადი წერილი წავუკითხე და ვთხოვე, დაჰკვირვებოდნენ, რა ინტერესები ჰქონდათ იმ ეპოქის ადამიანებს. შემდეგ პოეტს პირადი წერილები მისწერეს და საკუთარი თვალთახედვით 21-ე საუკუნე გააცნეს. ამგვარი აქტივობებით 13 წლის მოზარდებს წარმოდგენა შეექმნათ მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში მცხოვრები ადამიანების შესახებ. „ფიქრნი მტკვრის პირას“ მთელი გულით შეიყვარეს. ბოლოს კი ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმს ვესტუმრეთ. ქალაქის გარეუბნიდან ძველი თბილისისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გავემგზავრეთ. თან სამი მშობელი გვახლდა. ფეხტურები სასკოლო ცხოვრებას სიხარულით ავსებს.

ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში დავესწარით საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც პოეტის ბიოგრაფიის, ძველი თბილისის ქუჩების ისტორიის, მუზეუმში გამოფენილი ექსპონატების გაცნობასა და სამაგიდო თამაშს მოიცავდა. ინტერაქციული მეთოდებით განახლებული პროგრამა ახალი ინფორმაციის მარტივად ათვისებას უწყობს ხელს და ბავშვებიც ხალისით ჩაებნენ მასში. მათი ყურადღება წამით არ მოდუნებულა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მუზეუმის ყურადღებიან თანამშრომლებს და მასწავლებლებს ვურჩევ, ხშირად მიიღონ მონაწილეობა მუზეუმების გაერთიანების მიერ შემოთავაზებულ პროგრამებში.

მუზეუმიდან გამოსულებმა ძველი თბილისის ქუჩებში გავისეირნეთ. პირველ სემესტრში კლასის საკითხავ წიგნად შერჩეული მქონდა ნატო დავითაშვილის „ამბავი ლილე იროელისა“. 25 დეკემბერი იდგა. წიგნის წაკითხვის შემდეგ სპექტაკლისთვის სცენარის წერისას თავზე დამათენდა. რამდენიმე მონაკვეთი დადგმული გვქონდა და იმ დღეს რეზო გაბრიაძის თეატრის წინ, მოედანზე, ნატო დავითაშვილის წიგნის „ამბავი ლილე იროელისა“ მიხედვით პანტომიმა გავმართეთ, უფრო ზუსტად, ღვთისშვილებისა და ქაჯების ბრძოლა გავაცოცხლეთ. გამვლელები ჩერდებოდნენ და წარმოდგენას სიამოვნებით ადევნებდნენ თვალს. ვიდეოს გადაღებისას შევნიშნე ერთი უცხოელი ბიჭი დიდი ზომის ქურთუკით, გულღია ღიმილითა და ამოიღლიავებული წიგნით. წარმოდგენის დასრულების შემდეგ ის ბავშვებს გამოესაუბრა. ასე გავიცანით მოგზაური კორეელი მინზა. რას კითხულობთ-მეთქი, ვკითხე და აღფრთოვანებულმა გამაცნო ჯიმ კვიკის წიგნი, ტვინის უსაზღვრო შესაძლებლობებში არწმუნებს მკითხველსო. მინზას გამოვემშვიდობეთ და სადილისთვის რესტორნისკენ გავეშურეთ. სანამ ჩვენ ფოტოებს ვიღებდით, ის ისევ შემოგვხვდა გზად. ჩვენთან ერთად სადილობა შევთავაზეთ და სიხარულით გამოგვყვა. გადამდები იყო მისი კეთილგანწყობა. რესტორანში სადილის საფასურის გადახდისას თანხა შემოგვთავაზა. ვუთხარით, რომ ის ჩვენი სტუმარი იყო. ცოტა ხანში მომიახლოვდა და წიგნი მომიტანა, კორეაში კიდევ მაქვს ერთი ცალი და ეს თქვენ გქონდეთ ჩემგან სახსოვრადო. ასე უცნაურად მოვიდა ჩემთან ჯიმ კვიკის „უსაზღვროება“ ულამაზესი ყდით.

სანამ რესტორანში კუთვნილ შეკვეთას ველოდებოდით, ბავშვებსა და მშობლებს გასასვლელი ბილეთები დავურიგე და შევსება ვთხოვე. ყველამ წერა დაიწყო. მინზა ღიმილით გვაკვირდებოდა. მერე ბავშვებმა კითხვები ინგლისურად უთარგმნეს (მიუწერეს) და მასაც ვთხოვე, შთაბეჭდილებების დაწერა. მინზამ ამგვარად შეავსო გასასვლელი ბილეთი:

 

5 რამ, რაც დაგამახსოვრდა:

  1. მე გავიგე ულამაზესი ქართული კულტურის შესახებ;
  2. გავიგე, როგორი კეთილი და მეგობრული ხალხი ხართ;
  3. და ლამაზი – lamazi smile (ლამაზი ღიმილი).
  4. გავეცანი ულამაზეს ქართულ ცეკვას.

2 რამ, რაც პირველად გაიგე დღეს:

  1. როგორ ხარ?
  2. მწვადი.

1 რამ, რის შესახებაც მეტის გაგების სურვილი გაქვს:

  1. ქართული ტრადიციული ცეკვის ისტორია.

1 შეკითხვა, რომელიც დაგებადა:

  1. რა არის იმ ცეკვის სახელი, რომელიც დღეს დადგით?

რის თქმა მსურს ლელა მასწავლებლისთვის?

მე ძალიან ვაფასებ სადილად მოწვევას. თავს დაფასებულად ვგრძნობ და ეს დღე არასდროს დამავიწყდება.

 

5-წუთიანი ჩანაწერი. დაწერეთ, რა ხდება ახლა თქვენ ირგვლივ. რას ფიქრობთ?

მე დღეს ვიგრძენი სიყვარული და სიკეთე და ეს შიგნიდან მათბობს. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი სიკეთისთვის.

სადილის შემდეგ მინზამ ყველა სანაყინეში დაგვპატიჟა. მისი გასასვლელი ბილეთიდანაც ჩანს, რომ მისთვის სიკეთე მთავარი ღირებულებაა. გამოვემშვიდობეთ მინზას და შინ დაბრუნებული ბავშვების გასასვლელი ბილეთების კითხვისას დავრწმუნდი, რომ მან ჩვენი დღის განწყობა შექმნა. 25 დეკემბერს ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფიის გაცნობის პარალელურად სამყარომ დაუვიწყარი თავგადასავლები გვაჩუქა. სოციალურ ქსელში ჩვენი ფეხტურის შესახებ სტატუსი რომ გამოვაქვეყნე, ერთმა მასწავლებელმა მომწერა, ქუჩაში დაგინახეთ და ისეთი მხიარულები და ბედნიერები იყავით, ყურადღება მიიქციეთო.

მინზას ნაჩუქარი ინგლისურენოვანი წიგნის წაკითხვა რამდენჯერმე ვცადე. ჩემი ყურადღება მიიქცია ერთ-ერთმა თავმა, რომელიც კითხვის მნიშვნელობას ეხებოდა. თბილისის წიგნის ფესტივალზე კი შემთხვევით გადავაწყდი ქართულ თარგმანს და შევიძინე.

ჯიმ კვიკის „უსაზღვროება“ სამოტივაციო ჟანრის წიგნია. ავტორი პირად ამბებსა და ცნობილი ადამიანების გამოცდილებას გვიზიარებს. ჯიმ კვიკს ბავშვობაში კითხვა უჭირდა, რაც პრობლემებს უქმნიდა. შემდეგ სკოლაში რადიატორს თავი ჩამოარტყა და ტვინი დაუზიანდა, რამაც კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეუქმნა დასწავლისას. წიგნის მთავარი გზავნილიც სწორედ ის არის, რომ ბავშვობაში გადატანილი ტრავმები ხშირად განმავითარებელ სტიმულად იქცევა და ადამიანს აძლიერებს.

ჯიმ კვიკის მოსაზრებით, ტვინს, სხეულის სხვა კუნთების მსგავსად, სჭირდება ვარჯიში, გამოკვება და ზრუნვა. იგი გვიზიარებს მეხსიერების, აზროვნების, მოტივაციის შესახებ სხვადასხვა შეხედულებას, სავარჯიშოებს, მეთოდებს. წიგნში აღწერილი ინფორმაციიდან ბევრი რამ ჩემთვის ნაცნობი იყო, თუმცა, წიგნის წაკითხვის შემდეგ მოტივაცია გამიღვივდა და ცხოვრებისადმი ჯანსაღმა დამოკიდებულებებმა თავი ერთად მოიყარა.

წიგნს მასწავლებლის თვალითაც ვკითხულობდი და ვცდილობდი, საკვანძო საკითხები მოსწავლეებისა და კოლეგებისთვისაც გამეცნო.

პოზიტიური აზროვნება

ჯიმ კვიკის აზრით, პოზიტიურ აზროვნებას დიდი ძალა აქვს და სამყაროს მიმართ ოპტიმისტურ დამოკიდებულებას გულისხმობს:

  • სიცოცხლის გაზრდილ ხანგრძლივობა;
  • დეპრესიის დაბალ მაჩვენებელს;
  • ორგანიზმის გამოფიტვის დაბალ დონეს;
  • გაციებისადმი დიდ მედეგობას;
  • უკეთეს გონებრივ და ფიზიკურ ჯანმრთელობას;
  • გულსისხლძარღვთა სისტემის გაუმჯობესებას;
  • სირთულეებისა და სტრესული სიტუაციებისადმი გამკლავების ძლიერ უნარს. [კვიკი 2023, 128]ჭიანჭველები“.

პოზიტიური აზროვნების ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორად შეიძლება იქცეს „ჭიანჭველები“ „ავტომატური ნეგატიური აზრები“, რომლებიც თითოეულ ჩვენგანის ტვინს აბინძურებენ. ნეგატიური აზრების ცხოვრებისგან განდევნა გვეხმარება თავდაჯერებულობის მოპოვებასა და სიხარულის შეგრძნებაში.

 

პოზიტიური გარემო

„თქვენ ჰგავხართ მათ, ვისთანაც ურთიერთობთ“ – წერს ჯიმ კვიკი და გვაფრთხილებს, რომ არასასურველი გავლენებისგან თავი დავიცვათ. „კარგი იქნება, გამოყოთ რამდენიმე წუთი და დაფიქრდეთ იმაზე, თუ ვინ არიან თქვენ გარშემო მყოფი ადამიანები, რამდენად ახდენენ გავლენას თქვენს ცხოვრებაზე და როგორ მოქმედებს ეს თქვენს სურვილზე – იყოთ სხვისი აზრებისგან გათავისუფლებულები“. [კვიკი 2023, 196]

 

პატარა ნაბიჯების ძალა

ხშირად დასახული მიზნისკენ სიარულისას მოტივაცია ქრება. ამის მიზეზი შეიძლება იყოს საკუთარი თავისთვის დასახული რთული ამოცანები, რომლებიც თანდათან მრავლდებიან. ჯიმ კვიკის მიხედვით, სჯობს, ყოველდღიურად პატარა ნაბიჯები გადავდგათ, დავასრულოთ დაწყებული საქმეები და მალე ჩვენი ქცევა ჩვევაში გადაიზრდება.

 

ყურადღების შენარჩუნება

კიდევ ერთი საჭირო უნარი ყურადღების შენარჩუნების გამომუშავებაა. მულტიფუნქციურობა, როდესაც ერთდროულად რამდენიმე საქმეს ვაკეთებთ, ტვინის მუშაობას აფერხებს. ერთდროულად საუბარი და შეტყობინებების შემოწმება მობილურ ტელეფონში არასწორია. მასწავლებლებს ხშირად გვიწევს მოსწავლის საუბრის მოსმენა. ამ დროს გონება შეიძლება გაგვეფანტოს, ფიქრებით სხვაგან ვიყოთ. თუკი შევეცდებით, პრაქტიკულად ვიმუშაოთ ყურადღების ფოკუსირებაზე, თუნდაც ვიყოთ ეფექტური მსმენელები, აუცილებლად გამოგვივა და ამას მოსწავლეებიც იგრძნობენ. რადგან ძალიან რთულია აქტიური მოსმენა, შეგვიძლია, მოკლე ჩანაწერები გავაკეთოთ და მოსწავლის ნათქვამი საკვანძო ფრაზები ჩავინიშნოთ. აქ და ახლა – ყოფნა მუდმივად აწმყო დროში ყველაზე დიდი საჩუქარია, რაც შეგვიძლია ურთიერთობებისას სხვებს თუ საკუთარ თავს ვაჩუქოთ.

 

ცხოვრების წესი

ჯიმ კვიკი გვირჩევს, მოვიწესრიგოთ ძილი, გაღვიძებისთანავე ჩავიწეროთ სიზმრები, დავლიოთ წყალი, რამდენიმე წუთი მაინც დავუთმოთ ვარჯიშს, მედიტაციას, გავთავისუფლდეთ ცრუ წარმოდგენებისგან, ჩამოვწეროთ დღის გეგმა, გავაკეთოთ ჩანიშვნები და დღის განმავლობაში სულ ცოტა 10 წუთი მაინც ვიკითხოთ, რადგან კითხვა გონების საუკეთესო ვარჯიშია.

 

 კითხვა

ცალკე თავი აქვს დათმობილი დაჩქარებული კითხვის მნიშვნელობის განმარტებასა და მეთოდებს. ერთ-ერთი საინტერესო რჩევაა, წამმზომის გამოყენება კითხვისას, კერძოდ, ყოველი 25 წუთის შემდეგ გავჩერდეთ და ჩამოვწეროთ 5 მნიშვნელოვანი რამ, რაც დაგვამახსოვრდა. ამგვარად წაკითხულის გააზრებას ვსწავლობთ და ვსწავლობთ მნიშვნელოვან ფაქტებზე ყურადღების გამახვილებას, შეჯამებას, ყოველივე ეს კი მეხსიერების გაუმჯობესებას უწყობს ხელს. შეიძლება, ყოველი წიგნის წაკითხვისას ამგვარი წყვეტა დამღლელი იყოს, თუმცა დროდადრო ამ მეთოდის გამოყენება საინტერესოა. ასევე, ვაპირებ, რომ ჩემს მოსწავლეებს ვასწავლო 25-წუთიანი შესვენებები კითხვისას და ჩანაწერების გაკეთება. ამ მეთოდს საშინაო დავალების ინსტრუქციადაც ვაქცევ.

„თუ ვინმე გეტყვით, რომ წიგნებს არ კითხულობს, ეს არსებითად ნიშნავს, რომ მან შეწყვიტა რაიმე ახლის სწავლის მცდელობა“,მეც ვეთანხმები ამ მოსაზრებას, რადგან მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლა კითხვის გარეშე წარმოუდგენელია. „თითქმის შეუძლებელია, სწავლა გახადოთ დინამიკურ პროცესად და აქციოთ იგი თქვენი ცხოვრების მუდმივ ნაწილად კითხვისადმი მიზანმიმართული მიდგომის გარეშე“. [კვიკი 2023, 308]

ავტორი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს კითხვის დადებით მხარეებს, კერძოდ, კითხვა:

  • ააქტიურებს ტვინს;
  • აუმჯობესებს მეხსიერებას;
  • აძლიერებს თქვენს ფოკუსირებას;
  • ამდიდრებს ლექსიკას;
  • ხელს უწყობს წარმოსახვას;
  • გიღვივებთ თანაგრძნობის უნარს.

დინება (Flow)

ფსიქოლოგ ჩიკსენტმიჰალის მიხედვით, დინება არის ის მდგომარეობა, რომლის დროსაც იღებ უზარმაზარ სიამოვნებას, კარგავ დროის შეგრძნებას და ივსები დადებითი ემოციებით. სწავლა, უფრო მეტად კი სწავლება, ნამდვილად არის ჩემთვის ის, რასაც შეუძლია ჩამაყენოს დინების მდგომარეობაში.

ჯიმ კვიკი დაწვრილებით მიმოიხილავს დინების მახასიათებლებს და გვაძლევს რჩევებს, რათა მიზანმიმართულად აღმოვჩნდეთ დინებაში: გააკეთეთ ის, რაც გსიამოვნებთ – ჩემი აზრით, ეს არის მთავარი მაქსიმა. დინებისთვის ხელისშემშლელია:

  1. მრავალამოცანა;
  2. სტრესი;
  3. წარუმატებლობის შიში;
  4. თავდაჯერებულობის ნაკლებობა.

ჩემთვის დინება არის თითქმის ყოველი გაკვეთილი, როდესაც სხვა მოვალეობები და პრობლემები თავისთავად მავიწყდება. დრო მიქრის, მსიამოვნებს ბავშვებთან ყოფნა, რადგან თავს საჭიროდ ვგრძნობ. განსაკუთრებულია მოსწავლეებისთვის დაგეგმილი აქტივობები არაფორმალურ გარემოში: ლიტერატურული კაფეები, ფეხტურები, მუზეუმში სტუმრობა, სპექტაკლები, მწერალთან შეხვედრა…

ჰკითხეთ საკუთარ თავს, როდის ხართ დინებაში?

 

დადებითი ემოციები

მასწავლებლის როლის მნიშვნელობაზე დადებითი ემოციების შესახებ აღწერილმა კვლევამ დამაფიქრა. უარყოფითი ემოციები ტვინის შესაძლებლობების გამოვლენას თრგუნავს, დადებითი ემოციები კი პირიქით – ხელს უწყობს.

„როდესაც განიცდით დადებით ემოციებს, როგორიცაა სიხარული, კმაყოფილება და სიყვარული, თქვენ ხედავთ ბევრად მეტ შესაძლებლობას ცხოვრებაში“. [კვიკი 23023, 135]

წიგნში დამოწმებული კვლევის მიხედვით, დადებითი ემოციები:

  • ზრდის ყურადღებისა და აზროვნების შესაძლებლობებს;
  • აქრობს უარყოფით ემოციურ აღგზნებადობას;
  • ასტიმულირებს ფსიქოლოგიურ სტაბილურობას;
  • ქმნის შესაბამის პერსონალურ რესურსებს;
  • ხელს უწყობს ცხოვრების დონის ამაღლებისკენ მიმართულ საქმიანობას და ადამიანის პიროვნულ კეთილდღეობას.

ჯიმ კვიკის „უსაზღვროებაში“ თავმოყრილმა ცოდნამ თავისი სახელი დაარქვა იმას, რისკენაც სასწავლო პროცესი მიმყავს – მოსწავლეებისთვის სიხარულის, კმაყოფილების, სიყვარულის მინიჭება. დადებითი ემოციები ადამიანის კეთილდღეობისა და დღეგრძელობისკენ გადადგმული ნაბიჯიაო, შემაჯამებელ აბზაცში წერს ჯიმ კვიკი და მეც დიდ სტიმულს მაძლევს ჩემი პროფესიული საქმიანობის გასაახლებლად. შეიძლება ითქვას, კორეელი მინზას ნაჩუქარ წიგნში ვიპოვე პასუხი იმისა, თუ როგორი დადებითი ემოციების მომტანია მოსწავლეებთან ერთად არაფორმალურ გარემოში დროის გატარება, ფეხტური ქალაქში, მუზეუმების მონახულება, წიგნის კითხვა და საკლასო ოთახში დადგმული ცეკვით სხვებისთვის წაკითხულის გაზიარება თუ სიამოვნების მინიჭება.

ჯიმ კვიკი წიგნის ბოლოს ურთავს მადლიერების წერილს, რომელიც ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით კი მასწავლებლებისადმი გამოხატული მადლიერება:

„განსაკუთრებული მადლობა ჩემი სკოლის მასწავლებლებს (და მთელი მსოფლიოს მასწავლებლებს) – ვიმუშავე უამრავ პედაგოგთან. ვიცი, რამდენად რთულია თქვენი შრომა. გმადლობთ ყურადღების, თანაგრძნობისა და ერთგულებისთვის. თქვენ ნამდვილი სუპერგმირები ხართ. ჩვენ გვიყვარს სუპერგმირების ლაბადები, რომლებსაც ატარებთ“. [კვიკი 2023, 366]

ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი „ფიქრნი მტკვრის პირას“ ასე მთავრდება:

„მაგრამ, რადგანაც კაცნი გვქვიან – შვილნი სოფლისა,
უნდა კიდეცა მივდიოთ მას, გვესმას მშობლისა.
არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,
იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს!“.

25 დეკემბერს ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში სტუმრობამ და ამ დღეს განვითარებულმა მოვლენებმა 21-ე საუკუნის მასწავლებელი და მოსწავლეები კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ „სოფლისთვის ზრუნვა“ შეიძლება აღმოჩნდეს ქართული პოეზიის კითხვა. ქალაქის გარეუბნის სკოლაში მთელი გულით გადაშვებამ მე-19 საუკუნის პოეტის ცხოვრებასა და პოეზიაში ახალი გზებით გვატარა, დაუვიწყარი ემოციები გვაჩუქა, გაგვაცნო მინზა და მანაც ჯიმ კვიკის „უსაზღვროებით“ კიდევ უფრო დიდი შემართებით მიმაბრუნა ჩემი საყვარელი საქმისკენ. სწორედ „უსაზღვროების“ ფურცლებზე ამოვიკითხე შემდეგი ფრაზაც: „სიცოცხლის ერთდერთი მიზანი ცოდნის გადაცემაა. უმაღლესი მიზანი არ არსებობს. ასე რომ, თუ მეკითხები, რა უნდა მოიმოქმედო მთელ ამ ცოდნასთან ერთად, რომელსაც აგროვებ, მე გეტყვი – გადაეცი“. [კვიკი 2023, 353] ამ წიგნში ასახული მეთოდებიც „სოფლისთვის ზრუნვაა“.

 

გამოყენებული ლიტერტურა:

  1. კვიკი, ჯიმ. 2023. უსაზღვროება – ავარჯიშე ტვინი, ისწავლე სწრაფად და მიაღწიე უსაზღვროებას. თარგ. ლიკ გურაბანიძე. რედ. მზია რაზმაძე, გოგი სალიაშვილი. თბილისი: წიგნი+ერი

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“