მოსწავლეებმა ორ წლამდე გაატარეს პანდემიით გამოწვეულ გაურკვევლობაში. დღეს ისინი მზად არიან განაახლონ სოციალური ურთიერთობები და განაგრძონ გარემოებების გამო შეფერხებული განვითარების პროცესი. USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამამ ამ მიმართულებით საინტერესო პროექტები განახორციელა, ერთერთი მათგანია სკოლებში მკითხველთა კლუბების შექმნა.
მკითხველთა კლუბები ახორციელებს კლასგარეშე აქტივობებს, რომელიც ეხმარება ბავშვებს: იკითხონ მათთვის საინტერესო, ასაკისთვის შესაფერისი, ადეკვატური სირთულის წიგნები; საშუალებას აძლევს აირჩიონ წასაკითხი წიგნები, რაც აღვივებს კითხვის მოტივაციას; ბავშვები ერთმანეთს უზიარებენ მოლოდინებს, შთაბეჭდილებებს, გრძნობებს; იკითხონ სამეცადინო რუტინებისგან გათავისუფლებულ გარემოში. შედეგად მოსწავლეები სიღრმისეულად იაზრებენ წაკითხულ მასალას, აკეთებენ რეფლექსიას და მსჯელობენ, სწავლობენ ურთიერთობასა და თანამშრომლობას; უვითარდეებათ კრიტიკული აზროვნება, ინტერპრეტაციის, დისკუსიის, შემოქმედებითი უნარები.
USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელშეწყობით 2023 წლის იანვრიდან მაისამდე მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ქ. მცხეთის N2 საჯარო სკოლაშიც შეიქმნა მკითხველთა კლუბი და გადაწყდა სკოლის კლუბს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მოემზადებინა და განეხორციელებინა მკითხველთა კლუბი „ასფურცელა“. მკითხველთა კლუბი ითვალისწინებდა მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეთა გაწევრიანებას.
პროექტის ფარგლებში მოხდა:
- მოსწავლეთა გამოკითხვა, ინტერესის გამოკვეთა („ჟანრების ბორბალის“ გამოყენებით).
- შეიქმნა მკითხველთა ჯგუფები და უწყვეტი მონიტორინგი ჯგუფის მუშაობის მიმართ;
- შეირჩა რესურსები და ინტერიერის მოწყობა(დღიურები ინდივიდუალური ჩანაწერებისთვის, ვიზუალური სქემები და გრაფიკული ორგანიზატორები, გამოხმაურების ბარათები და სხვ.).
- ლიტერატურის შერჩევა და წიგნით სარგებლობის წესების გაცნობა.
- წიგნების კითხვა.
- წაკითხულის გააზრება სხვადასხვა აქტივობების/მეთოდების გამოყენებით (ჭკვიანი ლაბირინთი, წიგნის საათი, მხიარული სკამი, ტკბარუნა ქოლგა, ნაყინის ფართი და სხვ.).
- მოსწავლეების მიერ წაკითხული წიგნების განხილვა/დისკუსია;
- რეფლექსია და შეჯამება-ლიტერატურული კაფის „სატკბილეთის ქვეყანა“გამოყენებით.
გაცნობილი ლიტერატურის მიხედვით დამზადდა დიდი და პატარა წიგნები და მოეწყო პრეზენტაციები, სხვადასხვა მანიპულატივები/დიორამები, დაიდგა ჩრდილების თეატრი – ქართული ხალხური ზღაპარი „ მეჩონგურე“ და სპექტაკლი – მარიამ წიკლაურის „რა ჰქვია შენს მეგობარს“, მოეწყო კლუბის მუშაობის შეჯამებისთვის ლიტერატურული კაფე-„სატკბილეთის ქვეყანა“, რომლის ფარგლებშიც შედგა კლუბის მიერ განხილული წიგნების შეჯამება.
ცნობილია, რომ მოსწავლეებს მოსწონთ ის სასწავლო აქტივობები თუ რესურსები, რომელთა დამზადებაშიც თვითონ იღებენ მონაწილეობას. მაგ: მოთხრობების: ნ.დავითაშვილის „დინდინელას“ და ლ.ქისტაურის „ოფოფების წვეულების“ კითხვის დროს გაუჩნდათ ბავშვებს „ტკბარუნა ქოლგის“ შექმნისა და „ნაყინების ფართის“ იდეა. ბავშვების ჩართულობით დამზადდა ქოლგა, რომელსაც შეაბეს შოკოლადები, ნიღაბი დინდინელასთვის, ასევე დამზადდა ნაყინები მათი საკუთარი რეცეპტით, ჩამოიწერა კითხვები ტექსტების უკეთ გასააზრებლად და ისინი დიდი ხალისით შეუდგნენ აქტივობების შესრულებას. მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ სიკეთე და ბედნიერება არაფერია გაზიარების გარეშე.
მკითხველთა მუშაობის შედეგად გაუმჯობესდა ზოგადწიგნიერებასთან დაკავშირებული ყველა ასპექტი, გამოიკვეთა მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის პრაქტიკული შედეგები; მივიღეთ გაწაფული მკითხველები, რომლებიც აღჭურვილნი არიან ზოგადი კომპეტენციებით; სხვადასხვა ტიპის ლიტერატურის გაცნობით მოსწავლეებს შეუყვარდათ კითხვის პროცესი.
მკითხველთა კლუბის მიერ მოხდა განხორციელებული პროექტის შეფასება და წარდგენა USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფარგლებში.