ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024
31 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

მარტოობა ბავშვებში – სიმპტომები, მიზეზები, დაძლევის გზები

ალბათ ადვილი არ იქნება მოიძებნოს ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში  ერთხელ მაინც არ დაუფლებია მარტოობის განცდა. ისევე როგორც ნებისმიერი სხვა გრძნობა, მარტოობის გრძნობაც დამოკიდებულია ცხოვრებისეული სიტუაციების ჩვენეულ აღქმაზე. თუ მარტოობის განცდას ფორმალური თვალსაზრისით შევხედავთ, გამოდის, რომ ის აღმოცენდება, როცა ჩვენ ვიმყოფებით იზოლაციაში, ანუ ვართ მარტო.  მაგრამ, ეს მთლად ასე არ არის. ყოველდღე ათეულობით და ასობით ადამიანის გარემოცვაში ვართ, დავდივართ სამსახურში, ვესაუბრებით კოლეგებს, ნაცნობებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს ხელს არ გვიშლის თავი მარტოდ ვიგრძნოთ, დაგვეუფლოს მარტოობის გრძნობა. ყოველდღიური ცხოვრების პროცესში ჩვენ ხშირად გვავიწყდება კიდეც მარტოობის განცდა, ან განვიცდით მას ისევე, როგორც ბევრ სხვა გრძნობას გარკვეულ სიტუაციამდე. როგორც წესი, მარტოობის გრძნობა მწვავდება გამოსასვლელ და სადღესასწაულო დღეებში, როცა სამუშაო და სახლის აურზაური უკანა პლანზე გადადის. სწორედ ამ მომენტში აღმოცენდება არასაჭიროების, ზედმეტობის სინდრომი. ზრდასრულებმა ამასთან გასამკლავებლად შეიძლება სხვადასხვა ხერხი გამოვიყენოთ, მაგრამ რისი გაკეთება შეუძლია ბავშვს ასეთ დროს მარტოობასთან გასამკლავებლად. კომუნიკაციის, ემოციური სიახლოვის მოთხოვნილება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნილებაა ნებისმიერი ადამიანისთვის  და მითუმეტეს ბავშვისთვის. ყველა მშობელს სურს, რომ მის შვილს ჯერ კიდევ ბავშვობაში ჰყავდეს ნამდვილი, ერთგული მეგობრები. თუმცა, არცთუ ისე მცირეა იმ ბავშვების რაოდენობა, რომელთაც სერიოზულად უჭირთ მეგობრული ურთიერთობების დამყარება თანატოლებთან. მშობლები შეიძლება დროულად ვერც მიხვდნენ, რომ მათი შვილის ცხოვრებაში ყველაფერი კარგად არ არის. თითქოს ინტერესდებიან იმით, თუ როგორ არის მისი საქმეები სკოლაში, ბავშვის მხრიდან იღებენ ჩვეულ პასუხს – „ყველაფერი კარგადაა“ და მშვიდდებიან. მოზარდი კი ამ დროს შეიძლება იტანჯებოდეს სიმარტოვისაგან და თავს უბედურ ადამიანად გრძნობდეს. ნებისმიერი ადამიანი დრო და დრო შეიძლება განიცდიდეს სიმარტოვის შეგრძნებას. ეს ცხოვრების გარდაუვალი ნაწილია, მაგრამ, როცა სიმარტოვის განცდა საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიყვება ადამიანს, ის შეიძლება ზიანის მომტანი აღმოჩნდეს ნებისმიერისთვის და მითუმეტეს ბავშვისთვის. მარტოობის  ხანგრძლივმა პერიოდმა შეიძლება გამოიწვიოს სოციალური იზოლაცია, შფოთვა, სასოწარკვეთა და დეპრესიაც კი.

ხდება ხოლმე, რომ თანატოლების გარემოცვაში გამოიყოფიან ბავშვები, რომელთაც ურჩევნიათ მარტო ყოფნა, მარტო თამაში და საქმის მარტო კეთება – ასე ისინი გაუცნობიერებლად ირჩევენ საკუთარი თავისთვის კომფორტის ზონას. თუ ბავშვისთვის მისი ხასიათის ტიპოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე კომფორტულია საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და კომუნიკაციის ნაკლებობა მისი ნებაყოფლობითი არჩევანია, ასეთი სიმარტოვე საგანგაშო და  სახიფათო ნამდვილად არ არის. თუმცა, თუ მოზარდს ურთიერთობის დიდი სურვილი აქვს, მაგრამ ვერავის პოულობს გარშემო მეგობრული ურთიერთობების დასამყარებლად, ასეთი მარტოობა შეიძლება სერიოზული საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს მისთვის.

     მარტოობის, მარტოსულობის ძირითადი სიმპტომები:

  • მარტოობას ხშირად თან ახლავს მოწყენილობა, სევდა; ძნელია იყო ბედნიერი, როცა თავს მიტოვებულად, მარტოდ გრძნობ და ვერავისთან ურთიერთობ. ყურადღება მივაქციოთ ბავშვის გუნება-განწყობას – თუ მას ხშირად ვხედავთ მოწყენილს და ატირებულს, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ის მარტოობისაგან იტანჯება;
  • მარტოსული ბავშვი ხშირად ჩივის, რომ ის თავს მიტოვებულად გრძნობს. შეიძლება ის ვერ პოულობდეს შესაბამის სიტყვებს, არ ჰქონდეს საჭირო ლექსიკური მარაგი, რომ გამოხატოს მარტოობა, მაგრამ მას შეუძლია ამის აღწერა სხვა სიტყვებით, მაგ. რომ გუშინ ის თავს მიტოვებულად გრძნობდა სკოლაში. თუ ასეთი ჩივილები ხშირად მეორდება, დიდი ალბათობით ბავშვი თავს მარტოსულად გრძნობს;
  • არ საუბრობს მეგობრებზე და სკოლაში მიმდინარე მოვლენებზე. თუ ბავშვი არასოდეს საუბრობს როგორ ატარებდა დროს მეგობრებთან სათამაშო მოედანზე, ვისთან ურთიერთობდა შესვენებების დროს ან სკოლის შემდეგ, ეს შეიძლება ლაპარაკობდეს იმაზე, რომ ის ნამდვილად მარტოა;
  • ზოგიერთი მარტოსული ბავშვი ყველანაირად ცდილობს მიიპყროს, როგორც მშობლების, ასევე თანატოლების ყურადღება. ამის გამო ის ცვლის საკუთარ ქცევას, ცდილობს იყოს ყურადღების ცენტრში. არიან ისეთებიც, რომლებიც იჩენენ წარმოსახვით მეგობრებს, რომლებიც ადრე არ იყვნენ მათ ცხოვრებაში;
  • ბავშვმა, რომელიც მარტოობით იტანჯება, შეიძლება დაკარგოს ინტერესი ისეთი აქტივობების მიმართ, რომლებიც ადრე მოსწონდა.

     მარტოობის გამომწვევი მიზეზები:

  • მშობლების, ოჯახის წევრების მუდმივი დაკავებულობა სამსახურით, ან საოჯახო საქმეებით – ბავშვის თხოვნას ეთამაშონ ან ერთად გაისეირნონ ისინი კატეგორიული უარით პასუხობენ. მაშინაც კი, როცა უფროსები სახლში არიან, ბავშვს შეიძლება მუდმივად ესმოდეს: „ნუ მაცდენ“, „ხელს ნუ მიშლი“, „დაკავდი რაიმე საქმით“, „შენთვის არ მცალია“. ყოველივე აღნიშნულის გამო ბავშვს უყალიბდება კომპლექსი, რომ ის ზედმეტია, არასაჭიროა ახლობელი ადამიანებისთვის. თუ ბავშვი რაიმე მიზეზის გამო თავს არ გრძნობს ოჯახის ნაწილად, მის გარშემო არსებული სამყაროს ნაწილად, მისთვის ადვილი არ იქნება გარშემომყოფებთან კონტაქტის დამყარება;
  • მეგობრებისა და ნაცნობების არჩევაში უფროსების, მშობლების უხეში ჩარევა – ხშირად მშობლები ბავშვს მარტოობისაკენ უბიძგებენ იმით, რომ გამუდმებით აკრიტიკებენ მის მეგობრებს და კიდევ უფრო ცუდი ის არის, რომ თავად ირჩევენ, კარნახობენ შვილს, თუ ვისთან შეიძლება იმეგობროს, იურთიერთოს და ვისთან – არა. მაგრამ ბავშვი დამოუკიდებელი ადამიანია და არ სურს „თავსმოხვეულ“ თანატოლებთან ურთიერთობა, რის შედეგადაც ეუფლება მარტოობის განცდა;
  • ბავშვის გამოყოფა, გამოთიშვა თანატოლთა ჯგუფიდან – ყველაზე ხშირად ეს იმაში ვლინდება, რომ მშობლები შვილის თანატოლთა ჯგუფის ინტერესებს უგულებელყოფენ, ან ბევრად დაბლა აყენებენ, ვიდრე ბავშვის დამატებითი მეცადინეობებით დატვირთვას. ხშირად ისინი ისე ტვირთავენ შვილს სხვადასხვა სახის წრეებში ჩართვით და დამატებითი მეცადინეობებით, რომ თითქმის მთლიანად წყვეტენ მას ზოგადი სახის სასკოლო საქმისაგან. ბავშვი გრძნობს, რომ ის ისეთი არ არის, როგორც ყველა სხვა, სხვებს არ ჰგავს. იმ დროს, როცა თანატოლთა ჯგუფი რაიმე საერთო საქმეს აკეთებს, ბავშვი დაკავებულია სხვა სახის დამატებითი მეცადინეობებით, რომლებიც განსხვავდება თანატოლთა ჯგუფის საქმიანობისაგან. ამგვარად, სოციალური კავშირები ირღვევა, ნადგურდება მათი ჩამოყალიბების საწყის ეტაპზევე;
  • ურთიერთობის ჩამოუყალიბებელი უნარ-ჩვევები – თუ ბავშვმა არ იცის, არ შეუძლია ურთიერთობა, არის უხეში, არ შეუძლია დათმობა, გაზიარება, თამაში, თანატოლები გაურბიან, თავს არიდებენ მასთან ურთიერთობას. ასეთი ბავშვი დიდი ალბათობით მარტო დარჩება და მარტოობის გრძნობა შეაწუხებს;
  • ცვლილებები ოჯახში – თუ ოჯახმა შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი, გადავიდა სხვა რაიონში, ქალაქში და მითუმეტეს უცხო ქვეყანაში, ბავშვს პირველ ხანებში ექნება გარკვეული მარტოობის განცდა. გარდა ამისა, იზოლირებულობის შეგრძნება პატარას შეიძლება გაუჩნდეს ოჯახში მეორე ბავშვის დაბადებით, მშობლების დაცილებით, განქორწინებით და მშობლების ახალი სამსახურის გამოც კი, რადგანაც მათ მოუწევთ ბავშვთან ნაკლები დროის გატარება;
  • დაბალი თვითშეფასება – დაბალი თვითშეფასება და ასეთი თვითშეფასებით გამოწვეული საკუთარ თავში დაურწმუნებლობა უამრავ პრობლემას უჩენს მოზარდს. საკუთარ თავში დაურწმუნებელი ბავშვი გაურბის ურთიერთობებს, უჭირს თანატოლებთან კონტაქტში შესვლა, ხდება შფოთიანი და შესაძლოა აგრესიაც გამოავლინოს.

     რეკომენდაციები – როგორ დავეხმაროთ მარტოსულ ბავშვს:

  • ვასწავლოთ ბავშვს საკუთარი განცდების, ემოციების, გრძნობების გაზიარება. მხოლოდ ამ უნარს შეუძლია დაიცვას მოზარდი ნევროზისა და სიმარტოვისაგან თანატოლთა წრეში. ბავშვს უნდა ესმოდეს და იცოდეს, რომ ის ძალიან საჭიროა ახლობლებისთვის, რომ მათთვის მნიშვნელოვანია მისი ინტერესები, ოცნებები და გრძნობები;
  • გამოვიჩინოთ გულისხმიერება, შევეცადოთ გავიგოთ რა პრობლემები აქვს ბავშვს ურთიერთობებში – ის არ საჭიროებს კომუნიკაციას, თუ თანატოლები არ იღებენ მას. გავაკეთოთ ეს ფრთხილად, ბავშვის ქცევაზე დაკვირვებით, მასთან საუბრით. ყურადღება მივაქციოთ მის თვითშეფასებას. თუ ბავშვი გაგვიზიარებს პრობლემას, ნუ ვიჩქარებთ მის გადაწყვეტას, მოგვარებას მოზარდის ნაცვლად. შევეცადოთ ეს მასთან ერთად გავაკეთოთ. ამასთან, გამოვავლინოთ გულწრფელი ინტერესი მის მიმართ. დავიწყოთ ბავშვის თვითშეფასებიდან – მხოლოდ მისი დარწმუნება იმაში, რომ მას თავად შეუძლია საკუთარი პრობლემების გადაჭრა, აიყვანს მას უფრო მაღალ დონეზე და შესაბამისად აამაღლებს მის თვითშეფასებას. უბრალოდ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს პროცესი რთული და ხანგრძლივია;
  • გავუზიაროთ ბავშვს საკუთარი გამოცდილება მეგობრულ ურთიერთობებზე, მეგობრებზე, იმაზე, თუ როგორ ვამყარებდით მათთან ურთიერთობებს; ვესაუბროთ იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება იყოს ნამდვილი და ვინ მოჩვენებითი მეგობარი. ვესაუბროთ სიყვარულზე, მეგობრობაზე, როგორც ყველაზე დიდ ფასეულობებზე ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში;
  • ვასწავლოთ ბავშვს ურთიერთობა, დავეხმაროთ საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. ავუხსნათ, რომ თუ ის გახდება საინტერესო არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედ თანატოლებისთვისაც, მას აუცილებლად გამოუჩნდება მეგობრები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ ბავშვი უყვართ და პატივს სცემენ ოჯახში, ყურად იღებენ მის მოთხოვნილებებს, აღზრდიან მასში სხვებისადმი პატივისცემით დამოკიდებულებას, გამოუმუშავებენ ურთიერთობის უნარ-ჩვევებს, ის თავიდან აიცილებს მარტოობის პრობლემას, იგრძნობს რომ საყვარელია ოჯახის წევრებისთვის და უკვე მარტო არ არის,  დროებითი სირთულეები კი დაძლევადია. მარტოობაც სხვანაირად განიცდება, თუ ზურგს უკან მოსიყვარულე ოჯახი დგას.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“