ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024
31 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

ჯოკონდა ბროწეულის გარეშე

ამჯერად არავინ იცოდა, მივდიოდით თუ არა. ყველაფერი ბოლო დღეებში გადაწყდა. იმათ გვითხრეს, ჩამოდითო, ჩვენც ფაცხა-ფუცხით მოვამზადეთ ბარგი და წავედით.

ერევანში გამგზავრებაზე ვწერ. ბოლოს იქ 2015 წელს ვიყავი. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. პანდემია და უამრავი უსიამოვნება გამოვიარეთ. სათვალეზე სათვალე წამოცმულები კომპიუტერის ეკრანებს მივეწებეთ. ახლა თითქოს ყველაფერი ძველ კალაპოტს უბრუნდება და ერევანშიც ერთი კვლევითი პროექტის ფინალურ კონფერენციაზე შევიკრიბეთ. წასვლა-არწასვლის საკითხი კი ამჯერად პანდემიას კი არა, ყარაბაღის „ჩემია, არა ჩემიას“ გამო მორიგ აგორებულ გაუგებრობას უკავშირდებოდა.

მე ყველანაირი კონფლიქტისა და გაუგებრობის წინააღმდეგი ვარ. იმაზე კარგი არაფერია, როცა საღი და ნორმალური აზრი იმარჯვებს.

ჰოდა, ამჯერადაც ფრუნზიკას დილიჯანით, სევანის მხრიდან მივადექით ერევანს. 2015 წლის შემდეგ ძალიან გალამაზებულა. მართლა მომეწონა. თან ისეთი გამოცოცხლება იყო ქალაქში, რომ სასტუმროს ნომერში გვიან ღამითღა შევდიოდი. შეხვედრებს შორის სულ მცირე შესვენებასაც კი ქალაქში სასეირნოდ ვიყენებდი.

ასე დავადექი ერთ დღესაც ქუჩას, რომელმაც ჯერ ტკბილეულის ერთი მაღაზიით მიმიტყუა. ვიტრინაში გამოდგმულმა, ფერადი შაქარყინულებით სავსე კალათებმა ხელი დამიქნიეს – გოგო, აბა აქ მოდიო. მეც ჯერ უფრო ახლოს მივედი, მერე კი შიგნითაც შევედი და უკან ორი პაკეტით ხელში გამოვედი. ერთი წითელი ვიყიდე, მეორე თეთრი. ფიქრობთ, სულ შევჭამ? არა, ვცდილობ ტკბილს მოვერიდო, მაგრამ ეს ჩემს ბავშვობას მაგონებს და ერთი თვალის შევლებაც კი გულს მითბობს.

მაღაზიიდან გამოსულმა გადავწყვიტე, ქუჩას ბოლომდე გავყოლოდი. ასე აღმოვჩნდი სერგო ფარაჯანოვის მუზეუმთან და ბუნებრივია, მაშინვე მონახულება გადავწყვიტე. აქვე, საჯაროდ ვაღიარებ, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, ერთი სამუშაო სესია გამიცდა, მაგრამ ტყის საფრის კვლევას ეხებოდა, ჩემი სფერო მაინც არ იყო და… ვიფიქრე, ეს ერთხელ არა უშავს-მეთქი.

ჯერ მუზეუმის შიდა ეზოში შევედი. მწვანე, მყუდრო ეზოა, ათასგვარი ფიგურით და თავად ფარაჯანოვის დიდი სურათით მორთული. დავჯექი, სომხური ყავა შევუკვეთე და პაკეტიდან პატარა წითელ შაქარყინულს წავატეხე თავი. სიმართლე გითხრათ, ამ ყავის წარმომავლობამ სულ დამაბნია. აქ გიმტკიცებენ, ჩვენიაო; თურქეთში ამბობენ – აბა გეგონოთ, ჩვენიაო; საბერძნეთში ამბობენ, – ნწ, ჩვენიაო; არაბები იცინიან – ჩვენგან წამოვიდა, ჩვენიაო.

ჩემს ბავშვობაში კიდევ დედას მეგობარი ეთერი დეიდა ხარშავდა, პირველად სწორედ მის სახლში ვნახე ასე პატარა ჭიქებით ყავა. ჰოდა, ეთერი, სულ თვალს მიკრავდა, ეს ყავა ჩემი მოფიქრებულია, ჩემიაო.

ასეა თუ ისე, კარგი რამეა და ფარაჯანოვის მუზეუმის მწვანე ეზოში სულ თვალების ნაბვით დავლიე. შემდეგ კი დათვალიერებას შევუდექი.

ექსპონატებს, კომპოზიციებს, ფილმებსა და თავად სახლს წითელი ზოლივით გასდევს ბროწეულის თემა.

ბროწეული ყველგან არის, ფანჯრის რაფებზეც კი.

გიყვართ ბროწეული?

ერთ-ერთი უძლიერესი ანტიოქსიდანტია. ხელს უშლის სიბერეს. ეფექტურია ღვიძლის პროფილაქტიკისთვის. იცავს თირკმელებს და ეფექტურია გულის დაავადებების პროფილაქტიკისთვის. შეიცავს ვიტამინ K-ს და შესაბამისად იცავს ძვლებს.

საოცარი ხილია, არა? მთელი ქიმიური საბადოა მისი სახით. შეიცავს: ნაჯერ და უჯერ მჟავებს, ლინოლენის, ოლეინის, პალმიტინის, სტეარინის მჟავებს, ჰიდროქსი ბენზომჟავებს, სტეროლებს და სტეროიდებს. ასევე – ალფა ტოკოფეროლს, იგივე ვიტამინ E-ს. აქვეა, ტრიტერპენები და იზოფლავონიდებია. ამ ბოლოდან, უმეტესობა ტანინია.

ტანინის მჟავა პოლიფენოლი გახლავთ, გლუკოზის პოლიგალოლების ნაშთს შეიცავს. მისი ფორმულაა C76H52O46. ის ყვითლიდან ყავისფერში გადასულ ამორფულ ფხვნილს წარმოადგენს, 2850 გრამი იხსნება ერთ ლიტრ წყალში (1,7 მოლი). თავად მჟავას ხის კორძისგან, ჰალისგან (კაკლისგან) გამოყოფენ და ზოგჯერ ჰალის მჟავათიც მოიხსენიებენ. მედიცინაში კი პერუს ბალზამის სახელით შეხვდებით. მისგან ძირითადად სხვადასხვა მალამოებს ამზადებენ.

ტანინი ასევე გვხვდება ყველა იმ ხილში, რომლებსაც მწკლარტე გემო აქვს. დიდი რაოდენობით არის ხურმაში, ფეიხოიაში, ალუბალში, რა თქმა უნდა, ბროწეულში და ასევე ჩაიში.

ტანინის მჟავისა და რკინის (II) სულფატის ურთიერთქმედებით რკინის ტანატის კომპლექს-ნაერთი წარმოიქმნება. გაფილტვრის შედეგად რუხიდან შავ ფერში გადასულ (კონცენტრაციის მიხედვით) სითხეს ვიღებთ, რომელიც მელანს წარმოადგენს და სხვა მელნისგან განსხვავებით (მაგ. ინდური მელანი) მდგრადია. წყალში ხსნადობის გამო შეუძლია ქაღალდის ზედაპირში შეაღწიოს და მისი წაშლა რთული ხდება. რკინა-ტანინის პიგმენტი ცელულოზას ბოჭკოებთან არ წარმოქმნის ქიმიურ ბმებს. ის მჭიდროდ ეკვრის ქაღალდს, ოღონდ უფრო მექანიკურად.

გაკვეთილზე მსგავსი ექსპერიმენტები შეგიძლიათ მოსწავლეებთან ერთად გააკეთოთ. გამოიყენეთ ბროწეულის წვენი და შესადარებლად მწვანე ჩაი, რადგან აქ უფრო დიდი რაოდენობით ტანინია.

აიღეთ ორი ქიმიური ჭიქა. ერთში ჩაასხით ბროწეულის წვენი, მეორეში კი მწვანე ჩაის ნაყენი. ორივე მათგანს დაამატეთ მცირე რაოდენობით რკინის სამვალენტიანი ქლორიდის ნაჯერი ხსნარი. უნდა განვითარდეს ლაჟვარდისფერი შეფერილობა. ეს ნიშნავს, რომ ორივე საკვლევ ხსნარში ტანინია.

ახლა კვლავ ქიმიური ჭიქები აიღეთ, ამჯერად ოთხი და იგივე საკვლევი სითხეები ჩაასხით, ანუ ორ ჭიქაში ბროწეულის წვენი და სხვა ორ ჭიქაში მწვანე ჩაი. ტანინი ინდიკატორია, მჟავა არეში ღიავდება, ტუტე არეში მუქდება. ჰოდა, თითოეულ ჭიქას დაამატეთ მაგ. მარილმჟავა ან გნებავთ ლიმონმჟავა და ნატრიუმის ტუტე, ან გნებავთ სოდა. დააკვირდით, როგორ შეიცვლება ფერები.

შემდეგ სინჯში ვნახოთ, არის თუ არა ვიტამინი B2, ანუ რიბოფლავინი ბროწეულის წვენსა და ჩაიში. აიღეთ ორი ჭიქა შესაბამისი საკვლევი სითხეებით. შიგნით მოათავსეთ თუთიის ორ-ორი ნაჭერი და დაამატეთ კონცენტრირებული მარილმჟავა. რეაქცია წარიმართება თუთიასა და მარილმჟავას შორის, გამოიყოფა წყალბადი. სწორედ წყალბადი შევა რეაქციაში რიბოფლავინთან და სინჯი მოვარდისფრო შეფერილობას მიიღებს.

დაბოლოს, ისევ აიღეთ ორი ჭიქა იმავე სითხეებით და რკინის სამვალენტიანი სულფატი დაამატეთ. იმის მიხედვით, თუ რამდენად კონცენტრირებული გამოგივათ სარეაქციო არე, მიღებული ხსნარი იქნება, შავი, ყავისფერი ან ღია ყავისფერი.

მე ავიღებ მინის წკირს და ქაღალდზე სწორედ ამ საღებავით დავწერ:

ჯოკონდა ბროწეულის გარეშე.

რატომ?

„ერთხელ ზონაში ყოფნისას ჯოკონდა დავინახე. ხან გვიცინოდა, ხან გვიბრაზდებოდა, ხან რაღაცნაირი სევდიანი ხდებოდა. გენიალური სანახავი იყო. ერთი პირობა, ვიფიქრე, როგორი იქნებოდა, ბროწეულებით რომ ყოფილიყო დამშვენებული. მოკლედ, ეს გენიალური სურათი ამოუწურავი და უკვდავია. ჯოკონდა კი მარადიულად ცოცხალი.

ასე რატომ იცვლებოდა იცი, ხან ასე, ხან ისე? ცხელოდა, მუშაობისას დაგვცხა და პერანგები გავიხადეთ. ერთ პატიმარს ბეჭებზე ჯოკონდა ჰქონდა ამოსვირინგებული. როცა ხელებს მაღლა წევდა, კანი იჭიმებოდა და ჯოკონდა გვიცინოდა, როდესაც დაბლა იხრებოდა, ჯოკონდაც ნაღვლიანდებოდა, როცა ყურთან მიჰქონდა ხელი, ჯოკონდა სასაცილოდ გვემანჭებოდა. მოკლედ, სულ რაღაცებს გვანიშნებდა“.

ფარაჯანოვმა მოგვიანებით, ჯოკონდაზე ნამუშევრების მთელი სერია შექმნა. ალბათ, ამ ჯოკონდას ინსპირაციით. თუმცა, მის ნამუშევრებშიც ჯოკონდა ბროწეულის გარეშეა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ზღვის ბალახი

ქიმიური იარაღი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“