ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

ჩემისთანების საკითხავი

პირველად ციგურებზე რომ დავდექი, ცხრამეტი წლის ვიყავი. ჩემმა სლოვაკმა და პოლონელმა მეგობრებმა წამიყვანეს „ყინულის სანახავად”. მანამდე კი იყო ჩემი ბავშვობა და ფიგურული სრიალის ყურებაში გატარებული ბედნიერი წუთები (მიჭირს, საათები ვახსენო, რადგან მოგეხსენებათ, ოთხმოცდაათიანებში ტელევიზორს საათობით ვერ ვუყურებდით, ელექტროენერგიის არქონის გამო). თვალს ვერ ვაცილებდი ბრჭყვიალა კაბებში გამოწყობილ, მომღიმარ გოგოებს და მერე ქეჩებზე შემდგარი ვცდილობდი, იგივე მოძრაობები სახლში გამეკეთებინა. რა თქმა უნდა, არაფერი გამომდიოდა.

 

ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ სპორტი და ფიზიკური აქტივობები ჩემი ძლიერი მხარე არ იყო, მეუბნებოდნენ, რომ ჯობდა, იმ საქმისთვის მიმეხედა, რომელიც კარგად მეხერხებოდა _ მეკითხა, მეწერა, მეხატა, დამეკრა, ოლიმპიადები მომეგო და თითით საჩვენებელთა დაფიდან არ ჩამოვსულიყავი. პარალელურად, დედა დიდი მონდომებით მთავაზობდა ცურვაზე სიარულს, მე კი, მიუხედავად იმისა, რომ „არიელივით” არცერთი მულტფილმი არ მიყვარდა და წყალთან მიახლოებაც კი მაბედნიერებდა, ყოველთვის უარს ვამბობდი ცურვის სწავლაზე, რადგან მჯეროდა, რომ ეს არ იყო ჩემი საქმე, რომ არაფერი გამომივიდოდა, რომ ვერ შევძლებდი და დამცინებდნენ, რომ თავსაც შევირცხვენდი და სხვებსაც შევარცხვენდი.

მაშინ სხვანაირი დრო იდგა, ყინულის მოედანი კი არა, სახლიდან გასვლის გვეშინოდა. ვცხოვრობდით კი არა, გადარჩენისთვის ვიბრძოდით. ჩვენი მშობლები კი, რომლებიც ყოველდღე, გათოშილები ბრუნდებოდნენ პურისა და ნავთის რიგებიდან, მაქსიმალისტები იყვნენ და ჩვენგან საუკეთესო შედეგს მოითხოვდნენ. ვიცი, ეს ყველა თაობის მშობლების სენია საქართველოში, მაგრამ მაინც მგონია, რომ ჩემი თაობის მშობლები, რომელთაც ხელიდან გამოეცალათ საკუთარი ცხოვრება და მის დასაბრუნებლად ბრძოლაში მთელი ახალგაზრდობა გალიეს, განსაკუთრებული სიმძაფრით განიცდიდნენ და განიცდიან შვილების ოდნავ წარუმატებლობასაც კი. ვერ გავამტყუნებ. ისინი თვითგადარჩენისთვის ბრძოლას მიეჩვივნენ _ ეშინიათ, რომ თუ საუკეთესოები არ ვიქნებით, ცხოვრება ჩაგვყლაპავს. ჩვენც გვეტყობა იმ პერიოდის კვალი _ ნერვიული, მუდამ გადარბენაზე მყოფი თაობა ვართ, რომელიც ცდილობს, ყველაფერი მოასწროს, დროს აჯობოს, საკუთარ შესაძებლობებზე მაღლა დადგეს, სიახლეები შეისრუტოს და თან, ცალი ხელით წარსულს იყოს ჩაბღაუჭებული.

მოგვიანებით, უნივერსიტეტში სწავლისას, ჩემმა მეგობრებმა მთაში დაიწყეს სიარული. მეც მინდოდა, მინდოდა, მაგრამ არ წავედი. არ ვიყავი მზად, არც ფიზიკურად, არც მორალურად. მეშინოდა, რომ ვერ შევძლებდი, ვერ ვივლიდი, მძიმე ჩანთას ვერ ვატარებდი, საბოლოოდ კი ყველანი უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით, მეც და ჩემი მეგობრებიც. ათასი მიზეზი მოვიგონე, ოღონდ ის არ მეთქვა, რაც სინამდვილეში მიშლიდა ხელს, ოღონდ არ გამემხილა, რომ ჩემი შიშები არ მიშვებდა. დღესაც, როცა ისინი მთაში გატარებულ დღეებს იხსენებენ, გული მწყდება, რომ მათი საუკეთესო მოგონებების ნაწილი არა ვარ, რომ ვერ აღმოვჩნდი იქ, სადაც ნამდვილად ვისურვებდი ყოფნას.

სხვანაირად ფიქრი სწორედ იმ დღეს დავიწყე, 19 წლისა პირველად რომ წამიყვანეს ყინულის მოედანზე ჩემმა პოლონელმა და სლოვაკმა მეგობრებმა, საოცარმა ადამიანებმა, რომლებსაც ძალიან კეთილად გაეცინათ, როცა საციგურაოდ წასასვლელად მოკლე ქვედაბოლოთი გამოვცხადდი სტუდენტური საცხოვრებლის ფოიეში. დიდი ახსნა-განმარტება არ დამჭირვებია, ისედაც იცოდნენ, რომ ყინულის მოედანი მარტო ეკრანზე მენახა, მითხრეს, რომ აუცილებლად თბილად უნდა ჩამეცვა, ოთახში შემაბრუნეს და მოგვიანებით არც ის დაიზარეს, რომ თავისუფლად სრიალის ნაცვლად, დრო ჩემს დახმარებაზე დაეხარჯათ.

და მეც ვიდექი ყინულზე, მართალია, გაჭირვებით, მუხლების კანკალით, მეგობრებზე ხელჩაჭიდებული, მაგრამ მთავარია, რომ ვიდექი და თავი იმ ბრჭყვიალაკაბიანი გოგოებივით მაგარი მეგონა, ბავშვობაში რომ ვუყურებდი ტელევიზორში.

პირველად რომ გავცურე, ოცდარვა წლის ვიყავი. უფრო სწორად და მარტივად რომ ვთქვა, ოცდარვა წლის ახლა ვარ და პირველად ორიოდე კვირის წინ გავცურე დამოუკიდებლად. წარმოუდგენელი შეგრძნებაა, როცა აცნობიერებ, რომ შეძელი ის, რაც შეუძლებელი გეგონა. ზრდასრულ ასაკში ცურვის სწავლასაც ჰქონია თავისი ხიბლი _ წყალს, რომელიც, შეიძლება, ჩაყლაპო, ერთდროულად საკუთარ თავზე, შიშზე, განვლილ წლებზე, სხვების შენს მიმართ დამოკიდებულებაზე გამარჯვების, დავიწყებული ინსტინქტების გახსენების გემო აქვს.

პირველად რომ თხილამურებზე დავდგები, ალბათ ოცდაცხრა წლის ვიქნები, რადგან უკვე მჯერა, რომ მაქვს უფლება, ბევრჯერ წავიქცე და იმდენჯერ ავდგე, რამდენჯერაც წავიქცევი, რომ მაქვს უფლება, ყველაფერი საუკეთესოდ არ გამომდიოდეს, რაღაცებში არც ისე ნიჭიერი, მაგრამ შრომისმოყვარე ვიყო.

ნუ წავართმევთ ერთმანეთს ჩვეულებრიობის არაჩვეულებრივ უფლებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი