სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

კასრით მოგზაურნი…

2009 წელს კანადაში, ვანკუვერში ქიმიის მსოფლიო კონგრესზე წავედი. სიმართლე გითხრათ, ნიაგარის მონახულებაც მინდოდა, თუმცა მაშინ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან ერთმანეთისგან საკმაო მანძილი აშორებდათ. ალბათ, ოდესმე, მომავალში ვნახავ ამ საოცარ ჩანჩქერს, მაგრამ ახლავე გეუბნებით, რომ შიგ არ გადავხტები. არადა, 1850 წლიდან მოყოლებული ხუთი ათასზე მეტი ადამიანი გადახტა ნიაგარის ჩანჩქერში. ზოგიერთი თავისი ნებით, უფრო მეტი კი დაუდევრობით. მათ შორის, იყვნენ თვითმკვლელებიც და იყვნენ თავგადასავალს მოწყურებული შოუმენებიც. ამ ხუთი ათასი ადამიანიდან დაახლოებით 16 გადარჩა, დანარჩენებმა კი ჩანჩქერში დაასრულეს სიცოცხლე.

 

ნიაგარას დიდი სიმაღლე არ აქვს, კანადაშივეა მასზე მაღალი ჩანჩქერები. თუმცა, ძალიან ძლიერია და წყალი ისეთი სიმძლავრით ეხეთქება, რომ მაშინვე ითრევს ადამიანს. ნიაგარა მდინარეა, რომელიც ტბებს – ონტარიოს და ერის – აერთიანებს და ძალიან დიდი რაოდენობით წყალი შემოაქვს ვარდნის ადგილას. 1951 წელს, როდესაც კიდევ ერთი თავზე ხელაღებული ნიაგარაში სპეციალურად გადახტა, კანადამაც და ამერიკამაც სპეციალური კანონი შეიმუშავა, რომლის თანახმადაც, თუ ნიაგარაში გადახტებით და ცოცხალი დარჩებით, ჯარიმა (25000 დოლარი ან 10000 კანადური დოლარი) და ციხე გემუქრებათ. თუ უცხოელი ბრძანდებით, წინა ორ სასჯელთან ერთად, ამ ქვეყნებში აღარასოდეს აღარ შეგიშვებენ.

 

პირველი ადამიანი, რომელმაც ნიაგარაში სპეციალურად გადახტომა მოიფიქრა, ენი ტეილორი გახლდათ. ეს ქალბატონი თავისი 63-ე დაბადების დღეზე ჩანჩქერში კასრით გადახტა და გადარჩა.

 

ენი ტეილორი შეძლებულ ოჯახში დაიბადა და უზრუნველი ბავშვობა ჰქონდა. მართალია, მამა ადრე გარდაეცვალა, მაგრამ გამართული ოჯახი დარჩა. ენი მასწავლებლობის კურსებზეც ჩაირიცხა, თუმცა ადრე დაოჯახების გამო თავი მიანება. სამწუხაროდ, ჯერ შვილი დაკარგა, შემდეგ ქმარი და 20 წლის უკვე დაქვრივდა. გადაწყვიტა, მიტოვებული სწავლა განეგრძო და მასწავლებლობის კურსები ფრიადებზე დაასრულა. პედაგოგობასაც მალევე შეუდგა. საქმე ტეხასიდან დაიწყო, თუმცა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე უამრავ ქალაქში აღმოჩნდა. გოგონებს ცეკვასაც ასწავლიდა, ფიზკულტურასაც და ხატვასაც. წესიერი, კარგი ადამიანი ყოფილა, თუმცა რაღაცების გაზვიადებაც ჰყვარებია. მაგალითად, კალიფორნიიდან ნიუ-იორკში მიმავალი მისი დილიჟანსი ყაჩაღებს გაუჩერებიათ და მგზავრები გაუძარცვავთ. მოგვიანებით, ენი მემუარებში წერდა, ასე განვუცხადე, სიცოცხლეს უფრო დავთმობ, ვიდრე ჩემ მიერ გამომუშავებულ გადანახულ ფულსო!… კაბაში მართლაც ჰქონია გამოკერებული 800 დოლარი.

 

ეჭვად მაქვს, რომ ენიმ ეს სიტყვები გულში თქვა და არა ხმამაღლა. თუმცა, ყაჩაღებმა ფული მართლაც ვერ იპოვეს და ენიმაც გზა განაგრძო. ასეა თუ ისე, თავგადასავლების მოყვარული ქალი ყოფილა, რისკიან საქმეებში აბანდებდა ფულს და ძირითადად კარგავდა. სადღაც სახლი აიშენა, მაგრამ ხანძარმა იმსხვერპლა… ენის კი დაზღვევა არ ჰქონია. 1886 წელს ჩარლსტონში დიდ მიწისძვრაშიც კი მოჰყვა და გადარჩა.

 

ჰოდა, ასე მიაღწია 60 წელს, გადასცდა კიდეც და გადაწყვიტა კასრით ნიაგარაში ჩამხტარიყო.

 

ნიაგარაზე ენი 1900 წელს პირველად მოხვდა და მაშინვე ფიქრი დაიწყო, როგორ ენახა მოგება ჩანჩქერით და იქ მისული უამრავი ტურისტის მეშვეობით. ჰოდა, კასრით ჩახტომა გადაწყვიტა. შეაქმნევინა კასრი, შიგ დაამაგრა ბალიშები და ჩასვა ერთი საბრალო მოხეტიალე კატა. კასრი წყალზე გაუშვეს, მალევე დინებამ ჩანჩქერამდე მიაცურა და კატიანად ჩანჩქერში გაუჩინარდა.

 

დაბლა ჩავარდნილი კასრი დაიჭირეს, გახსნეს და კატა ცოცხალი დახვდათ, თავი ჰქონდა ოდნავ გაკაწრული… შეშინებულიც იყო, რა თქმა უნდა. ბალიშებმა იმუშავა.

 

ენიმ ახლა უკვე თავისი ზომის კასრი დაამზადებინა, სადაც ნახევრად მჯდომარე მდგომარეობაში იქნებოდა. კასრი ამოფინეს ბალიშებით, დაამუშავეს, რომ წყალი არ შესულიყო და რაღაცნაირი საცობები გაუკეთეს. ეს უკანასკნელი იმ შემთხვევისთვის, თუ ენის უკვე ჩანჩქერში, სადაც კასრი უნდა დაეჭირათ და ამოეყვანათ, დამატებითი დრო და შესაბამისად, ჰაერი დასჭირდებოდა.

1901 წლის 24 ოქტომბერს, დღის 4 საათზე, ნავით ორ დამხმარესთან ერთად ჩანჩქერის ზედა მხარეს გაცურა. ნავს თოკით კასრი ჰქონდა გამობმული. როდესაც დანიშნულების ადგილს მიაღწიეს, ენიმ შლაპა მოიძრო, გარე ქვედა ბოლო გაიხადა, კასრში გადაძვრა და თავი თოკებით დაიმაგრა. მოგვიანებით, მემუარებში იმდროინდელ ფიქრებს იხსენებდა. თურმე, ფიქრობდა, რომ აზრის შესაცვლელად ბოლო წუთები რჩებოდა. შემდეგ უკვე ყველაფერი გვიან იქნებოდა.

 

და აი, კასრს თავი კარგად დაახურეს, თოკები გადაჭრეს და ენიც დინებას გაჰყვა. ეს ამბავი მშვიდობიანად დასრულდა. კატის მსგავსად, მხოლოდ თავზე ჰქონდა რამდენიმე განაკაწრი და ტვინის შერყევაც კი არ მიუღია. ერთი ეგაა, ტურისტებიდან იმდენი ფული ვერ შეაგროვა, რამდენსაც ელოდებოდა. სხვა თავზე ხელაღებულებს კი მაგალითი მისცა და მას შემდეგ ხტებოდნენ და ხტებოდნენ ნიაგარაში, სანამ ორივე სახელმწიფო იძულებითი შეზღუდვების შემოღების აუცილებლობის წინაშე არ დადგა.

ეს ამბავი, რომ წავიკითხე, რატომღაც „ტიტანიკის“ სანახავად წასული „ტიტანის“ ამბავი გამახსენდა. რა საოცარია, ენიმ უსაფრთხოების ყველა წესზე იფიქრა, „ტიტანის“ უმდიდრესმა მგზავრებმა კი არაფერზე.

 

როდესაც ადამიანი, თევზი ან ზღვის სხვა ბინადარი ცურავს, წყალი მათ ყველა მხრიდან აწვება. ყველა მხრიდან ერთნაირ ზეწოლას განიცდიან. ოკეანის/ზღვის ზედაპირზე ეს წნევა ისეთივეა, როგორც ხმელეთზე. საუბარია ატმოსფერულ წნევაზე. ეს სწორედ ის წნევაა, რომელიც ჩვენზე ხმელეთზე ყოფნისას ზემოქმედებს. რაც უფრო მაღლა ავდივართ ზღვის დონიდან, ატმოსფერული წნევა მცირდება. შესაბამისად, რაც უფრო ღრმად ეშვება ადამიანი წყალში, მით უფრო იზრდება წნევა. წყალქვეშა წნევას ჰიდროსტატიკური ეწოდება. რაც მეტი წყალია ადამიანის ზემოთ, მით მეტია ზეწოლა. თუმცა წყალი ამ შემთხვევაში, ყველა მხრიდან აწვება, ქვევიდანაც კი. სწორედ ეს აღმავალი ძალა უზრუნველყოფს ადამიანის წყალში ცურვას.

 

როდესაც მყვინთავი 10 მეტრს მიაღწევს, წნევა ზედაპირთან შედარებით ორმაგდება. ყოველ 10 მეტრ წყალზე ჰიდროსტატიკური წნევა ერთი ატმოსფეროთი იზრდება. ოკეანის საშუალო სიღრმეზე (3800 მეტრი), ზღვის ფსკერზე ზეწოლა, ზედაპირთან შედარებით 380-ჯერ მეტია. ყველაზე ღრმა თხრილებში ის 1100-ჯერ მეტად იზრდება.

 

შესაბამისად, არსებობს შეზღუდვები, რომლის იქითაც მყვინთავს თუნდაც სპეციალური კოსტიუმით გასვლა არ შეუძლია, რადგან ეს თავგადასავალი ლეტალურად დასრულდება.

 

აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს დეკომპრესიული, იგივე კესონური დაავადების შესახებ, რომელსაც ხშირად მყვინთავების ავადმყოფობასაც უწოდებენ. ამ დროს გარემოს მაღალი წნევის პირობებში სისხლსა და ქსოვილებში გახსნილი აზოტი წნევის შემცირებისას წარმოქმნის ბუშტუკებს. ჰაერის ძირითადი ნაწილი აზოტსა (78%) და ჟანგბადზე (21%) მოდის. დანარჩენი პროცენტული რაოდენობა ნახშირორჟანგზე, ინერტულ აირებზე, წყლის ორთქლზე და დამაბინძურებლებზეა გადანაწილებული. ჰაერი მაღალი წნევის პირობებში იკუმშება, ამიტომ სიღრმეში ყოველი ჩასუნთქვა ზედაპირთან შედარებით შეიცავს გაცილებით მეტ მოლეკულას. ორგანიზმი მუდმივად მოიხმარს ჟანგბადს, მაღალი წნევის პირობებში ჩასუნთქული ჟანგბადის ზედმეტი მოლეკულების დაგროვება არ ხდება. სამაგიეროდ, სისხლსა და ქსოვილებში გროვდება ჭარბად ჩასუნთქული აზოტის მოლეკულები. წყლის ზედაპირზე ასვლისას გარემოს წნევა მცირდება, დაგროვებული აზოტი, რომლის ამოსუნთქვაც მაშინვე შეუძლებელია, წარმოქმნის ბუშტუკებს სისხლსა და ქსოვილებში. ეს ბუშტები შეიძლება გაფართოვდეს და სხვადასხვა ორგანოში დაახშოს სისხლძარღვების სანათურები.

 

ადამიანს უვითარდება ზოგადი სისუსტე, სახსრების, კუნთების ტკივილი. თუმცა, შესაძლოა სუნთქვის უკმარისობა და გულმკერდის არეში სიმძიმეც განვითარდეს. მკურნალობას ჟანგბადის მიწოდებით ატარებენ. ასევე, პრევენციის მიზნით, თუ მყვინთავი დიდი ხნის განმავლობაში ღრმად არის წყალში ჩასული, ის ნელ-ნელა უნდა ამოვიდეს. ამ შემთხვევაში წარმოქმნილი აზოტის ბუშტუკები ბუნებრივი გზით გამოიდევნება ორგანიზმიდან.

 

თუმცა ღრმად ყვინთვისთვის და ოკეანის სიღრმეების შესასწავლად ოკეანოგრაფებმა შექმნეს სპეციალური აღჭურვილობა. წყალქვეშა რობოტები, ფსკერზე მავალი მანქანები, რომლებიც ისეთი მასალისგანაა დამზადებული, რომ წნევის ზეწოლას გაუძლონ. სხვა შემთხვევაში, წნევა მათ გაჭყლეტს. აი, დაახლოებით ასე, როგორც ვიდეო ექსპერიმენტშია რკინის კასრზე ნაჩვენები. ამ ექსპერიმენტში კასრის შიდა წნევა ეცემა:

 

სავარაუდოდ, „ტიტანის“ მასალაში არ იყო გათვლილი წნევასთან გამკლავება, ან როგორც ზოგიერთი ექსპერტი აღნიშნავს „კასრი“ უბრალოდ გაცვდა/„დაიღალა“ ამდენი მოგზაურობისგან. გახსოვთ არა, თურმე ადრეც რამდენჯერმე ყოფილა „ტიტანი“ „ტიტანიკის“ სანახავად ჩასული. მაშინ, ეტყობა გაუმართლათ.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“