ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

მშობელთა კრება დაწყებით კლასში

ბევრ ახალბედა მასწავლებელს აინტერესებს, როგორ დაგეგმოს და განახორციელოს მშობელთა კრება. რას მიაქციოს ყურადღება მისი ეფექტურად წარმართვისთვის. ამ წერილში დაწყებითი კლასების მშობელთა კრების რეკომენდაციებს შემოგთავაზებთ, რომელიც ვფიქრობ, ახალბედა მასწავლებლებს დაეხმარება მის დაგეგმვაში.

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ მშობელთა კრება სასკოლო ცხოვრებაში ზრდის მათ ჩართულობას. უმჯობესდება მასწავლებლის და მშობლის კომუნიკაცია, რაც აისახება მოსწავლეების წინსვლაზე. მშობელს აქვს საშუალება სწავლა-სწავლების დინამიკას დააკვირდეს და მიიღოს დროულად ყველა საჭირო ინფორმაცია.

დაგეგმვა:

დაგეგმეთ წინასწარ მშობელთა კრება და აცნობეთ მათ ამის შესახებ. სასურველია ეს მოხდეს რამდენიმე დღით ადრე. ჩამოწერეთ ყველა ის საკითხი პუნქტებად, რომლის განხილვაც გსურთ. გეგმა დაგეხმარებათ ორგანიზებულად წარმართოთ კრება და თავიდან არიდოთ რომელიმე მნიშვნელოვანი საკითხის დავიწყება. გააცანით მშობლებს კრების დაწყებამდე განსახილველი საკითხების ნუსხა. შეუთანხმდით შემსვლელ პედაგოგებს კრების დროზე, რათა შეძლონ მონაწილეობის მიღება.

მიმდინარეობა:

დაიწყეთ მშობელთა კრება დათქმულ დროს. მისალმების შემდეგ შეახსენეთ დღის წესრიგის შესახებ, ანუ რა საკითხებსაც განიხილავთ და დაახლოებით რა დრო დასჭირდება მას. არ დაიწყოთ მშობელთა კრება საყვედურით. იყავით კეთილგანწყობილი. მიაწოდეთ ზოგადი ინფორმაცია კლასის მდგომარეობის შესახებ. ისაუბრეთ ყოველთვის ზოგადად და არა რომელიმე მოსწავლის დასახელებით. მშობლებს სთხოვეთ, საკუთარი შვილის აკადემიური თუ სოციალური მდგომარეობის შესახებ შეკითხვები დაგისვათ ინდივიდუალურად, რადგან არ მოხდეს მისი გარჩევა კლასის წინ. თითოეული საკითხის გაცნობის შემდეგ მიეცით საშუალება დასვან შეკითხვები. იმსჯელეთ ერთად და შეეცადეთ მიხვიდეთ საერთო გადაწყვეტილებამდე. მშობელთა კრების დროს აუცილებლად მიაწოდეთ მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია, სიახლეებზე, კლასის მიღწევებზე, სამომავლო გეგმებზე, კლასის ზოგად აკადემიურ თუ სოციალურ ფონზე. პრობლემატური საკითხების მოგვარებისთვის მოისმინეთ მათი მოსაზრება. მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა იგრძნონ საკუთარი როლი სასკოლო ცხოვრებაში.

თუ ახალ კლასში ატარებთ მშობელთა კრებას:

კრება დაიწყეთ საკუთარი თავის პრეზენტაციით. დაფაზე დაწერეთ თქვენი სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია, რათა საჭიროების შემთხვევაში შეეძლოთ დაკავშირება. ამის შემდეგ გააცანით მშობლებს კლასის ზოგადი ფონი. რამდენი გოგონა/ბიჭია კლასში, რა საგნებს შეისწავლიან. აქვე შეგიძლიათ კლასში შემსვლელი სხვა პედაგოგებიც წარუდგინოთ. გააცანით რომელი სახელმძღვანელოებით ისარგებლებთ. მიეცით საკანცელარიო და საჭირო ნივთების ნუსხა, რომელიც დაგჭირდებათ წლის განმავლობაში. შეატყობინეთ გაკვეთილების განრიგისა და ცხრილის შესახებ. გააცანით უახლოესი დასვენების დღეების შესახებ ინფორმაცია. თუ რაიმე განსაკუთრებული თხოვნა გაქვთ (მაგალითად, გაკვეთილების დასრულების შემდეგ რომ დროულად მოაკითხონ მოსწავლეს) არ მოგერიდოთ, უთხარით და აუხსენით მისი მნიშვნელობა. იყავით კეთილგანწყობილი და მიმღები. შეგიძლიათ წინასწარ შედგენილი მინი კითხვარი დაურიგოთ, რომელიც მათი მოლოდინებისა და ინტერესების დადგენაში დაგეხმარებათ.

მშობელთა კრება დაგეგმეთ იმ ინტენსივობით, როგორი საჭიროებაც იქნება კლასში. აუცილებლობას არ წარმოადგენს ყოველკვირეული შეხვედრა, თუმცა სწავლის დაწყების პირველ კვირას სასურველია შემაჯამებელი ხასიათის შეხვედრა დაგეგმოთ. თქვენ შეგიძლიათ შეხვედრები როგორც ფიზიკურ გარემოში, ისე დისტანციურ ფორმატშიც წარმართოთ.

დაიმახსოვრეთ, მშობლისა და მასწავლებლის თანამშრომლობა საუკეთესო გზაა მოსწავლის პროგრესისთვის. შეეცადეთ ეს მშობლებსაც აუხსნათ და იმუშაოთ მათ ჩართულობაზე სასწავლო პროცესში სხვადასხვა აქტივობებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“