ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

მანგროს ტყეების გადასარჩენად

მანგროს ტყეები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხია. ჩემი ბოლო წლების საქმიანობა მთლიანად გარემოს დაცვაზეა ორიენტირებული. ამიტომაც ბევრ საკითხს სხვა კონტექსტით შევხედე და გავითავისე. როგორც ხუმრობით ვამბობ – „ავიკვიატე“. „აკვიატებულ“ საკითხს განსაკუთრებით ვამუშავებ ხოლმე: ვეძებ რესურსებს და მოსწავლეებთან ერთად ვაკეთებ აქტივობებს. მანგროს ტყეებიც ჩემი ერთ-ერთი „აკვიატებაა“.

მანგროს ტყეებზე და მის მნიშვნელობაზე არაფერს დავწერ, რადგან ამის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ მაია ბლიაძის სტატიაში – „ბუნების საოცრება – მანგროს ტყეები“. მე მხოლოდ დამატებით რესურსს შემოგთავაზებთ ამ საკითხის დასამუშავებლად, როგორ იბრძვიან მანგროს ტყეების გადასარჩენად სხვადასხვა ქვეყანაში. რატომ ავიკვიატე? იმიტომ, რომ მანგროს ტყეები გვხვდება იქ, სადაც სხვა მცენარეები ვერ ხარობენ. ის ადაპტირებულია მარილიან წყალთან და ტროპიკულ სიცხესთან. მსოფლიოს 120 ქვეყანაში, თითქმის 14 მილიონი ჰექტარი მანგროს ტყეა, როგორც ბუნებრივი სანაპირო მცენარეულობის ნაწილი. მანგროს უმეტესობა აზიაშია, შემდეგ მოდის აფრიკა, სამხრეთ ამერიკა, ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკა და ოკეანეთი.

ხელუხლებელი და დაცული მანგროს ტყეები შეუცვლელ გავლენას ახდენენ გლობალურ კლიმატზე. მანგროს ფოთლები, რომლებიც წყალში ვარდება, გაცილებით ნელა ლპება, ვიდრე ხმელეთზე. სქელი „საბადოები“ წარმოიქმნა ათასობით წლის განმავლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მანგროებს შეუძლიათ ჰექტარზე 3-დან 5-ჯერ მეტი ნახშირორჟანგის შენახვა, ვიდრე ტროპიკულ ტყეებს. მანგროს ტყეების განადგურებით გამოიყოფა ათასობით წლის განმავლობაში შენახული ნახშირორჟანგი, რაც „მანგროს კლიმატის სასწაულს” “კლიმატის მკვლელად” აქცევს.

იუნესკოს გენერალურმა კომისიამ 2016 წელს 26 ივლისი მანგროს მსოფლიო დღედ გამოაცხადა – ოფიციალურად: „მანგროს ეკოსისტემის დაცვის საერთაშორისო დღედ“, რათა მეტი ყურადღება მივაქციოთ მანგროს ტყის მწვავე საფრთხეს და მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ ამ ეკოსისტემის უზარმაზარ ეკოლოგიურ და ეკონომიკურ მნიშვნელობას.

„გადავარჩინოთ ჩვენი მანგროები ახლა!” – არის საერთაშორისო ინიციატივა, რომელიც მხარს უჭერს მანგროს ტყეების განადგურების შეჩერებას. ინიციატივას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ), WWF და ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი (IUCN) ხელმძღვანელობენ. ისინი მანგროს კონსერვაციის საკითხებზე დაინტერესებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობენ, რათა ბუნებისა და ხალხის საჭიროებები შეაჯერონ; ხმას აძლევენ მიმდინარე ეკოლოგიურ გამოწვევებსა და გადაწყვეტილებებს, რადგანაც მანგროს ტყეების შენარჩუნება მთლიანი ეკოსისტემისთვის არის მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ, 1980-იანი წლებიდან მოყოლებული მანგროს ტყეების მესამედზე მეტი განადგურდა, რაც საფრთხეს უქმნის ადგილობრივ ეკოსისტემას. მანგროს ხეებს ჩეხენ და იყენებენ მშენებლობისთვის, შეშისთვის. გათავისუფლებულ ადგილებზე შენდება ბრინჯის, სოიას და პალმის პლანტაციები, ეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა.

ერთი-ერთი საინტერესო პროექტი არის მანგროს ტყეები Etihad-სგან, რომლის მთავარი მიზანია „მანგროს ტყეების შენარჩუნება კლიმატის კრიზისის დასაძლევად და ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად“. პროექტი შემუშავდა აბუ დაბის გარემოს დაცვის სააგენტოსთან ერთად და დაიწყო თებერვალში.

Etihad Airways არაბეთის გაერთიანებული საამიროების ეროვნული ავიაკომპანია 2003 წლის ივლისში სამეფო (ემირ) შეიხ ხალიფა ბინ ზაიდ ალ ნაიანის ბრძანებულებით დაარსდა.

Etihad Mangrove Forest აბუ დაბიში ჯუბაილის კუნძულზე მდებარეობს.

ამ ფართომასშტაბიან ბუნებრივ ტყეში მანგროს დარგვით, ჩვენ შევძლებთ CO²-ის მაქსიმალურ შემცირებას – თუნდაც არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მკაცრი კლიმატის პირობებში. ჩვენ გვინდა, გავაშენოთ ტყეები ყველა კონტინენტზე, სადაც დავფრინავთ, და მოგზაურებს საშუალება მივცეთ, მონაწილეობა მიიღონ CO2-ის გამოყოფის შემცირებაში“, – თქვა Etihad Aviation Group-ის მდგრადი განვითარების ხელმძღვანელმა მარიამ ალ კუბაისიმ.

Etihad Airways-მა პროექტ Abu Dhabi Mangrove Initiative-ის ფარგლებში ახალი ინიციატივის შესახებ განაცხადა: ამიერიდან მგზავრის მიერ დაჯავშნილი ეკონომკლასის თითოეული ადგილისთვის მანგროს ხე დაირგვება, ეს შეამცირებს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამოყოფას – განმარტავენ Etihad-ში. გამოდის, რომ ერთი მანგრო თავის სიცოცხლეში შთანთქავს იმდენ CO2-ს, რამდენსაც წარმოქმნის თვითმფრინავი 7-საათიანი ფრენის დროს. შედეგად, გადამზიდავის ეკონომკლასში ადგილები ნახშირბად-ნეიტრალური იქნება.

მგზავრები, რომლებმაც დაჯავშნეს ეკონომკლასის ადგილები, გამგზავრებიდან 10 დღის განმავლობაში ელექტრონულ ფოსტას მიიღებენ, რომელიც დაადასტურებს, რომ მათ მიიღეს საჩუქრად მანგროს ხე Etihad-ის ტყეში. ელფოსტაში მოცემული ბმულის საშუალებით ისინი შეძლებენ ვირტუალურად დააკვირდნენ თავიანთ მცენარეს.

„მანგროს ტყეები Etihad-სგან“ არის ჩვენი მდგრადობის მთავარი ინიციატივა. ჩვენ გვინდა, გავაშენოთ ტყეები ყველა კონტინენტზე, სადაც დავფრინავთ და მოგზაურებს მივცეთ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ CO2-ის გამოყოფის შემცირებაში“, – თქვა Etihad Aviation Group-ის მდგრადი განვითარების ხელმძღვანელმა მარიამ ალ კუბაისიმ.

2005 წლის ივლისში ქარიშხალმა მუმბაი გაანადგურა, რასაც 24-საათიანი წვიმის რეკორდული მაჩვენებელიც დაერთო. წყალდიდობას 1000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ნანდაკუმარ პავარი, ადგილობრივი მეთევზე და აქტივისტი, როგორღაც გადაურჩა ნგრევას.

პავარი იხსენებს: მიუხედავად იმისა, რომ წყალდიდობამ გაანადგურა ქალაქის უმეტესი ნაწილი და ხალხის საცხოვრებელი, ნგრევას გადაურჩა მეთევზეთა სოფელი ბჰანდუპი, ძირითადად ძირძველი გარეუბანი, რომელსაც გარს აკრავს მანგროს ტყეები და იცავს მას წყალდიდობისგან.

პავარმა გადაწყვიტა, რომ რაღაც უნდა გაეკეთებინა ქალაქში მანგროს საფრის დასაცავად. მან საზოგადოების სხვა წევრებთან ერთად ჩამოაყალიბა Shree Ekvira Aai Pratishthan, ინიციატივა ქალაქის ჭაობების შესანარჩუნებლად.

მას შემდეგ ისინი ტყეებს ასუფთავებენ ნარჩენებისგან, რომლებიც გროვდება მანგროში. ასევე ფხიზლად ეკიდებიან მანგროს ტყეში განხორციელებულ აქტივობებს, რადგან ცდილობენ ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილის გადარჩენას.

მათ შეძლეს მანგროებისა და სანაპირო ზოლის 65 კვ.კმ -ზე გაშლილი ეკოსისტემის გადარჩენა.

შემდეგ სტატიაში გაგიზიარებთ სხვა ქვეყნების მაგალითებს.

რესურსები და გამოყენებული ვებგვერდები:

იფრინეთ უფრო მწვანე Economy Space-ით –

https://www.oneearth.org/category/mangroves/; ბუნების საოცრება – მანგროს ტყეები – https://mastsavlebeli.ge/?p=31318

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი