სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

CK-12 – უფასო ონლაინ რესურსები, ინდივიდუალური შესაძლებლობების ფარგლებში სწავლებისთვის

 ნირუ ხოსლა არაკომერციული ორგანიზაციის − CK-12-ის ფონდის − დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. ორგანიზაციის მიზანს წარმოადგენს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ჰქონდეთ  წვდომა  მაღალი ხარისხის უფასო ონლაინ რესურსებზე, რომელიც დაეხმარება მათ, ისწავლონ ინდივიდუალური შესაძლებლობების ფარგლებში.

2020 წლიდან CK-12 ძალიან პოპულარული გახდა ზოგიერთ ქართულ სკოლასა და მასწავლებელთა შორის. შეგიძლიათ მეტი გვიამბოთ CK-12-ის მიზნებსა და პრინციპებზე?

განათლებით მოლეკულური ბიოლოგი ვარ და სტენფორდში ვმუშაობდი. მოლეკულურ ბიოლოგიაში მაგისტრატურის დასრულების შემდეგ, კვლევას ვატარებდით კომპლემენტარული გენების შესახებ. ამ თემაზე მუშაობის დროს გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. ამიტომ  რადიოაქტიურ ნივთიერებთან მუშაობა სახიფათო იყო და ამ საქმიანობას თავი დავანებე.

მე ოთხი შვილი მყავს და, როგორც ეს აზიის უმეტეს ქვეყნებში ხდება, ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო შვილებისათვის საუკეთესო განათლების მიცემა. დავიწყე მათთვის კარგი სკოლის ძებნა და ნუევას სკოლა აღმოვაჩინე, რომელიც სწორედ რომ საუკეთესო განათლებას იძლეოდა, ისეთს, რომელიც მეც კი არ მქონია. აქ შეფასება კი არ იყო მთავარი, ეს იყო უფრო მეტად ბავშვზე ორიენტირებული სკოლა.  მას შემდეგ, რაც ჩემმა შვილებმა ნუევა დაამთავრეს, მე, 50 წლის ასაკში, მივიღე კიდევ ერთი ხარისხი სტენფორდის უნივერსიტეტში, ამჯერად – განათლების სფეროში. აქ მივხვდი, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ყველა ბავშვს ჰქონდა ისეთივე  შესაძლებლობა, როგორიც ჩემს შვილებს ჰქონდათ. სწორედ ამიტომ წამოვიწყე მუშაობა საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12-ზე.

ვიცოდით, რა გვინდოდა. გვსურდა, მოსახერხებელი და მოქნილი გზით მიგვეწოდებინა სახელმძღვანელოები მოსწავლეებისთვის; გვინდოდა, ეს სახელმძღვანელოები  ყოფილიყო მათზე მაქსიმალურად მორგებული და საინტერესო. მუშაობის პროცესში მივხვდით, რომ მიუხედავად ტექნოლოგიების განვითარებისა, განათლების სექტორი მაინც ყველაზე ნაკლებად იყენებდა მათ. ამიტომაც დავიწყეთ ტექნოლოგიების გამოყენება, რომ CK-12 ფართო მასშტაბებისთვის მოგვერგო.

როგორ ფიქრობთ, რა არის განსაკუთრებული, უნიკალური და საინტერესო CK-12-ში, რაც  მასწავლებლებსა და მოსწავლეებს მის გამოყენებას მოანდომებს?

CK-12-ის მიზანი ყველა მოსწავლისთვის ხარისხიან განათლებაზე წვდომის უზრუნველყოფა იყო. სწორედ ამიტომ, ხუთი წელი (2007-2012) სისტემების შემუშავებას დავუთმეთ. შევქმენით სახელმძღვანელოს ციფრული ფორმატი. თუმცა, ეს მხოლოდ ციფრული ფორმატი არ არის, მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა, რომ ის საკმაოდ მოქნილია.

შევიმუშავეთ სხვადასხვა მეთოდი, სიმულაციები, ფლიქსები და  ინტერაქციები, რომ შინაარსი მეტად გასაგები და საინტერესო ყოფილიყო. მაგალითად, 1960-70-იან წლებში, ელექტრობის შესახებ წიგნებში ტექსტს ვკითხულობდი, თუმცა, იმ ფორმატში შინაარსის წესიერად გაგება შეუძლებელი იყო. CK-12-ის საგანმანათლებლო პლატფორმა კი მასწავლებლებს შესაძლებლობას აძლევს, რომ ეს შეცვალოს, სწავლის პროცესი გასაგები, მარტივი და სახალისო გახადოს.

განათლება რელევანტური და გააზრებული უნდა იყოს. აუცილებელია რეალური ცხოვრებიდან მაგალითების ხშირად მოშველიება. კარგი მასწავლებლები სწორედ ამას აკეთებენ. CK-12-ის საშუალებით არა მარტო მასწავლებლები, არამედ სკოლებიც შეძლებენ მოსწავლის პროგრესისათვის თვალის დევნებას და დაკვირვებას, თუ რას მოაქვს საუკეთესო შედეგი მათთვის. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ფუნქცია, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია შევამოწმოთ, თუ რა დროს ატარებს მოსწავლე კონკრეტულ გვერდზე. რამდენად სწრაფად ან მარტივად ასრულებს ან აგრძელებს კონკრეტულ საკითხზე მუშაობას.  ეს ფუნქცია კარნახობს მოსწავლესაც და მასწავლებელსაც, თუ სად აწყდებიან ისინი სირთულეებს და რა ნაბიჯები უნდა გადადგან მათ დასაძლევად. მთავარი გასაღები მყისიერი და პერსონალიზებული უკუკავშირია.

დიდი მადლობა. ეს ნამდვილად სტიმულის მომცემია. შესაძლოა სწორედ ამიტომ  მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს CK-12-ს. სულ უფრო მეტი ქვეყანა ცდილობს დანერგოს პლატფორმა თავიანთ საგანმანათლებლო სისტემებში. რა შეგიძლიათ გვითხრათ ქართულ მხარესთან თანამშრომლობის შესახებ?

 

როდესაც 2007 წელს ეს საქმიანობა დავიწყეთ, გვინდოდა CK-12 მსოფლიოში ყველასათვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. მართლაც, მას სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს, განსაკუთრებით, პანდემიის შემდეგ. კოვიდ 19-მა ნათლად დაგვანახა CK-12-ის მნიშვნელობა,ღირებულება, მოქნილობა და, რაც მთავარია, მისი საჭიროება. სწორედ ამ დროს დავიწყეთ თანამშრომლობა საქართველოსთან.

რამდენიმე წლის განმავლობაში კომუნიკაცია გვქონდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, შემდეგ, გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) გაგვაცნო CK-12-ის პლატფორმით დაინტერესებული ორგანიზაცია „განათლების კოალიცია“, ისინი ჩაერთნენ ამ პროცესში. მათთან თანამშრომლობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ლიდერობის ძალა, ის, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს, ნებისმიერი პროექტის წარმატებისთვის, არსებობდეს პროექტის განხორციელებაზე და მის მდგრადობაზე პასუხისმგებელი პირი. მახსოვს ირინა ხანთაძე და მისი კოლეგები, რომლებმაც დიდი ენთუზიაზმით იმუშავეს და ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ამ საქმეში.

განათლების კოალიციამ უზრუნველყო მასწავლებლების გადამზადება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ვერ მიაღწევ წარმატებას, თუ არ გაივლი საჭირო სწავლებას და არ გექნება მხარდაჭერა. ჩვენთვის ეს თანამშრომლობის კარგი მაგალითია და  გვიხარია, რომ სულ უფრო მეტი სკოლა და მასწავლებელი იყენებს CK-12-ს საქართველოში.

 

დიდი მადლობა. ეს ნამდვილად ძალიან საინტერესო და მამოტივირებელია. ჩემი შემდეგი შეკითხვა ეხება CK-12-ით გამოწვეულ ცვლილებებს და არა მხოლოდ მას. 12 წლის წინ, 2010 წელს, თქვენ TedEX-ზე გამოხვედით და განათლების სისტემის გამოწვევების შესახებ ისაუბრეთ და თქვით, რომ გარკვეული საკითხების გადაჭრის ერთ-ერთი გზა არის CK-12. რა შეიცვალა მას შემდეგ და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

თუ შევხედავთ პროდუქტს, რომელიც 2007 წელს გვქონდა და იმას, თუ როგორია ის დღეს, დავინახავთ, რომ ეს ორი რამ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. დღევანდელი უფრო სრულყოფილი, მოქნილი და ინტერაქტიურია, აქვს პერსონალიზებული უკუკავშირის შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ არ ვქმნით ტექნოლოგიურ პროგრესს, არამედ ვიყენებთ მას CK-12-ის მიზნებისთვის.

 

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, არის სიახლე, რომელიც ცოდნის მონიტორინგს გულისხმობს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაზეც ვმუშაობთ და რაც დაგვეხმარება სტუდენტების ცოდნის მონიტორინგსა და სასწავლო პროცესის მათზე მორგებაში.

 

კიდევ ერთი რამ, რაზეც ვმუშაობთ, არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული რეპეტიტორი, რომლის სახელია ფლექსი და რომლის მეშვეობითაც, მაგალითად, დღეში 15000 შეკითხვას ვიღებთ და ვცდილობთ მთელი ამ მონაცემების გენერირებას სხვა სტუდენტების დასახმარებლად. გარდა ამისა, ეს არის მასწავლებლის დამხმარე ინსტრუმენტიც, რომელსაც შეუძლია, მაგალითად, მასწავლებელს უთხრას: „იცით, ის, რასაც კლასის წინაშე წარადგენთ, მათთვის სრულიად არაფრის მთქმელია. რამე უნდა შეცვალოთ“. ამრიგად, ეს ერთი ინსტრუმენტი ეხმარება როგორც მოსწავლეებს, ისე მასწავლებლებსაც.

 

ძალიან შთამბეჭდავია. სხვათა შორის, მე სამოქალაქო განათლებას ვასწავლი. აუცილებლად უნდა ვცადო ეს. და ბოლო შეკითხვა: საინტერესოა თქვენი ზოგადი რეკომენდაცია −რას ეტყოდით მკითხველს, ქართველ მასწავლებლებს?

 

მნიშვნელოვანია, რომ კაცობრიობა ვითარდებოდეს. რომ დავფიქრდეთ, საზოგადოების შექმნის საფუძველს ძველი თაობის მიერ ახალი თაობისთვის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს. მაგალითად, რატომ არ ვჭამთ შხამიან საკვებს? სავარაუდოდ, იმიტომ, რომ ვიღაცამ ასეთი საკვები გასინჯა და სხვები გააფრთხილა, რომ საკვებად საშიშია.

 

დღეისათვის ამის შესაძლებლობას ინტერნეტი იძლევა. რა თქმა უნდა, მას ბევრი უარყოფითი მხარეც აქვს. ჩვენი მთავარი გამოწვევა მასწავლებლების მიდგომების შეცვლაა. გვინდა მათ ვუთხრათ, რომ ჩვენ გავიარეთ გზა კალმით წერიდან ციფრულ საშუალებებამდე.

გიორგი, თუ დავფიქრდებით, მთავარია, ფეხი ავუწყოთ სამყაროს. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ახალგაზრდებს, გააკეთონ ის, რაც მათ ნამდვილად სურთ. სწორედ ამიტომ, მასწავლებლებს ვურჩევდი, შეხედონ განათლებას უფრო მასშტაბურად, ვიდრე მხოლოდ ნიშნები და ტესტირებებია.

და მაინც, რა არის ჭეშმარიტი სწავლება? უმაღლესი შეფასების მიღება? ისწავლეთ, გადაეცით ცოდნა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს და მოითხოვეთ მეტი განათლების სისტემისგან.

 

საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12 2007 წელს დაარსდა. პლატფორმის მიზანია მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის მაღალი ხარისხის უფასო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, რომლებიც  საშუალებას აძლევს მათ, ისწავლონ ინდივიდუალური შესაძლებლობების ფარგლებში. CK-12-ის პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ელექტრონული წიგნები, ადაპტირებადი პრაქტიკული სავარჯიშოები და სამეცნიერო სიმულაციები, შექმნილია 260 000-ზე მეტი ე.წ. „ფლექს ბუქი“.  დღემდე, CK-12-ის რესურსებით  მსოფლიოს მასშტაბით 137 მილიონზე მეტმა მოსწავლემ და მასწავლებელმა ისარგებლა, ხოლო პანდემიის პერიოდში ვებგვერდით სარგებლობა 480 პროცენტით გაიზარდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“