კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

ლიტერატურული პერსონაჟი სოციალურ ქსელში

სოციალურ ქსელში, მასწავლებელთა ჯგუფებში, ხშირად სვამენ ასეთ კითხვებს: „სასწავლო წლის პირველ დღეს როგორ ხვდებით მოსწავლეებს?“, „დამწყები ვარ და რამეს ხომ არ მირჩევდით მოსწავლეებთან პირველი შეხვედრისთვის?“, „ახალ სადამრიგებლო კლასში შევდივარ და მოსწავლეების უკეთ გასაცნობად ვის რა გაგიკეთებიათ, ხომ არ გამიზიარებდით?“. ასეთ დროს მეც დიდი მოლოდინით ჩამოვშლი ხოლმე კომენტარებს და გულისყურით ვათვალიერებ. ნაწილი ძალიან ჰგავს ერთმანეთს და ცოტათი შაბლონურიცაა, თუმცა უმრავლესობა მართლაც ძალიან საინტერესო აქტივობას აღწერს. არადა, რომ წარმოვიდგენ, რამდენ დროს, ფიქრსა და ენერგიას მოითხოვს თითოეული აქტივობის დაგეგმვა და განხორციელება მასწავლებლისგან, მაშინვე ტაშის დაკვრის სურვილი მიჩნდება. ვისაც საკუთარ თავზე არ გამოუცდია, მათი თვალთახედვით, გაცილებით მარტივი და ჩვეულებრივი ჩანს ეს ყველაფერი, მაგრამ საკმარისია, თვალები დახუჭო, შეძვრე მასწავლებლის იმჟამინდელ ფიქრში, დაესწრო რესურსებზე რუდუნებით მუშაობის პროცესს, უცებ აღმოჩნდე საკლასო ოთახში, დაინახო ბავშვების ბედნიერი თვალები და მასწავლებლის კმაყოფილი სახე, რომ მიხვდები, რად ღირდა ეს ყველაფერი. და უცებ – „ეეე, რა კარგია, მოდი, აბა, მეც ვცდი!“

ჰოდა, ასეთი თვალიერების დროს შემომეფეთა ჩემი მეგობრის მიერ დამუშავებული ძალიან კარგი რესურსი სათაურით „პოსტი ინსტაგრამზე“ და ჩემს მესამეკლასელ მოსწავლეებზე დავფიქრდი – შეძლებდნენ თუ ვერა მასზე მუშაობას. ინფორმაციის დაცულობისა და მედიაწიგნიერების კუთხით არასასიამოვნო ფაქტის წინაშე აღმოვჩნდი, მაგრამ მოკვლევის შედეგად დავადგინე, რომ მათ უმრავლესობას აქვს facebook-პროფილი და მეტ-ნაკლებად აქტიური მომხმარებელიც არის. ალბათ ყველას მოგეხსენებათ, რაგვარია ამ ქსელის სპეციფიკა და რა სახის ინფორმაციას ითხოვს რეგისტრირებული პირისგან. მოსწავლეებსა და მშობლებთან წლის სამუშაო თემაც გამოჩნდა, თუმცა ჯერჯერობით მოსწავლეების ამ სახის გამოცდილების საკლასო სივრცეში გადმოტანა გადავწყვიტე. ვიფიქრე, რომ სასწავლო წლის პირველი გაკვეთილის სამუშაო აქტივობად ცუდი არ იქნებოდა მათთვის უკვე კარგად ნაცნობი თემებისა თუ საკითხების ფურცელზე გადატანა. გარდა ამისა, ეს მე როგორც დამრიგებელს საშუალებას მომცემდა, მოსწავლეებს უკეთ გავცნობოდი. მსგავსი აქტივობა ადრეც მინახავს და გადავწყვიტე, მაშინვე მომეძებნა pinterest.com-ის საშუალებით facebook-პროფილის სამუშაო ვერსიები. ბევრი ვეძებე, მაგრამ ქართულად ვერაფერი ვიპოვე. აღმოვაჩინე ინგლისურენოვანი ვერსია, რომელიც, ჩემდა საბედნიეროდ, იოლად დასამუშავებელი გამოდგა. ფორმა ვუცვალე, მოვარგე ჩემი მოსწავლეებისთვის საჭირო თემებს და ისე შევიტანე საკლასო ოთახში.

გთავაზობთ დამუშავებულ, ამოსაბეჭდ ვერსიას, რომელიც მოიცავს რამდენიმე საინტერესო საკითხს როგორც დამრიგებლებისთვის, ისე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისთვის:

  1. პროფილის ფოტო – აქ მოსწავლეს შეუძლია, ნახატის სახით წარმოადგინოს ავტოპორტრეტი;
  2. გარეკანის ფოტო – აქ ბავშვს შეუძლია, ასახოს გარკვეული მოვლენა ან ფაქტი, რომელიც მის იმჟამინდელ ფიქრებთან ყველაზე ახლოსაა;
  3. სახელი და გვარი – შეიძლება როგორც ნამდვილი სახელისა და გვარის, ისე ფსევდონიმის ან იმ თიკუნის მითითება, რომლითაც მას მიმართავენ და თავადაც მოსწონს;
  4. სამუშაო, განათლება – მოგეხსენებათ, მოსწავლეები არ არიან დასაქმებულები, მაგრამ თუ ისინი სწავლას საკუთარ მოვალეობად აღიქვამენ, ვფიქრობ, გაცილებით მეტად ექნებათ სკოლასთან მიკუთვნებულობის განცდა;
  5. საცხოვრებელი ადგილი – თუ მოსწავლე დაწყებით კლასებშია, ეს პუნქტი მას საშუალებას მისცემს, საკუთარი სახლის მისამართი უკეთ დაისწავლოს;
  6. ოჯახის წევრები – ეს მასწავლებელს მისცემს საშუალებას, შეკრიბოს მონაცემები იმის შესახებ, რამდენსულიან ოჯახში და ვისთან ერთად ცხოვრობს ბავშვი;
  7. ეროვნება – ამის დეფინიცია და განმარტება დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ ეროვნება ხშირად ერევათ კუთხურ წარმომავლობაში. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ თქვან: ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი და ა.შ., – ხშირად ამბობენ: გურული, კახელი, იმერელი და ა.შ.
  8. ხასიათი – აქ მოსწავლე ფიქრობს საკუთარ თავზე და უმეტესად ცდილობს, გამოკვეთოს ხასიათის ისეთი მხარეები, რომლებიც საკუთარ თავში მოსწონს;
  9. ჰობი/ინტერესი – ეს ჩემი საყვარელი პუნქტია, რადგან მეხმარება, მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით დავგეგმო მთელი სასწავლო წელი;
  10. ჩემ შესახებ – ეს თავისუფალი ველია, რადგან აქ მოსწავლე წერს იმ თემებზე, რომლებზეც ორგანაიზერში აქცენტირება არ ხდება, მაგრამ სათქმელი დარჩა და სურს, გაგვიზიაროს;
  11. მეგობრები – ეს პუნქტი მოიცავს მეგობრების პორტრეტს და, სურვილისამებრ, დახასიათებას.
  12. გამორჩეული, რომელიც აერთიანებს ისეთ საკითხებს, რომლებიც მოსწავლის გემოვნების უკეთ გაცნობაში ეხმარება მასწავლებელს. გარდა ამისა, მას შეუძლია, ეს ველები საკუთარი ინტერესებისა და შეხედულებებისამებრ ცვალოს. მაგალითად:
  • მუსიკა ან ფილმი – რას უსმენს, რას უყურებს;
  • წიგნი – რას კითხულობს;
  • საჭმელი ან დესერტი – რას მიირთმევს სიამოვნებით. შეიძლება აქვე რეცეპტის წერაც კი ვასწავლოთ;
  • მოდა – რას ფიქრობს ჩაცმულობაზე, როგორი სტილი მოსწონს ან რომელ აქსესუარებს ხმარობს უმეტესად;
  • სიტყვა/ფრაზა/წინადადება – რომელ სიტყვას, ფრაზას ან წინადადებას იყენებს ყველაზე ხშირად და რატომ;
  • აქტივობა – რა არის მისი ყოველდღიური აქტივობა, თამაში ან გართობა, რომელიც დიდ სიამოვნებას ანიჭებს;
  • აბრაზებს – რა არ მოსწონს და აბრაზებს ყველაზე მეტად;
  • ახარებს – რა მოსწონს, რა იწვევს მის ბედნიერ ღიმილს და ა. შ.
  1. პოსტი – ამ ველში მოსწავლემ უნდა აღწეროს იმჟამინდელი მოვლენა, განწყობა, ფიქრი ან შეხედულება. აქ შეუძლია გამოიყენოს ნახატი, მოვლენის სიტყვიერი აღწერა, ემოციური ფონი და ა.შ.

დასასრულ, ძალიან მნიშვნელოვანია (სურვილის შემთხვევაში) ნამუშევრების პრეზენტაცია. ეს თავად მოსწავლეებსაც დაეხმარება, უკეთ გაიგონ კლასელების სურვილები, განწყობები და ფიქრები, მით უმეტეს, ერთმანეთი სამი თვეა არ უნახავთ და წესით, მცირე გაუცხოება ექნებათ. ამგვარი საუბრები მათ ერთმანეთს თავიდან აღმოაჩენინებს, საერთო ინტერესებს აპოვნინებს და საკლასო ატმოსფერო მათთვის გაცილებით ფერადი და ახლობელი გახდება.

აქვე უნდა ითქვას, რომ რესურსის მიზანი მხოლოდ ერთმანეთის გაცნობა და დაახლოება არ არის. პედაგოგებმა ის შეიძლება გამოიყენონ ნებისმიერი ლიტერატურული ტექსტისა თუ წიგნის დამუშავების დასკვნით ეტაპზე, პერსონაჟის ღრმად შესწავლის მიზნით. განმეორებით გამოყენებისას მასწავლებელს დიდ დახმარებას გაუწევს ის ფაქტი, რომ მოსწავლეებს გრაფიკული ორგანაიზერის შევსების გამოცდილება უკვე აქვთ. არ არის გამორიცხული, ფორმალური და მიზნობრივი დამუშავებით რესურსი კომპლექსური დავალების პროდუქტადაც ვაქციოთ. ყველაფერი მასწავლებელზე, მის ხედვასა და მოსწავლეთა საჭიროებებზეა დამოკიდებული.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი