ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

ტვისტი და ტვისტი

 როცა ქართველი ლიტერატურათმცოდნეები „სამოციანელთა“ უაღრესად მრავალფეროვანი პოეზიის ტიპოლოგიას ახდენენ, „ირონიულ-პაროდიულ” ხაზსაც გამოყოფენ ხოლმე, რომელშიც ტარიელ ჭანტურია და ვახტანგ ჯავახაძე მოიაზრებიან. მართალია, ამ ორ პოეტს იმდენი წინააღმდეგობა არ შეხვედრია თავის დროზე, რამდენიც ვერლიბრისტებს დაატყდათ თავს, მაგრამ, ერთი ჩემი მეგობრის თქმისა არ იყოს, „მაშინ ჭანტურიობა და ჯავახაძეობა ადვილი არ იყო”.

შარშან, მარჯანიშვილის მეტროსთან, ტარიელ ჭანტურიას 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1982 წელს გამოცემული „რჩეული“ ვიყიდე 2 ლარად. ჭანტურიამ, ცხადია, მერეც, დღემდე მოყოლებული, ბევრი წერა, მაგრამ მაინც ამ წიგნშია თავმოყრილი ის ტექსტები, რომლებითაც ჭანტურია ზოგიერთის თვალში – დიდი პოეტი, ზოგიერთის თვალში კი სუსტი პოეტია. ჩემი აზრით სიმართლე ამ ანტონიმური მოსაზრებების შუაში გახლავთ – ჭანტურია, უბრალოდ, კარგი პოეტია და არაა საჭირო მისი პოეტური შესაძლებლობების არც უტრირება და არც – დაკნინება.

შემოქმედების საწყის ეტაპზე, როგორც მისი თაობის ბევრ სხვა პოეტში, მის პოეზიაშიც საცნაურია ოთარ ჭილაძისეული ინტონაციური აკუსტიკა, მაგრამ ჭანტურიამ ჭილაძისეული მშვიდი, დინჯი ლირიზმიდან მალევე გადაინაცვლა სულ სხვა ფლანგზე. მას ქართულ პროსოდიაში რაიმე სიახლე არ შემოუტანია, მისი პოეტური არსენალი ათვისებულ და, მეტიც, ყბადაღებულ საზომებს მოიცავს. ასეთ შემთხვევაში კი პოეტმა საყოველთაო მოხმარების საზომებს ინდივიდუალური ინტონაციურობა უნდა შესძინოს. უნდა ითქვას, რომ ჭანტურიამ გარკვეულ ლექსებში (მეტწილად – საფერხულო თუ სხვა ფოლკლორული საზომებით დაწერილში) ეს მოახერხა, ზოგიერთი თანამედროვე პოეტის შემოქმედებაში ადვილი შესამჩნევია ჭანტურიას ინტონაციური გავლენა. თუმცა, მან ვერ მოახერხა ყველა საზომის, რომელსაც იყენებს, ინტონაციური მოდერნიზაცია, ამიტომ კითხვისას მუდმივად „ჩაგესმის“ რელიქტური ექოები, არადა, კონცეპტი, შეიძლება, ნოვატორულიც კი იყოს, მაგრამ სრულიად დაკარგულია კოჰერენცია ფორმასთან. მისი ასეთი ლექსები მე მაგონებს უკანასკნელ მოდაზე ჩაცმულ ლამაზ ქალს, რომელიც „ზაპოროჟეცის“ საჭესთან ზის. აშკარაა, რომ წერის პროცესში თვითონაც ხვდება, როგორ უსხლტება ხელიდან ინტონაციური სადავეები და თავგამოდებით ცდილობს, ხელოვნურად ჩაამყნოს ლექსში მისი საფირმო, არცთუ მრავალრიცხოვანი, გარეგანი ინვენტარი, თუნდაც უსრული სიტყვები (მაგ. , „მარწყვი, მა…“, „ძველი, ძვე…“) ან „და“ კავშირით დაწყვილებული ერთი და იგივე არსებითი სახელები (მაგ. , „ტვისტი და ტვისტი“, „თოვლი და თოვლი“ და ა. შ.), რომ, როგორმე ლექსი „ჭანტურიასებური“ გახადოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ეს არ გამოსდის და თავგამოდება ღიმილის მომგვრელ მცდელობად რჩება.

თავის დროზე (თუმცა, ასეთი პრიმიტიული მიდგომა დღესაც საკმაოდ გავრცელებულია) მიღებული იყო ლექსიკური სეგრეგაცია: ლექსიკური ერთეულების დაყოფა „პოეტურ“ და „არაპოეტურ“ ერთეულებად, ამ უკანასკნელთა გამოყენება კი ლექსში ყოვლად დაუშვებლად მიიჩნეოდა. ჭანტურია მედგრად და წარმატებით იბრძოდა ამ პრიმიტიული მავნებლობის წინააღმდეგ, ამკვიდრებდა თანამედროვე ტერმინოლოგიას, უცხოურ ანთროპონიმებს (სულაც ცოცხალი პოპვარსკვლავებისა და მსახიობების სახელები შემოჰქონდა ლექსში), უცხოურ ტოპონიმებს თუ სხვა გეოგრაფიულ ერთეულებს და ა. შ. მოკლედ, მიზანმიმართულად აკეთებდა იმას, რასაც სხვა რომელიმე „რაფინირებული“, ჰალსტუხიანი პოეტი „არ იკადრებდა“.

მას ერთგან ნათქვამი აქვს, რომ, როცა პოეტი ლექსის წერას იწყებს, თვითონაც არ იცის, რითმა საითკენ წაიყვანსო. ამ საეჭვო მტკიცებას „რითმაჩობის“ მძაფრი სუნი ასდის, რადგან უმაღლესი რანგის კონვენციონისტი პოეტი ინტენციის თუ სუგესტიური მუხტის შედეგად მიკვლეული თემის დამუშავებას ისე უნდა ახერხებდეს, რომ თავდაპირველი იდეა, აზრი არ დაიკარგოს. კონვენციური ლექსი, სადაც რითმის თუ სხვა გარეგანი მახასიათებლების პრიმატის ფონზე, აბსოლუტურად უგულებელყოფილია კონცეპტი, ლექსი კი არა, ექსპრესიისგან და ვიტალურობისგან დაცლილი პოეტური სავარჯიშო უფროა. სამწუხაროდ, ასეთი „ლექსებით“ სავსეა ჭანტურიას შემოქმედება. ლექსადაც ამბობს (ლექსს „რითმის კაპრიზი“ ჰქვია):

„… უნდა? – წაგიყვანს დასაკარგავში,
ვთქვათ აფრიკაში – „კასაბლანკაში!“
უნდა – „შირაქში!“ ან – „შრი ლანკაში!“
ან ჭალადიდის არშინ ლაქაშში!

ამ ყოფაში ვარ ცხოვრება მთელი:
ერთი მსურს – რითმა მეორეს მტენის…“ და ა. შ.

ზოგიერთისთვის ის კონვენციური ლექსის მეტრია, სინამდვილეში კი ვერლიბრები გაცილებით უკეთესები აქვს, რადგან თავისუფალ ლექსში მთლიანად სათქმელზეა ორიენტირებული და არ „რითმაჩობს“. ლექსიც კი აქვს ასეთი („შაირი თავისუფალი ლექსის შესახებ“):

„თოთხმეტმარცვლიანი მწუხარება…
ათმარცვლიანი ღიმილი.
მაგრამ ყველაფერი ეს –
ჩვენი პოეზიის წარსულია.
მშურს თავისუფალი ლექსის!
მშურს თავისუფალი ლექსის! –
თუ რამ კაცს ოცნება ჰქონია –
იგი ოცნებების ასულია!“ და ა. შ.

მოკლედ, ყველა იმ ნოვატორულ-პოსტმოდერნისტული ნიუანსის, ყველა იმ კარგი ლექსის მიუხედავად, რაც ტარიელ ჭანტურიას ახასიათებს და დაუწერია, შეუძლებელია, ღიმილი არ მოგგვაროს ზომიერების გრძნობის აბსოლუტურმა უქონლობამ და იმ სადემარკაციო ხაზის პერმანენტულმა გადაკვეთამ, რომლის იქით პრიმიტიული შაირობა იწყება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი