სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

 რა სურს თინათინს?

    ეს წერილი არის პასუხი მოსწავლის შეკითხვაზე: „რატომ ვერ ისვენებს თინათინი, რატომ იწყებს უცხო მოყმის ძებნას, როცა მეფემაც და ავთანდილმაც ის უკვე დაივიწყეს?“

ის უძლიერესი ქვეყნის მეფის ასულია, თან – ულამაზესი. პოემის დასაწყისშივე გვეუბნება რუსთაველი: „მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული, გონება და სული“. შემდეგ მამამისიც, არაბთა მეფე როსტევანიც, დაუფარავი სიამაყით ამბობს ვეზირებთან: „ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედ, ვისგან მზე საწუნელია“. ვეზირებიც ერთხმად აღიარებენ თინათინის გამორჩეულობას და მომავალი მეფის შესამკობად სახოტბო სიტყვებს არ იშურებენ: „სჯობს და მას მიეც მეფობა, ვისგან მზე შენაფლობია“.

თინათინი მხოლოდ ლამაზი არაა. იგივე ვეზირები მის მშვენიერებასთან ერთად მის გონიერებასაც განსაკუთრებით აღნიშნავენ: „შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია“. არ გეპირფერებით, სახელმწიფოს მართვა შეუძლია, უთქვენოდაც ბევრჯერ გვითქვამს ამის შესახებო, ეუბნებიან მეფეს.

თინათინი ლამაზიცაა და ჭკვიანიც, ეს მამამისმაც მშვენივრად იცის და მისი გამეფებაც ამიტომ გადაწყვიტა. მეფედ კურთხევის რიტუალზე თინათინის ბევრი ღირსება თვალნათლივ გამოჩნდა. არაბეთის ახალი მეფე თავმდაბალია („მამისა ტახტსა საჯდომად თავი არ ეღირსებოდა…“), ემოციური („ამად სტირს, ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა“), გონიერი („ამა მამისა სწავლასა ქალი ბრძნად მოისმინებდა, ყურსა უპყრობდა, ისმენდა, წვრთასა არ მოიწყინებდა“), უხვი („გასცა უზომო, უანგარიშო, ულევი“)… ასული ბევრი რამით ჰგავს მამას. თუ პირველივე სტროფში: „იყო არაბეთს …“ როსტევანის სახელს თინათინით ჩავანაცვლებთ, ბევრი არაფერი შეიცვლება. მხოლოდ ერთი რამ არ შეუძლია მეფის ასულს, იყოს: „თვით მეომარი უებრო…“ სწორედ ეს ადარდებს როსტევანსაც. თინათინის გამეფების ნადიმზეც ამაზე წუხილმა „დაუღრიჯა“ სახე. ლოგიკურად, ეს თინათინისთვისაც სერიოზული პრობლემა უნდა იყოს.

უებრო მეომრის ნიშას ახალი მეფე ვერასდროს დაიკავებს. მაინც ვერ არის „ლეკვი ლომისა სწორი“. ყველაზე კარგად ეს როსტევანმა იცის, ამიტომაც არ ბრაზდება ავთანდილის არც თუ თავმდაბლურ ნათქვამზე: „ნუ მოჰკვეხ მშვილდოსნობასა, თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა“. როგორც ჩანს, მეფეს არაფერი ექნება საწინააღმდეგო, თუ ავთანდილი მასზე უკეთესი მოასპარეზე აღმოჩნდება და გულს საგულეში დაიგულებს. ასე რომ არ იყოს,  ხომ გვინახავს, როგორი გაბრაზება იცის როსტევანმა. ავთანდილის ფორმალური მოწიწებაც  შემდეგ: „მიწაცა თქვენი ავთანდილ“, ბევრს არაფერს ნიშნავს. სულ მალე ვნახავთ, რომ სპასპეტს ეს თავმდაბლური სიტყვები მხოლოდ მეფისათვის არ ემეტება. ამავე სიტყვებით იწყებს შემდეგ თავისი ყმებისადმი მიწერილ წერილს: „მიწაცა თქვენი ავთანდილ, ისმინეთ, გიწერ მე რასა…“

მართლაც, მშვენიერი ქვეყანაა არაბეთი – მეფესაც და ყმასაც ერთნაირად შეგიძლია მიმართო. ავთანდილმაც კარგად იცის, რომ თინათინს ქვეყნის სრულყოფილად მართვისთვის ისეთი ადამიანი სჭირდება, რომელიც ყველა სიკეთით შემკული ქალის გვერდით უებრო მეომრის ადგილს დაიკავებს. ჭკვიანი კაცი ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს, მით უფრო, თუ ყურებამდე შეყვარებულია. არც ავთანდილს დაუხანებია როსტევანისთვის (ალბათ, თინათინისთვისაც) თავისი როლი და ფუნქცია დაენახვებინა, უებრო მეომრის გამოსავლენად შეჯიბრება შესთავაზა. მეფემ მშვენივრად გაიგო ავთანდილის შეთავაზების ქვეტექსტი, ამიტომაც არც არაფერი სწყენია, არც განრისხებულ-გამწყრალა და არა თუ აიკლო ქვეშევრდომი, სიცილით უთხრა: „თუ არ გასწბილდე, მაჯობო, ბედი გეყოფის ბედად-რე“.

ახლა პირველობის მაძიებელმა თავად უნდა გადაწყვიტოს – ბედი სწყალობს თუ არა. როგორც არაბეთში იტყვიან: „ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი!“ („გარდამწყვეტელი მისიცა ბურთი და მოედანია“).

ავთანდილი საკუთარ შესაძლებლობებში ბოლომდე დარწმუნებულია, ამიტომაც გამოცხადდა შეჯიბრებაზე საზეიმო ფერებში მორთული: თეთრ ცხენზე ამხედრებულს წითელი მოსასხამი და ოქროსფერი რიდე უხდება. აშკარაა, სპასპეტი ტრიუმფისთვის ემზადება. არც ტრიუმფს დაუხანებია, მაგრამ ბედმა ბოლომდე მაინც ვერ გაუღიმა. ყველაზე ამაღელვებელ წუთებში, როცა თვითონაც ზეიმობდა, მეფეც („მეფესა ესე ამბავი უჩს, ვითა მღერა ნარდისა“) და ლაშქარიც თვალებში შესციცინებდა, ვიღაც უცხო ჭაბუკმა მათრახის ერთი მოქნევით მისი უებრო მეომრობის მითი ფარსად აქცია.

როსტევანი თავზარდაცემულია. ურჩევნია უცხო ჭაბუკი ეშმაკეული და უხორცო იყოს, ვიდრე რეალური და მიწიერი. ღმერთის სასჯელზე ალაპარაკდა: „უცილოდ ღმერთსა მოვძულდი აქამდე მე მხიარული“. მეფეს იმისი დაჯერებაც არ უნდა, რომ არაბეთის განთქმულ ლაშქარს ბდღვირი ხორციელმა კაცმა ადინა და მეფეც და სპასპეტიც პირში ჩალაგამოვლებული დატოვა. არადა, რა იდეალურად იყო ასხმული არაბეთის სამეფოს მარგალიტის მძივი სულ ცოტა ხნის წინ: რეალურ მეფეს, ფორმალურ მეფესა და უებრო მეომარს შეეძლოთ შეხმატკბილებულად ემართათ ქვეყანა.

ავთანდილი ახალგაზრდა კაცია, როგორც ჩანს, ბედნიერი და უდარდელი. მართალია, დამწუხრებულ მეფეს პირისპირ უზის, რომ დამარცხების ელდა ერთად გაინაწილონ, მაგრამ დიდად არ უნდა აწუხებდეს მომხდარი. ყოველ შემთხვევაში, მის განცდებზე საუბარს რუსთაველი საჭიროდაც არ მიიჩნევს. როგორც ჩანს, სპასპეტი ჯერ კიდევ მეფის დაჯაბნის ტკბილ ბურანშია და მასაც, როსტევანის მსგავსად, ურჩევნია უცხო ჭაბუკი ეშმა იყოს და არა ხორციელი კაცი. ეშმასთან დამარცხება ხომ მათ ღირსებას არ შელახავს.

თინათინი ჭკვიანი ქალია. ის მშვენივრად ხვდება, რომ მეფეს რეალობისათვის თვალის გასწორება არ უნდა. არაბთა ამწიოკებლის ერთწლიანი უშედეგო ძებნაც, სავარაუდოდ, მალამოსავით მოეცხო როსტევანისა და ავთანდილის გაღიზიანებულ პატივმოყვარეობას. მეფემ თავი დაირწმუნა (და თინათინიც დაიმოწმა): „მართალ იყო ასული და ჩემი ძეო, ვნახე რამე ეშმაკისა სიცუდე და სიბილწეო“, სასწრაფოდ მომღერლებს, ჯამბაზებსა და აკრობატებს უხმო. სასახლეში ცხოვრება გატკბა, ძველი დრო დაბრუნდა – მშვენიერი და საამო.

არც ავთანდილის სასახლეშია გლოვა-წუხილი. მოშილიფებულ სპასპეტს წინ ჩანგი დაუდგამს და ღიღინებს. რატომაც არა – ცხოვრება მშვენიერია.

არაბეთი აშკარად ბედნიერი ქვეყანაა. ამის დასტურად ისიც კმარა, რომ ერთ დამწუხრებულ კაცს თავის გემოზე ტირილიც არ აცალეს. ეტყობა, არაბეთში სატირლად არავის აქვს საქმე. როგორც ჩანს, იმ მტირალმა კაცმაც კი იგრძნო მაშინ ეს და წლების შემდეგ ავთანდილს უთხრა: „რას მაქმნევდით, რად გინდოდი, ერთმანეთსა რათა ვჰგვანდით. თქვენ მორჭმულნი სთამაშობდით, ჩვენ მტირალნი ღაწვთა ვბანდით“. მანამდე კი ამ კაცის უცნაური ქცევით გაოცებული და დაბნეული როსტევანი ქალიშვილს ლამის ებოდიშებოდა მომხდარის გამო: მე მხოლოდ მისი ამბის გაგება მინდოდა, რატომ ტიროდა, რა აწუხებდა, ის კი არც მოვიდა და კაცურად არ გადამკოცნაო. ამ სიტყვებში თითქოს ფარულად ჟონავს დანაშაულის გრძნობა თავისთვის მოტირალი კაცის წინაშე. როგორც ჩანს, როსტევანს ისიც აწუხებს, რომ მისი კეთილი სურვილი „უცხო კაცის“ სევდის გაზიარებისა, არაბთა მხრიდან ძალადობის მაპროვოცირებელი გახდა.

არაბეთი ბედნიერი ქვეყანაა. ჰოდა, როსტევანსა და ავთანდილს ამ ბედნიერ ქვეყანაში ბედნიერად ცხოვრება სურთ. მათ უსიამოვნების დავიწყება უნდათ.

მაგრამ რა სურს თინათინს?

თინათინი მამამისივით არ ფიქრობს. მას არც ერთი წლის წინ სჯეროდა უცხო ჭაბუკის ეშმა-დევობისა და, მით უფრო, ღმერთის მიერ როსტევანის ბოროტი ძალის მეშვეობით დასჯისა. აკი, უთხრა კიდეც მამას: „ჰე მეფეო! რად ემდურვი ანუ ღმერთსა, ანუ ბედსა? რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მხედსა? ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა?“. შემდეგ, როცა უცხო ჭაბუკის მოსაძებნად კაცების გაგზავნის იდეა შესთავაზა, რადიკალურად არ დაპირისპირებია მამის მოსაზრებას და ტაქტიანად აღნიშნა: „ადრე სცნობ, არის იგი ყმა შობილი, თუ უშობელი“. როცა მოყმის ამაოდ მძებნელნი დაბრუნდნენ, არც შემდეგ ჩანს, რომ თინათინი მომხდარს ღვთის რისხვად მიიჩნევს. ჭკვიანი ქალია და ხვდება – ისეთი შესაძლებლობების კაცის მოძებნას, როგორიც უცხო ჭაბუკი იყო, ჩვეულებრივი მონა-ქვეშევრდომნი ვერ შეძლებდნენ. ტყუილად ცდილობს როსტევანი ქალიშვილის სიტყვები: „ადრე სცნობ…“, თავისი ვარაუდის უეჭველ არგუმენტად მოიყვანოს. თუ თინათინიც მამასავით ფიქრობს, მაშინ რატომღა იწყებს იგი „უშობელის“ ძებნის ახალ ოდისეას?

ფაქტია, თინათინს ეჭვიც არ ეპარება, რომ „იგი ყმა“ ხორციელი კაცია, სამაგიეროდ მასთან ავთანდილის დამარცხებამ თავისი სპასპეტის უებრო მეომრობაში დააეჭვა. თინათინს კი გვერდით, სპასპეტადაც და მიჯნურადაც, ძლიერი ადამიანი სჭირდება.

იმ დროს, როცა ავთანდილი ჩანგზე მღერის, თინათინი სამომავლო გეგმას სახავს. ამ გეგმაში სპასპეტსა და მიჯნურს თავისი როლი და ფუნქცია ექნება განსაზღვრული და მის მომავალსაც, სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტს. ამიტომ არაფერია გასაკვირი იმაში, რომ თინათინთან მიწვეული „ლაღი და უკადრი“ ავთანდილი „დაღრეჯით“ მჯდომი ქალის პირისპირ აღმოჩნდა: „იგი უებრო ქუშად ჯდა, ელვისა მსგავსად შვენოდა“. კიდევ უფრო საინტერესოა სიტყვები, რომლებითაც თინათინი ავთანდილს მიმართავს: „მაგრა იცია მიზეზი შენისა აქა ხმობისა, რად ვზი ქუშად და დაღრეჯით ასრე მიხდილი ცნობისა?“

თინათინს რომ „დაღრეჯა“ გამოსავლად არ მიაჩნია, ეს კარგად ჩანს ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მამისათვის ნათქვამ სიტყვებში: „კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს“. მაშ, ახლა თვითონ მიეცემოდა უსაგნო ურვა-წუხილს?

ავთანდილი ან ვერ ხვდება მეფის წუხილის მიზეზს, ან მოხერხებულად არიდებს თავს პასუხს. უნდა თინათინისაგან გაიგოს, ზუსტად რა სურს მას, რომ იმის მიხედვით იმოქმედოს: „თქვენვე ბრძანეთ, რაცა გიმძიმს, ანუ რაცა გეკურნების“.

თინათინს კი რა შეიძლება სურდეს მაშინ, როცა ვიღაც უცხო ჭაბუკმა არაბთა სახელოვანი ლაშქარი გაანახევრა, როცა მეფე და სპასპეტი მათსავე სამეფოში შერცხვენილი დატოვა და ისე გაქრა, რომ მისი კვალიც ვერსად იპოვეს? მხოლოდ ერთი რამ – ავთანდილმა თავისი „უებრო მეომრობა“ რეალურად დაამტკიცოს. მისი ვაჟკაცობის საპირწონე სანადიროდ გამოსული როსტევანი კი არა, უცხო ჭაბუკი უნდა იყოს, უძლეველი და მოუხელთებელი. აკი, ეუბნება კიდეც ავთანდილს: „გახსოვს, ოდეს შენ და როსტანს მინდორს მხეცი დაგეხოცა, ყმა გენახა უცხო ვინმე, რომე ცრემლი მოეხოცა? მას უკანით გონებამან მისმან ასრე დამამხოცა…“. წესით ავთანდილმა მშვენივრად უნდა გაიგოს ამ სიტყვების ქვეტექსტი – იმ სამარცხვინო დღის შემდეგ მე სულ ამ ამბავზე ვფიქრობ და შენ რასა იქმ?…

შეფარული საყვედური დიპლომატიური რევერანსით გრძელდება: „შენ გენუკვი მონახვასა…“

გენუკვი?

თინათინის მოთხოვნა მკაფიო და ნათელია: ავთანდილმა უცხო მოყმე უნდა იპოვოს, მოახერხოს და მისი წუხილის მიზეზი შეიტყოს (რასაც მიზანში კარგად სროლა კი არა, ჭკუა-გონება სჭირდება). მხოლოდ ასე შეძლებს სიყვარულის გამყარებას. თინათინისა და ავთანდილის სიყვარულს, გარდა ელვარე გრძნობებისა, სხვა დუღაბიც სჭირდება.

რა შეიძლება აწუხებდეს არაბეთის ჯერჯერობით ფორმალურ, მაგრამ სამომავლოდ რეალურ მეფეს: რატომ ტიროდა „უცხო ვინმე“ თუ რა შეუძლია ავთანდილს?

იქნებ, ერთიც და მეორეც.

რა თქმა უნდა, თინათინი მშვენივრად ხვდება, რომ, როცა ასეთი ძლიერი და ლამაზი კაცი ტირის, ქვეყანაში, რომელიც ღმერთმა „ჩვენ, კაცთა, მოგვცა“, რაღაც კარგად არ არის. იქნებ არაბთა ძალადობაც აწუხებს ამ კაცის მიმართ, რომელიც თავისთვის იჯდა და ტიროდა, მეომრები დაინახა და გაცლას აპირებდა. მათრახი მხოლოდ მაშინ მოიმარჯვა, როცა შეპყრობა დაუპირეს.

ფაქტია, არაბეთში შურისძიებაზე არავინ საუბრობს, თითქოს ყველას აწუხებს დანაშაულის გრძნობა.

„ვეფხისტყაოსნის“ ქალებმა ყოველთვის ზუსტად იციან – რა სურთ მათ და როცა კაცები ამას ვერ ხვდებიან, თავად მიანიშნებენ ხოლმე.

ახლა ავთანდილმა უნდა დაამტკიცოს, რომ ღირსია ამ არაჩვეულებრივი ქალის გვერდით დადგეს „ვით მეომარი უებრო“, რათა ერთად მართონ არაბეთი, რომელიც მართლაც დიდებული ქვეყანაა, აქ უცხო კაცის ცრემლსაც კი ფასი აქვს და ზემდგომსაც და ქვეშევრდომსაც შეგიძლია ერთნაირად მიმართო: „მიწაცა თქვენი ავთანდილ…“

ახლა ავთანდილმა საკუთარი და არაბეთის ღირსება უნდა დაიცვას. შეუძლია კი უწვერულ ჭაბუკს ეს?

პოემის დასაწყისში იგი ერთი ლამაზი ბიჭია, რომელსაც გამზრდელი მეფის ასული უყვარს, თუმცა თქმას ვერ უბედავს. სპასპეტი კი არის, მაგრამ მაინცდამაინც მკაფიოდ არ ჩანს – რა დამსახურების გამო. იმიტომ ხომ არა, რომ სპასალარის ძეა? მეფეც თითქოს ცოტა აგდებულად მოიხსენიებს მის შესაძლებლობებს ნადიმის დროს: „ცოტასა შემწევს ავთანდილ ჩემგანვე ნაზარდობითა“. რომ არა ნადირობაში დამსახურებული გამარჯვება, ერთი ზომაზე მეტად თამამი და ამბიციური ჭაბუკის შთაბეჭდილებას დატოვებდა. მისი ფერად-ფერადი ტანსაცმელი და „კაბა… მჯობი ყოვლისა ჭრელისა“ კი შესაძლოა გამაღიზიანებელიც ყოფილიყო. ბოლოს და ბოლოს კაცი არაბეთის სპასპეტია.

ბედნიერი შედის იგი თინათინის სასახლეში და, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ატირებული და დარეტიანებული გამოდის იქიდან. არადა ის აუხდა, რასაც ნატრობდა, საოცნებო ქალმა სიყვარული აუხსნა, ერთგულება შეჰფიცა, გვერდით დაისვა, ელაღობა. თინათინთან შესვლამდე, სანამ მისი გრძნობების შესახებ არაფერი იცოდა, სპასპეტი „იმღერდა და იხარებდა, წინა ედგა ერთი ჩანგი“, თინათინისაგან წამოსვლის შემდეგ, როცა ბედნიერებისაგან ცას ხელით უნდა მისწვდომოდა – „საწოლს დაწვა, ტირს, მტირალსა ცრემლი ძნელად ეხოცების“.

მართლაც ვერაფერს გაუგებ ამ ცხოვრებას. მხოლოდ მიჯნურთან სამწლიანი დაშორება შეიძლება იყოს მიზეზი ამგვარი ემოციებისა? მით უფრო, თუ ქალი გეუბნება: „ვერა ჰპოვებ, დავიჯერებ, იყო თურმე უჩინარი“. როგორც ჩანს, ავთანდილმა ზუსტად გაიგო, ეს სამი წელი რის დასამტკიცებლად მისცა მიჯნურმა, რეალურად რა აწუხებს თინათინს. მეტი რაღა ეთქვა, როცა ლამის შეემუდარა: „რომე დამხსნა შეჭირვება, ეშმა ბილწი ასაპყარე“.

რისგან გათავისუფლებას სთხოვს თინათინი ავთანდილს, რა ეშმაკი უღრღნის გულს? იქნებ იმ ეჭვისაგან, რომ მისი მიჯნური ვერ არის „მეომარი უებრო“. არადა, რუსთაველის კრიტერიუმებით ნამდვილი მიჯნურის ერთ-ერთი უმთავრესი თვისება ხომ „მძლეთა მებრძოლთა მძლეობაა“. არაბეთში კი რუსთაველის შეგონებანი, სავარაუდოდ, ძალიან კარგად იციან.

ავთანდილმა ისიც კარგად გაიგო, რომ ეს დავალება მარტომ უნდა შეასრულოს, სხვათა დახმარების გარეშე, ისევე მარტომ, როგორც ის უცხო მოყმე იყო, მსახურიც კი არ უნდა იახლოს. ყველაფერი ერთიერთზე უნდა გადაწყდეს. ამაოდ ემუდარება შერმადინი ავთანდილს: „სჯობს ორნივე გავიპარნეთ…“ ჯერ ერთი, შერმადინმა არაბეთში ავთანდილობა უნდა გასწიოს, მაგრამ ესეც რომ არ იყოს, ავთანდილი მას მაინც არ წაიყვანდა. სპასპეტი თინათინის სასახლიდან, როგორც ხმალი გავარვარებული ქურიდან, სხვაგვარად ნაწრთობი გამოვიდა. მიხვდა, რომ განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე ვერაფერს მიიღებს, ამიტომაც ეუბნება შერმადინს: „მარგალიტი არვის მიჰხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად“.

თინათინმა უნდა დაინახოს – რა შეუძლია ავთანდილს.

ავთანდილს კი ბევრი რამ შეუძლია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი