ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

შემომხედე

ზურიკო სიხარულიძე

შემომხედე!

შემომხედე ძამა აგერ. მე რაც დევიბადე, ცალ ხელში წიგნი მიჭერია და ცალში კიდომ, მარცხენა რომ მივარგოდეს, თოხი მეჭირებოდა, მარა არ მივარგა აი მარცხენა და წიგნი მიჭერია ისევლე. აბა მარჯვენა ხელს ხომ არ გუვუშობ? ცოტა კი დამცინიან აქანე, ზარმაცია, მუშაობა ეზარებაო, მარა შენ გონია ტვინით მუშაობა, მუშაობა არაა? მაგან იცის ოფლი თუ იცის და წელში მოკაკვა.

ახლა მთლა ყოლიფერი კი არ მაქ წაკითხული, მარა რაც შემიძლია, ვღლი ამ დასაფსებ თვალებს. წიგნი რაია იცი? რაცხა რომ გტკივა, გახსენდება, რომ იქინე, რომშიც ტკიოდათ და გეიარა, რომ გიხარია, გახსენდება, რომ საცხა პარიზშიც უხაროდათ და გეიარა. მაგიც გეივლის! – სოლომ ბრძენს რომ კალიცო ქონდა და გადმოატრუალებდა და ზედ ეწერა, მაგია წიგნი.

გურია ჩემდა სამყაროს ცენტრია და ამ ცენტრში არის ცენტრი ჩოხატაური და ცენტრის ცენტრში არის კიდომ ცენტრი – ბუკისციხე. ჩემდა აგია ცენტრის ცენტრის ცენტრი და შენ თუ გინდა ახლა, დაცენტრილი დამიძახე.

შემომხედე ძამა! ამ ღელეს ხომ ხედავ. ამ ღელესთან უნდა ჩამოჯდე ხანდახან. წიგნი ეიღო და თვალი დახუჭო. თვალის დახუჭვას მე ვუძახი წიგნში ჩაყვინთვას. დამიჯერე. მოი ერთხელ ჩემსას სტუმრად და ერთად ჩავიყვინთოთ. მაგაზე კაი აფერი არაა.

მაგაზე კაი გურიაა, ღელე და წიგნი. გურია, ჩოხატაური და ბუკისციხე.

და მე – რა თქმა უნდა.

ზურიკო სიხარულიძე. წიგნიერი კაცი. ბუკისციხე

დურსუნ აფხაძე

შემომხედე!

ას წელს გამოვჭედავ მალე. სულ აქ ვდგავარ, ომი რომ გამოცხადდა, იგი – დიდი და სამამულო – იმგენმა სროლა დეიწყეს და მე ჭედვა. პაწა ვიყავი. ძაან პაწა. ახლა, ხომ გითხარი – საუკუნეს მოვკუჭავ ხელში.

მე მგონია, რომ სოფელი და სამჭედლო – ერთი და იგივეა. ახალი დროი ამას ვერ შეცვლის. თოხი სულ ენდომება მიწის კაცს და ბარი.  სოფელს რომ გუუძლო, რომ მეიშინაურო და შენი გახადო, საცხა თოხი უნდა გეგულებოდეს და ფოცხი. მთლა ასე ფიქრით და კოტრიალით ვერ შეძლებ მაგას, შემოგიღრენს სოფელი, შეშინდები და გამეიქცევი. ცოტაა გაქცეული აქიდან?

 

საბერველი რომ ქშენას იწყებს, მთლად რომ წუნკალ ხასიათზე ვიყო, ძალა მომეცემა და ჯარში რომ მუსიკას ფეხს უწყობენ, მასე ვუწყობ ხელს. ვღიღნებ და ვურახუნებ ასთე.

რკინას რომ ხელი გადუუწიო, თვითონ რკინა უნდა იყო. კაცი კიდომ, რკინა ვერ იქნება. ამას საიდუმლოს ცოდნა ჭირდება. ახლა ასე ღიად და სახალხოდ ვერ გეტყვით ამ საიდუმლოს და თუ ვინმე მოხვალთ და შეგირდად მომებარებით – აქანე ვარ და არ დაგზარდებით.

 

დურსუნ აფხაძე. მჭედელი. შუხუთი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“