ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024
31 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

ზაფხულის ღამის ჩანაწერები

***

პეპელა ფარდაზე  – ასე იწყება ზაფხული.

***

დედებისთვის არსებობს წელიწადის მეხუთე დრო – სანამ ალუბალია.

***

მას შემდეგ, რაც საპენსიო სქემა დავტოვე, ვცდილობ, გამოვიცნო ბებერი ცაცხვის ასაკი, რომელმაც წელსაც იყვავილა.

***

ჭავჭავაძის გამზირის ახალი შენობები ჭადრებზე მაღალია, ძველებს ხეივანი ფარავს.

***

ქუჩის ლამპიონებს რომ აქრობენ და შენ ისევ გღვიძავს, ეგ არის ინსომნია.

***

ელენე აქციაზე წასასვლელად ემზადება: “დე, მამოს მაისური და დროშა სად არის?”

ასეა, როცა მამები ამხნევებენ გოგოებს.

***

„სადაა დასვენება?! სკოლა რომ მთავრდება, მაშინვე არდადეგები იწყება!“ – ჩივის გიორგი.

***

კლასელები შევიკრიბეთ. ლამბადა ვიცეკვეთ. ვიდეო არ იქნება.

***

„სულ გვეცეკვა! სულ გვეცინა! სულ ერთად ვყოფილიყავით! სანამ იყო ჩვენი დრო!“

გაბრიაძის არ იყოს.

***

ველური არ გეგონოთ, ოჯახში გაზრდილია, პიტნაზე მეუბნება გამყიდველი.

***

„ხუთი წელი ვიმუშავე მცხობლად, მერე დამაწინაურეს და მესალათედ გადამიყვანეს,“ – ზაფხულში მივუხვდი ნათქვამს.

***

how fast hydrangea grow – თქვენ რა დაგუგლეთ ბოლოს?

***

ნეტა, იმ ადამიანთა რამე ერთობა თუ არსებობს, რომლებსაც არასოდეს ეპარებათ 22:22?

***

დღეს ჩამოვრჩი ცხოვრებას, გამოვიძინე და დილის სიზმარსაც ბოლომდე ვუყურე.

***

„ღამით შემოგვიხტა ფანჯრიდან, მერე მიიმალა… დილით ვხედავ, სარკესთან ზის გაპრანჭული“ – დედაჩემი სიყვარულით კალიაზე.

***

„ბათუმში წვიმის მერე ქუჩები აღარ დაიტბორება, სანიაღვრე სატუმბოს ვაპროექტებ.“ მატასის და გიორგის კიდევ ერთი სული აქვთ ბაბუს ნახაზებს რამე მიახატონ.

***

სახლში ნივთების გადანაცვლებით მისამართი არ იცვლება.

***

როგორი რამეა ეს სახლში დაკარგული ნივთები – თან აღარ გაქვს, თან სადღაც გვერდითაა.

***

ძველი ბლოკნოტი ვიპოვე რესპონდენტების სახლის ნომრებით.

***

საქართველოს უახლესი ისტორია:

კარადა დავალაგე. ელენეს ბავშვობის ზამთრის ტანსაცმელი გაცილებით თბილია, ვიდრე მატასის. სხვაობა – 12 წელი.

***

ელენეს ბავშვობის დროინდელ „მეგობრობის დღიურს“ ვათვალიერებ. უმეტესობას საყვარელ წიგნად უწერია „ჰარი პოტერი“, მხოლოდ ერნა გრიგორიანს – „ვეფხისტყაოსანი“.

***

Reply all

ყველა წიგნი წაიკითხეთ, რომლებზეც მკითხეთ, წავიკითხო თუ არაო.

***

დავკარგე თეთრი შლაპა, რომელშიც მოთხრობებს ვაგროვებდი. მპოვნელი განსაცდელშია.

***

კაცებისთვის, რომლებიც ზაფხულში ქალაქში რჩებიან, კურორტზე გამგზავრების წინ ქალები ერთი კვირის (მინიმუმ) სამყოფ სადილს ამზადებენ ხოლმე.

ოხშივრისა და კლიმატის ცვლილების სააგენტო

***

Живи, плодись и размножайся – აგარაკის წესები ჩეხოვისგან.

***

გაზაფხულზე მორცხვი მიმოზას თესლი მიმოვაბნიე სადღაც. ვეღარ ვაგნებ, აღარც თვითონ იჩინა თავი. ასეთი სიმორცხვეც ნამეტანია.

***

ბალახის თიბვისას დაუპატიჟებელი ომბალოს სურნელი ამყვება ხოლმე.

***

ბალახს ქალის სუნი ჰქონდა – პოეზიაა,

ქალს ბალახის სუნი ჰქონდა – პროზა.

***

მერცხლების შვიდი ბუდეა ჩვენთან – არც ნებართვა, არც პროექტი, არის ერთი ჟივილ-ხივილი.

***

წითელ ნეკერჩხალს ცეცხლი უკიდია. სამას ლარს ხელით მანიშნებს მებაღე.

***

აღარც დიდგორი ჩანს, აღარც ციციშვილები ციხესიმაგრე, ნისლის მერე თავიდან იწყება ცხოვრება.

***

გული ერთ ფაილში რომ გაქვს და მეორეში იჩხრიკები, ეგრე გაიბერტყა დღე.

***

შეხმიანების საბაბად ნუ მისწერთ – “დამესიზმრე”. თუ არ დაგსიზმრებიათ, მით უმეტეს.

***

სალარომდეა ფესვები მოსულიო, სამტრედიის ვაგზლის მოლარე მეუბნება ნიკო ნიკოლაძის ჩამოტანილ ლარიქსზე.

***

ღამით მხოლოდ ჭიშკრის გაღების ხმა ისმის და სტუმარი არ ჩანს. ის წუთი მიყვარს, სანამ გაცხადდება ყველაფერი.

***

ლოტოს გუდას ერთი კოჭი აკლდა. თუ 28-იანი კარტი მოგვივიდოდა, ამოძახების დაწყებამდე დავადებდით ხოლმე სიმინდის მარცვალს.

***

გზიდან დარეკილ ამბავს მოკლედ რომ მოჰყვები, კითხვებზე პასუხი არ გაქვს და ამბობ – მოვა და იტყვის.

***

მატასი იმერეთიდან ბრიუსელში აღმოჩნდა. ქუჩაში პატარა გუბეს გვერდი აუარა, უჟმური არ ამყვესო. უთარგმნელი ამბავია.

***

ივლისის დეპრესია – უნდა არსებობდეს ასეთი.

***

საირმეში პრესა მოდის ასე: სანამ არ გაიყიდება ყველაფერი, ახალი არ მოაქვთ.

***

„დამნაშავეებო და ოლიგარქებო, იყიდეთ გაზეთები, ეს სამშობლოა!“ – გაჰყვირის მოხუცი „კრიკუნი“ კვარიათის სანაპიროზე.

***

ნესტისგან წიგნი რომ გაიფხორება და ყდას აუშვებს აფრასავით, ეგ მიყვარს ზღვაზე და ნესვი.

***

„სადაც წყალია და ბურთია, იქ ბავშვიც გაჩნდება,“ – წყალბურთის მომავალზე ლაპარაკობს კაცი ტელევიზორში.

***

გოგომ ზღვისპირა კაფეში მორიდებით შეუკვეთა კოქტეილი:

– ორი „…პლაჟზე“, თუ შეიძლება.

***

წვიმს და შევყევი ძველ ჩატებს. ზოგი თქვენობით იწყება, მერე დავმეგობრებულვართ.

***

You have memories with… მარკ, ზოგი რამ არ მოხვდა აქაურ ამბებში და ისე ვინახავთ.

***

მეორედ მოსვლისას წაშლილი ჩატები აღდგება.

***

თუ რამის საიმედოდ შენახვა შეუძლია ჩემს მეხსიერებას, თეფშების მოხატულობაა, კიდეზე მოფენილი ყვავილებით.

***

არ ვიცი წელიწადის რა დროს ამოვედი, მაგრამ მატარებელში შემოდგომაა.

***

ცხოვრება სავსეა სიყალბით და ლიტერატურაში ფიქციის დეფიციტია.

გწერთ ფოთი-თბილისის მატარებლიდან.

***

ურბანული ინსომნია: გავალ ქალაქიდან, კარგად მძინავს. დავბრუნდები, რული არ მეკიდება.

***

გრძელი დღე და მოკლე კაბა, ადრე უფრო მიხაროდა ზაფხული.

***

მარიამობა. ჩატი – ხატი. ჩატი – ხატი.

***

ბაღებსა და სკოლებში ბავშვებმა ერთმანეთის გახარება იციან – მოგაკითხეს! შემოდგომა და ეგ ყიჟინა მომენატრა.

***

სექტემბერში მთავარია, მალე დავიმახსოვრო სტუდენტების სახელები, მაგრამ არა ისე, როგორც სიაში წერია.

***

ორი დღეც და ჩაცმასაც ფასი დაედება და გახდასაც.

***

ჩემმა მეზობელმა მაისური ჩაიცვა და ისე გამოვიდა აივანზე მოსაწევად.

მორჩა ზაფხული.

***

ზამთარში ზაფხული რომ მომენატრება, მატასის ლოყაზე მოთამაშე მზეს დავხედავ.

***

ზაფხული ყოველთვის ჩავლილი ამბავია – მაშინაც კი, როცა მოუთმენლად ელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“