სხვადასხვა ტიპისა თუ დანიშნულების ელექტრონულ რესურსებს შორის სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება კორპუსზე დამყარებული სწავლება.
კორპუსოლოგია დიდი ხანია გასცდა მხოლოდ ვიწრო სამეცნიერო ინტერესებს და ფართო კულტურული თუ საგანმანათლებლო მნიშვნელობა შეიძინა. ერთიან ელექტრონულ სივრცეში განთავსებული ერთგვარი ენობრივი არტეფაქტები განსაკუთრებულ სიცოცხლეს სწორედ კულტურულ და საგანმანათლებლო არეალში მოხვედრისას იძენენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მეტიც, სასიცოცხლოდ აუცილებელი, სასკოლო განათლების პროცესში კორპუსული კვლევების გამოყენების პრეცედენტია, ვინაიდან, სკოლამ უნდა გაზარდოს 21-ე საუკუნის ელექტრონული კორპუსების შემქმნელი თუ მომხმარებელი.
ერთენოვანი, პარალელური თუ სხვადასხვა სპეციფიკის კორპუსები მთელ მსოფლიოში აქტიურად გამოიყენება როგორც ენების სწავლების, აგრეთვე, სხვადასხვა დისციპლინის დამუშავების პროცესში, როგორიცაა ბიზნესი, სტილისტიკა, ბილინგვური სწავლება, სასამართლო ლინგვისტიკა, თარგმანის კრიტიკა, ლექსიკოგრაფია და სხვა. გამომდინარე იქიდან, რომ ელექტრონული კორპუსი გვთავაზობს ენობრივ მასალას სტუქტურირებულად, სისტემურად, იგი ამარტივებს კვლევისა და სწავლის პროცესებს.
თანამედროვე ქართული სკოლა, ასე თუ ისე, უზრუნველყოფს გაკვეთილზე ელექტრონული რესურსების გამოყენების შესაძლებლობას, მასწავლებლები ფლობენ საწყის კომპიუტერულ ჩვევებს, აქტიურად იყენებენ ინტერნეტს როგორც საგაკვეთილო, აგრეთვე კლასგარეშე მუშაობის პროცესში, შესაბამისად, კორპუსული განათლების ჩართვა სრულიად შესაძლებელი იქნება, როგორც თემატურად, აგრეთვე ტექნიკურად.







ასევე, შეგიძლიათ საგაკვეთილო პროცესში გამოიყენოთ სხვა ქართულ თუ სხვა ენაზე შექმნილი კორპუსები. მაგალითად, რუსთაველის შესწავლისას ილიას უნივერსიტეტში შექმნილი „ვეფხისტყაოსნის” კორპუსი გამოგადგებათ, ელექტრონულ მისამართზე – https://corpora.iliauni.edu.ge/. ამ კორპუსში ხელნაწერების, მინაწერების და გამოცემების გარდა სამეცნიერო კვლევებიც არის განთავსებული.
ძალიან საინტერესო მასალას შეიცავს ქართული ენის ეროვნული კორპუსი, რომელიც, როგორც ძველი ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების პროცესში დაგეხმარებათ, აგრეთვე, თანამედროვე ენობრივ მონაცემებსაც შესანიშნავად მოგაწვდით: https://gnc.gov.ge/gnc/static/portal/gnc.html. იგი მრავალ სუბკორპუსს მოიცავს და ძალიან გამოგადგებათ სწავლისა და სწავლებისათვის.
მოკლედ, იმოგზაურეთ ქართულ კორპუსულ სივრცეში და გამოიყენეთ მეცნიერებისა და ტექნიკის ახალი მიღწევები თქვენი გაკვეთილების სრულყოფისათვის.