სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

ტაქსონომია თანამედროვე გაკვეთილზე

XX საუკუნის შუა ხანებში, სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის სწრაფად მზარდი მოთხოვნების ფონზე, მსოფლიოში განათლების სისტემა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დადგა. გაჩნდა უამრავი ახალი მიდგომა, თეორია და სტრატეგია, რომლებიც ხელს უწყობს სასწავლო მიზნების მიღწევას. ასე გაჩნდა ბენჯამინ ბლუმის ტაქსონომიაც.

ტაქსონომია მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის კლასიფიკაციის პრინციპებს, მეთოდებსა და მიზნებს და გამოიყენება საგანმანათლებლო მიზნების კლასიფიკაციისთვის – სასწავლო პროგრამით გასათვალისწინებელი მიზნების უფრო ეფექტურად შესამუშავებლად და შესაფასებლად. იმ დროს ბლუმის ტაქსონომია სასწავლო მიზნების შემუშავების ამოსავალ წერტილად ჩაითვალა, რადგან სწავლის მიზნები კლასიფიცირებული იყო შესაბამისი განზომილების მიხედვით:

  • შემეცნებითი დომენი: გამოყოფილია 6 დონე – ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი და შეფასება (ცოდნა – რაღაცის გახსენების შესაძლებლობა; გაგება – რაღაცის დამუშავების /საკუთარი სიტყვებით ამბის გადმოცემის შესაძლებლობა; გამოყენება – ცნებების, წესების, თეორიების კონკრეტულ სიტუაციებში გამოყენების შესაძლებლობა; ანალიზი – ინფორმაციის ელემენტების/ნაწილების შედარება-შეპირისპირების შესაძლებლობა; სინთეზი – ელემენტებისგან/ნაწილებისგან ახალი მთელის შედგენის შესაძლებლობა; შეფასება – გადაწყვეტილებების მიღების უნარი და საკუთარი პოზიციის წარდგენა);
  • აფექტური დომენი: გათვალისწინებულია მიღების, რეაგირების, შეფასების, ორგანიზებულობისა და დახასიათების დონეები;
  • ფსიქომოტორული დომენი: დადგენილია აღქმის, განწყობის, მექანიზმის, კომპლექსური რეაგირების, ადაპტაციისა და შექმნის დონეები.

ბლუმმა ტაქსონომიის შემოტანით იმ პერიოდის განათლების სისტემის ქაოსში ერთგვარი წესრიგის დამყარება სცადა და გარკვეულწილად გამოუვიდა კიდეც – ტაქსონომიის შემოღებამ გააფართოვა სწავლის მნიშვნელობა უბრალო დამახსოვრებიდან მოვლენის ანალიზამდე და შეფასებამდე, რაც იმ დროისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

თუმცა თანამედროვე განათლების მეცნიერებაში არსებობს თვალსაზრისი, რომ ბლუმის ტაქსონომია არ იძლევა მოსწავლის აზროვნების შეფასების საშუალებას (Hattie, 2016). ის აქცენტს სვამს კოგნიტიური უნარების მხოლოდ ნაწილზე და არ ასახავს მეტაკოგნიტიურ პროცესებს. გვიჩვენებს, რა იცის მოსწავლემ, მაგრამ ვერ პასუხობს კითხვას, რა და როგორ ისწავლა მან. მასში, როგორც თეორიაში, არ იკვეთება სწავლის შინაარსის დაძლევისა და მიზნების მიღწევის გზები (ასეთი დამოკიდებულების საფუძველი გახდა აზროვნების პირველ დონეზე – ცოდნაზე (დამახსოვრებაზე) აქცენტირება, რადგან ყველა დანარჩენი ოპერაციის საფუძვლად სწორად ის განიხილება). ამავე დროს, როგორც სპეციალისტები მიუთითებენ, აზროვნების დონეების კლასიფიცირებამ სასწავლო პროგრამების ფრაგმენტულობა გამოიწვია (Broudy, 1970; Curzon, Tummons, 2003). თანამედროვე ფსიქოლოგებისა და ნევროპათოლოგების აზრით კი, ამგვარი მიდგომა შორსაა სწავლის ნატურალიზაციისგან.

თავად ბენჯამინ ბლუმმა არაერთხელ შენიშნა, რომ „ის სწორად ვერ გაიგეს და რომ მისი სასწავლო მიზნების კლასიფიკაცია არ მიუთითებს კონკრეტულ მეთოდებზე და არ გულისხმობს მიზნების დეტალიზებას, ანუ ცალკეული მიზნის მისაღწევად მხოლოდ ერთი მეთოდის გამოყენებას (Bloom, 1994). ბლუმი ხაზს უსვამდა მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენების აუცილებლობას, იმას, რომ ტაქსონომიისთვის კონკრეტული სასწავლო მიზნების შემთხვევაში უნდა მიემართათ და რომ მასწავლებელს მეთოდების ფართო სპექტრიდან თავისთვის საჭირო უნდა ამოერჩია და არა ცალსახად მზა (Bloom, 1994, p. 7).

მაგრამ ფაქტია, რომ ტაქსონომია ხელს უწყობს აზროვნების დაბადებას, რომლის საფუძველზეც შესასწავლი მასალის გაგებაც უნდა მოხდეს და გარკვეული სიცხადეც უნდა გამოჩნდეს სასწავლო პროგრამების, მეთოდებისა და შეფასების სისტემის რთულ ურთიერთკავშირში. ამიტომ არის, რომ ის დღემდე წარმატებით გამოიყენება პრაქტიკაში ცნებების საერთო გაგებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ბლუმისა და მისი კოლეგების მიერ სასწავლო მიზნების პირველი ტაქსონომიის გამოქვეყნებიდან (1956 წ.) დღემდე 30-ზე მეტი მსგავსი სისტემა შეიქმნა, რაც ამ მოდელების აქტუალობასა და შედეგიანობაზე მიუთითებს. ამ მოდელებს შორის პოპულარობით გამოირჩევა:

  • ანდერსონის ვერსია (ბლუმის ტაქსონომიის გადამუშავებული ვერსია) (Anderson et.al. 2001);
  • კლოპფერის მოდელი (Klopfer, 1971);
  • SOLO-ტაქსონომია (Struqture of the Observed Lerning Ourcome (SOLO) taxonomy), (Biggs, 1995);
  • მარზანოს „ახალი ტაქსონომია“ (New Taxonomy) Marzano and Kendall, 2007);
  • ფინკის ტაქსონომია (Fink, 2003) და სხვა.

დღეს ყველაზე ხშირად მიმართავენ ჯონ ბიგსის ე.წ. SOLO (Structure of Observed Learning Outcone) ტაქსონომიას (სწავლების შედეგზე დაკვირვების სტრუქტურა), რომელიც მოსწავლეს სწავლის პროცესის შესწავლაში ეხმარება (Biggs & Collis, 1982; Biggs, 1992). ბლუმისგან განსხვავებით, ბიგსმა აქცენტი ხუთ დონეზე დასვა:

. პრესტრუქტურული დონე – მოსწავლე საერთოდ ვერ იგებს საკითხს, იყენებს შეუსაბამო ინფორმაციას (მოსწავლეს არ აქვს იდეა);

. უნისტრუქტურული დონემოსწავლეს შეუძლია მხოლოდ მარტივი, ზედაპირული კავშირების დამყარება, იყენებს ტერმინოლოგიას, შეუძლია ტერმინის გახსენება, მარტივი ინსტრუქციის / ალგორითმის შესრულება; თავისი სიტყვებით გადმოცემა; დასახელება, ჩამოთვლა, იდენტიფიცირება (მოსწავლეს აქვს ერთი იდეა);

. მულტისტრუქტურული დონე – მოსწავლეს შეუძლია რამდენიმე ასპექტის გათვალისწინება, ამ დროს მათ შორის მიმართებებს ვერ ამყარებს, შეუძლია აღწერა, ჩამოთვლა, კლასიფიკაცია, პროცედურების შესრულება (მოსწავლეს აქვს ბევრი იდეა, თუმცა ერთმანეთთან ვერ აკავშირებს);

. მიმართებითი დონე  – მოსწავლეს შეუძლია გაიგოს, რა მიმართებებია რამდენიმე ასპექტს შორის, ნაწილებისგან ქმნის მთლიანს; შეუძლია შედარება და მიზეზშედეგობრივი კავშირების დამყარება (მოსწავლე ამყარებს კავშირს რამდენიმე იდეას შორის);

. გაფართოებული აბსტრაქტული დონე – მოსწავლეს შეუძლია სტრუქტურის წარმოდგენა აბსტრაქტულად, მისი აღქმა და სხვადასხვა პერსპექტივიდან დანახვა, იდეების ტრანსფერი სხვა სიტუაციაში, ჰიპოთეზის ჩამოყალიბება, არგუმენტის მოყვანა (მოსწავლეს შეუძლია იდეების ინტეგრირება).

ამგვარი კლასიფიცირებით ერთგვარად დაიძლია ის სწორხაზოვნება, რითაც გამოირჩეოდა ბლუმის მოდელი: SOLO უფრო კოგნიტიური პროცესების გაძლიერებაზე ამახვილებს ყურადღებას, ვიდრე მისაღწევ მიზნებზე და ამ მოდელით მასწავლებელს მეტი შანსი აქვს, გააანალიზოს მოსწავლის პასუხები და გაიგოს, რა სახის სირთულე დაძლია მან, როგორია მისი აზროვნების ხარისხი. უფრო ადვილი ხდება მოსწავლის დონის განსაზღვრა, სასწავლო პროცესის წარმართვა და ამ პროცესში მოსწავლის დახმარება.

თუმცა ტაქსონომიის თითქმის ყველა მოდელს ჰყავს კრიტიკოსები, მათ შორის – SOLO მოდელსაც, რომლიც ასევე ბადებს კითხვებს, მაგალითად, ასეთს:

  • რამდენად საკმარისია ასეთი სტრუქტურირება იმისთვის, რომ სასწავლო პროგრამების კოგნიტიური მოთხოვნები გავაანალიზოთ? (Brabrand and Dahl, 2009)

განათლების სპეციალისტების წინაშე კვლავ დადგა საკითხი:

  • როგორ მოვიქცეთ, გამოვიყენოთ თუ არა ტაქსონომიის მოდელები სწავლებაში?

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, მასში შესული ცვლილებების საფუძველზე, საშუალებას გვაძლევს, სწავლებაში ჩავრთოთ მრავალფეროვანი მიდგომები და სტრატეგიები, მეთოდები და მოდელები, რომლებიც თანამედროვე მოთხოვნების ფონზე საშუალებას აძლევს მასწავლებელს, სწავლებაში წარმატებას მიაღწიოს. ამგვარი მიდგომით ტაქსონომია კვლავ განიხილება ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის ერთ-ერთ საინტერესო გზად. ეს ბუნებრივიცაა, რადგან განათლება განვითარებადი დარგია და აქ, როგორც იტყვიან, ქაოსი, გამოწვევათა ფართო სპექტრი, მიზნის მიღწევის გზა უფროა, ვიდრე უკან გადადგმული ნაბიჯი. ამიტომაც არის, რომ ტაქსონომიას (თავისი მრავალი სისტემით) როგორც სასწავლო პროცესში ქაოსის დაძლევის ერთ-ერთ საინტერესო მოდელს დღემდე აქტიურად იყენებენ სწავლებაში (სხვა ქვეყნებთან ერთად  – აშშ-შიც, როგორც დაწყებით, ისე საშუალო საფეხურზე) (Anderson, 2001; Schneider, 2014).

ტაქსონომიის სხვადასხვა მოდელი „გვაიძულებს“, დავფიქრდეთ დავალებების სიღრმეზე და შეგვახსენებს, რომ ტაქსონომია არ არის მზა რეცეპტი. ის შეიძლება გამოვიყენოთ ერთგვარ „ბიძგად“ აზროვნების გასააქტიურებლად, მიზნის შესაბამისი მეთოდებისა და შეფასებების მოსაძებნად, ცოდნის ზოგადი გაგების დონისა და უნარების შესამოწმებლად. შესაბამისად, შეგვიძლია მისი მოდელები წარმატებით გამოვიყენოთ გაკვეთილებზე.

განვიხილოთ კონკრეტული დავალებები ტრადიციული ბლუმის ტაქსონომიისა და SOLO ტაქსონომიის მიხედვით.

კლასი – VII, თემა – „პრეისტორიული ხანა“ (ისტ. საბ. 1; 2;4; 5; 6; 8)

მკვიდრი წარმოდგენები: ქვის ხანაში ძირითადად ქვის იარაღებს იყენებდნენ; ქვის ხანაში ადამიანები გვაროვნული თემის პირობებში ცხოვრობდნენ; ქვის ხანაში ადამიანები მონადირეობასა და შემგროვებლობას მისდევდნენ, მოგვიანებით კი მიწათმოქმედება და მესაქონლეობა ისწავლეს; ქვის ხანის შესახებ არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მონაცემები მოგვითხრობს.

I – ნიმუში ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით:

დავალება 1. დონე – ცოდნა

  • იპოვე და ამოიწერე ტექსტიდან (& 2; 3; 4; გვ. 8-17) პრეისტორიულ ეპოქაში ადამიანის ცხოვრებაში მომხდარი არანაკლებ 3 ცვლილება;
  • გამოიყენე სახელმძღვანელოს ტექსტი (& 2; 3; 4; გვ. 8-17) და ჩასვი გამოტოვებული სიტყვები და თარიღები:

„პირველყოფილი ადამიანების ცხოვრებაში ….. ძირითადად ….. ათასწლეულებში ….. მოხდა. ცნობილმა მეცნიერმა გორდონ ჩაილდმა ამ გარდატეხას ….. უწოდა. წარმოიშვა ….. – ბინადარი და მესაქონლე – საზოგადოებები“.

ძვ.წ. VIII-VII; გარდაქმნები; ახალი ქვის ხანა; ნეოლითური რევოლუცია; მიწათმოქმედი; მომთაბარე…

 

დავალება 2. დონე – გაგება

  • ქვის ხანაში ადამიანთა ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებები (& 2; 3; 4; გვ. 8-17) წარმოადგინე „ფიშბოუნის“ (ან სხვა ტიპის) კოგნიტიური სქემის სახით.

  • იპოვე შესაბამისობა:

 

საზოგადო საკუთრება ა. მამაკაცების საქმიანობა
კერძო საკუთრება ბ. ქალების საქმიანობა
ნადირობა გ. ცეცხლი; ნემსი; ქოხი; ირმის რქა
შემგროვებლობა დ. ნაჯახი; შუბი; მშვილდ-ისარი
მიწათმოქმედება ე. მინდორი; ტყე

 

დავალება 3. დონე – გამოყენება

  • სახელმძღვანელოს ტექსტის საფუძველზე იპოვე მიზეზშედეგობრივი კავშირი იმ ცვლილებებს შორის, რომლებიც პრეისტორიულ ეპოქაში მოხდა უძველესი ადამიანების ცხოვრებაში:

დავალება 4. დონე – ანალიზი

  • გააანალიზე უძველესი ადამიანის ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებები („+“, „-“) და გამოიტანე დასკვნა, მოახდინა თუ არა გავლენა ამ ცვლილებებმა ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე:
„+“ „-“
—————————– —————————–

 

 

  • დასკვნა: „ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა…“

 

დავალება 5. დონე – სინთეზი

  • გამოთქვი მოსაზრება, როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო უძველესი ადამიანის ცხოვრება ქვის ხანის შემდგომ ეპოქაში – ბრინჯაოს ხანაში?

დავალება 6. დონე – შეფასება

  • შეაფასე, რა გავლენა მოახდინა ქვის ხანაში მომხდარმა ცვლილებებმა ადამიანსა და იმდროინდელ საზოგადოებაზე.

 

II – ნიმუში SOLO ტაქსონომიის მიხედვით (ცხრილში მოცემულია მოსწავლის პასუხები და ქმედებები ორ განსხვავებულ სიტუაციაში, რომელთაგან მეორე კომპლექსური ტიპის დავალების ელემენტებს შეიცავს):

 

საკითხის მიმართება დონეებთან რატომ გადავიდა ადამიანი შემგროვებლობიდან და ნადირობიდან მწარმოებლურ მეურნეობაზე? ააწყვე უძველესი სოფელი ფაზლის გამოყენებით.
პრესტრუქტურული დონე

 

შეიცვალა კლიმატური პირობები.

 

ვერც ერთ დეტალს ვერ იყენებს.
უნისტრუქტურული დონე გარემო ვეღარ უზრუნველყოფდა ადამიანს საკვებით. ფაზლის ასაწყობად იყენებს დეტალებს ერთი ნიშნის (ფერის ან ფორმის) მიხედვით
მულტისტრუქტურული დონე დაიწყო დიდი გამყინვარება და ადამიანი იძულებული გახდა, ჩამოსულიყო ბარში და მიწათმოქმედებაზე გადასულიყო.

 

მოსწავლე ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა დეტალს (სახნისი და გუთანი; სახლი და ცეცხლი; ცხვარი და ძროხა).
მიმართებითი დონე

 

ეკოლოგიურმა კატასტროფამ ადამიანი აიძულა, მიწათმოქმედებასა და ბინადარ ცხოვრებაზე გადასულიყო. მოსწავლე აწყობს სახლს.
გაფართოებული აბსტრაქტული დონე ადამიანი იძულებული გახდა, ეკოლოგიური პრობლემებით გამოწვეული ცვლილებები დაეძლია, ამიტომ მთა და გამოქვაბული მიატოვა და ბარში, მიწათმოქმედებასა და მწარმოებლურ მეურნეობაზე გადავიდა. მოსწავლე აწყობს ნეოლითური ხანის სოფელს.

 

როგორც ვხედავთ, SOLO-ს გამოყენების დროს უკეთესად ჩანს, როგორ ესმის მოსწავლეს იმის შინაარსი, რასაც სწავლობს და ის, თუ რა პრობლემებს შეიძლება წააწყდეს სწავლის პროცესში.

ტაქსონომიების მოდელების შესახებ მსჯელობისას სპეციალისტები ხშირად მიუთითებენ, რომ ეს მოდელები ვერ ასახავს იმ ღირებულებებსა და დამოკიდებულებებს, რომლებსაც მოსწავლები შეიძენენ სწავლის პროცესში. მაგრამ მასწავლებელს შეუძლია განმავითარებელი ინსტრუმენტების სწორად შერჩევა/გამოყენება და მიზნის შესაბამისად იმ აქტივობების განხორციელება, რომლებიც დასახულ მიზანთან დააახლოებს. მაგალითად, მას შეუძლია, თემის შესწავლის დასასრულს შესთავაზოს მოსწავლეებს „გასასვლელი ბარათის“ შევსება (სურ. 1).

სურ.1

 

მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლეებს დააწერინოს შემაჯამებელი კომპლექსური ტიპის დავალებაც: „შექმენი / დაწერე / აღწერე / შენი / სხვისი / გვარის / ერთი თემის… ისტორია“ (სურ. 2).

სურ.2

 

ამგვარი დავალებებით მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლის მიერ ტაქსონომიების მოდელზე მუშაობისას დაგროვილი ცოდნა და უნარები ანუ ცნებების ზოგადი გაგების დონე გამოიყენოს როგორც საფუძველი ცნებების სიღრმისეული დამუშავებისთვის და მომდევნო ეტაპზე, შესაფერისი დავალებებისა და განმავითარებელი ინსტრუმენტების შეთავაზებით, ხელი შეუწყოს მოსწავლეს სწავლის მიზნების მიღწევასა და მეტაკოგნიციაში.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Bloom’s Taxonomy: Improving Assessment and Teaching-Learning Process

https://files.eric.ed.gov/fulltext/EJ1161460.pdf

  1. https://www.uky.edu/~rsand1/china2018/texts/Bloom%20et%20al%20-Taxonomy%20of%20Educational%20Objectives.pdf
  2. TAXONOMY OF EDUCATIONAL OBJECTIVES The C.lassiiication of Educational Goals., Benjamin S. Bloom.-1956.
  3. A new method for non-parametric multivariate analysis of variance. Marti J. Anderson. https://onlinelibrary.wiley.com/doi/10.1111/j.1442-9993.2001.01070.pp.x ლინკი მოცემულ დროზე: 28.06.2008
  4. Using the Solo Taxonomy to Analyze Competence Progression of University Science Curricula , https://www.jstor.org/stable/40269200 ლინკი მოცემულ დროზე: 202.2009
  5. ცოდნა და ღირებულებითი განათლება. შესავალი., ეკატერინე შავერდაშვილი და თამარ მოსიაშვილი, – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. თბილისი 2018., გვ. 12-13. https://cure.erasmus-plus.org.il/pluginfile.php/3656/mod_resource/content/2/VaKE%20Value%20and%20Knowledge%20Education%20%282%29.pdf
  6. განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება. სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის., მარიანა ხუნძაყიშვილი, სარა ბივერი. სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. -2018, გვ.47-52
  7. სოლო ტაქსონომია – სწავლებაზე დაკვირვების შესაძლებლობა. მანანა სეხნიაშვილი., ლინკი მოცემულ დროზე: 24. 07.202. https://mastsavlebeli.ge/?p=26826
  8. ბლუმის ტაქსონომიიდან სოლო ტაქსონომიამდე. თინათინ ზარდიაშვილი. ლინკი მოცემულ დროზე: 13.12.2019. https://mastsavlebeli.ge/?p=24159

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი