კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

კომპლექსური დავალება და საჭირო რესურსები

ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა კეთებით და გამოცდილებით სწავლების პრინციპს ემყარება.  მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომით მოსწავლეები  პრაქტიკულად ასრულებენ მათთვის უკვე ძალიან საინტერესო და მრავალფეროვან კომპლექსურ დავალებებს, რომლის დროსაც მოსწავლეები თვითონ გეგმავენ სასწავლო საქმიანობას და ორგანიზებას უწევენ, ერთ მთლიანობაში აქცევენ სხვადასხვა სფეროში მიღებულ ცოდნას და მიზანმიმართულად იყენებენ მას. არ კმაყოფილდებიან  მიღწეულით და აქვთ საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარების უნარი, რაც განაპირობებს მათ  პიროვნულ და პროფესიულ ზრდას და უზრუნველყოფს ახალი ცოდნის დამოუკიდებლად შეძენას.

გთავაზობთ მე-8 კლასში, გეოგრაფიაში ჩატარებულ კომპლექსურ დავალებას

თემა:  ჩრდილოეთ ამერიკა

საკითხი: ჩრდილოეთ ამერიკის პრერიები

სამიზნე  ცნება – მოსახლეობა და მეურნეობა;   მდგრადი განვითარება

ქვეცნებები: ბუნებრივი ზონა(სტეპი-პრერია),ფრონტირი-ველური დასავლეთი),აქტი ჰოუმსტედის შეახებ,რეზერვაცია,სტიქიური მოვლენები(გვალვა,ხანძარი,ტორნადო)

საკვანძო შეკითხვა – რა განაპირობებს პრერიების   ინტენსიურ გამოყენებას სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით,რა  შედეგი შეიძლება მოჰყვეს მის გამოყენებას მომავალში და როგორ უმკლავდებიან სტიქიურ პროცესებს ჩრდილოეთ ამერიკის პრერიებში.

კომპლექსური დავალების პირობა:

ჩრდილოეთ ამერიკის პრერიები მეტად ხელსაყრელია სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის.წარმოიდგინეთ, რომ ახალგაზრდა ფერმერთა ასოციაციის წევრი ხართ და დაგევალათ შეისწავლოთ  ჩრდილოეთ ამერიკის  პრერიები. მოამზადეთ ელექტრონული  ბუკლეტი,  რომლის საშუალებითაც თანატოლებს პრერიებს, მის სამეურნეო ათვისებას და მომავალში მისი შენარჩუნების საჭიროებას გააცნობთ.

თქვენ მიერ შექმნილ ელექტრონულ  ბუკლეტში ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

  • ცვლილებები, რომლებიც აისახა პრერიების ათვისების შედეგად ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებაზე, სამეურნეო საქმიანობასა და ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
  • საფრთხეები, რომლებიც შეიძლება დაემუქროს პრერიებს სტიქიური პროცესების შედეგად და დაცული ტერიტორიების შექმნა პრერიების ველური ბუნების შესანარჩუნებლად.

პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის: 

(რესურსი-1)

  • ჩამოაყალიბე აზრი ველური დასავლეთის ათვისებაზე , ბიზონების   დახოცვასა და ინდიელების განდევნაზე; იმსჯელე პრერიების მიწების სამეურნეო ათვისებაზე , მოსახლეობის მიგრაციასა და მათი დასაქმების ტიპზე.
  • წაიკითხეთ მასალა(რესურსი-2)

 ამონარიდი სახელმძღვანელოდან  მაქსაკოვსკი მსოფლიო გეოგრაფიული სურათი- „აშშ-ს ,კანადის მექსიკის აგროსამრეწველო კომპლექსები“, დაადგინეთ კავშირი სასოფლო-სამეურნეო კულტურების განაწილებასა და მოხმარებას შორის.  სოფლის  მეურნეობის ინტენსიური განვითარების  შედეგად თუ როგორ მოხდა პროდუქციის ზრდა და როგორია  მისი ხვედრითი წილი ექსპორტის მოცულობაში.

  • გაეცანი ინფორმაციას(რესურსი-3) – რომელი სტიქიური პროცესები აყენებს ზიანს პრერიებს და რა სახის პრევენციები უნდა ჩატარდეს ზარალის ასაცილებლად.
  • უყურე ვიდეოს, გამოიტანე დასკვნა, თუ რატომ  არის აუცილებელი  დაცული ტერიტორიების შექმნა და ველური სახეობების შენარჩუნება.
  • წაიკითხე მასალა(რესურსი-4) (მე-9 კლასის სახელმძღვანელო- მ.ბლიაძე, გ.ჭანტურია, დ.კერესელიძე, ზ.სეფერთელაძე). შეადარე ერთმანეთს ამერიკის პრერიები და სტეპები საქართველოში და  დაადგინე მათ შორის  მსგავსება -განსხვავებანი.
  • ელექტრონული ბუკლეტი ინფორმაციული, შემეცნებითი და საინტერესო და მიმზიდველი რომ იყოს, გაითვალისწინეთ რჩევა – „როგორ შევქმნათ ელექტრონული ბუკლეტი“(ელექტრონული ბუკლეტის მომზადება შეგიძლიათ Word-ში. გახსენით Word-ის ფურცელი. შემდეგ შედით file- მენიუში და ჩამონათვალში აირჩიეთ New. იქვე გამოსულ საძიებო სტრიქონში ჩაწერეთ სიტყვა Flyer და ჩამოშლილი ვერსიებიდან თქვენთვის სასურველი ვარიანტი შეარჩიეთ; ბუკლეტში გვერდების ერთმანეთისგან გამოყოფის მისანიშნებლად შეგიძლიათ, წყვეტილი ხაზები გაავლოთ).

კომპლექსური დავალების ეტაპები

ეტაპი 1-კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა:

აქტივობა 1-როგორ შევქმნათ ელექტრონული  ბუკლეტი;

აქტივობა 2-წინარე  ცოდნის გააქტიურება:

1-რა არის ბუნებრივი ზონა?

2-რომელი ბუნებრივი ზონებია გავრცელებული ჩრდილოეთ ამერიკაში?

ეტაპი 2- კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა

აქტივობა -1 მოსწავლეების მიერ ველური დასავლეთის  ადგილმდებარეობისა და მკვიდრი მოსახლეობის-ინდიელების ყოფა ცხოვრების გაანალიზება.

ველური დასავლეთის  უკანასკნელი  დღეები https://www.gfsis.org/files/my-world/26/3.pdf?fbclid=IwAR2V4y4Yjakw9BazP96QqN0nggz1JxTqiGQ2zOJNssGDgidsQzvAbiZYQkA

უკანასკნელი ფრონტირი https://www.kvirispalitra.ge/istoriani/36633-ukanaskneli-frontiri.html

(რესურსი-1)

  • როგორი იყო პრერიების ველური ბუნება, რა მიზნით ხდებოდა პრერიების მიტაცება და როგორ ხდებოდა მკვიდრი მოსახლეობის განდევნა?
  • როგორ განახორციელეს ტერიტორიების ათვისების მიზნით რკინიგზის გაყვანა,მოსახლეობის დაინტერესება და სასოფლო სამეურნეო სავარგულების ათვისება?
  • რას ნიშნავს ველური დასავლეთი, ჰოუმსტედის კანონი, ფრონტირის ხაზი და სად გადიოდა ეს ხაზი?
  • რა სახის წინააღმდეგობას წააწყდნენ თეთრკანიანები ინდიელთა მხრიდან ბიზონების დახოცვასა და ტერიტორიების მითვისების შედეგად?
  • რამ შეუწყო ხელი მოსახლეობის თავმოყრას მოცემულ ტერიტორიაზე?

აქტივობა-2  მოსწავლეების მიერ პრერიების სამეურნეო ათვისების შედეგად რძის, ხორბლის, სიმინდის სარტყლების  გავრცელების  არეალების დადგენა და დატანა  კონტურულ რუკაზე .

ამონარიდი სახელმღვანელოდან  მაქსაკოვსკი მსოფლიო„გეოგრაფიული სურათი- „აშშ-ს ,კანადის მექსიკის აგროსამრეწველო კომპლექსები“      (რესურსი-2)

  • სად მდებარეობს, რომელ შტატებს მოიცავს აშშ-ში რძის, ხორბლის, სიმინდის სარტყელი და რომელ ტერიტორიებს მოიცავს კანადასა და მექსიკაში?
  • რაში მდგომარეობს ინტენსიური სოფლის მეურნეობის არსი და მისი როლი სასოფლო პროდუქციის წარმოების ზრდაში?
  • პრერიების ათვისების შედეგად როგორია სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წილი ქვეყნების საექსპორტო მაჩვენებელში?

აქტივობა-3 –მოსწავლის მიერ ვიდეოს ანალიზი და დამატებითი ინფორმაციის  მოძიება დაცულ ტერიტორიებზე, სტიქიურ პროცესებზე და საქართველოს სტეპებზე.

https://www.youtube.com/watch?v=Ww3cMgFr2xQ&feature=emb_rel_end&fbclid=IwAR1lwJt91hkxDk9YULUbIFk2-eSENEUJ3l-kehfPFqy6ZHJ4fRYEAyKoLIM       (რესურსი-3)

  • რომელი დაცული ტერიტორიები შეიქმნა პრერიების ველური ბუნების დაცვის მიზნით?
  • რომელმა სტიქიურმა პროცესებმა შეიძლება ზიანი მიაყენოს პრერიებს და როგორ შეიძლება მათი თავიდან აცილება?

აქტივობა-4 წაკითხულის ანალიზი

წაიკითხე მასალა – საქართველოს სტეპებთან დაკავშირებით  და შეადარეთ ერთმანეთს ამერიკის პრერიები და  სტეპები საქართველოში და  დაადგინე მათ შორის  მსგავსება-განსხვავებანი (9 კლასის სახელმძღვანელო- საქართველოს გეოგრაფია მ.ბლიაძე,გ.ჭანტურია,დ.კერესელიძე,ზ.სეფერთელაძე ).  (რესურსი-4)

რესურსი-1  ამონარიდი  სტატიიდან „ველური დასავლეთი“

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ფრონტირის ხაზმა, რომელიც აშშ-ში ერთმანეთისგან გამოყოფდა თეთრკანიანი ახალმოსახლეებისა და ინდიელთა ტერიტორიებს, სულ უფრო სწრაფად გადაინაცვლა დასავლეთისკენ.

1850-1865 წლებში ამერიკელმა ახალმოსახლეებმა მისისიპის დასავლეთით დაიწყეს გადასვლა – შევიდნენ დიდი ვაკეებისა და პრერიების ტერიტორიაზე. 15 წელიწადში ახალმოსახლეებმა დაიკავეს კანზასისა და ნებრასკის ნაყოფიერი მიწები და მდინარე მისურის მიადგნენ. ამდენად, 1865 წლის ანუ უკანასკნელი ფრონტირის დაწყებისთვის ხაზი არ გასცდენია მდინარე მისურის, იგი მიუყვებოდა მისისიპის მომიჯნავე შტატების დასავლეთ საზღვრებს, ასევე შეჭრილი იყო კანზასისა და ნებრასკის შტატების სიღრმეში. ამ  საზღვრის იქით ინდიელთა ტერიტორიები – ”ველური დასავლეთი” იწყებოდა.”ველური დასავლეთის” ეს ტერიტორიები თავის სიდიდესთან ერთად გეოგრაფიული და ბუნებრივი საბადოების თვალსაზრისითაც ძალზე მრავალფეროვანი იყო. აქ მრავალი ტომი სახლობდა: ბლექფუტები, კროუ, სიუ, შაიენები, არაპაჰო, პაუნი, შოშონები, მოდოკი პაიუტები, აპაჩები, კომანჩები.

1-კომანჩები;    2-აპაჩები;    3-შოშონი ინდიელი.

“ველური დასავლეთის” სწრაფი გარდაქმნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო ამერიკელთა მიერ ბიზონთა ჯოგების თითქმის მთლიანად განადგურება. ეს იყო უდიდესი დარტყმა ინდიელთათვის. განსაკუთრებით ვაკე-პრერიის ზონაში მცხოვრები მრავალრიცხოვანი ტომებისათვის, რომლებიც მთლიანად დამოკიდებულნი იყვნენ ბიზონებზე. XIX საუკუნის ბოლომდე 50 მლნ სულზე მეტი ბიზონი განადგურდა.

(ბიზონებზე ნადირობა)

1862-1869 წლებში აშშ-ის დასავლეთში გაიყვანეს მსოფლიოში პირველი ტრანსკონტინენტური რკინიგზა, რომელმაც გადაკვეთა მთელი “ველური დასავლეთი” და დააკავშირა ქვეყნის წყნარი ოკეანისა და ატლანტის ოკეანის სანაპიროები. რკინიგზამ გააადვილა, დააჩქარა და უსაფრთხო გახადა დასავლეთში გადაადგილება და თან უამრავი ახალმოსახლეც წამოიყოლა. ახალი რკინიგზა ”ორეგონის ბილიკის” საუკეთესო ალტერნატივა გახდა. ამდენად, ტრანსკონტინენტურმა რკინიგზამ კიდევ უფრო დააჩქარა ფრონტირის მოძრაობა და ინდიელთა ტერიტორიების შემცირება. იმავდროულად ხელისუფლებამ აამოქმედა აქტი ჰომსტედების შესახებ (1862 წ.), რომლის ძალითაც ახალმოსახლეებს უფასოდ გადაეცემოდა მიწები დასავლეთში.

ამასთან რკინიგზის ხაზების მიმდებარე მიწები სარკინიგზო ფირმების მაგნატებს გადასცეს. მათ კი, თავის მხრივ, დაიწყეს ამ ტერიტორიების გაყიდვა ემიგრანტებსა და ახალმოსახლეებზე. “ველურ დასავლეთში” ახალმოსახლეთა რიცხვი ძალიან სწრაფად მატულობდა.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში მთელი “ველური დასავლეთი” “ინდიელთა ომების” ალში გაეხვია. განსაკუთრებით ბევრი ბრძოლა მოხდა მონტანაში, ჩრდილო და სამხრეთ დაკოტაში, კოლორადოში, არიზონასა და ტეხასში. საერთოდაც, ყველაზე სერიოზული წინააღმდეგობა ფრონტირის წინსვლას გაუწიეს ვაკე-პრერიის ზონის ინდიელებმა.

1865 წელს დაწყებული უკანასკნელი ფრონტირი დაახლოებით 25 წელიწადს გაგრძელდა. “ინდიელთა დასავლეთი” შტატებად დაიყო; როკის მთიანეთში მაღაროელები მუშაობდნენ და ახალ-ახალ საბადოებს ეძებდნენ, იქვე იქმნებოდა მათი დასახლებები; რკინიგზის ხაზების, ხიდების, გვირაბების მშენებლობამ შორეული დასავლეთის ყველაზე მიუვალ ადგილებამდეც კი მიაღწია; დაიწყო ახალი ხალხმრავალი ქალაქების მშენებლობა, თვალუწვდენელი პრერიები და ვაკეები ამერიკელ ფერმერთა სახნავ-სათესებად იქცა.

რესურსი-2

კანადის ეკონომიკაში წამყვანი როლი ცენტრალურ რაიონს (კვებეკს და ონტარიოს პროვინციები)ეკუთვნის. წყნაროკეანური, ჩრდილოეთი და სტეპური რაიონები კანადის მთელი ისტორიის მანძილზე „მეტროპოლიასთან“-ცენტრალურ რაიონთან მიმართებაში ასრულებდა შიდა კოლონიების აგრარულ-სანედლეულო დანამატის ფუნქციას. 70-იანი წლებიდან სხვაობა „ცენტრსა“ და „პერიფერიას“ შორის თანდათან იშლება, რაც კარგად ჩანს სტეპური  რაიონის მაგალითზე. სტეპურ რაიონში შედის მანიტობას, სასკაჩევანის და ალბერტას პროვინციები. მათი ფართობი 2 მლნ კმ კვ-ია და ქვეყნის ტერიტორიის 1/5 უკავია. აქ ცხოვრობს კანადის მოსახლეობის 1/6. სტეპურ რაიონში სწრაფად ვითარდება სამთო-მოპოვებითი მრეწველობა, რაც მოსახლეობის მატებას განაპირობებს. სტეპის პროვინციებში იზრდება, აგრეთვე, გადამამუშავებელი მრეწველობა. აქ იწარმოება კანადის სამრეწველო პროდუქციის 1/5. თუ მხედველობაში მივიღებთ იმასაც, რომ აქ საკმაოდ სწრაფად ვითარდება მატერიალური და არამატერიალური  წარმოების სხვა დარგებიც, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კანადის სტეპური რაიონი ქვეყნის  მეორე ეკონომიკურ ბირთვად გადაიქცა, მაგრამ მაინც სტეპური რაიონის  „სახეს“ სოფლის მეურნეობა განსაზღვრავს, რომელიც კანადის სოფლის მეურნეობის 2/3 იძლევა. ამ რაიონში ძალიან კარგად არის განვითარებული მეცხოველეობა. სწორედ აქ იწყება „უზარმაზარი ძროხების“ ქვეყნის ტერიტორია, რომელიც სამხრეთისაკენ ვრცელდება აშშ-ს გავლით ტეხასამდე და მაინც, სტეპური რაიონის სოფლის მეურნეობაში სპეციალიზაციას განსაზღვრავდა და დღესაც განსაზღვრავს მარცვლეულის წარმოება. სტეპური რაიონის, ისევე როგორც მთელი კანადის კოლონიზაციის ადრეულ პერიოდში ახალი ტერიტორიის ათვისების მამოძრავებელი ძალა იყო ე.წ.“ბეწვეულის ციებ-ცხელება“.1670 წელს ინგლისში შექმნილი ჰუძონის ყურის კომპანია დიდი ხნის განმავლობაში მონოპოლიურად  ფლობდა კანადის ბეწვეულ სიმდიდრეებს. მე-18 საუკუნეში სწორედ ძვირფასი ბეწვით ვაჭრობამ განსაზღვრა კანადის როლი მსოფლიო ბაზარზე. რაც შეეხება რაიონის სასოფლო-სამეურნეო ათვისებას, იგი შენელდა კიდეც, რადგან აქ მცხოვრები ინდიელთა მრავალრიცხოვანი ტომები იძულებული გახდნენ ბეწვეული დაემზადებინათ. სტეპურ რაიონში გადმოსახლებული შოტლანდიელების პირველი სასოფლო-სამეურნეო კოლონია მე-19 საუკუნის დასაწყისში წარმოიქმნა, მაგრამ რაიონის ფართო სასოფლო-სამეურნეო კოლონიზაცია დაიწყო მხოლოდ რკინიგზების ინტენსიური მშენებლობის პერიოდში(მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში). განსაკუთრებით 1885 წლიდან, როდესაც გაყვანილ იქნა პირველი ტრანსკანადური  მაგისტრალი. ამ გზის საშუალებით სტეპურ რაიონში შემოვიდა ევროპიდან გადმოსახლებულთა ნაკადი, რომელმაც სწრაფად მიაღწია კლდოვან მთებამდე. რაიონის სწრაფმა ათვისებამ განაპირობა ფედერაციის შემადგენლობაში ჯერ მანიტობას(1870),შემდეგ სასკაჩევანის  და ალბერტას(1905)პროვინციების შესვლა. იმავდროულად, განსაზღვრა კოლონიზებული  სტეპური რაიონის  მთავარი სამეურნეო პროფილიც, რომელსაც ყველაზე უკეთ შეესაბამება გამოთქმა“ხორბლის ეკონომიკა“. სტეპურ რაიონში ეკონომიკის ამ დარგის განვითარებას ხელი შეუწყო ბუნებრივმა და ეკონომიკურმა ფაქტორებმა.და მართლაც,სტეპური რაიონის სამხრეთს გააჩნია განსაკუთრებული ბუნებრივი პირობები მარცვლეული მეურნეობის განვითარებისათვის.აქ ფართო ზოლადაა წარმოგდენილი კანადის სტეპური(პრერიები),რომელიც ვრცელდება სამხრეთით,აშშ-ის  ცენტრალურ და დიდ  ვაკეებზე.თბილი,თუმცა ცოტათი მშრალი ჰავა,ნაყოფიერი ნიადაგები და ვაკე ტერიტორია ხელს უწყობს რაიონის სწრაფ ათვისებას.ევროპიდან გადმოსახლებულებმა,განსაკუთრებით კი უკრაინელებმა აქ აღმოაჩინეს ნამდვილად „მშობლიური ლანდაფტი“.

„ხორბლის ეკონომიკის“ფორმირების ხელშემწყობი ეკონომიკური ფაქტორებია აღსანიშნავია:ძირითადად მომხმარებელთან-კანადის ცენტრალურ რაიონთან და აშშ-ის მიმდებარე რაიონებთან სიახლოვე;მსოფლიო ბაზრზე გასვლის შესაძლებლობა-წყნაროკეანურ ნავსადგურ ვანკუვერის და დიდი ტბების სისტემის საშუალებით.მე-19  საუკუნის 90-იან წლებსი ევროპაში კანადურ ხორბალზე მოთხოვნის გაზრდა.ხორბლის სარტყელი შედგება ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებისაგან,რომლებიც განსხვავებულია როგორც აგროკლიმატური ისე კულტურულ-ეთნიკური პირობებით.ჩრდილოეთ ნაწილში(ჩრდ. და სამ.დაკოტა)ყინვიანი და ქარიანი ზამთრის გამო,მოდის მხოლოდ საგაზაფხულო ხორბალი.მოსახლეობა ამ რაიონში მცირეა-ძირითადად ფერმერები,დიდ ქალაქებში პრაქტიკულად არ არის და ხორბალი ითვლება ამ სარტყლის მონოკულტურად.სამხრეთ ნაწილში (ნებრასკა და კანზასი) ზაფხული უფრო ცხელი და მშრალია,მოჰყავთ საშემოდგომო ხორბალი,რომელიც მწიფდება ზაფხულის გვალვების დადგომამდე.ეს საშემოდგომა ხორბლის სარტყელია.კანადაში პრერიების ათვისების შედეგად სტეპური პროვინციები მოკლე დროში გადაიქცა ქვეყნის სოფლის მეურნეობის ძირითად რაიონად .ამჟამად კანადის სტეპის რაიონის მეშვეობით მარცვლეულის წარმოებით 60 მლნ.ტონა წელიწადში ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია მსოფლიოში,ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით (2 ტონაზე )მყარი პირველი ადგილი.მარცვლეულის ექსპორტით კანადა მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება.მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ხარისხის ეტალონად ითვლება(მანიტობა 1). ამ კულტურის 4/5 მოდის სტეპურ რაიონზე. მანიტობას პროვინციაში ცხოვრობენ ინგლისიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან  გადმოსახლებულები. სასკაჩევანის პრერიებზე იწარმოება სოფლის მეურნეობის პროდუქციის 1/5 და ამიტომ უწოდებენ მას კანადის პურის კალათას.ალბერტას პრერიებში მოჰყავთ მარცვლეული და ტექნიკური კულტურები(შაქრის ჭარხალი) და იგი იძლევა კანადური  ხორბლის 1/5-ს. სტეპური პროვინციების იერსახე ძალიან წააგავს ერთმანეთს.სოფლები აქ არ არის უზარმაზარ მოხნულ პრერიებზე გაფანტულია ცალკეული ფერმები. აქა იქ შეგხვდებათ პატარა ელევატორები,სადაც ფერმერებს მიაქვთ თავიანთი პროდუქცია გასაყიდად. სტეპურ რაიონს აღმოსავლეთ და დასავლეთ პროვინციებთან აკავშირებს 8000 კილომეტრის სიგრძის ტრანსკანადური მაგისტრალი. ამერიკული აგრობიზნესის სფეროში 3,4 მილიონი კაცია ჩაბმული, რაც ქვეყნის  ეკონომიკაში 2,6%. აშშ სასოფლო სამეურნეო პროდუქციით უმსხვილესი ექსპორტიორია მსოფლიოში(15%). სოფლის მეურნეობას პროდუქციის წარმოების დიდი მასშტაბები და მრავალსახეობა ახასიათებს. დარგი შრომის მაღალი ნაყოფიერებით, მატერიალურ ტექნიკური აღჭურვილობით და კონცენტრაციის მაღალი დონით გამოირჩევა. წამყვანია ფერმერული მეურნეობები და მათზე სოფლის მეურნეობის შემოსავლების 80% პროცენტი მოდის. ფერმების საშუალო სიდიდეა 180  ჰა. სახნავი წილი განსაკუთრებით მაღალია პრერიების ოლქში (აიოვას შტატი), სადაც იგი ზოგჯერ 90 % აღწევს.

კვების მრეწველობა,რომელსაც ნედლეულს აწვდის სოფლის მეურნეობა მაღალ განვითარებული აგროსამრეწველო კომპლექსის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. კვების მრეწველობის ბევრი საწარმოს ადგილმდებარეობა ძირითადად სოფლის მეურნეობის სპეციალიზაციაზეა დამოკიდებული.

აშშ-ს  პრერიებში რძის სარტყელი ჩამოყალიბდა ტბების პირას, სადაც ვეგეტაციის პერიოდი მოკლეა, სადაც ძირითად ნაწილს საძოვრები და სათიბები ქმნიან, ხოლო მინდვრის კულტურები მწვანე საკვების დასამზადებლად გამოიყენება.რძისა და ყველ-კარაქის წარმოებით პირველ ადგილზეა ვისკონსინის შტატი. ტიპური სარძევე მეცხოველეობა დამახასიათებელია მინესოტას, ვისკონსინის და ილინოისის შტატის ჩრდილო ნაწილისთვის.

ხორბლის სატყელი წელიწადში აშშ-ში იძლევა 20-25 ტონა ხორბალს. ჩრდ. და სამ. დაკოტაში მოჰყავთ საგაზაფხულო ხორბალი. სიმინდის სარტყელი, რომელიც მდებარეობს მდინარე ოჰაიოსა და მდინარე მისურის ქვედა ნაწილს შორის. სიმინდის სარტყლიდან დასავლეთით, ხორბლის სარტყელი გადაჭიმულია აშშ-ს კანზასის შტატში, ალბერტას, სასკასჩევანისა და მანიტობის კანადური პრერიის პროვინციების გავლით. დიდი ველის ეს ვრცელი ფართობი საშუალებას იძლევა ხორბალი გაშენდეს როგორც ზამთარში, ასევე გაზაფხულზე.სიმინდის სარტყლი მოიცავს: აიოვას, ილინოისის, ინდიანას, სამხრეთ მიჩიგანის, დასავლეთ ოჰაიოს, აღმოსავლეთ ნებრასკას, აღმოსავლეთ კანზასის, სამხრეთ მინესოტას და მისურის ნაწილებს. სიმინდის მწარმოებელია ოთხი საუკეთესო შტატი -აიოვა, ილინოისი, ნებრასკა და მინესოტა.მექსიკა სიმინდის წარმოშობისა და მრავალფეროვნების ცენტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ აქედან დანარჩენ მსოფლიოში გავრცელდა. ბიომრავალფეროვნების ეროვნული კომისიის (Conabio) თანახმად, ქვეყანას ამ მარცვლეულის 50-ზე მეტი ჯიში აქვს.სიმინდი განვითარდა მექსიკური სამზარეულოსთან ერთად, რომელშიც დღეს 600-ზე მეტი კერძებია დამზადებული, რომლებიც სიმინდით მზადდება.თავისუფალი ვაჭრობისთვის გახსნამ გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან ხელი შეუწყო სიმინდის იმპორტს.აშშ – ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის პროგნოზების თანახმად, 28 წლის განმავლობაში.

რესურსი-3

პრერიისთვის  ყველაზე სერიოზული  უარყოფითი შედეგი ჰქონდა  ქარის ეროზიას (დეფლაცია).

1926–1935 წლების ხანგრძლივმა გვალვებმა, მიწის  ხვნამ და პირუტყვისთვის საძოვრების ინტენსიურმა გამოყენებამ გამოიწვია კანზასის, კოლორადოს, ოკლაჰომასა და ტეხასის შტატებში დიდი ტერიტორიების დეგრადაცია.

პრერიებს  ზიანს აყენებდა და მოსავლის დანაკარგი დიდი იყო სტიქიური პროცესების(გვალვა, ხანძარი, ქარები და სხვა) შედეგად. გვალვა შეიძლება გაგრძელდეს 4-5 კვირიდან რამდენიმე თვემდე. გვალვის შედეგები შეიძლება კატასტროფული  იყოს.ხშირია შემთხვევები,როდესაც ტორნადოსა და ძლიერი ქარების შედეგად  ნადგურდება მოსავალი, ტორნადო ანგრევს შენობებს და ელექტროგადამცემ ხაზებს. მას ხშირად ახლავს ძლიერი სეტყვა, ჭექა ქუხილი და  წყალდიდობა.      2019 წელს აშშ-ს ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის მონაცემებით, ქარის სიჩქარემ 264 კმ / სთ მიაღწია.

ტორნადოებისგან უდიდესი ზიანი დაფიქსირდა ინდიანას, კოლორადოს, ოჰაიოს, აიოვას, ნებრასკასა და ილინოისის შტატებში, სადაც ელექტროენერგიის გარეშე დარჩა დაახლოებით 68 ათასი სახლი.

ხანძრები ანადგურებენ პრერიებში როგორც მცენარეულ, ასევე ცხოველურ საფარს. ხანძარი ხშირად იწვევს ეკოსისტემების დეგრადაციას. ხშირად მაღალი ტემპერატურის და დაუდევრობის  შედეგად შეიძლება გაჩნდეს ხანძრები. ბალახის წვის შედეგად ნიადაგის ნაყოფიერება ეცემა. პრერიებში ხშირად ფრინველებს ბუდეები აქვთ მიწაზე და ხანძრის სწრაფი გავრცელების შედეგად ნადგურდებიან.

ზოგიერთი ცხოველის სახეობა განაპირობებს პრერიის ეკოსისტემის სამეურნეო ღირებულებას. ბიზონი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ჩრდილოეთ ამერიკის პრერიის მკვიდრია. ბიზონები ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მსხვილი ძუძუმწოვრებია. ვუდ ბუფალოს ეროვნული პარკი მდებარეობს ალბერტასა და ჩრდილო – დასავლეთის ტერიტორიებს შორის საზღვრის ორივე მხარეს, დაარსდა 1922 წელს ბიზონების გადასარჩენად. მიზანი მიღწეულ იქნა და ახლა თქვენ შეგიძლიათ, აღფრთოვანდეთ ამ ულამაზესი ცხოველებით, სპეციალური “კამეჩის ბილიკის” გავლით. ვუდ ბუფალო ყველაზე დიდი პარკია მთელ  კონტინენტზე და ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში. ფართობი 44 807 კმ 2, მოიცავს ტყეებს, მდელოებს.

ნაკრძალის ტერიტორიაზე ცხოვრობს ტყის ბიზონი. მათ შესანარჩუნებლად გაიხსნა პარკი 1922 წელს.

პრერიების ველური ლანდშაფტის დაცვას ემსახურება ბედლენდის ეროვნული პარკი, რომელიც მდებარეობს კლდოვანი მთების აღმოსავლეთით სამხრეთ დაკოტას შტატში. პრერიების  ყველაზე დიდი   დაცული ტერიტორიაა აშშ-ში . პარკში ცხოვრობს სხვადასხვა, გადაშენების პირას მყოფი ცხოველი – ბიზონი, ირემი, სწრაფი მელა, დიდ რქიანი ცხვარი და სხვა. მრავალი ორგანიზაცია მუშაობს პრერიული ეკოსისტემების შესანარჩუნებლად. პარტნიორები  ეხმარებიან ბადლენდსის ეროვნულ პარკს მისი სათიბ-საძოვრების მოვლასა და მართვაში. Great Great Plains ინვენტარისა და მონიტორინგის ჯგუფმა  1998 წლიდან გამოიკვლია ბადლენდის  საბადოები. ბედლენდის ეროვნულ პარკში სტუმრებს შეუძლიათ დატკბნენ   ამერიკული პრერიის მომხიბვლელი სურათებით.დაცული ტერიტორიების არსებობა და პრერიების დაცვა მდგრადი განვითარების პრინციპებს ემსახურება .

რესურსი-4

სტეპის მცენარეული საფარი აღმოსავლეთ  და სამხრეთ საქართველოშია გავრცელებული. მთისწინეთისა და დაბალი მთის სტეპები(ივრის ზეგანი, შიდა და ქვემო ქართლი, ახალციხის ქვაბული,500-დან 700-1000 მ სიმაღლის ფარგლებში) ძირითადად წარმოდგენილია უროთი და ვაციწვერათი. საქართველოს უროიან  სტეპებში აგვისტოშიც კი აქტიური ვეგეტაცია მიმდინარეობს. ვაციწვერიანი სტეპები გარეგნულად, ფლორისტული შემადგენლობით და რიტმიკით უფრო ახლოსაა ზომიერი სარტყლის სტეპურ  მცენარეულ საფართან. ეს სტეპი გავრცელებულია შედარებით უფრო მაღალ ადგილებში, ვიდრე უროიანები, კერძოდ, იქ სადაც შედარებით ცივი და კონტინენტური ჰავაა. მთის მდელო სტეპი და სტეპი ფართოდაა გავრცელებული სამხრეთ საქართველოში, ზ.დ.1400-2300 მ სიმაღლეზე და წარმოადგენს მარცვლოვანი და პარკოსანი მცენარეების  ხშირ დაჯგუფებებს. საქართველოს სტეპებში  ძირითადად, შავმიწანიადაგია და  მაღალი ნაყოფიერებით გამოირჩევა. საქართველოს სტეპი თითქმის მთლიანად ათვისებულია და განვითარებულია მეცხოველეობა, მემარცვლეობა, მდინარეთა ხეობებში მევენახეობა.  მთის სტეპებში მოჰყავს კარტოფილი და მარცვლეული, პრიორიტეტულია მეცხოველეობა.

მოსწავლეებმა შექმნეს ელექტრონული ბუკლეტი   უკვე წინასწარ გაწერილი ინსტრუქციის გათვალისწინებით. კომპლექსური დავალების პრეზენტაციის წარმოდგენისას გამოკვეთეს თავიანთი  მოსაზრება ჩრდილოეთ ამერიკის პრერიებზე, ახსნეს მისი სამეურნეო ათვისების წინაპირობები და მოიყვანეს შესაბამისი არგუმენტები.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი