სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

კომპლექსური დავალება ,,კვებითი ჯაჭვები“ და  მისი ადაპტირება

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის სწავლა-სწავლების პროცესში ჩართული პირებისთვის ზოგჯერ გამოწვევაა სასწავლო მიზნების კომპლექსურ დავალებაზე მორგება და ადაპტირება. მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეებისთვის ჩამოაყალიბოს კომპლექსური დავალების სხვადასხვა პირობა მათი ინტერესების და საჭიროებების გათვალისწინებით. უბრალოდ, სსსმ მოსწავლისთვის კომპლექსური დავალების ადაპტირების პროცესში უფრო მეტი ნიუანსის გათვალისწინებაა საჭირო.

ჩემს გამოცდილებას ამ საკითხთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ V კლასის ბუნებისმეტყველების საგნის  მაგალითზე.

ცნება-ცოცხალი სამყარო(ბუნ.დაწყ.(II).1,2,3,4,5.)

მკვიდრი წარმოდგენები:

1-ცოცხალი სხეული/ორგანიზმი შედგება  ორგანოებისგან, რომელთაც თავისი აგებულება და დანიშნულება გააჩნიათ.​

2.ორგანიზმები იკვებებიან, იზრდებიან, ვითარდებიან, სუნთქავენ, მოძრაობენ და მრავლდებიან;  ორგანიზმები იყოფა ჯგუფებად  აგებულების, კვების, გამრავლების  თავისებურებების, საარსებო გარემოსთან  შეგუების და ცხოვრების ნირის მიხედვით..​

3.სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა სტადიაზე  ორგანიზმებს განსხვავებული  აგებულება და სასიცოცხლო მოთხოვნილებები ახასიათებთ.​

4.ყველა ორგანიზმს სჭირდება  მისთვის შესაბამისი საარსებო გარემო,საიდანაც იღებს საკვებს,ჰაერს და წყალს,იწყობს თავშესაფარს.​

  1. ადამიანიზრუნავსმისი ჯანმრთელობისთვის  აუცილებელი სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესანარჩუნებლად.ადამიანის ზემოქმედებას ,შესაძლოა ,მოჰყვეს სხვა ორგანიზმების ან მათი საარსებო გარემოს დაზიანება.

 ჩემს მიზანს წარმოადგენდა, რომ მოსწავლეები მიახლოებოდნენ ხუთივე მკვიდრი წარმოდგენის ჩამოყალიბებას და მაქსიმალურად ჩამერთო  სამივე სსსმ მოსწავლე. სამივე მოსწავლეს აქვს განსხვავებული შესაძლებლობები და საჭიროებები. კომპლექსური დავალების როგორც ადაპტირების, ასევე განხორციელების პროცესში მაქსიმალურად ვცდილობდი გამეთვალისწინებინა  მათი მიღწევის აქტუალური დონე და საჭიროებები. ნაბიჯ-ნაბიჯ კონსტრუქტივიზმის პრინციპით და კარგად დაგეგმილი აქტივობებით მიზანი უფრო იოლი მისაღწევი ყოფილიყო. კომპლექსურ დავალებებთან დაკავშირებით ვიცით, რომ ორი ეტაპისაგან შედგება: პირობის გაცნობა და დავალებაზე მუშაობა. პირველ ეტაპზე მოსწავლეებს მივაწოდე ბარათები, გავაცანი დავალების პირობა და  შეფასების ინსტრუმენტები, რა უნდა წარმოეჩინათ დავალებაში. ბარათს თან ახლდა ინსტრუქცია, თუ რა ნაბიჯები უნდა გაევლოთ, რა რესურსები გამოეყენებინათ და რა შემოქმედებითი პროდუქტი წარმოედგინათ.

ძირითადი ვარიანტი
 ალბათ ყველას გჭერიათ ხელში  ლამაზი ჭიამაია, რომელიც  წყნარად დაცოცავდა  თქვენს თითებზე და შესაძლოა აზრად არ მოგსვლიათ, რომ იგი

სხვა, უფრო პაწაწინა  მწერებისთვის – ბუგრებისთვის მრისხანე მტაცებელია.

დააკვირდი   ილუსტრაციას და ნახეთ ინფორმაცია

ეკოსისტემაში არსებული კვებითი კავშირების შესახებ.  შეარჩიეთ რომელიმე 

ეკოსისტემის ბინადარი ორგანიზმებიგამოძერწეთ ან დახატეთ მუყაოს ქაღალდზე,

 გამოჭერით  და მიღებული ფიგურებით ააწყვეთ  ოთხწევრიანი კვებითი ჯაჭვის მოდელი. 

მოდელის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ:​

·       რომელი ორგანიზმებია გავრცელებული თქვენ მიერ შერჩეულ ეკოსისტემაში და როგორ ეგუებიან ისინი არსებულ გარემო პირობებს? ​

·       აღწერეთ თქვენ მიერ შერჩეულ ეკოსისტემაში არსებული კვებითი კავშირები;

·       რა მოხდება,თუ თქვენ მიერ შექმნილ კვებით ჯაჭვში რომელიმე წევრი 

ამოვარდება?

·       რამ შეიძლება გამოიწვიოს კვებით ჯაჭვში რომელიმე წევრის ამოვარდნა?​

·       რა კავშირშია ეკოსისტემის მდგრადობა მის ბიომრავალფეროვნებასთან?

 

I ადაპტირებული ვარიანტი
ალბათ  გჭერია ხელში  ლამაზი ჭიამაია. ის  წყნარად დაცოცავდა შენს  თითებზე. იცი,ის სხვა,პაწაწინა მწერებისთვის – ბუგრებისთვის საშიში მტაცებელია. შეხედე

ილუსტრაციას და გაეცანი ინფორმაციას ეკოსისტემაში არსებული კვებითი კავშირების

შესახებ. ტყის ან მდელოს  ეკოსისტემის ბინადარი ორგანიზმების სურათებით  ააწყვე სამწევრიანი კვებითი ჯაჭვის მოდელი.

მოდელის პრეზენტაციისას :​

·      მიუთითე შენი  შერჩეული ორგანიზმები.

·      თანმიმდევრობით დაალაგე კვებითი კავშირის ჯაჭვი.

·      შენი  კვებითი ჯაჭვიდან მეორე წევრი რომ ამოვიღოთმესამე წევრი მოკვდება?

 

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

1.თვალსაჩინოებაზე დაყრდნობით შემდეგი ორგანიზმების: ბალახი, მატლი, ჩიტის ამოცნობა.​

2.მდელოს ეკოსისტემების კვებითი ჯაჭვის თანმიმდევრობით დალაგება.​

3.მიუთითოს კვებითი ჯაჭვის კანონზომიერებების დარღვევის/შენარჩუნების შემთხვევაზე.

 

როგორც ვხედავთ, ცვლილებაა პირობის ფორმულირებაში და პროდუქტში, შეცვლილია შეფასების კრიტერიუმის ფარგლებში მოსწავლისთვის განსაზღვრული მოთხოვნები და შემდეგ, მათზე დაყრდნობით, დავსახე მოკლევადიანი მიზნები, რომელთა მიღწევაც კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის დასრულებისთვის მაქვს დაგეგმილი.

II ადაპტირებული ვარიანტი
ალბათ  გჭერია  ხელში  ლამაზი ჭიამაია, რომელიც  წყნარად დაცოცავდა   თითებზე. იცი, რომ იგი სხვა, უფრო პაწაწინა მწერებისთვის – ბუგრებისთვის მრისხანე მტაცებელია? დააკვირდით ილუსტრაციას და უყურეთ ინფორმაციას ეკოსისტემაში არსებული კვებითი კავშირების შესახებ.  შეარჩიეთ ტყის ან მდელოს  ეკოსისტემის ბინადარი ორგანიზმები, გამოძერწეთ ან დახატეთ მუყაოს ქაღალდზე, გამოჭერით  და მიღებული ფიგურებით ააწყვეთ  სამწევრიანი კვებითი ჯაჭვის მოდელი.

მოდელის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

  • რომელი ორგანიზმებია გავრცელებული თქვენ მიერ შერჩეულ ეკოსისტემაში?
  •   როგორ ეგუებიან შენი შერჩეული ეკოსისტემის ორგანიზმები  გარემო პირობებს?
  • აღწერეთ თქვენ მიერ შერჩეულ ეკოსისტემაში არსებული კვებითი კავშირები;
  • რა მოხდება, თუ თქვენ მიერ შექმნილ კვებით ჯაჭვში რომელიმე წევრი ამოვარდება?

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

·          შერჩეულ ეკოსისტემაში გავრცელებული ორგანიზმების ჩამოთვლა.​

·          შერჩეულ ეკოსისტემაში არსებული ორგანიზმების გარემო პირობებთან შეგუებულობაზე მსჯელობა.​

·          ეკოსისტემის კვებითი კავშირების  აღწერა.​

·          კვებითი ჯაჭვიდან რომელიმე წევრის ამოვარდნის  შესაძლო მიზეზის დასახელება.​

 

III ადაპტირებული ვარიანტი
ალბათ  გჭერია ხელში  ლამაზი ჭიამაია,რომელიც  წყნარად დაცოცავდა  შენს თითებზე .

იცი რომ იგი სხვა, უფრო პაწაწინა მწერებისთვის – ბუგრებისთვის საშიში მტაცებელია?

დააკვირდი ილუსტრაციას და უყურე ინფორმაციას ეკოსისტემაში არსებული კვებითი

კავშირების შესახებ.  შეარჩიე რომელიმე ეკოსისტემის ბინადარი ორგანიზმები, გამოძერწე ან

დახატე მუყაოს ქაღალდზე, გამოჭერი  და მიღებული ფიგურებით ააწყვე  სამწევრიანი კვებითი 

ჯაჭვის მოდელი.

მოდელის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინე:​

·    რომელი ორგანიზმებია გავრცელებული შენ  მიერ შერჩეულ ეკოსისტემაში?​

·      როგორ ეგუებიან შერჩეული ეკოსისტემის ორგანიზმები არსებულ გარემო პირობებს? ​

·    აღწერე შენ  მიერ შერჩეულ ეკოსისტემაში არსებული კვებითი კავშირები;​

·    რა მოხდება, თუ შენ  მიერ შექმნილ კვებით ჯაჭვში რომელიმე წევრი ამოვარდება?​

·    რამ შეიძლება გამოიწვიოს კვებით ჯაჭვში რომელიმე წევრის ამოვარდნა?​

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

·          შერჩეულ ეკოსისტემაში გავრცელებული ორგანიზმების ჩამოთვლა.​

·          შერჩეულ ეკოსისტემაში არსებული ორგანიზმების გარემო პირობებთან შეგუებულობაზე მსჯელობა.​

·          ეკოსისტემის კვებითი კავშირების  აღწერა.​

·          კვებითი კავშირების კანონზომიერების დარღვევა/შენარჩუნებაზე მსჯელობა.​

·          კვებითი ჯაჭვიდან რომელიმე წევრის ამოვარდნის მიზეზის დასახელება.​

პირველი ეტაპი, ძირითადად, დეკლარაიული ცოდნის გააქტიურებაზე იყო ორიენტირებული.  მათ აქვთ წინარე ცოდნა თუნდაც ცხოვრებისეული მაგალითებიდან გამომდინარე. გაკვეთილზე მოხდა ანიმაციური ფილმის ჩვენება, რის შემდეგაც მოსწავლეებს ვთხოვ, ბარათებზე ამოიცნონ/ჩამოთვალონ  ანიმაციაში ნაჩვენები ცხოველები. მომდევნო გაკვეთილებზე, თანდათანობით, მოხდა საკითხების გააზრება და სრულყოფა.საგნობრივი ქვესაკითხების გააზრების პარალელურად, მოსწავლეები მუშაობდნენ კომპლექსური დავალების მე-2 ეტაპზე, რომელთა გააზრება და შესრულება პროცედურული ცოდნის გააქტიურებას მოიაზრებდა.  შესრულებულ იქნა შესაბამისი აქტივობები.

აქტივობა – საარსებო გარემო. მოსწავლემ  შეთავაზებული 3 ბარათიდან უნდა აარჩიოს, თუ რომელი ორგანიზმი იყენებს საარსებოდ წყალს, მიწას, ხეს.

აქტივობა – კვების ტიპები. ბარათზე მოცემული ორგანიზმები უნდა დაალაგოს კვების ტიპების მიხედვით.

აქტივობა – ვირტუალური საჰაერო ბუშტი. ვითომ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობ საჰაერო ბუშტით. თან წაღებული გაქვს 6 სხვადასხვა ყუთი. მათ ერთნაირი წონა აქვთ. საჰაერო ბუშტი გაფუჭდა. შენ რომ  გადარჩე,  კალათიდან ყუთები უნდა გადაყარო. მხოლოდ 2 ყუთი დატოვე.

აქტივობა – ისრებით დააკავშირე ორგანიზმის შეგუებულობის შესაბამისობა საარსებო გარემოსთან.

აქტივობა – მცენარის ნაწილებზე დასახელების მიწერა.

აქტივობა – სახამებლის აღმოჩენა.

აქტივობა – კვების ტიპის მიხედვით ორგანიზმთა განლაგება შესაბამის სვეტებში.

აქტივობა – მოცემული სურათების მიხედვით კვებითი ჯაჭვის აგება.

აქტივობა- სამეცნიერო ტექსტის ანალიზი.

კომპლექსური დავალების ბოლო ნაბიჯი იყო კომპლექსური დავალების პრეზენტაცია, მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი კვებითი ჯაჭვის მოდელები.

ამრიგად, წარმოდგენილი კომპლექსური დავალებით ცოდნის სამივე კატეგორიის გააქტიურება მოხდა. მოსწავლეების მიერ დამზადებული ,,კვებითი ჯაჭვის” მოდელები   ცოდნის მესამე კატეგორიის – პირობისეულის – რეალიზებას  გულისხმობდა, რადგან მოსწავლეებმა წამოჭრეს  გლობალური პრობლემები და მოუწოდეს თანაკლასელებს, რომ  მნიშვნელოვანია კვებითი ჯაჭვის მდგრადობის შენარჩუნება, ბუნების დაცვა ჩვენი საცხოვრებელი ადგილიდან იწყება და ამით  ნაბიჯს ვდგამთ  ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების  და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების გზაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მოსწავლეთა  ნამუშევრები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“