სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

უბანი და ძაღლები

თბილისის ზოოპარკსა და თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარში დატრიალებულმა ჭირ-ვარამმა ერთი ამბავი გამახსენა: შვილისთვის შინაური ცხოველის მიყვანა იმას ნიშნავს, რომ თქვენ მას შეუძინეთ ორი წლის შემდეგ ტირილის საბაბიო. ასე ბრძანა ერთ გამოსვლაში Louis C.K-მ, ყველაზე საყვარელმა ნაძირალამ ჩემს საყვარელ ნაძირალათა შორის.  ცხადია, შავი იუმორის ოსტატი იმას გულისხმობდა, რომ თქვენი შვილი ცხოველის სიკვდილს მოესწრება და მერე ნახეთ გულისწყვეტა და ცრემლთა ღვარღვარი. შავი იუმორი (ღმერთმანი, ეს ხუმრობა ფერად-ფერადი ნამდვილად არ არის) ხანდახან სასტიკ სიმართლეს გულისხმობს.

სანამ Louis C.K იტყოდა, ეს აზრი მამაჩემმა, ჯერ კიდევ 1990-იანების მიწურულს გამოთქვა და ამით წერტილი დაუსვა, თითქოს მოსამართლის ჩაქუჩი დაურახუნა საკუთარი შვილის ოცნებას, რომ სახლში ძაღლი ჰყოლოდა. ეს გაუსაჩივრებელი გადაწყვეტილება იყო. მესმოდა კიდეც მისი. მეექვსე სართულზე, სამ ოთახიან ბინაში ძაღლი არ უნდა ყოფილიყო იოლი ასატანი. ისღა დამრჩენოდა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შურის თვალით მეყურებინა იმ უბნელებისთვის, რომელბსაც ძაღლები ჰყავდათ.

მაგალითად ედიკას შვილისთვის, რომელიც მხრებგამართული დაასეირნებდა გრძელფეხება და ბეტონისყბიან პიტ ბულს – რეშის, მაწანწალა ძაღლების რისხვას (მოკვდა კორპუსის ბუნკერთან მობნეულმა თაგვის საწამლავმა); 

ილო მურუსიძისთვის, რომელსაც ჰყავდა ნაცრისფერი, ხავერდისბეწვიანი როკი. მორგვისკისრიანი, რომანტიკოსი და მუდმივად შეყვარებული სტაფის ჯიშის ძაღლი, კეთილი ზნით გამორჩეული (მოკვდა ჩემ თვალწინ. მისი სიკვდილის სავარაუდო მიზეზიც თაგვის საწამლავია); 

ჩემი კარის მეზობელი ლაშა კირვალიძისთვის, რამეთუ მას ჰყავდა ლინდა, შავთვალწარბა გოგონა, რომელსაც პერიოდულად ჰყვარობდა როკი (მოკვდა სიბერით, სიმშვიდესა და ყურადღებაში);

ჩემი ძმაკაცი ზვიად ესართიასთვის, რომელსაც აჩუქეს წითელთვალება და წითელფრჩხილება პიტ ბული – ლინდა, რომელიც ერთი-ორჯერ მარტოსაც გამისეირნებია მეზობელ კვარტლებში. (მოკვდა საწამლავით. მის სიკვდილს არ შევსწრებივარ).

უცნაურია, მაგრამ რატი გეგეშიძისაც მშურდა, რომელიც პიონერი იყო მათ შორის, ვისაც ძაღლი – ბულდოგი ლაკი მოუკვდა. (ლაკის საფლავის ქვა, თუ არ ვცდები დღემდე შეურყევლად დევს 172-ე სკოლის ეზოში).

არ ვიცი, ეს ბედის ირონია იყო თუ მშობლების, მაგრამ ერთ დღესაც იქუხა და საჩუქარი გამიკეთეს. არა, ეს არ იყო ლეკვი, არც კატა, არამედ ოთხი სხვადასხვა ფერის მწყერი, რომლებსაც ბატონ-ყმობა და გალიაში ცხოვრება სულაც არ ეპიტნავებოდათ. ერთ საათში, როცა სიხარულის ეიფორიამ გადამიარა, დავფიქრდი, თუ რა უნდა მექნა ამ ფრინველებისთვის. ქუჩაში ვერ გავასეირნებდი, შესაბამისად ვერ ვიტრაბახებდი. მწყერთან თამაშიც რთულად წარმოსადგენი იყო ჩემთვის, თუმცა, ვინაიდან ღმერთმა მათი თავები გამომიგზავნა, ბედს აღარ შევეწინააღმედეგე და მომდევნო დღეს, როცა მამაჩემი მათთვის დიდსა და კომფორთულ სახლს ამზადებდა, დიდი შემართებით ვაწვდიდი ლურსმნებს. 

სიმართლე უნდა ითქვას: შოუშენკის საპრყრობილე ვერ გამოგვივიდა, რადგანაც ამ ოთხიდან ყველაზე მოუსვენარმა და სხარტმა იქიდან ამოფრენა მოახერხა, თანაც ისე, რომ საამისოდ ენდი დიუფრეინის გარჯა არ დასჭირვებია. სწორედ ამან გახეთქა ჩემს სამეგობროში ამბავი, რომ დათო გორგილაძეს  სახლში მწყერები ჰყავდა. მთელი ჩემი სამეგობრო მწყერის სამძებრო ოპერაციაში იყო ჩართული და სწორედ მაშინ, როცა მზე მთლიანად ჩაიკარგა, ხელი ჩავიქნიეთ მის პოვნაზე. ამ დროს თენგომ მოგვიზარა, ხელში კი თავისუფლების მოყვარული ფრინველი ეჭირა. მწყერი მეზობლის მანქანის ქვეშ აღმოუჩენიათ, დასუსტებული და ფრთამომტრვრეული. 

მე მათთვის სახელებიც არ მიმიცია. ამას აზრი არ ჰქონდა. ხანდახან, როცა ძალიან მოწყენილი ვიყავი და საქმეც არაფერი მქონდა, შემომყავდა მისაღებ ოთახში და ხალიჩაზე ვასეირნებდი. ამ დროს ძალიან ბედნიერები ჩანდნენ. უილიამ უოლესსაც კი ეტყობდა ხალისი. ცხადია, რომ ამ დროს დაზიანებებზე, ანუ მათ ფეკალიებზე პასუხისმგებელი მე ვიყავი და გზადაგზა ვწმენდდი იატაკსა და ხალიჩას.

მოგვიანებით, როცა მათი არსებობა მხოლოდ ბებიაჩემსღა ახსენდებოდა (მაშინ, როცა აჭმევდა და აივანზე მდგომ ნახევრად შოუშენსკის საპრყობილეს ასუფთავებდა), შავი მწყერი ისევ გაიქცა. აღარ გვიძებნია. ალბათ მივხვდით, რომ არსებობენ ჩიტები, რომელბსაც გალიაში უბრალოდ ვერ გააჩერებ. უცნაურია, მაგრამ მწყერი ძებნის გარეშე იპოვეს. ისეც ფრთამომტვრეული და სიკვდილის პირას მყოფი. 

ყველაფერს აქვს დასასრული. ბებიების ენთუზიამსაც კი. ერთ დღესაც საოჯახო საბჭომ შემატყობინა, რომ მწყერები აივანზე, გალიაში ცხოვრებას არ იმსახურებდნენ და აჯობებდა, რომ დათო ბიძიას სოფელში წაეყვანა, სადაც უდარდელად იცხოვრებდნენ მწვანე მინდორზე. 1 წუთიანი ფიქრის შემდეგ დავთანხმდი, რადგანაც ვიფიქრე, რომ მწყერებისთვის ასე უკეთესი იქნებოდა. მხოლოდ წლების შემდეგ მივხვდი, რომ არანაირი სოფელი არ არსებობდა და ისევე გამაცურეს, როგორც სიკვდილმისჯილი ბატონი დელაკრუა წიგნიდან „მწვანე გზა”, რომელსაც დასჯის წინ მისი თაგვის არარსებულ ქალაქში, მაუსვილში გაგზავნას შეჰპირდნენ. 

რაც შეეხება ძაღლს, არც მწყერების ამბის შემდეგ მყოლია. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“