ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

მთავარი სითხე – სისხლი

იმ დღეს ისე მოხდა, რომ სახლში ვმუშაობდი, რომელიღაც სამეცნიერო სტატიას ვწერდი. საათს შევხედე – ახალი ამბების დრო მოსულიყო. ვიფიქრე, ვნახო, ქვეყანაზე რა ხდება-მეთქი. ტელევიზორი ჩავრთე თუ არა, ადგილზე გავშეშდი – ეკრანზე ცუნამისა და ნგრევის საშინელი კადრები ჩანდა. იდგა 2011 წლის 11 მარტი. იმ დღეს იაპონიას კატასტროფა დაატყდა თავს.

პირველმა შოკმა რომ გამიარა, ახლა საკუთარი თავის სიბრალულით დამენისლა თვალები და დავასკვენი, რომ ყველაზე უიღბლო ადამიანი ვიყავი ამქვეყნად – ცოტა ხნის წინ იაპონიის მთავრობის სტიპენდია მოვიგე და რამდენიმე თვის შემდეგ ხუთი თვით ტოკიოში, პროფესორ იჩირო იამატოსთან მივემგზავრებოდი…

მოგვიანებით იჩირო სანმაც და სხვებმაც მიმტკიცეს, ჩამოდი, მერე რაო, მაგრამ ჩემთვის ის უფრო მყარი არგუმენტი გამოდგა, რომ ფუკუსიმას მიმდებარე ტერიტორიაზე (სწორედ იქ იდგა უნივერსიტეტის ის კორპუსი, სადაც მე უნდა მემუშავა) განიბნა სტრონციუმის ერთ-ერთი რადიაქტიური იზოტოპი (და არამხოლოდ ის), რომლის ნახევრად დაშლის პერიოდი 14 წელია. ასე გავაუქმე სტიპენდია… ხოლო აქ, საქართველოში, ვინც კი წაუსვლელობის მიზეზი მკითხა, ყველას მარტივი, თუმცა გულწრფელი პასუხი გავეცი – სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ლეიკოზი არ მინდოდა!

ამრიგად, დღეს, როგორც ალქიმიკოსი პარაცელსი იტყოდა, ადამიანის მთავარ სითხეზე – სისხლზე ვისაუბრებთ.
იაპონიის თემას განვაგრძობ. ბრძენი იაპონელები პირველი შეხვედრისას თურმე ყოველთვის ეკითხებიან ადამიანს სისხლის ჯგუფს. ამას მისი ხასიათის უკეთ შესაცნობად აკეთებენ. სისხლის ჯგუფების თავისებური ჰოროსკოპიც კი აქვთ:

O(I) – რომანტიკოსები არიან, ძალიან უყვართ სიცოცხლე და თითოეულ წუთს აფასებენ. ჯიუტები არიან, თუმცა ადვილად უჩუყდებათ გული. უყვართ სხვების დახმარება. განწყობა სწრაფად ეცვლებათ. გრძნობებს არ მალავენ. ოპტიმისტები არიან.

A(II) – კეთილსინდისიერი, გუნდური მუშაობის მოყვარული, გულჩათხრობილი ხალხია. სხვის აზრს მათ შესახებ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. ნათელი გონება აქვთ და არ უყვართ დამარცხება. მხოლოდ ფაქტებს უჯერებენ და არა ემოციებს. დიდი მოთმინების უნარი აქვთ და ოდნავ პესიმისტები არიან.

B(III) – აქტიური ადამიანები არიან. შეუძლიათ, მთლიანად ჩაეფლონ სამუშაოში. პოპულარობა და პატივი არ აინტერესებთ. ვერ იტანენ უსამართლობას. ძალიან ემოციურები არიან და კარგი იუმორის გრძნობა აქვთ. განწყობა ხშირად ეცვლებათ. ხანდახან პესიმიზმი სძლევთ ხოლმე, თუმცა თავს იოლად აღწევენ. როდესაც საკუთარი სიმართლისა სწამთ, სხვების აზრი საკუთარ თავზე არ აინტერესებთ.

AB(IV) – სერიოზული, ცნობისმოყვარე, თავაზიანი და ტაქტიანი ხალხია, თუმცა გრძნობების გამოხატვა უჭირთ. ძალიან სამართლიანები არიან, მაგრამ ეჭვიანებიც. რთული ხასიათი აქვთ, თუმცა დანაპირებს ყოველთვის ასრულებენ.

მაშ ასე, გავიგეთ, რომ სისხლის ოთხი ჯგუფი არსებობს, თითოეული – შესაბამისი ხასიათით. ოთხივე ეს ჯგუფი რეზუსდადებითებად და რეზუსუარყოფითებად იყოფა.

რეზუსუარყოფითი სისხლის პატრონებს ექიმები ხუმრობით „ცისფერსისხლიანებს” უწოდებენ. ალბათ იმიტომ, რომ ძალიან იშვიათია და საჭიროების შემთხვევაში დონორის პოვნა ძნელია.

თავისი სისხლის ჯგუფი და რეზუსი ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს. მე მესამე უარყოფითი მაქვს.

იცით, რა ფუნქციების მატარებელია თქვენი სისხლი? ის გიცავთ, ახორციელებს ჰომეოსტაზს, ჰემოსტაზს და სხვადასხვა ნივთიერების ტრანსპორტს.

სისხლის პლაზმის 90% წყალია, 10% – მშრალი ნივთიერება. ამ ნივთიერების 75%-ს კი ცილები შეადგენს, ანუ პლაზმაში ცილების შემცველობა 7,5%-ია. ყველაზე მეტია მარტივი სატრანსპორტო ცილები – ალბუმინები და გლობულინები. აქვეა ფიბრინოგენი, ტრანსფერინი, ცერულოპლაზმინი… ფიბრინოგენზე გამახსენდა – ალბათ იცით, რომ სისხლის შედედების პროცესში მონაწილეობს. ამ პროცესის წარმართვისთვის კი K ვიტამინი გვჭირდება.

ეს ისე, მცირე გადახვევად ჩავთვალოთ.

ნორმალურ სისხლში ალბუმინებისა და გლობულინების რაოდენობის შეფარდება მუდმივი სიდიდეა. ამ შეფარდებას „ცილოვან კოეფიციენტს” უწოდებენ და ის 1,5-დან 2,3-მდეა. ზოგიერთი დაავადების დროს თანაფარდობა იცვლება, ამიტომ მისი განსაზღვრა ექიმებს დიაგნოზის დასმაში ეხმარება.

სისხლის pH 7,4-ის ტოლია. სისხლში ნაწლავებიდან და ქსოვილებიდან განუწყვეტლივ შეიწოვება მჟავა და ტუტე ბუნების ნივთიერებები, მაგრამ მძლავრი ბუფერული სისტემების წყალობით მისი pH არსებითად არ იცვლება.

სისხლზე საუბრისას ცილა ჰემოგლობინი რომ არ ვახსენოთ, არ შეიძლება. მის შესახებ ყველას გაგიგონიათ. უფრო მეტიც – არ მეგულება ადამიანი, ერთხელ მაინც რომ არ გაეკეთებინოს ჰემოგლობინის ანალიზი. ჰემოგლობინი რთული ცილაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სფეროს, ანუ გლობულის ფორმა აქვს და ცილებისთვის დამახასიათებელ ოთხივე სტრუქტურას შეიცავს. HbA – ასე აღინიშნება ზრდასრული ადამიანის ცილა ჰემოგლობინი. თუმცა ვიდრე ზრდასრულ ფორმას მიაღწევდეს, ჰემოგლობინი ვითარდება. ადამიანის 7-12 კვირის ემბრიონის სისხლში პრიმიტიული ჰემოგლობინი – HbP – გვხვდება; ემბრიონის განვითარების მესამე თვეს წარმოიქმნება ფეტური ჰემოგლობინი – HbF. ბავშვი სწორედ ფეტური ჰემოგლობინით იბადება, რომელიც თანდათანობით ნორმალურით ანუ HbA-თი იცვლება. ჰემოგლობინი სატრანსპორტო ფუნქციას ასრულებს, რაც იმას ნიშნავს, რომ არტერიული სისხლიდან პერიფერიულში ჟანგბადი გადააქვს, იქიდან კი მოაქვს ენდოგენური ნახშირორჟანგი და წყალბადის იონები, რომლებიც ამოსუნთქულ ჰაერთან ერთად ტოვებენ ორგანიზმს. ჰემოგლობინის ერთი მოლეკულა ოთხ მოლეკულა ჟანგბადს იერთებს და ოქსიჰემოგლობინი წარმოიქმნება.
სტუდენტებთან პირველად რომ შევედი, ძალიან პატარა ვიყავი – მეორეკურსელი ასპირანტი. ბიოქიმიის წაკითხვა მანდეს, ლაბორატორიულ სამუშაოებსაც მე ვატარებდი. მინდოდა, სტუდენტები ყოველდღე რაიმე ახლით გამეოცებინა, ამიტომ ათასგვარ ცდას ვატარებდით. ერთ-ერთი კრისტალური ოქსიჰემოგლობინის მიღება იყო: 10 მლ კურდღლის, ძაღლის, ცხენის ან ბაყაყის სისხლს ამატებენ 2 მლ წყლისა და ეთერის ნარევს (1:1) და ურევენ სისხლის სრულ ჰემოლიზამდე. წითელ გამჭვირვალე სითხეს ჰემოლიზირებულ ან ლაქის სისხლს უწოდებენ. სითხეს ამატებენ ტოლი მოცულობის (12მლ) ამონიუმის სულფატის ნაჯერ ხსნარს, მოურევენ და მაშინვე აცენტრიფუგებენ, ფილტრავენ გამოლექილი ცილების ჩამოცილების მიზნით. ფილტრატს 24 საათით დახურულ ჭურჭერლში სიცივეში ტოვებენ. ამ ხნის შემდეგ მიკროსკოპში ნათლად ჩანს ოქსიჰემოგლობინის წითელი პრიზმისებრი კრისტალები.

მე ცხოველების სისხლი არ მქონდა, სამაგიეროდ, მქონდა ჩემი… დიახ, ამ ცდას საკუთარი სისხლით ვატარებდი. მერე ამ ამბავმა გაჟონა და კათედრის გამგე საშინლად გამიწყრა, „თვითგვემა” ამიკრძალა და პირობა ჩამომართვა, რომ თითებს აღარ დავიჩხვლეტდი.

ქალისთვის ჰემოგლობინის ნორმა 72-84 ერთეულია, მამაკაცის ორგანიზმი ამ ცილას ოდნავ მეტს შეიცავს. ატამი, გარგარი, ბროწეული, წითელი ტყემალი, ნატურალური შავი ღვინო, საქონლის ენა, ღვიძლი – ეს იმ პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც სისხლში ჰემოგლობინის შემცველობას გვმატებს. ჰემოგლობინი რკინის იონებს შეიცავს, ამიტომ, როცა იგი სათანადო რაოდენობითაა ორგანიზმში, რკინადეფიციტური ანემიისგან დაზღვეულნი ვართ.

მინდა, ერთი საოცარი რეცეპტი გაგიზიაროთ. ეს ტრადიციული აზერბაიჯანული სამზარეულოს გვირგვინია და კისინჟანის შაჰის ფლავი ეწოდება. ფლავს ჩვეულებრივ ამზადებენ სპეციფიკური სანელებლებითა და ხორცით. საოცარი მისი საწებელია, რომელიც ბროწეულის წვენისგან მზადდება. მომზადებისას წვენში სამჯერ დებენ გავარვარებულ ნალს და გაცივებას აცლიან. ძველად თურმე სწამდათ, რომ ამგვარად სოუსში გადასული რკინის იონები ორგანიზმს ამ მეტალით გაამდიდრებდა და სისხლიც ცილა ჰემოგლობინით შეივსებოდა. სხვათა შორის, ამ რეცეპტს ამსტერდამში ოქროს მედალი მიუღია, როგორც გემრიელ და სასასრგებლო საკვებს.

ერთ კითხვას დაგისვამთ: რამდენ ხანს გაძლებთ უჰაეროდ? ამ სიტყვებზე მეც ვცადე სუნთქვის შეკავება, მაგრამ მივხვდი, რომ თუ ისევ არ დავიწყდებდი სუნთქვას, თქვენ ამ წერილს ვეღარ წაიკითხავდით. იცით, რამდენ ხანს შეუძლია უჰაეროდ ყოფნა ზრდასრულ ადამიანს? მაქსიმუმ, სამი წუთი, თუ ნავარჯიშებია – ოთხი-ხუთი. ბრუკლინის უნივერსიტეტში ხელოვნური ერითროციტების მიღებაზე მუშაობენ. უფრო სწორად, ასეთი უჯრედები ხელოვნურად უკვე გამოყვანილია და მათზე დაკვირვებები მიმდინარეობს. ამგვარი ერითროციტების წყალობით ორგანიზმი ჟანგბადით გაცილებით უკეთ მომარაგდება, მის უფრო მეტ რაოდენობას გამოიყენებს და უჰაეროდ ერთ-ორ საათს გაძლებს. მეცნიერთა ეს მიღწევა განსაკუთრებით მყვინთავებს და ოკეანის შემსწავლელ სხვა მეცნიერებს გამოადგებათ. თუმცა ეს არც ისე ახლო მომავალში მოხდება. მანამდე კი… ჩვენი ისტორიის ფურცლები გაჟღენთილია ქართველთა სისხლით და ვინ იცის, წინ კიდევ რა გველის… მომიტევეთ, ჩემი მესამე ჯგუფის სისხლი მაწერინებს ასე.

თუმცა, მოდი, მურმან ლებანიძის სტრიქონებით დავასრულებ:
„უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
არა დაღვრილის – დასაღვრელის ალბათ მაცნეა…
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი,
არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა
არ გამაჩნია”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ქიმიური იარაღი

სატურნის სული

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“