სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ხელოვნური ინტელექტი, ჩვენ და მომავლის განათლება

 

ხელოვნური ინტელექტის (AI) შექმნა შესაძლ, უდიდესი მოვლენა გახდეს

კაცობრიობის ისტორიაში. თუმცა, იგი შეიძლება უკანასკნელიც იყოს,

თუ რისკებისგან თავდაცვას არ ვისწავლით“.

სტივენ ჰოკინგი (1942-2018),

ბრიტანელი მოაზროვნე და ფიზიკოსი,

კემბრიჯის უნივერსიტეტის თეორიული კოსმოლოგიის ცენტრის დირექტორი

 

ბოლო რამდენიმე წელია, საზოგადოება აქტიურად ბჭობს ხელოვნური ინტელექტის თაობაზე. ხელოვნური ინტელექტი კომპიუტერული ტექნოლოგიების პირმშოა. მას აქვს პოტენციალი, რევოლუციური ცვლილებები გამოიწვიოს როგორც ტექნოლოგიების სამომავლო განვითარების ვექტორზე, ისე – ადამიანთა საზოგადოების მომავალ განვითარებაზე.

ხელოვნური ინტელექტი (ინგლ. Artificial Intelligence- AI) გახლავთ კომპიუტერული ტექნოლოგია, რომელიც კომპიუტერებს საშუალებას აძლევს, ჩაატარონ/შეასრულონ ისეთი ოპერაციები, რომლებიც ადრე მხოლოდ ადამიანს შეეძლო. ის მუშაობისთვის იყენებს მრავალგვარ არსებულ ალგორითმსა და მეთოდს, რომლებიც მას [კომპიუტერს] ეხმარებიან ისწავლონ და მიიღონ გადაწყვეტილებები მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.

სხვა სიტყვებით, ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს ადამიანის ინტელექტუალური პროცესების სიმულაციას (იმიტაციას, მოდელირებას, მიბაძვას), რომელსაც მანქანები ახორციელებს. შემსრულებელი უმეტესწილად, დღეს არსებული კომპიუტერული სისტემები არიან, რომლებიც სხვადასხვა ტექნოლოგიურ ცენტრში, ადამიანის დახმარებით „სწავლობენ“ აზროვნებას, ფიქრს, საუბარს (სხვადასხვა ენაზე) და ზოგ შემთხვევაში (თუ პროგრამა ამას ითვალისწინებს) გადაწყვეტილებების მიღებასაც(!). ხელოვნური ინტელექტის სპეციალური აპლიკაციები მოიცავს საექსპერტო სისტემებს, ენებისა და საუბრის პროცესის დამუშავება-დასწავლას, ტექსტის შინაარსის ამოცნობასა და მანქანურ ხედვას.

ხელოვნური ინტელექტი ფაქტობრივად წარმოადგენს ციფრულ კომპიუტერს ან კომპიუტერის მიერ კონტროლირებად რობოტს, რომელიც ისეთ ამოცანებს ასრულებს, რომლებიც ადრე მხოლოდ მოაზროვნე არსებებთან ასოცირდებოდა.

დედამიწაზე ათასობით ენის არსებობის გამო, ტერმინი „ხელოვნური ინტელექტი“ ამ ენებზე განსხვავებულად ჟღერს: Künstliche Intelligenz (გერმანულად), intelligence artificielle (ფრანგულად), kunstig intelligens (ნორვეგ.), inteligência artificial (პორტუგალ.), искусственный интеллект (რუსულად), sztuczna inteligencja (პოლონ.), штучны інтэлект (ბელარუს.), штучний інтелект (უკრაინ.), вештачка интелигенција (სერბულად), mesterséges intelligencia (უნგრულ.), yapay zeka (თურქ.), süni intellekt (აზერბაიჯ.), արհեստական բանականություն (სომხურ.), мағзи маслуӣ (ტაჯიკ.), sun’iy intellekt (უზბეკურად).

მიუხედავად ლინგვისტური სიმრავლისა და მრავალფეროვნებისა, ჯერჯერობით ყველაზე ხშირად, ხელოვნური ინტელექტის აღნიშვნისას, ინგლისურ ენაზე დამკვიდრებულ ტერმინს, Artificial intelligence, ან მის აბრევიატურას – AI-ს – იყენებენ და ცდილობენ, სხვადასხვა ენაზე შეიმუშაონ მისი შინაარსის ისეთი განმარტება, რომელიც გასაგები და მისაღები იქნებოდა ყველა ერისა და კულტურის წარმომადგენლისთვის.

გლობალური მასშტაბის საერთაშორისო ორგანიზაციების OECD (ეკონომიკური თანამშრომლობისა და კოოპერაციის ორგანიზაცია – შედგება მსოფლიოს 37 ეკონომიკურად განვითარებული, საბაზრო ურთიერთობებზე დამყარებული, დემოკრატიული ქვეყნისგან, Organization for Economic Cooperation and Development, ლ.ა.) და UNCTAD-ის (გაეროს კონფერენცია ვაჭრობისა და განვითარების საკითხებზე, ლ.ა.) მიხედვით, ხელოვნური ინტელექტი (AI) განისაზღვრება, როგორც „მანქანებისა და სისტემების შესაძლებლობა, მიიღონ და გამოიყენონ ცოდნა და იმოქმედონ გონიერების შესაბამისი წესებით“.

ტერმინი AI ხშირად გამოიყენება ისეთი პროექტების აღსანიშნავადაც, რომლებიც მიმართულია ადამიანისთვის დამახასიათებელი გონებრივი და ინტელექტუალური აქტივობებისა და პროცესების (როგორებიცაა – განსჯა, აზროვნება, აწონ-დაწონვა, შედარება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოვლენა, მნიშვნელობის კვლევა, განზოგადება, წარსულის გამოცდილების გამოყენება და სხვა) მანქანური მოდელების ან ანალოგების შესაქმნელად. გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან მოყოლებული, როდესაც პირველი კომპიუტერული პროგრამა დაიწერა, ადამიანები მიხვდნენ, რომ შესაძლებელია კომპიუტერების პროგრამირების გამოყენება რთული და ძალიან კომპლექსური ამოცანების (მაგ. მათემატიკური თეორემებისა და ამოცანების ამოხსნა, ან ჭადრაკის თამაში) საკმაოდ (ან მეტ-ნაკლებად) წარმატებით გადასაჭრელად.

„მიუხედავად წარმატებებისა და კომპიუტერების მუშაობის სისწრაფეში მიღწეული ტექნოლოგიური წინსვლისა, ჯერჯერობით არ არსებობს პროგრამები, რომლებიც სრულად გაიმეორებდნენ ადამიანის გონების ან ინტელექტის მოქნილობასა და მოხერხებულობას სხვადასხვა სფეროში, ან შეედრებოდნენ ადამიანის გონების ადაპტაციურ თვისებებს ყოველდღიური ცოდნის მიღებაში, სწავლის უნარში ან ცვალებადი და უცნობი ამოცანების გადაჭრაში.

ამავე დროს აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთი პროგრამა უკვე ისეთ დონეზე არის წინ წასული, რომ შეუძლია იმუშაოს ადამიანი-ექსპერტებისა და პროფესიონალების დონეზე გარკვეულ სპეციფიკურ სფეროებში. ეს ალბათ, შეიძლება ითქვას, რამდენიმე სპეციფიკურ დარგსა და სფეროზე, სადაც ხელოვნური ინტელექტის მიღწევები შთამბეჭდავია: სამედიცინო დიაგნოსტირება, ძებნის კომპიუტერული პლატფორმები, ხმის ან ხელწერის ამოცნობის პროგრამები და სასაუბრო ბოტები (ე.წ. chatbots – პროგრამირებული რობოტები, ონლაინ სასაუბროდ, ლ.ა.)“, – აღნიშნავს ენციკლოპედია „ბრიტანიკა“.

სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევრების განსაზღვრებით, ხელოვნური ინტელექტი შეიძლება დავახასიათოთ როგორც [მანქანის] შესაძლებლობა, ისწავლოს და გამოიყენოს შესაბამისი ტექნიკური არსენალი იმ პრობლემების გადასაჭრელად და მიზნების მისაღწევად, რომლებიც შეესაბამებიან უცნობი, მუდმივად ცვალებადი სამყაროს კონტექსტს. სრულიად წინასწარ პროგრამირებულ საქარხნო რობოტს შეუძლია, იყოს მანევრირებადი, ადაპტირებადი ცვლადი გარემოებების მიმართ, ზუსტი და თანმიმდევრული, მაგრამ არა გონიერი.

საკუთრივ, ტერმინი და მისი შინაარსი, პირველად გამოიყენა სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა – ემერიტუსმა, ჯონ მაკკარტიმ, 1955 წელს და ის ასე განმარტა, რომ ეს არის – „მეცნიერება და საინჟინრო ხელოვნება გონიერი მანქანების დასამზადებლად“. ადამიანებმა უამრავი კვლევა და მეთოდი შეიმუშავეს მანქანების ისე დასაპროგრამებლად, რომ მას [მანქანას] საშუალება მისცემოდა მოქცეულიყო ჭკვიანურად და რაციონალურად, მაგ. ჭადრაკის თამაშისას, მაგრამ დღეს, ჩვენ უკვე შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ უკვე გვყავს მანქანები, რომლებსაც გარკვეულწილად, შეუძლიათ ისევე ისწავლონ, როგორც ადამიანმა.

გლობალური ტექნოლოგიების გიგანტი, სავაჭრო და ტექნოლოგიური პლატფორმა, Amazon.com, თავისი ოპერაციების დიდ ნაწილს მანქანური სწავლების მიმართულებით ახორციელებს. „ამაზონის“ აზრით, ხელოვნური ინტელექტის“ განსაზღვრა ასე შეიძლება: „AI არის კომპიუტერული მეცნიერების დარგი, რომელიც მიმართულია კოგნიტიური პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც საზოგადოდ, ადამიანის ინტელექტთან არიან ასოცირებულნი და მოიცავს (და)სწავლას, პრობლემების გადაჭრასა და სტრუქტურების, კონფიგურაციებისა და სხვადასხვა სახის მოდელების – შაბლონების, ტრაფარეტების, მოდელების, ნიმუშების (ე.წ. „პატერნების“) ამოცნობას“. „მანქანური სწავლების (ტერმინი Machine learning) გარეშე, amazon.com ვერ გაზრდიდა თავის ბიზნესს, ვერ დახვეწდა ცოდნას მომხმარებლის გამოცდილებასა და შერჩევაზე, და ვერ შეძლებდა მისი ლოგისტიკის სიჩქარისა და ხარისხის ოპტიმიზაციას”, – ამბობს „ამაზონი“.

სახელგანთქმული ამერიკელი ინტელექტუალი, პროფესორი ნოამ ჩომსკი (Dr. Avram Noam Chomsky – ლინგვისტი, პოლიტიკური პუბლიცისტი და ფილოსოფოსი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) ლინგვისტიკის პროფესორი; ფორმალური ენების კლასიფიკაციის ავტორი, რომელსაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი თანამედროვე კოგნიტიური მეცნიერებების განვითარებაში. ცნობილია თავისი რადიკალური მემარცხენე შეხედულებებით და აშშ-ს საგარეო პოლიტიკის მკვეთრი კრიტიკით) ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე გვეუბნება: „მოსაუბრე „ჩატ-ბოტის“ (Generative Pre-trained Transformer ChatGPT) გამოჩენამ, ადამიანების დიდი ყურადღება მიიპყრო მთელ მსოფლიოში… აქვე დავძენ, რომ ადამიანის გონება არაფრით არ წარმოადგენს ChatGPT-ის ან მისი ანალოგების მსგავს მოუქნელ, სტატიკურ მექანიზმს, რომელიც ერთმანეთს ადარებს და მოიხმარს ინფორმაციის ასობით ტერაბაიტს და ექსტრაპოლირებს სასაუბრო პასუხის ყველაზე შესაძლებელ (ალბათობით) ვარიანტს, ან ექსტრაპოლირებს ყველაზე შესაძლებელ პასუხს რომელიმე სამეცნიერო შეკითხვაზე“.

ჩომსკის აზრით, „დღევანდელი, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების თითქოს „რევოლუციური“ მიღწევები ადამიანებში იწვევს ოპტიმიზმსაც და შეშფოთებასაც. ოპტიმიზმს იმის გამო, რომ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შეგვიძლია პრობლემების გადაწყვეტა; ხოლო შფოთს იმიტომ, რომ ხელოვნური ინტელექტის ყველაზე მოდურ მიმართულებას – სამანქანო სწავლებას (ML) – შეუძლია დააზიანოს ჩვენი მეცნიერება, დააზიანოს არსებული ეთიკა (მათ შორის სამეცნიერო ეთიკაც), რადგან ხელოვნური ინტელექტი ენისა და ცოდნის საფუძველშივე იყენებს არასწორ კონცეფციებს“. ჩომსკი აგრძელებს: „ChatGPT-OpenAI, Bard-Google და Sydney-Microsoft მანქანური სწავლების შესანიშნავი მაგალითები არიან. თუ უხეშად ვიტყვით, ისინი სერვერებიდან იღებენ მონაცემების უზარმაზარ მოცულობებს, ეძებენ მათში კანონზომიერებებს და იძენენ გამოცდილებას სტატისტიკურად შესაძლებელი შედეგების შესახებ, ისეთ სფეროებში, როგორებიცაა, ადამიანის ენა და აზროვნება. ამ პროგრამებს უკვე უწოდეს საყოველთაო, „ზოგადი ხელოვნური ინტელექტის“ (AGI – artificial general intelligence) ჰორიზონტზე გამოჩენილი პირველი ნიშნები. ზოგიერთის აზრით, AGI ისეთი სისტემა იქნება, რომელიც გადააჭარბებს ადამიანის გონებას/ტვინს არა მხოლოდ რაოდენობრივი მაჩვენებლებით (ინფორმაციის გადამუშავების სისწრაფე და მოცულობა), არამედ თვისობრივადაც და აჯობებს ადამიანს ინტელექტით, შემოქმედებითა და სხვა თვისებებით. „როგორი სასარგებლოებიც არ უნდა იყვნენ ეს პროგრამები, საქმიანობის რომელიმე შეზღუდულ სფეროში (მაგალითად, მარტივი ლექსებისთვის რითმის შეთავაზება და გენერირება), ლინგვისტიკიდან და ფილოსოფიიდან ვიცით, რამდენად შორს იმყოფებიან ეს [მანქანები] იმისგან, თუ როგორ ფიქრობენ და ურთიერთობენ ადამიანები. ეს განსხვავებები, მნიშვნელოვან დაღს ასვამენ ამ პროგრამების შესაძლებლობებს“.

ChatGPT-ჩატბოტი (ონლაინმოსაუბრე რობოტი) ონლაინსცენაზე პირველად 2022 წლის ნოემბერში გამოვიდა. OpenAI-ის ვებსაიტის მიხედვით, „ჩატბოტის მიერ შემოთავაზებული საუბრის ღია ფორმატი შესაძლებელს ხდის, რომ [მანქანამ] უპასუხოს და გაჰყვეს დასმულ შეკითხვებს, აღიაროს დაშვებული შეცდომები, იკამათოს არასწორ განმარტებებზე ან დებულებებზე და უარყოს შეუსაბამო მოთხოვნები“. მოდელს ასევე აქვს რამდენიმე სერიოზული შეზღუდვაც (ლიმიტი), რომლებიც აღნიშნულია OpenAI-ის ვებსაიტ-ზე.

(პირველი ნაწილის დასასრული)

 

მასალა მოამზადა ლევან ალფაიძემ

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“