სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ნობელიანტები თბილისში – თბილისის მუზეუმების გაერთიანების საფეხმავლო ტურის კვალდაკვალ

ანჩისხატის უბანში ჩვეული ხალხმრავლობაა. გაბრიაძის თეატრის საათმა ოთხჯერ ჩამოჰკრა, მზემ ცეცხლოვანი ფრთები გაშალა. სწორედ ის დროა, რომ სამყაროში რაღაც მშვენიერი მოხდეს…

ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმის წინ თავყრილობაა – აქ შეკრებილებმა ერთ ახალ, საინტერესო საფეხმავლო ტურში უნდა მიიღონ მონაწილეობა. „ნობელიანტები თბილისში“ – ასე ჰქვია ამ ტურს და ის თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების ახალი ინიციატივაა. ეს ტური გულისხმობს ყველა იმ ტოპოსის, მოვლენის და სახელის გაცოცხლებას, რომლებიც თბილისში მოგზაურ ნობელიანტებს უკავშირდება.

ასეთი კი არაერთი იყო: კნუტ ჰამსუნი, შიმონ პერესი, ჯონ სტაინბეკი, ბერტა ფონ ზუტნერი. საერთოდაც, თბილისი ყოველთვის აღელვებდა დედამიწის სხვადასხვა მხარეში მცხოვრებ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს – ხელოვანებს, მეცნიერებს თუ უბრალოდ მოგზაურებს.

თბილისის მუზეუმების გაერთიანების ამ შთამბეჭდავ საფეხმავლო ტურში მოისმენთ უნიკალურ ამბებს ჩვენს ნობელიანტ სტუმრებზე, აღმოაჩენთ თბილისის აქამდე უცნობ შრეებს, მიიღებთ საინტერესო ინფორმაციას ამა თუ იმ არქიტექტურული ძეგლის შესახებ.

ამ გზის ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმიდან დაწყებაც სიმბოლურია – XIX საუკუნის მემორიალური შენობა თბილისის ერთ-ერთ ძველ, კოლორიტულ კალა-უბანში მდებარეობს. ეს არის საუკუნოვანი ძეგლებითა და მოსახლეობის ეროვნული სიჭრელით გამორჩეული, ისტორიულად მნიშვნელოვანი ადგილი.

აქედან გზას სასტუმრო „ლონდონისკენ“ მივუყვებით. „კონკა“ და თბილისელი „მეფარნე“, ორბელიანის მოედანი, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და დავით სარაჯიშვილის საფლავი – ამ გზის სანიშნეებია, რომლებითაც საუკუნის წინანდელი თბილისური ქრონიკები იფურცლება.

ჩვენც წარმოსახვით ავედევნოთ „ნობელიანტების ტურის“ მგზავრებს და გზადაგზა ამ საინტერესო და მნიშვნელოვანი ინიციატივის შესახებაც ვისაუბროთ. ჩვენი თანამოსაუბრე კი თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალური ხელმძღვანელი ნინი სანადირაძეა – უამრავი ბრწყინვალე იდეის ავტორი და განმახორციელებელი. სწორედ მისი და მისი გუნდის თავდაუზოგავი შრომის შედეგია თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებაში შემავალი სივრცეების დამუხტვა ასეთი მომაჯადოებელი, ღრმად შემეცნებითი შინაარსით.

 როგორ გაჩნდა ნობელიანტების ტურის იდეა მუზეუმების გაერთიანების კონტექსტში?

ნინი სანადირაძე: დღეს, როცა მუზეუმების ახალ როლზე და მისიაზეა საუბარი, აუცილებელია, განვიხილოთ ინსტიტუციური მიმართულება და მუზეუმის თანამედროვე მნიშვნელობა და ფუნქცია. თბილისის მუზეუმების გაერთიანების მთავარი მისია ეს არის მუზეუმების ახალი როლი თანამედროვე საზოგადოებაში, რომელიც შეიძლება აღვწეროთ, როგორც ტრადიციული სამუზეუმო საქმიანობის შენარჩუნებისა და საგანმანათლებლო ასპექტის სინთეზი, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილებულია თითოეული ადამიანისთვის ცოდნის გაზიარებაზე. თბილისის მუზეუმების გაერთიანების სტრუქტურაში შემავალი მუზეუმები ორიენტირებულნი არიან გააცნონ დამთვალიერებლებს იმ ადამიანთა სახელები, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით  XIX-XX საუკუნეების ქართული კულტურის ჩამოყალიბებაში.

გარდა მემორიალური მუზეუმების რეაბილიტაცია-დაცვისა და საგანმანათლებლო აქტივობების გააქტიურებისა, თბილისის მუზეუმების გაერთიანების ერთ-ერთი მიმართულება სამეცნიერო და შემეცნებითი კონტექსტის შექმნაა, რაც საგამომცემლო საქმიანობასთან ერთად, თბილისთან დაკავშირებული კონტექსტის კვლევასაც მოიცავს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, აღვადგინოთ და საგანმანათლებლო კონტექსტად ვაქციოთ ის  მოვლენები, რომლებიც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ადგილობრივი დამთვალიერებლებისა და ვიზიტორებისთვის მრავალფეროვანი ინფორმაციის მიწოდებასა და ეპოქისეული თხრობის აღდგენას და, მეორე მხრივ, საქართველოს პოპულარიზაციასა და მსოფლიო მნიშვნელობის კონტექსტის შესახებ ინფორმაციის გაფართოებას.

ჩვენ მიერ წარმოდგენილი მარშრუტი „ნობელიანტები თბილისში“ მიზანია, მე-19 საუკუნის ბოლოდან მე-20 საუკუნის 60-იან წლებამდე აღვადგინოთ და გავაცოცხლოთ საქართველოს არქივებსა და მემუარებში დაცული მასალა და თხრობაში ჩავრთოთ ის ტურისტული და სამუზეუმო ობიექტები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად კავშირში არიან ნობელიანტთა სტუმრობასთან თბილისსა და საქართველოში.

წარმოდგენილი მარშრუტი მოიცავს მე-19 საუკუნის ბოლოდან მე-20 საუკუნის 60-იან წლებამდე საქართველოს ისტორიის შესწავლის ახლებური შესაძლებლობების წარმოჩენას, ქვეყნის მხატვრული, კულტურული, საგანმანათლებლო და აკადემიური საქმიანობის შესახებ, რომელიც ტურის მონაწილეს აღმოაჩენინებს სტუმრების თვალით დანახულ უცხო და საინტერესო თბილისსა და ქვეყნის მნიშვნელოვნებას ევროპული ინტერესების ოჯახში.

 

 

სასტუმრო „ლონდონსაც“ მივადექით. აქ, საქართველოში მოგზაურობისას ნობელიანტი მწერალი კნუტ ჰამსუნი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა (1899წ.).

სასტუმრო „ლონდონი“ – Hotel de Londres – 1875 წელს გაიხსნა მადათოვის ქუჩის #21 სახლში (ახლანდელი ათონელის #31). ის თავიდან ალექსანდრე იაკობის ძე ზუბალაშვილს ეკუთვნოდა, შემდეგ მის ძმას – კონსტანტინეს, ხოლო 1901 წელს, კონსტანტინეს გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრეობით ერგო მის მესამე ვაჟს პეტრეს.

„ლონდონის“ სტუმართა შორის იყო მრავალი გამოჩენილი ადამიანი, მათ შორის რუსი კომპოზიტორი პიოტრ ჩაიკოვსკი (1888 წელს), მარკიზი ჯორჯ კერზონი, შემდგომში ინდოეთის ვიცე-მეფე და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი (1892 წელს), ინგლისელი სიძველეთა მკვლევარი და პოლიტიკური ემისარი გერტრუდ ბელი (1892 წელს) და ნორვეგიელი მწერალი კნუტ ჰამსუნი (1899 წელს).

აქ მიღებული შთაბეჭდილებები ჰამსუნმა აღწერა წიგნში „მოგზაურობა ზღაპრულ მხარეში“, რომელშიც აღტაცებით მოიხსენია საქართველოს ბუნება, მკითხველს უამბო აქაურ ტრადიციებზე. თბილისში  ჩამოსული მწერალი მეუღლესთან ერთად სასტუმრო „ლონდონში“ დაბინავდა და დედაქალაქმა მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. განსაკუთრებით ეს ითქმის მის აზიურ ნაწილზე.  „აი თბილისიც. ქალაქი, რომელზეც ასე ბევრს წერდნენ რუსი პოეტები და სადაც თამაშდება მრავალი რუსული რომანის მოქმედება. წუთით ბავშვად ვიგრძენი თავი, ვიცქირები შორს და მესმის, როგორ მიცემს გული” – წერდა ნობელიანტი მწერალი.

 

„ლონდონი“ სწრაფად ითვისებდა სიახლეებს. ეს იყო თბილისის ერთ-ერთი პირველი შენობა, რომელშიც მოეწყო ელექტროგანათება. 1913 წელს სასტუმროს ჰქონდა ავტოსადგომი. მოგზაურები ახსენებენ სასტუმროს სამკითხველოს, რომელშიც შეიძლებოდა ევროპული პრესის გაცნობა. „ლონდონის“ გამორჩეული ღირსება იყო  ევროპულ ენებზე მოლაპარაკე პერსონალი.  1913 წლის სარეკლამო განცხადებით, აქ შეეძლოთ სტუმრებთან საუბარი ფრანგულად, გერმანულად და ინგლისურად.

სასტუმრო „ლონდონს“ ილია ჭავჭავაძეც სწვევია – ის სასტუმროში იქ მცხოვრებ ინგლისელ სლავისტთან უილიამ რიჩარდ მორფილთან შესახვედრად მივიდა იაკობ მანსვეტაშვილის თანხლებით.

სასტუმრო ლონდონის“ პირდაპირ, მირზოევების სახლში, 1881 წელს ჰექტორ დელალანდმა გახსნა სასტუმრო „გრანდ-ოტელი“. მას გრძელი სამსართულიანი შენობის (ახლა საცხოვრებელი სახლია, ათონელის ქ. #29/ ხიდის ქ. #1) ნაწილი ეკავა – აქვე განლაგებული იყო მაღაზიები, აფთიაქი, საზოგადოება „ღუზის (Якорь)“ კანტორა და სხვა. „ნობელიანტების მარშრუტი“ ამ ადგილების დათვალიერებასაც გულისხმობს.

 

ნინი სანადირაძე: წარმოდგენილი მარშრუტის განსაკუთრებულობა, გარდა ისტორიული კონტექსტისა, მნიშვნელოვანია ასევე ჩართული ობიექტებისა და საფეხმავლო ტურის თვალსაზრისითაც. ტურში ჩართულია თბილისის მუზეუმების გაერთიანების ისეთი ობიექტები, როგორიცაა ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი, კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმი.

 

სწორედ კოტე და სოსო წერეთლების სახლ-მუზეუმში გიამბობენ კიდევ ერთი ნობელიანტის – შიმონ პერესის საქართველოსთან ურთიერთობის შესახებ. განახლებული სამუზეუმო სივრცე ორ ნაწილადაა გაყოფილი, სახლ-მუზეუმის ერთი ნაწილი ცნობილი ქართველი ენათმეცნიერის, არამეული დიალექტოლოგიის ფუძემდებლის, აკადემიკოს კოტე წერეთლის სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეთმობა, ხოლო მეორე ნაწილი, მისი ვაჟის, ნიჭიერი მხატვრის სოსო წერეთლის შემოქმედებას, რომელიც 80-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ამბის „თვითმფრინავის საქმის“ მონაწილე იყო.

კოტე წერეთლის საარქივო მასალები აღმოსავლეთის ქვეყნებში სხვადასხვა ვიზიტისა და სამუშაო მივლინებების შესახებ მოგვითხრობს. მათ შორისაა ისრაელის სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ფიგურის შიმონ პერესის შესახებ მოგონებები და სხვადასხვა ჩანაწერები. შიმონ პერესი საქართველოს რამდენჯერმე ესტუმრა, მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2003 წლის ვიზიტი, რომელსაც კოტე წერეთელიც ესწრებოდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამთავრობო შეხვედრებს, ისრაელის სახელმწიფოში ყოველთვის ახლდა კოტე წერეთელი, რომელსაც არაერთი სამეცნიერო და საპატიო შეხვედრა მოუწყვეს ისრაელში შიმონ პერესის სახელმწიფო მმართველობის დროს. 1994 წელს პალესტინასთან სამშვიდობო ხელშეკრულებებზე ხელმოწერისთვის შიმონ პერესმა ნობელის პრემია მიიღო ისრაელის მაშინდელ პრემიერ იცხაკ რაბინთან და პალესტინის ლიდერ იასირ არაფატთან ერთად.

 

წერეთლების მუზეუმიდან გალაკტიონის ხიდისკენ მივდივართ. გზად ბევრია მოსაყოლი, თხრობის მთავარი აქტორები კი ამერიკელი ნობელიანტი მწერალი ჯონ სტაინბეკი და ფოტოგრაფი რობერტ კაპა არიან. ჯონ სტაინბეკმა და რობერტ კაპამ ერთმანეთი 1943 წელს, ალჟირში გაიცნეს. 4 წლის შემდეგ კი ისინი „რკინის ფარდის“ მიღმა – საბჭოთა კავშირში გამოემგზავრნენ. კაპას ფოტო-ობიექტივში მოხვდა საქართველო (თბილისი, მცხეთა, დასავლეთი საქართველო), აღბეჭდა უნიკალური კადრები: მარიამობის დღესასწაულზე ჩატარებული წირვა, კალისტრატე ცინცაძის პორტრეტი, 40-იანი წლების თბილისის, გორის, ბათუმის პეიზაჟები.

ჯონ სტაინბეკი 1963 წელს მეორედ მარტო ეწვია თბილისს. ამ ვიზიტის შესახებ კიდევ უფრო ნაკლებადაა ცნობილი. ერთი წლით ადრე, 1962 წელს, ჯონ სტაინბეკს ნობელის პრემია მიენიჭა ლიტერატურაში „მისი იშვიათი რეალისტური და ფანტაზიებით მდიდარი თხრობის სტილისათვის, რომელიც გამორჩეულია იუმორითა და სოციალური გამჭრიახობით“. 1963 წელს ჯონ სტაინბეკი საბჭოთა კავშირს პრეზიდენტ ჯონ კენედის შეთავაზებითა და სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ინიციირებული კულტურათა გაცვლის პროგრამის ფარგლებში ეწვია (15 ოქტომბერი-14 ნოემბერი), მეუღლე ელეინთან და დრამატურგ ედვარდ ობლისთან ერთად. ამერიკელ მწერალს თარჯიმნობას უწევდა ფრიდა ლურიე, რომელიც საბჭოთა კავშირში დამკვიდრებული ტრადიციით, ანგარიშს აბარებდა ВОКС-ს და, შესაბამისად, სპეცსამსახურებს.

 

გალაკტიონის ხიდიდან უზნაძის ქუჩისაკენ გადავუხვევთ და „ნობელიანტების მარშრუტის“ ახალ ტოპოსს ვფურცლავთ, ქალაქის მეხსიერების სანიშნეებით – დღევანდელი დ. უზნაძის ქუჩა 54, ოდესღაც „ნოიტიფლისი“, კიდევ ერთი ნობელიანტი მწერალი ქალის – ბერტა ფონ ზუტნერის სახელს უკავშირდება.

1818 წლის ბოლოს საქართველოში ექვსი შვაბური ე.წ. კოლონია დაარსდა: ალექსანდერსდორფი (დღევანდელი დიდუბე), ელიზაბეტტალი (ასურეთი), პეტერსდორფი (იორზე), ანენფელდი (შამქორი აზერბაიჯანში), ჰელენენდორფი (ქანლარი აზერბაიჯანში) და კატარინენფელდი (ბოლნისი). მეშვიდე კოლონია, მარიენფელდი (სართიჭალა) 1817 წელს შვაიკჰაიმიდან ჩამოსახლებულმა კოლონისტებმა დააარსეს. ამ კოლონიებს მოგვიანებით კიდევ რამდენიმე დასახლება დაემატა, მათ შორის იყო ნოიტიფლისი.

სწორედ ნოიტიფლისში, დღევანდელ დ. უზნაძის ქუჩა #54-ში, მცირე ზომის, ორსართულიან, ერთსადარბაზოიან სახლში, მე-19 საუკუნის ბოლოს ავსტრიელი ნობელიანტი ქალბატონი ბერტა ფონ ზუტნერი და მისი მეუღლე არტურ გუნდაკარ ფონ ზუტნერი ცხოვრობდნენ. დღესდღეობით, სახლს მემორიალური დაფა ამკობს, რომელიც ავსტრიელი ნობელიანტი ქალისა და მისი მეუღლის თბილისში, ამ სახლში ცხოვრების შესახებ იუწყება.

ავსტრიელი ნოველისტი, სამშვიდობო მოძრაობის აქტივისტი და პირველი ნობელიანტი ქალბატონი ბერტა ფონ ზუტნერი 1876–1885 წლებში მეუღლესთან, არტურ გუნდაკარ ფონ ზუტნერთან ერთად  საქართველოში ცხოვრობდა. საქართველოში ისინი სამეგრელოს დედოფალმა ეკატერინე დადიანმა მიიწვია.

ბერტა ფონ ზუტნერის ლიტერატურული მემკვიდრეობა შეიცავს ბელეტრისტულ, პუბლიცისტურ, კრიტიკულ და ისტორიული ხასიათის ნარკვევებს. ევროპაში სახელი გაითქვა პაციფისტური რომანით “ძირს იარაღი!” (1889). 1905 წელს მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. მისი წიგნის “მემუარების” (1909) ვრცელი თავი მთლიანად საქართველოს ეძღვნება. აღსანიშნავია, რომ ცოლ-ქმარს, იონა მეუნარგიას თხოვნით, უთარგმნია “ვეფხისტყაოსანი” გერმანულ და ფრანგულ ენებზე, მაგრამ ხელნაწერი მიუკვლეველია. სავარაუდოა, რომ ინახება მათ არქივში.

ვიდრე ჩვენი მარშრუტის საბოლოო ტოპოსს მივადგებოდეთ, ნინი სანადირაძესთან კიდევ ერთი კითხვა გვაქვს:

  • რამდენად აქტიურ ჩართულობას ელოდებით და ვის მოიაზრებთ ამ ტურის მონაწილეებად?

ნინი სანადირაძე: მარშრუტის მიზანია თბილისისა და საქართველოს ისტორიის პოპულარიზება მსოფლიო კონტექსტის თვალსაზრისით როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელი მსმენელისა და დამთვალიერებლისთვის. სამუზეუმო რესურსები, ფონდები და კოლექციები მნიშვნელოვანი რესურსია არაფორმალური განათლებისთვის, ხოლო არაფორმალური განათლების წარმატების პირობაა ურთიერთქმედების ემოციური მხარე, რომელიც ბადებს სამყაროსადმი დამოკიდებულების ან პიროვნების ინტერესთა ცვლილებებს.

წარმოდგენილი მარშრუტისათვის აუცილებელი სარეკომენდაციო ობიექტების და ადგილების რაოდენობა და მრავალფეროვნება, რომლებიც თბილისის ისტორიის შესწავლა-პოპულარიზების საკითხთან, მსოფლიო ისტორიის კონტექსტში გააზრებასთანაა დაკავშირებული, სრულიად აკმაყოფილებს თემატური ექსკურსიისადმი წაყენებულ მოთხოვნებს, რასაც წარმოდგენილი მასალები, ობიექტები და თემატიკა ადასტურებს. წარმოდგენილი მარშრუტი ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას მოსწავლე-ახალგაზრდობასა და დაინტერესებულ პირებში და მოიცავს კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის აღქმას, შემეცნებით მნიშვნელობასა და სამუზეუმო რესურსების კვლევის აუცილებლობაზე ცოდნის გაღრმავებას.

თბილისის მუზეუმების გაერთიანების მისიაა სასწავლო პროცესში  სამუზეუმო  ფონდების  აქტიურად გამოყენება და საგანმანათლებლო რესურსებად ქცევა. მისი მიზანია უმაღლესი სკოლის, სამეცნიერო კვლევისა და  სამუზეუმო პრაქტიკის ერთ ინსტიტუციაში გაერთიანება, რომელიც გულისხმობს ინტერდისციპლინარული კვლევების განსაკუთრებულ  მნიშვნელობას,  სადაც ყველა კომპონენტი ერთობლივად გაანალიზდება და უზრუნველყოფს მოსწავლეთა  დამატებით განათლებას. აღნიშნულის განსახორციელებლად მუზეუმების გაერთიანებამ უკვე მოამზადა და გამოსცა ორი მნიშვნელოვანი კვლევა: „ილია და თბილისი“ და „გალაკტიონი და თბილისი“. წარმოდგენილი ტურიც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კვლევითი კომპონენტია, რომლის პოპულარიზება და გავრცელება, კიდევ უფრო მასშტაბურს გახდის თბილისი ისტორიის კვლევას ევროპული ოჯახისთვის.

 

ევროპული კონტექსტი, სული და ატმოსფერო კი, სად უნდა განიცადო იმაზე ცხადად და შთამბეჭდავად, ვიდრე ილია ჭავჭავაძის განახლებულ სახლ-მუზეუმში? ამ მნიშვნელოვანი ტურის ფინალური წერტილიც სწორედ ილიას მუზეუმია – ივანე ჯავახიშვილის #7-ში მდებარე სახლი, რომელიც მთელი მე-19 საუკუნის განმანათლებლური და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სულს ირეკლავს და რომელსაც, სულ ცოტა ხნის წინ ევროპის მუზეუმების ფორუმის EMYA 2023-ის მნიშვნელოვანი პრემია, კატეგორიაში „სპეციალური აღნიშვნის პრიზი“ , მიენიჭა.

ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი ილია ჭავჭავაძე ამ სახლში, რომელიც თავის დას ელისაბედ  ჭავჭავაძე-საგინაშვილსა და ელისაბედის მეუღლეს ეკუთვნოდა,  1888-1901 წწ. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მეუღლესთან – ოლღა გურამიშვილთან ერთად. ამ სახლს უკავშირდება ილიას საზოგადოებრივ – პოლიტიკური და შემოქმედებითი ცხოვრების აქტიური წლები. შენობის მეორე სართულზე იყო მოთავსებული  გაზეთ „ივერიის“ რედაქცია, ხოლო სარდაფში 1991 წლიდან 1901 წლის მაისამდე – მაქსიმე შარაძისა და ამხანაგობის სტამბა, სადაც იბეჭდებოდა გაზეთი „ივერია“ და სხვა პერიოდული  გამოცემები, მხატვრული და სასულიერო ლიტერატურა, სამეცნიერო შრომები, სახელმძღვანელოები.

„ივერიის“ რედაქციის შენობაში  ჩაუყარა საფუძველი  ილია ჭავჭავაძემ ეროვნულ ღონისძიებებს – ტრადიციულ „ხუთშაბათობებს“, რამაც მალე აქცია ეს სახლი  პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოების თავშეყრის ადგილად და ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების ეპიცენტრად.

მუზეუმში ეპოქალური შესაბამისობის გათვალისწინებითა და ეპისტოლარული მემკვიდრეობით გადმოცემული აღწერილობით განახლებულია საგამოფენო და მემორიალური სივრცეები, სამუზეუმო საფონდო მასალებითა და ეპოქალური ნივთებით.

ილიას სახლ-მუზეუმი „ნობელიანტების მარშრუტის“ ბოლო ფურცელია. თუმცა, როგორც ყველა ნამდვილი ისტორიის, ნამდვილი ტექსტის წესია – ეს ბოლოც ახლის დასაწყისია. ეს ამბები, შთაბეჭდილებები, ემოცია და ვიზუალური სურათები, რომლებითაც მთელი ეს ტურია დახუნძლული, თითოეულ დამთვალიერებელში ახალ გზებს გააჩენს, თბილისთან და ისტორიასთან ურთიერთობის ახალ სივრცეებს გაამჟღავნებს.

ეს კი, უკვე პირადი გზებია. ამ გზების ხიბლი და საიდუმლოებები – ჩვენი შუქ-ჩრდილები დროსა და ქალაქში…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“