სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

სოციალური უნარ-ჩვევების განვითარება სკოლაში


 

გამარჯობა, ძვირფასო
კოლეგა! თუ სურვილი და ცოტაოდენი დრო გაქვთ ამ წერილის წასაკითხად, ვეცდები, მოლოდინი
გაგიმართლოთ. იმედი მაქვს, სასარგებლო ცოდნა-გამოცდილებას გაგიზიარებთ. სამწუხაროდ,
თქვენს მოსაზრებებსა თუ დასკვნებს ახლავე ვერ შევიტყობ, ჟურნალის მეშვეობით საუბრის
თავისებურების გამო. მაგრამ, თუ გამოხმაურებას გადაწყვეტთ, ”მასწავლებლის” რედაქციამდე
მოსულ თქვენს ნებისმიერ შენიშვნას, წინადადებასა თუ აღწერილ გამოცდილებას დიდი სიხარულითა
და ყურადღებით გავეცნობი.


 

ბავშვის საზოგადოებრივი უნარ-ჩვევების განსავითარებელი პედაგოგიური ხერხების
განხილვამდე, გთავაზობთ შეთანხმებას მათ საფუძვლებზე. ცოტა ბუნდოვანია


 

ადამიანის ბუნება და საზოგადოება

 

ცოცხალ არსებათა სამყაროში
მრავლადაა თანაარსებობის მაგალითები. ცხოველები, თევზები თუ მწერები სხვადასხვაგვარ
ჯგუფებად, გუნდებად ცხოვრობენ. რა არის ამის მიზეზი? თანაარსებობა ზრდის მათი გადარჩენის
შანსს. ჯგუფურად ბევრად უკეთესად ნადირობენ და უკეთ არიან დაცულნი მტაცებლებისგან.
ეს სარგებლობა რომ არა, ისინი ალბათ ცალ-ცალკე იარსებებდნენ.


 

ადამიანებიც განსაკუთრებული
საჭიროების გამო თანაარსებობენ. ამაში იგულისხმება, ერთი მხრივ, ისეთი ძირითადი მოთხოვნილებები,
როგორიცაა საკვების, წყლის, თავშესაფარის მოპოვება და ფიზიკური საშიშროებისაგან თავდაცვა,
მეორე მხრივ – როგორც მოაზროვნე არსებებს შეეფერებათ – ისინი საერთო ღირებულებებს იზიარებენ
და უსაფრთხო სოციალურ გარემოს მოითხოვენ.


 

ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ
თავისუფალი – წინასწარ განვსაზღვროთ საკუთარი ქმედების შედეგი და ისე მივიღოთ გადაწყვეტილება.
ეს განგვასხვავებს ცხოველებისგან, რომლებიც მხოლოდ ინსტინქტს ემორჩილებიან.


 

ჩვენი ქცევა, ჭეშმარიტისა
და მცდარის გარჩევა, ადამიანებთან ურთიერთობის ხასიათი ძალიან ხშირად იმ საზოგადოებრივი
ჯგუფით განისაზღვრება, რომელსაც მივეკუთვნებით.


 

ამერიკელი ფსიქოლოგის,
აბრაჰამ მასლოუს ადამიანის მოტივაციის თეორია და  მის მიერ ჩამოყალიბებული მოთხოვნილებათა პირამიდა
ყოველი თქვენგანისთვის კარგად არის ცნობილი: 

Pyramid Diagram


 


 


 

მოტივაცია
ადამიანის მოქმედების, საქციელის გამომწვევ მიზეზთა ნაკრებია. თუ შევთანხმდებით, რომ
ქცევის მრავალფეროვან მიზეზებს შორის უმთავრესი და წამყვანი ადამიანის მოთხოვნილებებია,
მაშინ ადვილად ავხსნით მასლოუს პირამიდის არსს. უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს პირამიდის
ფუძესთან ახლომდებარე მოთხოვნილებების მეტ-ნაკლებად დაკმაყოფილებას, მაგრამ როგორც
კი რომელიმე ”სართული” მეტ-ნაკლებად პასუხობს ადამიანის მოთხოვნებს, ეს უკანასკნელი
უფრო მაღალი ”სართულის” ათვისებისკენ ისწრაფვის.


 

ნებისმიერი
ადამიანი სიცოცხლის განმავლობაში უკავშირდება როგორც ხანგრძლივი, ისე მოკლე დროის განმავლობაში
ჩამოყალიბებულ ადამიანთა ერთობებს – საზოგადოებებს. ამ ერთობებს მსგავსებისა თუ განსხვავების
მრავალფეროვანი ნიშნები და ერთმანეთთან სხვადასხვაგვარი კავშირი აქვს. მაგალითად: ვაჟები
ერთი ოჯახიდან და ერთმანეთის მეგობარი გოგონები ამ ვაჟების სამეზობლოში; ან თანაკლასელთა
დედები და ამავე თანაკლასელების და-ძმები; ან ერთი სოფლის ყველა მკვიდრი და იქ სტუმრად
ჩასული მოგზაური უცხოელი ახალგაზრდები და ა.შ. თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე სამყაროში
ურთიერთობის მზარდ შესაძლებლობებს, ჩნდება ამ შესაძლებლობებისა და ხსენებული მოთხოვნილებების
სწრაფად და ნაყოფიერად დაახლოების საკითხი. კერძოდ, როგორ უნდა მოხერხდეს ადრეული ასაკიდანვე
ადამიანის იმგვარად განვითარება, რომ მას გაუადვილდეს საკუთარი მისწრაფებების განხორციელება
მისთვის ძვირფას თუ საინტერესო საზოგადოებაში (ოჯახში, თანატოლებში, მეგობრებში, სკოლაში,
მეზობლებში, დასახლებაში, სამსახურში, ქვეყანაში, კოლეგებში და ა.შ)?


 

ამ ძალიან
აქტუალურ კითხვაზე პასუხის გასაცემად სკოლას მივმართოთ. სწორედ სკოლაა ადამიანის დამოუკიდებელი
ცხოვრებისთვის მიზანმიმართულად და ერთობლივი ძალისხმევით მომზადების ადგილი.


 

თუ წარმოდგენილ დებულებებს იზიარებთ და
ჯერ არ დაღლილხართ, მოდი, ნაბიჯ-ნაბიჯ გავაგრძელოთ! 


 

თანდაყოლილი თუ შეძენილი შესაძლებლობები


 

ადამიანის
ბუნებას მისი მოთხოვნილებები, მისწრაფებები და შესაძლებლობები განსაზღვრავს. შესაძლებლობები
მრვალნაირია – ზოგიერთი თავად ადამიანისგან მომდინარეობს, ზოგიერთი კი – ბუნებრივი
თუ საზოგადოებრივი გარემოსგან.


 

უნარი არის
ადამიანის ის თანდაყოლილი შინაგანი (ფიზიკური და ფსიქიკური) შესაძლებლობა, პოტენციალი,
რომელიც ადამიანს დაბადებიდან აქვს. ის მხოლოდ შესაძლებლობის, პოტენციის სახითაა მოცემული.
უნარის შემდგომი განვითარება კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეიქმნება მისი განვითარებისათვის
ხელსაყრელი გარემო (მაგ. შესაბამისი წვრთნა, ცხოვრების პირობები და მოთხოვნები, და
სხვა).


 

ჩვევას უწოდებენ
ვარჯიშის შედეგად შეძენილ, მეტ-ნაკლებად ავტომატიზებულ მოქმედებას. მისი შეძენა გარკვეული
ვარჯიშის, ე.ი. მიზანდასახული გამეორების შედეგად შეიძლება… ჩვევას ადამიანი იძენს.

 

ვსწავლობთ თუ გვეძლევა?


 

თუ ადამიანი
სათანადო მოქმედებას ასრულებს – თანდაყოლილი უნარიდან მას გარკვეული უნარ-ჩვევა განუვითარდება,
ხოლო თუ შესაბამისი პირობები არ ექნება, არ ისწავლის, არ იმუშავებს საჭირო მიმართულებით,
მაშინ მას ეს უნარ-ჩვევა აღარ განუვითარდება.


 

დიმიტრი
უზნაძე უნარ-ჩვევას უწოდებს ნიჭს. განასხვავებენ შემდეგ უნარ-ჩვევებს: აკადემიური
(კითხვა, წერა, კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითი აზროვნება და სხვა), პიროვნული
ურთიერთობის (მოსმენა, საუბარი, ვერბალური და არავერაბლური კომუნიკაცია, თანამშრომლობა,
ქცევის მისადაგება და სხვა), და მოტორული (სიარული, ძერწვა, ხატვა, ჭიდაობა, მიზანში
სროლა და სხვა).


 

თანამედროვე
პედაგოგიურ მეცნიერებაში გამოიყოფა უნარ-ჩვევათა ნაკრები, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის
მშვიდობიან თანაარსებობას სხვა ადამიანებთან – საზოგადოებრივი (ანუ სოციალური) უნარ-ჩვევები.


 

საზოგადოებრივ
უნარ-ჩვევებში განიხილავენ: პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას, სხვის პატივისცემას,
თანამშრომლობას, კონფლიქტის გადაჭრას, ჯგუფში გადაწყვეტილების მიღებას, ჯგუფში როლების
მრავალფეროვნების მიღებას.

1. პასუხისმგებლობის
საკუთარ თავზე აღება:

•           ამოცანის შესაბამისად შესრულება;

•           პასუხისმგებლობის სხვასთან გაზიარების სურვილი.

2.  სხვისი პატივისცემა:

•           სხვისი მოსმენა

•           თანაგრძნობა (ემპათია);

•           გადაწყვეტილების მიღება სამართლიანობისა
და თანასწორობის საფუძველზე (ჯგუფურ მუშაობაში);

•           საკუთარ და სხვის რწმენებს, შეხედულებებს
და იდეებს შორის განსხვავების აღიარება;

•           აზრის გამოხატვა სხვისშეურაცხყოფის გარეშე.

3.  თანამშრომლობა:

•           თანამშრომლობა ჯგუფში;

•           თავაზიანობა;

•           მასალის გაზიარება.

4.  კონფლიქტის მოგვარება:

•           სხვების ყურადღებით მოსმენა;

•           კომპრომისის დაშვება;

•           ვითარების შესატყვისი რეაქცია;

•           პასუხისმგებლობის აღება;

•           სამართლიანობა.

5. გადაწყვეტილების
მიღება ჯგუფში:

•           სხვების მოსმენა;

•           კამათი იდეების გარშემო;

•           კითხვების დასმა;

•           ძალისხმევა თანხმობის მისაღწევად.

6. ჯგუფში
როლების მრავალფეროვნების მიღება:

•           მოცემული ვითარების შესატყვისი ქცევის გაცნობიერება
და შესაბამისი მოქმედება; 

•           როლების მონაცვლეობა (მაგალითად, ერთ გარემოებაში
ლიდერობა, მეორეში – შემსრულებლობა და ა.შ.).


 

საზოგადოებრივი
უნარ-ჩვევების განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თვითმართვის სწავლას.
ეს არის ადამიანის უნარ-ჩვევა, გააცნობიეროს და მართოს საკუთარი ქცევა. თვითმართვის
უნარ-ჩვევებში შედის: მსხვილი და ნატიფი მოტორული ჩვევები (მოძრაობასთან, ძალის გამოყენებასთან,
სიზუსტესთან დაკავშირებული ჩვევები), სივრცეში ორიენტაცია, მოქმედებების დაგეგმვა და
შესრულება, დროის მართვა (დროის ეფექტიანი და შესაბამისი/ადეკვატური გამოყენება), უსაფრთხოების
დაცვა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, ქცევის ნორმების გათვალისწინება (ადამიანთა
ჯგუფების შესატყვისი წესების ცოდნა და გამოყენება) და გააზრებული არჩევანის გაკეთება
(მიზნის და შედეგის გათვალისწინება).


 

თუ წარმოდგენილ დებულებებს ეთანხმებით და
ჯერ არ დაღლილხართ, მოდი, კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ! 


 


 


 

როგორ ვასწავლოთ?


 

გავიხსენოთ,
რომ ადამიანის ყველა მოქმედებას, საქციელს მოტივაცია უდევს საფუძვლად. დიმიტრი უზნაძის
მტკიცებით, სასკოლო ასაკის ადამიანების ქცევის ძირითადი სახე სწავლაა. საზოგადოებრივი
უნარ-ჩვევები კი, როგორც აღინიშნა, სწორედ სწავლით ვითარდება. შესაბამისად, მასწავლებელს
უწევს ზრუნვა სწავლის მოტივაციის ამაღლებაზე, რათა მოსწავლეს უკეთ განუვითარდეს სხვადასხვა
უნარ-ჩვევა. 


 

მოსწავლისთვის
სასკოლო აქტივობები შეიძლება იყოს შინგანად ან გარეგანად წამახალისებელი – სხვა სიტყვებით,
განპირობებული იყოს მისი შინაგანი ან გარეგანი მოტივაციით. აქტივობები, რომელიც გამოწვეულია
შინაგანი მოტივაციით, მოსწავლისათვის თავისთავად ძალიან საინტერესოა. გარეგანი მოტივაციის
დროს კი მისთვის სასწავლო აქტივობა თავისთავად სასიამოვნო არ არის, მაგრამ მაინც ახორციელებს
მას ერთგვარი ჯილდოს მისაღებად (კარგი ნიშანი, შექება, და ა.შ).


 

ამრიგად,
მოსწავლის სწავლით დაინტერესებას განაპირობებს მისი როგორც გარეგანი, ისე შინაგანი
მოტივაცია. ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა, იმისათვის რომ მოზარდი
იყოს წარმატებული.


 

ზოგიერთი
მოსწავლე დიდი ენთუზიაზმით ეკიდება სწავლას, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც მასწავლებლის
მხარდაჭერის გარეშე სწავლისადმი დიდ ინტერესს არ იჩენენ. მათ მუდმივად სჭირდებათ შექება,
სტიმული და თანადგომა. რაც უფრო მეტად მოტივირებული არიან მოსწავლეები, მით მეტია სწავლის
ხარისხი.


 

საზოგადოებრივი
უნარ-ჩვევების მიზანმიმართული განვითარებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა სოციალური
მეთოდი – თანამშრომლობითი სწავლება. სოციალური მეთოდის გამოყენების დროს ხდება მოსწავლეთა
დაჯგუფება. იგი მიზნად ისახავს მათ ჩართვას თანამშრომლობაში, ერთობლივ ძალისხმევას
დავალებების შესასრულებლად. 


 

სოციალური მეთოდი შეიძლება იყოს ორი სახის:


 

•           ჯგუფისთვის მიცემული ამოცანა ჯგუფის შიგნით
ქვე-ამოცანებად იშლება. ჯგუფის წევრს აქვს თავისი ფუნქცია და ამოცანა. საერთო შედეგი
დამოკიდებულია თითოეული მონაწილის შედეგზე.

•           მოსწავლეები მუშაობენ და ფიქრობენ ერთი
და იმავე ამოცანაზე ერთდროულად, მათ ერთი და იგივე ფუნქცია აქვთ. ასეთი ფორმა უფრო
ეფექტურია ახალ ამოცანებზე მუშაობის დროს.


 

ცხადია,
რომ ამ მეთოდის გამოყენებას შედეგი აქვს შესაბამისი სასწავლო მიზნების არსებობისას.


 

თუ
საზოგადოებრივი უნარ-ჩვევების განვითარების წარმოდგენილ საფუძვლებში დამეთანხმეთ, მაშინ
გაგიადვილდებათ ამ რჩევების გაზიარება და წარმატებულად გამოყენება:


 


 

•           ყოველთვის
ყველასთან ურთიერთობა დაიწყეთ თავაზიანი, გულთბილი მისალმებით.

•         ყოველთვის
ყველას მიმართ გამოიჩინეთ გულისხმიერება. უფროსი, ბავშვისთვის უსაფრთხო გარემოს საუკეთესო
მშენებელია. მზრუნველობის საუკეთესო გამოხატულება დაუზარელი გულისხმიერებაა. გულისხმიერება
ნდობისა და გულწრფელობის საწინდარია. ამის გარეშე თანამშრომლობა ვერ შედგება.

•         საკუთარი
ყოველდღიური მოქმედებით დაამკვიდრეთ წესების წინასწარი შეთანხმების კულტურა;

•         ყოველთვის
ყველასთან დაიცავით
ურთიერთპატივისცემის
წესები.

•         ხელი
შეუწყეთ მოზარდებს, ილაპარაკონ საკუთარ განცდებსა და ემოციებზე. დაეხმარეთ, ისწავლონ
გრძნობებზე ლაპარაკი, ისწავლონ პრობლემის გადაჭრა სიტყვიერად.

•         მოზარდებისადმი
პატივისცემით იზრუნეთ მათი თვითშეფასების გაზრდაზე.

•         იყავით
კეთილგანწყობილი, გულწრფელი  და შემწყნარებელი.
ნუ იქნებით მეტისმეტად სერიოზული, გაეხუმრეთ ხოლმე ბავშვებს, რათა მათ თქვენგან სითბო
იგრძნონ.

•         სავარჯიშოს
პირობის ახსნისას ნუ აჩქარდებით, დაწვრილებით განუმარტეთ მოსწავლეებს, რა ევალებათ.

•         სანამ
რომელიმე სავარჯიშოს შესრულებას დაიწყებდეთ, დარწმუნდით, რომ ყველა მონაწილეს კარგად
ესმის, თუ რა მოეთხოვება.

•         საშუალება
მიეცით მოსწავლეებს, წარმოადგინონ მათ მიერ შესრულებული სამუშაო და უპასუხონ კითხვებს.

•         კარგად
დააკვირდით ჯგუფის მუშაობას, დარწმუნდით, რომ ყველას კარგად ესმის შესასრულებელი დავალება.
თუ საჭიროა, კიდევ ერთხელ აუხსენით, რა მოეთხოვებათ.

•         ნუ
მიაწვდით მოსწავლეებს ისეთ აზრებს, რომლებიც უკვე იციან ან შეუძლიათ თავად მიხვდნენ.
საშუალება მიეცით, საკუთარი დასკვნები გამოიტანონ.

•         მოსთხოვეთ
მათ, იმუშაონ, რადგან იმის შეგნება, რომ დაკისრებული სამუშაოს შესრულება შეძლეს, სიამაყესა
და საკუთარი თავის პატივისცემას გააღვიძებს მათში.

•         დაიმახსოვრეთ,
რომ რაც უფრო მკაფიო მითითებებს მისცემთ ბავშვებს, მით უკეთ შეასრულებენ დავალებებს.

•         ჯგუფური
მუშაობის დროს ხმაური, ჩვეულებრივ, ენთუზიაზმის ნიშანია. ენთუზიაზმი კი დავალების შესრულებას
უნდა ემსახურებოდეს.

•         ზოგიერთი
ხმაურიანი აქტივობის დასრულების შემდეგ ჯგუფის დაწყნარება სცადეთ და მხოლოდ შემდეგ
გააგრძელეთ გაკვეთილი; შეგიძლიათ ეს არავერბალურად ანიშნოთ ბავშვებს, ან ხმადაბლა განუმარტოთ.

•         სცადეთ,
საგაკვეთილო პროცესში ჩართოთ არა მხოლოდ აქტიური ბავშვები, რომლებიც ყოველ შეკითხვას
უპასუხებენ, არამედ – პასიურებიც.

 


 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“