სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

მუსიკის სწავლება უსინათლო ბავშვებისთვის

„ბავშვზე ცენტრირებული სკოლა არის სავარჯიშო მოედანი ადამიანებზე ორიენტირებული საზოგადოებისთვის, რომელიც პატივს სცემს ადამიანთა განსხვავებულობასა და ღირსებას”.

                                                                                     სალამანკის დეკლარაცია III.4
სკოლაში მუსიკის სწავლებისადმი თანამედროვე მიდგომა ემყარება მუსიკის ნეირობიოლოგიის კვლევების მონაცემებს, რომელთა მიხედვითაც მუსიკის სწავლის პროცესი თავის ტვინის ჰარმონიულ ფუნქციობას უწყობს ხელს. ამ საგნის სწავლება ჯანსაღი თაობის აღზრდის მნიშვნელოვანი კომპონენტია. სტატიაში განვიხილავთ, რა სახით სწავლობენ მუსიკას უსინათლო მოსწავლეები.

საქართველოს განათლების სისტემაში ბოლო წლებში მიმდინარე რეფორმის შედეგად მუსიკის სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში ხანგრძლივ და მრავალმხრივ პროცესად ჩამოყალიბდა. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მუსიკის სწავლება დაწყებით და საბაზო საფეხურებს მოიცავს, მის მრავალმხრივობას კი მუსიკის საშემსრულებლო-საინტერპრეტაციო, სმენით-ანალიტიკური და თეორიული ასპექტების ერთ საგნად მოაზრება განაპირობებს. მუსიკის საგნის ორგანული ნაწილი, ბუნებრივია, სანოტო დამწერლობის დაუფლებაც არის და მის გაცნობას მოსწავლეები მესამე კლასიდან იწყებენ, როდესაც მათ უკვე ჩამოყალიბებული აქვთ მშობლიურ ენაზე წერა-კითხვის უნარ-ჩვევები. მუსიკის სასწავლო გეგმის შესავალში ვკითხულობთ: “როგორც საკუთარი დამწერლობის მქონე საკომუნიკაციო ენა, მუსიკა მოსწავლეს უქმნის ნებისმიერ საზოგადოებასთან ურთიერთობის ფართო შესაძლებლობებს”. მუსიკის სწავლების ერთ–ერთ მიზნად კი დასახელებულია “მუსიკალური დამწერლობის როგორც უნივერსალური საკომუნიკაციო საშუალების შესწავლა”.

აქ ჩანს ის თავისებურებები, რაც უსინათლო ბავშვებისთვის მუსიკის სწავლებას ახლავს თან _ მათთვის პრობლემას წარმოადგენს სანოტო დამწერლობის შესწავლა.
როგორც ცნობილია, უსინათლოები წერა-კითხვისას იყენებენ ბრაილის სისტემას, რომელიც ფრანგმა ლუი ბრაილმა შექმნა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში და რომლის ადაპტირებაც მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე მოხდა. ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი, რომ ბრაილის მიერ 1829 წელს გამოცემულ ნაშრომში ფრანგულ დამწერლობას დართული ჰქონდა მუსიკალური ანბანიც. ეს შემთხვევითი არ ყოფილა, რადგან თავად უსინათლო ბრაილს კარგად ესმოდა მუსიკის მნიშვნელობა უსინათლოებისთვის _ იგი საფრანგეთის სხვადასხვა ტაძარში მუშაობდა ორგანისტად, იყო ჩელისტიც და, ამის კვალობაზე, სათანადოდ აფასებდა ჩაწერილი მუსიკალური ინფორმაციის მოპოვებისა და გაცვლის საჭიროებას.
შეზღუდული შესაძლებლობები არ წარმოადგენს ბარიერს ბავშვების მუსიკალური განვითარებისა და მიღწევებისთვის. პროფესორი ადამ ოკელფორდი მრავალი წელია იკვლევს მუსიკის სწავლების საკითხებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭროების ბავშვებისთვის. როგორც ლონდონის განათლების ინსტიტუტში (IOE) მისი ხელმძღვანელობით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა:

. ყოველდღიური ხმებისადმი დიდ ინტერესს ამჟღავნებს: უსინათლო ბავშვების 48%, მხედველობის დარღვევის მქონე ბავშვების 33% და მხედველი ბავშვების 13%;

. განსაკუთრებით გატაცებულია მუსიკით: უსინათლო ბავშვების 90%, მხედველობის დარღვევის მქონე ბავშვების 67% და მხედველი ბავშვების 38%;

. უკრავს: უსინათლო და მხედველობის დარღვევის მქონე ბავშვების 67%, კარგად მხედველი ბავშვების 41%.
ამავე კვლევის მონაცემების თანახმად, უსინათლო ბავშვების მშობლების თქმით, „მუსიკა მათი შვილებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როგორც კომფორტის წყარო, რომელიც ეხმარება მათ რელაქსაციასა და გრძნობების გამოხატვაში”.
პროფესორი ოკელფორდი ამ სტატისტიკურ მასალას ნეირობიოლოგიურ მიდგომას უდებს საფუძვლად: ადამიანის თავის ტვინი პლასტიკურია, ის ნეირონები, რომლებიც მხედველობაზეა ორიენტირებული, ადვილად გადაეწყობა სხვა ცენტრების, კერძოდ, სმენის ცენტრების მომსახურებაზე.
რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში უსინათლო ბავშვებისთვის მუსიკის სწავლების მხრივ?
საქართველოში, თბილისში, უსინათლო ბავშვებისთვის არსებობს 202-ე სპეციალიზებული სკოლა.
202-ე სკოლაში მუსიკა შემდეგი სახით ისწავლება:

. სიმღერა;
. მუსიკის ელემენტარული თეორიისა და სოლფეჯირების ელემენტები;
. მუსიკის მოსმენა;
. ზეპირი მოთხრობები მუსიკის ისტორიიდან (მოსწავლეებს არ აქვთ ადაპტირებული სახელმძღვანელო!);
. რიტმიკა (დაწყებით კლასებში);
. არჩევითი საგნების სახით: ა) გუნდი (კვირაში 2-ჯერ 1 სთ.), ბ) ხალხური საკრავები. ფასიანი არჩევითი საგანია გ) ფორტეპიანო.

სამწუხაროდ, 202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლაში მუსიკალური დამწერლობა ბრაილის სისტემით არ ისწავლება, ვინაიდან პედაგოგებს არ ჰქონიათ შესაბამისი განათლების მიღების საშუალება. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში შეიქმნა და ინერგებოდა ბრაილის მუსიკალური სისტემის მსგავსი ალტერნატიული დამწერლობა. სამომავლოდ ახალი სისტემის დანერგვას გააადვილებს ის, რომ სკოლის ყველა კლასში არის განაყოფები, რომლებშიც ერთიდან რვა მოსწავლემდე სწავლობს.
საქართველოში არიან უსინათლო მოსწავლეები, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი მონაცემებით, სწავლობენ პროფესიულ სამუსიკო სასწავლებლებში და გამოდიან საკონცერტო ესტრადაზე. ისინი საკუთარი სმენისა და მეხსიერების წყალობით სწავლობენ დიდი მოცულობის პროგრამებს, რაც მათი მშობლებისა და პედაგოგების ხელშეწყობით მიიღწევა. მათ შორის გამოვყოფთ 202-ე სკოლის კურსდამთავრებულს, თამარ შალვაშვილს, რომელმაც ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრატურის წარმატებით დასრულების შემდეგ (პროფესორ ე. რუსიშვილის კლასი) სწავლა განაგრძო ბოსტონის კონსერვატორიაში, პროფესორ ალექსანდრე კორსანტიასთან და ამავე სკოლის მოსწავლეს, მაია კუციას, რომელიც ამავე დროს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის “ნიჭიერთა ათწლედის” X კლასში სწავლობს (პედაგოგ ნ. მახარაძის კლასი). ორივე გოგონა გამოირჩევა მუსიკალური მონაცემებით, ორივე აქტიურად მონაწილეობს კონცერტებში და პროგრამას მხოლოდ მუსიკალური სმენისა და მეხსიერების წყალობით სწავლობს. არც ერთი არ ფლობს ბრაილის მუსიკალურ ანბანს, თუმცა, როგორც სკოლის თანამშრომლებმა ჩემთან საუბრისას აღნიშნეს, ბოსტონში თამუნა უკვე ეუფლება ბრაილის სისტემას. მათ გარდა, სკოლაში ბევრია გამორჩეული მუსიკალური მონაცემებით დაჯილდოებული ბავშვი.

202-ე საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელთან, ფიქრია ხელაშვილთან საკითხის განხილვისას გამოიკვეთა ერთი პრობლემა: მართალია, სკოლაში იყენებენ ადაპტირებულ კომპიუტერებს, მაგრამ არ აქვთ მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამების სწავლების საშუალება, რაც გათვალისწინებულია მუსიკის სასწავლო გეგმით.
სალამანკის დეკლარაციის მიხედვით, “ყველა ბავშვს აქვს უნიკალური მახასიათებლები, ინტერესები, უნარები და სასწავლო საჭიროებები”. საგანმანათლებლო სისტემის მიზანია, მისცეს მოსწავლეებს მათი რეალიზების საშუალება. ამის შესაბამისად ჩამოვაყალიბებთ სტატიაში განხილულ საკითხებს:

1.უსინათლო მოსწავლეებს სრულყოფილი ზოგადი სამუსიკო განათლების მიღების საშუალება უნდა ჰქონდეთ ბრაილის სანოტო სისტემის სწავლების სახით, რაც მათ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების სხვა მოსწავლეებთან თანაბარ პირობებში ჩააყენებს მუსიკალურ დამწერლობასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებში;

2.ინფორმატიზაციის თანამედროვე პირობებში უსინათლო მოსწავლეები, აუცილებელია, სწავლობდნენ მუსიკალურ-კომპიუტერულ პროგრამებს;

3.ბრაილის სანოტო სისტემის სწავლება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ერთ სპეციალურ სამუსიკო სასწავლებელში მაინც, თუნდაც არჩევითი კურსის სახით;

4.დღის წესრიგში დგება შესაბამისი პედაგოგიური კადრების მომზადების საკითხი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“