…ალბათ ხშირად გაგიგონიათ ფრაზა მასწავლებლებზე – „თქვენ რა გენაღვლებათ 40-დღიანი შვებულება გაქვთ“. სინამდვილეში მასწავლებელი არასდროს ისვენებს. ეს ზაფხული განსაკუთრებით დატვირთული გამოდგა პედაგოგებისთვის. კარიერული წინსვლის პროცესი, პორტფოლიოების მოწესრიგება, გასაუბრებები კომისიასთან, სტატუსის ცვლილების მოლოდინი, ავტორიზაციის პროცესი სკოლებში, კონტექსტ-მაგალითები, საგნობრივი კურიკულუმების შემუშავება, კომპლექსური დავალებები, განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებები – ეს იმ საქმიანობის არასრული ჩამონათვალია, რომლებზე მუშაობაც 2023 წლის ზაფხულში მოუწიათ მასწავლებლებს.
როდისღა გამონახოს მასწავლებელმა დრო და ენერგია ახალი სასწავლო წლისთვის მოსამზადებლად?
მუდმივად რეფორმის პროცესში მყოფი განათლების სისტემის გამო, მთავარი საზრუნავი – ჩვენი აღსაზრდელები – ყურადღების მიღმა რჩებიან… ამ დროს მოსწავლეებს უყვართ სიახლეები, საინტერესო პროექტები, შემეცნებითი აქტივობები, რესურსებითა და თვალსაჩინოებებით მდიდარი გაკვეთილები.
რა შევთავაზოთ მოსწავლეებს, როდესაც ისინი სკოლაში დაბრუნდებიან?
ამ შეკითხვას ყოველთვის ვუსვამ საკუთარ თავს. პასუხების ძიება საკუთარი პრაქტიკის თვითრეფლექსიისკენ, ჩემი კოლეგების საქმიანობის ანალიზისკენ, ქართული და საერთაშორისო სიახლეების გაცნობისკენ მიბიძგებს.
ამ წერილში თავი მოვუყარე საკუთარი თუ კოლეგების მიერ წლების განმავლობაში ნაცად და გამოცდილ აქტივობებს, პროექტებს, ღონისძიებებს, რომლებმაც მიიპყრო მოსწავლეების ყურადღება, გაზარდა სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობა, სკოლისადმი მიკუთვნებულობის განცდა, აამაღლა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, გააძლიერა საკვანძო კომპეტენციები, და ა.შ. სტატიაში, ასევე, გაგიზიარებთ ინფორმაციას საინტერესო ღია კურსების, კონკურსებისა და საერთაშორისო შესაძლებლობების შესახებ.
მოსწავლეებში სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარება
მოსწავლეებში სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. კვლევები ცხადყოფს, რომ აღნიშნული კომპეტენციების ამაღლება პირდაპირ აისახება მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებაზე, ქცევის კორექციასა და სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებულ სხვა კომპონენტებზე. აღნიშნულის შესახებ ასევე საუბრობს გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) ფონდის კვლევა.
სამწუხაროდ, დღევანდელი ქართული რეალობის ზოგადი განათლების სისტემა დაცლილია ამ სოციალურ-ემოციური კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომებისგან, ზოგ შემთხვევაში კი ის ძალიან ფრაგმენტულია.
კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრმა (CTC), „სკოლა ლაბის“ პროგრამის ფარგლებში შეიმუშავა სპეციალური სახელმძღვანელო „მოსწავლეების სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარება საბაზო საფეხურზე“ და ონლაინ (თვითმართვადი) კურსი მასწავლებლებისთვის.
ახალი სასწავლო წლისთვის მოსწავლეების სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობების, არაფორმალური შეხვედრების დაგეგმვა და შეთავაზება ნამდვილად კარგი არჩევანი იქნება.
დოკუმენტური და მხატვრული ფილმები გაკვეთილზე და მის გარეთ
მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს ნებისმიერი ასაკის ადამიანის დაინტერესება შეუძლია. სასკოლო გარემოში მათი გამოყენების ეფექტურობა არაერთხელ დადასტურებულა. მათი დაკავშირება შესასწავლ საკითხებთან, თემებთან აადვილებს პრობლემის გააზრებასა და ხელს უწყობს ვიზუალიზაციას.
ინტერნეტსივრცეში ხელმისაწვდომია ცნობილი ტელევიზიებისა თუ გამომცემლობების (BBC, National geographic, DW და ა.შ.) მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმები. სამწუხაროდ, მათი უმრავლესობა ინგლისურ ენაზეა. სხვადასხვა პლატფორმაზე ქართულად გახმოვანებული დოკუმენტური ფილმების მოძიებაც არის შესაძლებელი. დოკუმენტური ფილმების ფართო არჩევანს გვთავაზობს საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივი.
საგაკვეთილო ფორმატის გარდა, ჩვენებების მოწყობა ეფექტურია კინო-კლუბის ფორმატში. ყოველკვირეული ჩვენებების დამკვიდრება, დისკუსიების მოწყობა და საინტერესო აქტივობების შეთავაზება ხელს უწყობს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების გააქტიურებას, კინოხელოვნებით დაინტერესებას და სხვა.
ქართულ რეალობაში მასწავლებლებსა და მოსწავლეებს მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ჩამონათვალს სთავაზობენ შემდეგი პლატფორმები:
საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმები;
ტელესკოლა – დიდი გამოგონებები;
ღია წყარო Youtube-ზე განთავსებული ქართულენოვანი დოკუმენტური ფილმები.
მეწარმეობის ხელშეწყობა სკოლაში
ქართულ სკოლებში მეწარმეობის წახალისებაზე ორიენტირებული პროექტებისა და პროგრამების რაოდენობა ნელ-ნელა იზრდება. მე-11 კლასში საგან „მოქალაქეობის“ ფარგლებში მთლიანი თავი ეთმობა მეწარმეობასთან დაკავშირებულ საკითხებს. არსებობს არჩევითი საგანი მეწარმეობაში. X-XI კლასში არჩევითი საგნის არჩევის შემთხვევაში, მასწავლებელსა და მოსწავლეებს შეუძლიათ შექმნან კომპანიები. ამ შემთხვევაში, „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო“ პედაგოგებს ეხმარება საგანმანათლებლო რესურსებით და გასცემს გაყიდვების უფლების დამადასტურებელ სერტიფიკატს.
„ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ ეგიდით შექმნილმა კომპანიებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.
მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს განუვითაროთ/ჩამოვუყალიბოთ ემპათიის უნარი და გავუძლიეროთ სხვების დახმარების სურვილი. ამის საშუალებას, სკოლებში სოციალური მეწარმეობა ელემენტების ინტეგრირება იძლევა.
სოციალური მეწარმეობას არაერთი დადებითი ეფექტის მოტანა შეუძლია. მოსწავლეები იძლიერებენ მეწარმეობის კომპეტენციებს, სწავლობენ არსებულის ახლებურად გარდაქმნას და ზრუნავენ იმ ჯგუფზე, რომლებსაც მეტი ყურადღება ან დახმარება სჭირდებათ, უფრთხილდებიან გარემოს და ხელს უწყობენ მდგრადი განვითარების მიზნების პრაქტიკაში დამკვიდრებას.
სათემო ინიციატივები და გარემოზე ზრუნვა
ზოგადი განათლების მიზანი აქტიური მოქალაქის აღზრდაა. თემში არსებულ პრობლემების შესწავლა და მათ მოგვარებაზე ორიენტირებულ აქტივობებში მოსწავლეების ჩართვა მიზნის მიღწევის ერთ-ერთი საშუალებაა. თემის საჭიროებიდან გამომდინარე, ჩვენი ჩართულობით, მოსწავლეებმა შეიძლება დაგეგმონ: სპორტული აქტივობები და შეჯიბრებები, გარემოსდაცვითი ღონისძიებები, ცნობიერების ამაღლების კამპანიები და სხვ.
ხელოვნების როლის გაზრდა სკოლაში
ბავშვებს განსაკუთრებით იზიდავთ თეატრალიზებული წარმოდგენები, ფორუმ-თეატრები, საკუთარი ნამუშევრების გამოფენა და ზოგადად, საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა. ამიტომ მათთან ერთად სცენარების მოფიქრება, როლების გათამაშება და ჩვენებების მოწყობა მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებით დაინტერესების ეფექტურ გზას წარმოადგენს.
შეჯამება
მოსწავლეებს უყვართ პროცესის ფორმალიზება, სახელის ირგვლივ გაერთიანება. ერთად მოიფიქრეთ და დახატეთ კლუბის ლოგო, აირჩიეთ მენეჯერი/ლიდერი, შექმენით სარეგისტრაციო ფურცლები და შეავსეთ ყოველ შეხვედრაზე. აუცილებელია, პროცესის რეფლექსია-შეფასება. ყოველი თვის ბოლოს შეაჯამეთ თქვენი შედეგები.
თანამედროვე სამყარო მჭიდროდ დაკავშირებულია ტექნოლოგიებთან. შემოთავაზებული იდეების დანერგვის პარალელურად გამოიყენეთ ციფრული პლატფორმები. შექმენით ტელევიზია, ჩაწერეთ პოდკასტები, მოამზადეთ ბლოგები და ა.შ.
დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, უამრავი ჩემი კოლეგა უთმობს დროს არაფორმალურ განათლებას და სასკოლო გარემოსა და თემს უკეთესობისკენ ცვლიან.