2022 წელს განათლების კოალიციის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და საერთაშორისო პლატფორმა CK-12-ის ინიციატივით შეიქმნა “საგანმანათლებლო პლატფორმა ck-12-ის სკოლების ქსელი“ და ჩატარდა კონკურსი, რომლის მიზანიც ამ პლატფორმის გამოყენების საუკეთესო პრაქტიკების გამოვლენა იყო.
ორიგინალურ პლატფორმაზე ძალიან ბევრი მასალა და ყველაფრის გადმოქართულება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. ჩვენ ვეცადეთ, შეგვერჩია რესურსები ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად. შედეგად საბაზო და საშუალო სკოლის თითქმის უკვე ყველა საფეხურისთვის არსებობს წიგნები STEM-ის მიმართულების საგნებში ქართულ ენაზე, ასევე ხელმისაწვდომია 100-მდე სიმულაცია ფიზიკაში, რაც, ვფიქრობთ, გაამდიდრებს ფიზიკის გაკვეთილებს და მასწავლებლებს გაუმარტივებს რიგი საკითხების ახსნას“, – გვეუბნება განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძე.
გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების სპეციალისტი მარიანა ხუნძაყიშვილის ამბობს, რომ „საგანმანათლებლო პროცესში ინოვაციური რესურსების ინტეგრირება მასწავლებლებს შესაძლებლობას აძლევს, კიდევ უფრო მრავალფეროვანი და ინკლუზიური გახადონ სასწავლო პროცესი და უკეთესად უპასუხონ მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებსა თუ ინტერესებს. ისევე როგორც ნებისმიერ სიახლეს, მნიშვნელოვანია, ხელი შეეწყოს ამ პლატფორმის სისტემურ დონეზე დანერგვას, რათა ის ხელმისაწვდომი იყოს რაც შეიძლება მეტი მასწავლებლისა და მოსწავლისათვის. ამისათვის, გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და შვიდ სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, პლატფორმა CK-12 ინტეგრირდა ამ უნივერსიტეტების შესაბამის საგნობრივ სილაბუსებშიც. უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი ჩართულია შესაბამის რეგიონებში პლატფორმა CK-12-ის მიმართულებით მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაშიც.“
ქსელის მიზანი CK-12-ის რესურსების პოპულარიზაცია და ინტეგრირებაა სწავლა-სწავლების პროცესში. ამ მიზნის მისაღწევად სკოლებთან და მასწავლებლებთან 2022 წელს 20 კონსულტანტ-მასწავლებელი იყო ჩართული, რომლებიც სასწავლო პროცესში საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმის რესურსების სწორად გამოყენებასა და სასწავლო პროცესში CK-12-ის დანერგვისთვის საჭირო ინსტრუმენტებს უზიარებდნენ კოლეგებს. ჯამში, 2022 წელს CK-12-ის სკოლების ქსელმა 60 სკოლა, 327 მასწავლებელი და 9522 მოსწავლე გააერთიანა.
წლის ბოლოს გამოვლენილი საუკეთესო პრაქტიკის 5 სკოლის სია კი ასეთია:
- ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის №2 საჯარო სკოლა
- საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის №2 საჯარო სკოლა
- სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლა
- ქალაქ თბილისის №26 საჯარო სკოლა
- ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის საჯარო სკოლა
ჟურნალი „მასწავლებელი“ ხუთივე სკოლის დირექტორს ესაუბრა და ამ სტატიის მიზანიც მათი გამოცდილების გაზიარებაა.
“ჩვენი სკოლის მისია არის ზოგადად საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაძლიერება და სულ ვცდილობთ, ისეთი საგანმანათლებლო პლატფორმები დავნერგოთ სასწავლო პროცესში, რომლებიც სწავლა-სწავლების პროცესს უფრო ინტერაქტიურს გახდის. ამგვარი პლატფორმების საჭიროება ნათლად დავინახეთ, როცა დისტანციურ სწავლებაზე გადავედით. იმ პერიოდში სულ გვიწევდა სასწავლო მასალების ძებნა, ადაპტირება, დისტანციური გაკვეთილებისთვის გამოსადეგი რესურსების ძებნა – როცა CK-12-ის მასალები გამოჩნდა, მივხვდით, რომ მათი გამოყენება არა მარტო დისტანციური, პირისპირ სწავლებისთვისაც სასარგებლო იქნებოდა. თანაც, ქართულ ენაზე ადაპტირებული ასეთი ხარისხის მასალები, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნებში, ბევრი არ არის. ჩვენ ტექნოლოგიურადაც მზად ვიყავით ამისთვის, გვქონდა გამართული კომპიუტერები, მაღალი სიჩქარის ინტერნეტი, პროექტორი, საბუნებისმეტყველო ვირტუალური ლაბორატორია და ნამდვილად გაამართლა ამ რესურსის გამოყენებამ სასწავლო პროგრამაში” – გვიყვება საჩხერის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი ლენა გომართელი. ის ფიქრობს, რომ მისი სკოლის მოხვედრა საუკეთესო პრაქტიკების მქონეთა რიცხვში ერთდროულად განაპირობა კარგად დაგეგმილმა სასწავლო პროცესმაც, რომლის დროსაც მასწავლებლები მუდმივად უზიარებდნენ ერთმანეთს გამოცდილებას და იყენებდნენ კომპლექსური გაკვეთილების პრაქტიკასაც და იმ გამოცდილებამ, რომელიც უკვე არსებობდა სკოლაში ვირტუალური და ვირტუალურ-რეალური ლაბორატორიების გამოყენების თვალსაზრისით.
“ჩვენ, მე და კათედრა ერთად დავსხედით და შევიმუშავეთ გეგმა, ერთად განვსაზღვრეთ, რომელ კლასში რა საკითხები უნდა შეეტანათ, გვქონდა სისტემატური შეხვედრები, ერთმანეთს წარვუდგენდით ანგარიშებს და ყველამ ზუსტად იცოდა, რა იყო მისი საქმე. ჩვეულებრივი გაკვეთილების გარდა მათემატიკის და საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლები ინტეგრირებულ გაკვეთილებსაც გეგმავდნენ, ეს რესურსები ჩავსვით კომპლექსურ დავალებებში, ვიყენებდით პროფესიული განვითარებისთვის, რეკომენდაციებსაც კი ვაძლევდით თვითონ ამ პლატფორმას, თუ, მაგალითად, თარგმანი იყო მოუქნელი ან მასალის გაუმჯობესების რესურსი არსებობდა. მათემატიკის ერთმა მასწავლებელმა CK-12-ის ონლაინ კლუბი შექმნა და იმ კლუბში მუშაობდა ბავშვებთან ერთად. შეიძლება წარმოუდგენლად მოგეჩვენოთ, მაგრამ ერთად ვაგროვებდით მასალებს, რომელსაც ვიყენებდით და მოსწავლეების ნამუშევრებს – პროცესის სწორად დაგეგმვა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იყო იმ შედეგისთვის, რაც მივიღეთ” – ამბობს ლენა გომართელი.
“სოფლის სკოლებს ზოგადად ძალიან გვიჭირს კომპიუტერული ტექნიკა და ინოვაციების შემოტანა და ამიტომ, ყოველთვის ვცდილობთ მონაწილეობა მივიღოთ საგრანტო კონკურსებში, რომელიც კარგი შესაძლებლობაა სკოლის განვითარებისთვის. CK-12-ის კონკურსითაც თავიდან იმიტომ დავინტერესდით, რომ გამარჯვების შემთხვევაში ტექნიკური გაძლიერების საშუალება გვექნებოდა” – გვეუბნება ნონა ყაველაშვილი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის საჯარო სკოლის დირექტორი. კონკურსში სწორედ იმ დროს მიიღეს მონაწილეობა, როცა სკოლას და სკოლის 150-ზე მეტ მოსწავლეს სკოლის ახალი შენობის მოლოდინში ძველი შენობის დაცლა და მეზობელი სკოლის შენობაში შესახლება უწევდათ. მიუხედავად ამ გამოწვევისა, ძალები მოსინჯეს და საუკეთესო სკოლებს შორისაც მოხვდნენ, რამაც გარდა სიხარულისა, სკოლას ახალი კომპიუტერები, პროექტორი და ეკრანი მოუტანა, რაც მომდევნო წლებში ელექტრონული რესურსების კლასებში გამოყენებას გაამარტივებს.
“თავიდან თითქოს გაგვიჭირდა, მაგრამ მალევე ისე მოეწონათ მასწავლებლებს ეს რესურსებიც და მენტორებიც, რომ ახლა უკვე CK-12-ის გამოყენება სასწავლო პროცესის ჩვეულებრივი ნაწილია, ბევრად ცოცხალი გამოდის გაკვეთილებიც და ნამდვილად ძალიან კარგი სასწავლო რესურსია. მასწავლებლებისთვის დიდი სტიმულია საუკეთესო პრაქტიკის სკოლებს შორის რომ მოვხვდით – უფრო თავდაჯერებულად გააგრძელებენ სიახლეების დანერგვას სასწავლო პროცესში” – გვიზიარებს მისი სკოლის გამოცდილებას ნონა ყაველაშვილი.
“მრავალფეროვანი, ხელმისაწვდომი რესურსები STEM-ის საგნების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია” – ამბობს ჟუჟუნა გაბაიძე, თბილისის 26-ე საჯარო სკოლის დირექტორი. მან CK-12-ის შესახებ პირველად მაშინ გაიგო ფეისბუკიდან, როცა განათლების კოალიციამ კონკურსი გამოაცხადა სკოლებისთვის. რესურსის გაცნობიდან მალევე მიხვდა, რომ მისი გამოყენება საინტერესო იქნებოდა როგორც მასწავლებლებისთვის,ასევე მოსწავლეებისთვისაც, რომლებიც გაჯეტების და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ბევრად მეტი ხალისით სწავლობენ, ვიდრე ტრადიციული სახელმძღვანელოებიდან.
“ძალიან კარგი კონსულტანტები ჰყავს ამ პროგრამას, რომლებიც მუდმივად ედგნენ მხარში ჩვენს მასწავლებლებს და შედეგად მივიღეთ მრავალფეროვანი აქტივობები სასწავლო პროცესში, რამაც გაამართლა. ცხადია, უწყვეტი უნდა იყოს ეს პროცესი, თვითონ პლატფორმასაც ემატება რესურსები და ვფიქრობ, რომ ჩვენ CK-12-ის მუდმივ მომხმარებლებად ვიქცევით” – გვითხრა ჟუჟუნა გაბაიძემ. ის თვლის, რომ ამ პლატფორმაზე არსებული სასწავლო მასალები თავისი ფორმით და შინაარსით, არა მხოლოდ მასწავლებლებისთვის არის ადვილად გამოსაყენებელი, არამედ ბავშვების ინტერესებთანაც ახლოს არის და საბოლოო ჯამში, ამიტომაც არის შედეგიანი მისი გამოყენება სწავლების პროცესში.
“CK-12-ის შესახებ ვიცოდით, დისტანციური სწავლების დროს ვიყენებდით კიდეც და როცა განათლების კოალიციის გვერდზე ვნახეთ, რომ კონკურსი გამოცხადდა, ვიფიქრეთ ჩავრთულიყავით. საბუნებისმეტყველო საგნები უჭირთ მოსწავლეებს, რთულ საგნებად ითვლება ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, მათემატიკაც და ვიფიქრეთ, რომ დაგვეხმარებოდა ამ მიმართულებით ახალი რესურსების ინტენსიური გამოყენება. მოლოდინს გადააჭარბა, ისეთი რესურსები აქვთ: თამაშით სწავლება, სიმულაციები, გაკვეთილების ბოლოს შემაჯამებელი კითხვები ისეთ საინტერესოს და სახალისოს ხდის გაკვეთილს და აადვილებს ახალი საკითხების ახსნასაც და გავლილის გამტკიცებასაც. ყველაზე მთავარი რაც არის, ამ რესურსის საშუალებით, ხედავენ სასწავლო მასალასა და ცხოვრებას შორის კავშირს. ზოგადად, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა სახელმძღვანელოს მოიაზრებს მხოლოდ ერთ-ერთ სასწავლო რესურსად და საინტერესო რომ იყოს გაკვეთილი, მასწავლებელს შეუძლია მრავალფეროვანი რესურსების გამოყენება და ყველა ასეთი პლატფორმა ძალიან გვეხმარება” – გვიყვება ონის საჯარო სკოლის დირექტორი დალი რაზმაძე. ის თვლის, რომ ელექტრონული რესურსების წარმატებით გამოყენებაში მის სკოლას სათანადო ტექნიკური აღჭურვილობის ქონაც დაეხმარა და მასწავლებლების ღიაობაც სიახლეების მიმართ. ზოგადად, ონის საჯარო სკოლა გამოირჩევა მაღალმთიანი რეგიონების სკოლებს შორის მოსწავლეების მაღალი აკადემიური მოსწრებით და ეროვნულ გამოცდებში აბიტურიენტების მიღწევებით.
„ამ პლატფორმაზე ცალკე საგნად არის მეცნიერება, რომელიც პირდაპირ ემსახურება ეროვნული სასწავლო გეგმის მიზანს, მოსწავლემ დაინახოს საგანთა შორის კავშირი და ერთიანობაში მოიყვანოს თავისი ცოდნა. საბუნებისმეტყველო საგნები ინტეგრირებულად არის მოცემული ამ საგნის ქვეშ და ძალიან კარგად შეიძლება მისი გამოყენება, მით უმეტეს, რომ მასწავლებლებისთვის დეტალური ინსტრუქციაც მოყვება” – ამბობს დალი რაზმაძე.
“ზოგადად კონკურსები ჩვენთვის უცხო არ არის, სულ ვმონაწილეობთ საინტერესო კონკურსებშიც და პროექტებშიც იმ პრინციპით, რომ გამოცდილების მისაღებად მაინცდამაინც გამარჯვება საჭირო არ არის. თუ ვიმარჯვებთ, ეს კიდევ დამატებითი სიხარულია. განათლების კოალიცია გამორჩეული ორგანიზაციაა, სადაც ნამდვილად ვიცით, რომ ფიქრობენ, აზროვნებენ და სისტემის გაუმჯობესებაზე ზრუნავენ. მათთან წლებია მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს და როცა ეს კონკურსი გამოცხადდა, მაშინვე გადავწყვიტეთ, გვეცადა” – გვიყვება გელა მაჭარაშვილი, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბოულის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი. ის იხსენებს სხვა ელექტრონულ სასწავლო რესურსებსაც, მაგალითად საიტ el.ge-ს, რომელსაც მასწავლებლები მანამდეც იყენებდნენ და ავლებს პარალელს CK-12-თან, სადაც რესურსების უმეტესობა ნათარგმნი და ქართულ რეალობაზე ადაპტირებულია.
“პანდემიამ აჩვენა, რამდენად გვჭირდება ციფრული რესურსები, ელექტრონული მატარებლები და მას შემდეგ ინტერესიც გაზრდილია ყველა ასეთი სიახლის მიმართ. ბავშვებისთვისაც საინტერესოა ახალი მიდგომებით ჩატარებული გაკვეთილები. მასწავლებლებისთვის კი სტიმულია ნამდვილად, როცა ხედავენ შენს მონდომებას” – ამბობს გელა მაჭარაშვილი.
საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12 თხუთმეტი წლის წინ იმ
რწმენით შეიქმნა, რომ პლანეტაზე მცხოვრებ ყველა ბავშვს აქვს კარგი განათლების
მიღების უფლება, ყველა ბავშვი განსხვავებულია, განსხვავებული საჭიროებებით,
რეალობითა და შესაძლებლობებით და იმისთვის, რომ მათ კარგი განათლება მიიღონ,
საჭიროა, სწავლის პროცესი პერსონალურ მოგზაურობას ჰგავდეს. პლატფორმა,
რომელსაც დღეს 221 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და სწავლების ყველა
საფეხურისა და ყველა საგნისთვის ასობით სასწავლო რესურსს აერთიანებს, ცდილობს, მასწავლებლებს, მშობლებსა და ბავშვებს გაუმარტივოს წვდომა მათთვის მორგებულ და საჭირო მასალებზე, რომელიც, ერთი მხრივ, თანამედროვე ბავშვების ინტერესებზეა მორგებული და ინტერაქტიურია, მეორე მხრივ კი მათ საშუალებას აძლევს, სასკოლო პროცესის მიღმაც შეძლონ ჩავარდნების გამოსწორება, ცუდად ნასწავლ მასალასთან მიბრუნება და პირიქით, იმის შესახებ ცოდნის გაღრმავება, რამაც განსაკუთრებით დააინტერესა ბავშვი გაკვეთილზე. CK-12 უკვე წელიწადზე მეტია ქართულ ენაზეც გამოჩნდა და მეშვიდე-მეთორმეტე კლასებისთვის საბუნებისმეტყველო საგნების გაკვეთილებისთვის სასწავლო რესურსების ადაპტირებულ ვერსიებს სთავაზობს ქართულ სკოლებს.
ინიციატივას ახორციელებს განათლების კოალიცია პროექტის „ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ყველა მოსწავლისათვის“ ფარგლებში. პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნორვეგიის სპეციალური საჭიროების საგანმანათლებლო სააგენტოს (სტატპედი) და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ნაწილია და მიზნად ისახავს ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერებას, დაფინანსებულია ნორვეგიის მთავრობის მიერ და განხორციელდება 2021-2023 წლების პერიოდში.