ევროპელი მოხალისეების ჩართულობით
ხშირად გვესმის ფრაზა, რომ საქართველო უნდა დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს. მე თუ მკითხავთ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის გამორჩეულობა არის ნამდვილი, ევროპული მრავალფეროვნება. ჩვენ მხოლოდ ევროპულ საზოგადოებასთან თანაცხოვრების გამოცდილება, კულტურულ-მენტალური და ინსტიტუციური ინტეგრაცია (დემოკრატიის გაძლიერება) გვაკლია.
მოსწავლეები ხშირად ხდებიან ანტიდასავლური პროპაგანდის, დეზინფორმაციის, მითების მსხვერპლი. საფრთხეები განსაკუთრებით მაღალია ისეთ მოწყვლად რეგიონებსა თუ მუნიციპალიტეტებში, როგორიცაა, ქვემო ქართლი და მარნეული. საქართველოში გავრცელებული ნარატივების უმეტესობა მიმართულია ევროპული (დასავლური) ცხოვრების დამახინჯებულად წარმოჩენისკენ; ისეთი წარმოდგენის შექმნისკენ, თითქოსდა ევროპა გარყვნილების ბუდეა, და უცხოს ელემენტის შემოტანისკენ.
როგორ მივიტანოთ მოსწავლეებამდე ინფორმაცია ევროპული ცხოვრების სიკეთეების შესახებ? ამისათვის რამდენიმე გზა არსებობს. პირველი, ცხადია, თეორიულ სწავლებას უკავშირდება, თუმცა მისი ეფექტი ნანახისა და დაცდილის გარეშე ნაკლებია. ამიტომ პრაქტიკული მიდგომა უზომოდ მნიშვნელოვანია. ამ მხრივ, გამოვყოფდი ევროპაში მოგზაურობას, სწავლას და მოკლევადიან თუ გრძელვადიან პროგრამებში მონაწილეობას. თუმცა ეს ჯერ ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი არ არის. რჩება კიდევ ერთი გზა, რომელიც საქართველოში სხვადასხვა მისიით ჩამოსული ევროპელი ახალგაზრდების მოწვევასა და ერთობლივი აქტივობების დაგეგმვას უკავშირდება. ამ წერილში, სწორედ მეორე მიმართულებით გავაზიარებ გამოცდილებას.
ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო, ევროპის კომისია აფინანსებს ორ დიდ პროგრამას „ერაზმუს+“ და ევროპის სოლიდარობის კორპუსს.
ოფიციალური განმარტების მიხედვით, ევროპის სოლიდარობის კორპუსი არის ევროკავშირის ახალგაზრდული პროგრამა. პროგრამის ფარგლებში 18-30 წლის ახალგაზრდებს აქვთ საშუალება, მოხალისეობრივად იმუშაონ მიმღებ ორგანიზაციებში. მოხალისეობრივი პროგრამები შეიძლება იყოს 2-კვირიანი (მოკლევადიანი) და შეიძლება გაგრძელდეს ერთ წლამდე (გრძელვადიანი). მოხალისეები უზრუნველყოფილნი არიან ჯიბის ფულით, კვებითა და ღამის გასათევით. ასევე უნაზღაურდებათ ფრენასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოში ბევრი ორგანიზაცია მასპინძლობს ევროპელ მოხალისეებს. მათი უმეტესობა არაფორმალური განათლების მიმართულებით მუშაობს.
2022-2023 სასწავლო წლის მეორე სემესტრში, ევროპის სოლიდარობის კორპუსის მოხალისეების მიმღებ ქართულ ორგანიზაციებთან „ახალგაზრდა ქართველები ევროპისთვის“ და „ალტერნატიული განათლების აკადემია“ თანამშრომლობით დავგეგმეთ ევროპელი და ქართველი მოხალისეების ვიზიტები მარნეულის N2 საჯარო სკოლაში.
ვიზიტები მიზნად ისახავდა:
- მოხალისეობის კულტურის ზრდას;
- კულტურების ურთიერთგაზიარებას;
- სტერეოტიპების დამსხვრევას;
- ენობრივ-ლინგვისტური კომპეტენციების ზრდას;
- გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ზრდას;
- არაფორმალური განათლების ხელშეწყობას.
მაისი-ივნისის თვეში სკოლის ბაზაზე ვუმასპინძლეთ: პოლონელ, ფინელ და ესტონელ მოხალისეებს. სამივე ჯგუფმა თითქმის მთელი დღე სკოლაში გაატარა.
პოლონელი მოხალისეების ჯგუფი ყველაზე წარმომადგენლობითი იყო. სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებს გააცნეს ქართული, აზერბაიჯანული და სომხური კულტურა, ათი ყველაზე გამოყენებადი სიტყვა/ფრაზა და ტრადიციული ცეკვის ილეთები. შემდეგ უკვე პოლონელებმა ისაუბრეს მათ ისტორიაზე, რეგიონებზე, მოხალისეობის კულტურაზე და ა.შ.
ფინელი მოხალისეების პროგრამა დატვირთული იყო გარემოსდაცვითი აქტივობებით. მოწვეულმა სტუმრებმა მოსწავლეებს გაუზიარეს, თუ რა ადგილი უკავია ფინური განათლების მოდელში გარემოსდაცვითი განათლების კომპონენტს. შემდეგ მოსწავლეებს ასწავლეს წყლის გაფილტვრა ველურ პირობებში, ეკომეგობრული ენერგიის წარმოება ბიონარჩენების გამოყენებით და ა.შ. სკოლის მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა იმის გაგება, თუ როგორ ახერხებს ფინეთი მდგრადი განვითარების მიზნების ყველა დონეზე მიღწევას.
მესამე ვიზიტი სკოლის დასრულების შემდეგ დაიგეგმა. ამჯერად, ესტონელი და ქართველი მოხალისეები გვსტუმრობდნენ. მოხალისეების მიერ მომზადებული აქტივობები ორიენტირებული იყო სტერეოტიპების აღმოჩენასა და მათ დამსხვრევაზე. მონაწილეთა ერთგვარი გაკვირვება გამოიწვია იმის აღმოჩენამ, რომ ორივე ქვეყანაში თითქმის იდენტური მითებია გავრცელებული.
სამივე ღონისძიება ემოციური გამოდგა. საკუთარი თვალით ვუყურებდი მულტიკულტურული გარემოს შექმნის პროცესს. ძირითადი სამუშაო ენა იყო ინგლისური, თუმცა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ ღონისძიებებმა ენობრივი კომპეტენციებიც გაზარდა. შეხვედრების ბოლოს ვიტოვებდით დროს არაფორმალური საუბრებისთვის. სტუმრები აგემოვნებდნენ ტრადიციულ ტკბილეულსა და ჩაის.
რატომ დაალაგეს საკლასო ოთახი?
ნებისმიერ აქტივობას აქვს პირდაპირი და სწრაფადმოქმედი ეფექტი. მოხალისეების პირველი (პოლონელების) ჯგუფის მასპინძლობის დროს გაგვიწვიმდა და აქტივობების ნაწილის საკლასო ოთახში ჩატარება მოგვიწია. მალე ისევ გამოიდარა და ისევ ეზოში გავედით. ყველა აქტივობის დასრულების შემდეგ, მოხალისეებმა გამგზავრებამდე 10 წუთით დარჩენა ითხოვეს. ამ დროის განმავლობაში მთლიანად დაასუფთავეს ოთახი, მოაწესრიგეს სკამები და მერხები და გადაყარეს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების მიერ დატოვებული ნარჩენებიც კი. ვიქნები გულწრფელი და ვაღიარებ, რომ ჩემს მოსწავლეებთან ამის მიღწევა ძალიან მიჭირს. მათი საქციელი აღმოჩნდა გარდამტეხი, რადგან სულ იხსენებენ ამ ფაქტს და მიანიშნებენ ერთმანეთს თუ როგორ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა გარემოს მოწესრიგებაზე.
მოსწავლეებთან გულწრფელი საუბარი და რეფლექსია, მათი დამოკიდებულების, კმაყოფილება-უკმაყოფილების გაგების კარგი გზაა. აქტივობების შემდეგ, მოხალისეებს პატარა კითხვარი შევთავაზე, რომელიც მოიცავდა როგორც დახურულ, ასევე ღია კითხვებს.
- რით იყო გამორჩეული ევროპელ მოხალისეებთან ჩატარებული აქტივობები?
- რომელი სტერეოტიპების დამსხვრევაში დაგეხმარათ პოლონელებთან, ფინელებთან და ესტონელებთან ჩატარებული შეხვედრები?
- რატომ არის მნიშვნელოვანი ევროპელ ახალგაზრდებთან ერთად ერთობლივი შეხვედრების ჩატარება?
წარმოგიდგენთ კვლევის დროს გამოკვეთილ ძირითად მიგნებებს:
- შეხვედრებმა გააძლიერა ჩვენი ემპათია და მიმღებლობა;
- გვასწავლა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებთან ურთიერთობა, რასაც წიგნებიდან ვერ ვისწავლით;
- გავეცანით ერთმანეთის კულტურას;
- აქტივობები მოგვცა მრავალფეროვნების შეგრძნების საშუალება;
- მოხალისეები ძალიან უშუალონი და ადამიანურნი იყვნენ.
აქვე გიზიარებთ ორ ვრცელ კომენტარს:
„ჩვენთან საქართველოში არსებობს სტერეოტიპი, რომ აუცილებლად უნდა მიჰყვე სისტემას – ჯერ დაამთავრო სკოლა, შემდეგ უნივერსიტეტი, შემდეგ დაიწყო მუშაობა და მხოლოდ მერე შეგიძლია იმოგზაურო და აკეთო ის, რაც მოგწონს. ეს არ აღმოჩნდა სიმართლე, ჩვენს ევროპელ მეგობრებს შორის იყვნენ თითქმის ჩემი თანატოლებიც, რაც ძალიან გამიხარდა. ჩემი სტერეოტიპი ერთ დღეში დაიმსხვრა“.
„იმის გამო, რომ ჩამოსულ ახალგაზრდებს შორის არ იყო დიდი ასაკობრივი სხვაობა, გვქონდა შესაძლებლობა, მოგვესმინა მეგობრებისგან საკუთარი გამოცდილება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მომეწონა, როცა გაგვიზიარეს, თუ როგორ შეგვიძლია დავიწყოთ მოგზაურობა და თან ვაკეთოთ სასარგებლო საქმე“.
კითხვარის შედეგებმა, ზოგადმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ერთობლივ აქტივობებს აქვს მყისიერი შედეგი. უცხოობის შიშის დასაძლევად, სტერეოტიპების დასამსხვრევად და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენის მიზნით მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებ სკოლაში საინტერესო სტუმრების მოწვევას.
ვრცლად ევროპის მოხალისეობის კორპუსის შესახებ იხილეთ აქ: https://youth.europa.eu/solidarity_en