ოთხშაბათი, მაისი 1, 2024
1 მაისი, ოთხშაბათი, 2024

მოხალისეობის კულტურის განვითარების პრაქტიკული მაგალითები სკოლიდან

ადამიანები საუკუნეების განმავლობაში მოხალისეობრივ შრომას სხვადასხვა ფორმით გასცემდნენ და იღებდნენ. გასაჭირსა თუ ლხინის დღეებში ერთმანეთის დახმარების პრაქტიკულ ჩვევას მოხალისეობის საწყისებთან მივყავართ. მოხალისეთა ორგანიზებული ჯგუფები და ინდივიდები XIX საუკუნეში გამოჩნდნენ. მათი დახმარებით არაერთი პრობლემა მოგვარდა. ერთმანეთის თანადგომის კარგი მაგალითები დაფიქსირდა მე-20 საუკუნეში.

დღეს მოხალისეობა მსოფლიოში ძალიან პოპულარულია. უამრავი ორგანიზაცია მუშაობს პრობლემურ რეგიონებში არსებული გამოწვევების საპასუხოდ. ისინი აქტიურად ქმნიან ძლიერ ქსელებსა და აერთიანებენ აქტიურ ადამიანებს. XXI საუკუნეში ინტერნეტისა და ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ მოხალისეობის ტექნიკა უფრო დაიხვეწა. დღეს უკვე შესაძლებელია უანგაროდ დაეხმარო სხვას სახლიდან გაუსვლელად.

მოხალისეობა ორმხრივად სასარგებლო საქმიანობაა. კონკრეტული ადამიანი/ადამიანთა ჯგუფი, საზოგადოება, ქვეყანა, გარემო იღებს საჭირო დახმარებას, ხოლო მოხალისეს პროცესში უვითარდება სხვადასხვა უნარი, იმაღლებს კვალიფიკაციას, ყალიბდება აქტიურ მოქალაქედ, ეზრდება თავდაჯერებულობა და თვითშეფასება, ეცნობა პრობლემებს და ცდილობს მათ გადაჭრასა და ა.შ. მოხალისეობრივი საქმიანობა, ამავდროულად, ემპათიის უნარისა გამომუშავებისა საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.

ჩემი წერილი ნაკლებად ეხება მოხალისეობის ისტორიას და მის მნიშვნელობას. ამაზე მოგვიანებით. სტატიაში გაეცნობით სკოლის კედლებში, თეორიული მასალის დამუშავების კვალდაკვალ განხორციელებული ორი მოხალისეობრივი აქტივობის ისტორიასა და მისი შედეგებს.

მოსწავლეს ცნება მოხალისეობასთან პირველი შეხება „მე და საზოგადოების“ ფარგლებში, III-IV კლასში აქვს. შემდეგ უკვე მოქალაქეობაში/სამოქალაქო განათლებაში აქტიურად მუშავდება მე-7 კლასიდან. სწავლების შემდგომ საფეხურებზე მოსწავლეები მუდმივად იღებენ თეორიულ და მაგალითებით გამდიდრებულ ინფორმაციას მოხალისეობის შესახებ.

სკოლა მოხალისეობის კულტურის ჩამოყალიბება განვითარებისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო გარემოა. აღნიშნული საკითხის მიმართ, მოსწავლეთა ინტერესი და ჩართულობა ყოველთვის მაღალია.

რატომ უნდა ვიყო მოხალისე? რატომ დავხარჯო ჩემი დრო საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობაში? – ამ კითხვებს მოსწავლე ხშირად უსვამს საკუთარ თავს. მაგალითებისა და საუკეთესო გამოცდილების მოშველიებით პასუხების გაცემა უკვე ჩვენი მასწავლებლების მოვალეობაა. ზოგჯერ წიგნებსა თუ ინტერნეტსივრცეში არსებული რესურსები არ არის საკმარისი. ამ დროს, მოსწავლეთა პრაქტიკულ საქმიანობაში ჩართვა დანაკლისის შევსებისა და საუკეთესო გამოცდილების მიღების კარგი საშუალებაა.

2022-2023 სასწავლო წელს მოქალაქეობის ფარგლებში VII-X კლასელებმა ორი მოხალისეობრივი აქტივობა დაგეგმეს და განახორციელეს.

დამატებითი მეცადინეობები ქართული და არაქართული სექტორების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს

ქალაქ მარნეულის N2 სკოლაში ორი ქართული და არაქართული სექტორი ფუნქციონირებს. ორივე სექტორზე მოსწავლეთა 95%-ზე მეტი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელია. VII კლასის მოსწავლეებმა საკუთარ დედმამიშვილებსა და ახლობლებზე დაკვირვების შედეგად აღმოაჩინეს, რომ ისინი აწყდებიან ენობრივ ბარიერებს, სირთულეები აქვთ ახალი ტერმინების, ცნებების ათვისებისას.

სწორედ, მოხალისეობის შესახებ მსჯელობისა და საკლასო აქტივობების შესრულების დროს გამოხატეს მზაობა, რომ დახმარებოდნენ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს. სამიზნე ჯგუფებად შეარჩიეს III-IV კლასის 15 მოსწავლე. მოხალისეები 4 თვის (თებერვალი-მაისი) განმავლობაში ატარებდნენ დამატებით მეცადინეობას სკოლაში, მეორე ცვლის დაწყებამდე.

მოხალისეთა ხუთკაციანმა ჯგუფმა პროცესის დაგეგმვისას გასწია შემდეგი სახის სამუშაო:

  • შეხვდნენ დამრიგებლებს და მოიძიეს ინფორმაცია დახმარების საჭიროების მქონე მოსწავლეების შესახებ;
  • დამრიგებლების დახმარებით შეხვდნენ მშობლებს და შეთანხმდნენ მეცადინეობის გრაფიკზე;
  • დამრიგებლებთან თანამშრომლობით გამოავლინეს რთული, უცნობი ლექსიკური ერთეულებით მდიდარი ტექსტები და მოამზადეს შესაბამისი აქტივობები.

მე როგორც პროცესის ზედამხედველი და მენტორი რამდენჯერმე დავესწარი მეცადინეობის პროცესს. ეს იყო კარგად დაგეგმილი, ერთმანეთთან შეთანხმებული პროცესი. მოხალისეები იყენებდნენ კითხვის ისეთ სტრატეგიებს, როგორებიცაა: ხმამაღლა კითხვა, კითხვა ჯგუფებში და სხვა. ტექსტის გააზრების მიზნით უსვამდნენ შეკითხვებს და ა.შ.

მადლობა თაჰმინას, სალომეს, ბარბარეს, ასიმასა და ზიადინს მოხალისეობრივი შრომისთვის!

მოხალისეობა მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში

მოხალისეობა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაა. ამ დებულების უკეთ გააზრების მიზნით კიდევ ერთი, ამჯერად სამკვირიანი მოხალისეობრივი აქტივობა მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკასთან და მის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით დაიგეგმა.

მოხალისეობრივი შრომა გულისხმობდა შემდეგ საქმიანობას:

  1. დახმარებას ბიბლიოთეკიდან გატანილი წიგნების დაბრუნებაში;
  2. ბიბლიოთეკაში შემოტანილი ახალი წიგნების აღნუსხვასა და მათ დალაგებას თემატიკის მიხედვით.

ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით განხორციელებულ აქტივობაში VIII-X კლასის 6 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. მათი ძალისხმევით, რამდენიმე დიდი ხნის წინ გატანილი წიგნი დაუბრუნდა ბიბლიოთეკას. ამ შედეგით მოხალისეები ძალიან ამაყობდნენ.

აღნიშნული აქტივობა სიფრთხილისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან იყო დაკავშირებული, რადგან მოსწავლეებს უწევდათ სკოლის გარეთ გასვლა. ამისათვის დავუკავშირდი მშობლებს და მივაწოდე ინფორმაცია. ასევე შევთანხმდით, რომ მოსწავლეები ბიბლიოთეკას ესტუმრებოდნენ მხოლოდ თავისუფალ დროს და იქ გაატარებდნენ კვირაში მაქსიმუმ 3 საათს.

სტატიაში გაზიარებულმა ორივე მოხალისეობრივმა აქტივობამ ჩართული მოსწავლეების ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. მოსწავლეებმა განივითარეს ცხოვრებისეული უნარ-ჩვევები, დაეხმარნენ სასკოლო თემსა და საზოგადოებას.

შედეგები იმდენად კარგი იყო, რომ 2023-2024 სასწავლო წელსაც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და დავგეგმავთ საინტერესო მოხალისეობრივ აქტივობებს.

 

სტატიაში გამოყენებული წყაროები:

https://kentsero.ge/blog/ratom-unda-viyo-moxalise-roca-isedac-bevrs-vmushao

https://bloomerang.co/blog/what-is-volunteerism-a-guide-to-the-history-benefits/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი