სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

სიუჟეტურ-როლური თამაშის მნიშვნელობა სკოლამდელ ასაკში

ძნელია, მოიძებნოს აღმზრდელი, რომელიც არ დაადასტურებს, რომ თამაში სკოლამდელ პერიოდში ბავშვის უსაყვარლესი საქმიანობაა. სკოლამდელ ასაკს ხშირად თამაშის ასაკსაც უწოდებენ. პრაქტიკულად ყველაფერი, რითაც დაკავებულია ბავშვი, როცა რამდენიმე ხნით თავის თავს არის მინდობილი, მარტოა, შეიძლება თამაშად ჩაითვალოს. ამ პერიოდში თამაშის გარეშე მისი განვითარება შეიძლება წარმოუდგენლადაც კი მივიჩნიოთ. ეს ბუნებრივია, რადგან სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის თამაში ქცევის წამყვანი ფორმაა.

ამ ეტაპზე ბავშვებისთვის ყველაზე მიმზიდველი სიუჟეტურ-როლური თამაშებია – თამაშები, რომლებიც იქმნება თავად ბავშვების მიერ. მათ განუმეორებელი სპეციფიკა აქვთ, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მოთამაშეთა თავისუფლება და დამოუკიდებლობა შერწყმულია თამაშის წესების მკაცრ, უპირობო მორჩილებასთან. წესებისადმი ასეთი ნებაყოფლობითი მორჩილება მაშინ ხდება, როცა ისინი გარედან კი არ არის თავს მოხვეული, არამედ გამომდინარეობს თამაშის შინაარსიდან, მისი ამოცანებიდან, როდესაც მათი შესრულება მთავარ ხიბლს წარმოადგენს.

თავისუფალი სიუჟეტური თამაში ყველაზე მიმზიდველი საქმიანობაა სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის. მისი მიმზიდველობა აიხსნება იმით, რომ თამაშის დროს ბავშვი განიცდის თავისუფლების სუბიექტურ შეგრძნებას, მის დაქვემდებარებაშია საგნები, მოქმედებები, დამოკიდებულებები – ყველაფერი ის, რაც რეალურ ცხოვრებაში წინააღმდეგობას უწევს და ძნელად ეძლევა. შინაგანი თავისუფლების ეს მდგომარეობა დაკავშირებულია სიუჟეტური თამაშის სპეციფიკასთან – წარმოსახულ, პირობით სიტუაციაში მოქმედებასთან. სიუჟეტური თამაში არ მოითხოვს ბავშვისგან რეალურ, ხელშესახებ პროდუქტს, მასში ხომ ყველაფერი პირობითია. სიუჟეტურ-როლური თამაშის მიმდინარეობისას ბავშვი საკუთარ თავზე ირგებს გარშემო მყოფი ზრდასრული ადამიანების ქცევას, დამოკიდებულებებს, მოქმედებებს. ასეთი თამაშები წარმოუდგენლად ბევრია იმიტომ, რომ მათთვის სიუჟეტებს ბავშვი გარემომცველი რეალობიდნ იღებს. აქედან გამომდინარე, ყველა მოქმედება მათში რეალობას ასახავს. როლური თამაშები ბავშვებისთვის ტრადიციული გატაცებაა.

რატომ არის სიუჟეტურ-როლური თამაში ასეთი მნიშვნელოვანი ბავშვისთვის, რა სარგებლობა მოაქვს მისთვის, მისი განვითარებისთვის?

• სიუჟეტურ-როლური თამაში არის საწყისი, შეგნებული ურთიერთქმედება პატარა ადამიანისა სამყაროსთან. ასეთი თამაშის დროს ბავშვი ასრულებს შემოქმედი სუბიექტის მთავარ როლს, ეს არის მისი თვითრეალიზაციისა და თვითგამოხატვის ხერხი, საშუალება. როლური თამაშის დროს ბავშვი არის ისეთი, როგორიც სურს იყოს, არის იქ, სადაც სურს იყოს. ის საინტერესო და მიმზიდველი მოვლენების მონაწილეა. სიუჟეტურ-როლური თამაში საშუალებას აძლევს ბავშვს, წარმოსახულ სიტუაციაში განახორციელოს მისთვის მიმზიდველი როლური მოქმედებები, ფუნქციები, ჩაერთოს მრავალფეროვან სიტუაციებში.

• უაღრესად დიდია როლური თამაშის ღირებულება, მისი მნიშვნელობა სოციალური ქცევის ფორმირებაში, თვითდამტკიცებაში, ურთიერთობის პროცესში, ადამიანის ქცევის პროგნოზირების უნარის განვითარებაში.
• უფროსების ურთერთობების თამაშში გადატანით ბავშვი ეუფლება ამ ურთიერთობათა წესებს.
• თანატოლებთან თამაშის გზით ის იძენს ურთიერთგაგების გამოცდილებას, სწავლობს საკუთარი მოქმედებებისა და განზრახვების ახსნას, სხვა ბავშვებთან მათ შეთანხმებას, კოორდინირებას, სწვდება მათ გრძნობებს და მიზნებს, თანაუგრძნობს მათ, უვითარდება ემპათიის უნარი. თამაში ბავშვს ასევე ასწავლის თანაგანცდას და საკუთარი ემოციების, მათ შორის უარყოფითის, გამოხატვას, აუმჯობესებს თანატოლებთან მის ურთიერთობას, განაწყობს თანამშრომლობისა და პიროვნებათაშორისი კონფლიქტების კონსტრუქციული გადაწყვეტისთვის. ბავშვს უვითარდება კონფლიქტების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი.
• სიუჟეტურ-როლური თამაშის დროს, წარმოსახვისა და ფანტაზიის დახმარებით, ბავშვს უვითარდება როგორც სოციალური, ისე ემოციური და კოგნიტიური უნარ-ჩვევებიც. ის იკვლევს სამყაროს, სიამოვნებას იღებს თამაშის პროცესით. თამაში ეხმარება მას თვითკონტროლისა და ყურადღების გავარჯიშებაში.
• სიუჟეტურ-როლური თამაშები ეხმარება ბავშვს, გაუმკლავდეს სტრესს და შფოთვას, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ექიმთან ვიზიტით ან საბავშვო ბაღში მისვლით. შიშის გამომწვევი სიტუაციების გათამაშებით, სათამაშოების დახმარებით ან როლების მორგებით, ბავშვი თავს უსაფრთხოდ, დაცულად გრძნობს. როდესაც საუბრობს და შიშს გამოხატავს, უფროსებისგან საჭირო მხარდაჭერას იღებს.
• როლური თამაშები ასაზრდოებს ბავშვის ცნობისმოყვარეობას, აფართოებს მის თვალსაწიერს, ასტიმულირებს სამყაროს შემდგომი კვლევის ინტერესს.
• სიუჟეტურ-როლური თამაშები ბავშვის კომპიუტერსა და ინტერნეტზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლების შესანიშნავ საშუალებას წარმოადგენს.
• როლური თამაშის დროს ვითარდება მეტყველება, უმჯობესდება საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები – ბავშვი სწავლობს ურთიერთობას, საკუთარი აზრების, სურვილების გამოხატვას, წესების ფორმულირებას. უვითარდება ყურადღება, მეხსიერება, ლოგიკური აზროვნება, აღქმა, წარმოსახვა. ბავშვი სწავლობს ფანტაზიორობას, ემოციების გამოხატვას; უკეთესად შეიცნობს სამყაროს, „იძირება“ ზრდასრულთა ცხოვრებაში მათი ქცევის მოდელების მორგებით, იშლება საზღვარი გამოგონილსა და რეალურს შორის.

როგორი უნდა იყოს უფროსის როლი ბავშვის თამაშის პროცესში?

• უფროსის როლი ბავშვების სიუჟეტურ-როლურ თამაშებში საკმაოდ მნიშვნელოვანია. დამოუკიდებლად ასეთ თამაშებს ბავშვი ვერ ითამაშებს და თუ მაინც ითამაშა, დიდხანს ვერ გააგრძელებს. მიუხედავად ამისა, საჭიროა, გვახსოვდეს, რომ როლური თამაშის მთავარი გმირი უნდა იყოს ბავშვი, უფროსები კი უნდა ვიდგეთ მეორე პლანზე როგორც დამხმარეები. ვეცადოთ, თვალყური ვადევნოთ ბავშვის თამაშს – თუ ის დიდი ხნის განმავლობაში თამაშობს ერთსა და იმავე თამაშს და მასში არ ჩანს გაგრძელება, საჭიროა ჩავერიოთ და სიუჟეტის განვითარებაში დავეხმაროთ. ამგვარად ჩვენ ვუჩვენებთ ბავშვს, როგორ შეიძლება სიტუაციის შეცვლა. ნუ შევშფოთდებით, თუ ის იმეორებს თამაშს – შესაძლოა, ძალიან მოსწონს ან უბრალოდ განამტკიცებს მიღებულ ცოდნას. ამ შემთხვევაში უკეთესი იქნება, არ ჩავერიოთ. დაე, თავად განავითაროს თამაში ახალი სიუჟეტის დამატებით. ბავშვმა დამოუკიდებლად უნდა ისწავლოს ფანტაზიორობა და ლოგიკური აზროვნება. ჩვენ უბრალოდ დავაკვირდეთ და სიტუაციის გამოსწორებაში ან შეცვლაში დავეხმაროთ.

• არის მომენტები, როცა აუცილებელი ხდება ბავშვების თამაშში უფროსების აქტიური ჩარევა. თუ შევამჩნიეთ, რომ თამაში გახდა სასტიკი, ბოროტი, პერსონაჟები კი მონსტრებად იქცნენ, საჭიროა, ჩავერიოთ. თუმცა უკეთესი იქნება, თუ მოვერიდებით ასეთ დროს ბავშვის საყვედურებით ავსებას და თამაშს არ შევაწყვეტინებთ. უმჯობესია, დავფიქრდეთ იმაზე, როგორ ვუხსნიდით მას, რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება, რა არის კარგი და რა არის ცუდი. პატარა ბავშვს უჭირს ყველა ამ ცნებაში გარკვევა, მით უმეტეს, თუ არცთუ სასურველი მაგალითები აქვს თანამედროვე მულტფილმებიდან. ასეთ სიტუაციაში შეიძლება ყურადღება მივაქციოთ იმას, რომელი მულტფილმები უყვარს ბავშვს და ვნახოთ ისინი მასთან ერთად; ყურების დროს შეგვიძლია გამოვხატოთ ჩვენი აზრი პერსონაჟების ქცევასთან დაკავშირებით – ბავშვი ამას აუცილებლად დაიმახსოვრებს. თუ შევამჩნიეთ, რომ ის განზრახ აგრძელებს სასტიკი სიუჟეტებით თამაშს, დაველაპარაკოთ. შესაძლოა, მას დაუგროვდა აგრესია, რომლის გარეთ გამოტანაც აუცილებელია. ასეთ დროს შეიძლება გულითადი საუბარი დაეხმაროს – ბავშვი ყველაფერს სიტყვიერად გამოხატავს, გარეთ გამოიტანს და, დიდი ალბათობით, აგრესია გაქრება.

• გასათვალისწინებელია, რომ სიუჟეტურ-როლურ თამაშებში ბავშვებთან ერთად უფროსების მონაწილეობა სასარგებლოა როგორც ბავშვებისთვის, ისე თავად უფროსებისთვისაც. თამაშის დროს ჩვენ ვურთიერთობთ ბავშვებთან „მათ ტერიტორიაზე“. საბავშვო თამაშების სამყაროში შესვლისას შეგვიძლია, თავადაც ბევრი რამ ვისწავლოთ და ვასწავლოთ ბავშვსაც:
 თამაში გვეხმარება, ველაპარაკოთ ბავშვს თავის ენაზე;
 გადავლახოთ, დავძლიოთ უპირატესობის გრძნობა, ავტორიტარული პოზიცია (და, შესაბამისად, ეგოცენტრიზმიც) ბავშვთან ურთიერთობისას;
 გამოვაცოცხლოთ საკუთარ თავში ბავშვური თვისებები: უშუალობა, გულწრფელობა, ემოციურობა;
 აღმოვაჩინოთ სწავლების საკმაოდ ეფექტიანი ხერხი – მოდელების, ნიმუშების მიბაძვით სწავლება;
 გვიყვარდეს ბავშვი ისეთი, როგორიც არის;
 ვასწავლოთ ბავშვს, შეხედოს საკუთარ თავს გვერდიდან, სხვა ადამიანების თვალით.
დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ სიუჟეტურ-როლურ თამაშებს ბევრი რამის თქმა შეუძლია ჩვენთვის ბავშვის, მისი გრძნობებისა და განცდების შესახებ. საჭიროა მხოლოდ თვალყური ვადევნოთ და ყველაფერს მივხვდებით, ეს კი, თავის მხრივ, მრავალი პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“