სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ბორხერტის შუქურა

საქართველოში გერმანისტებს მაინცდამაინც არ აფასებენ. დარგის ბევრი კარგი სპეციალისტის შესახებ საზოგადოებას არც კი სმენია. როგორც წესი, ისინი თავიანთ ოთახებში არიან გამოკეტილნი და უყურადღებობის, გულგრილობის მიუხედავად, საქმის პატიოსნად კეთებას ცდილობენ. ერთი მათგანი ბ-ნი მიხო ბეროშვილი გახლავთ, რომლის წყალობითაც გამორჩეული გერმანულენოვანი მწერალი ვოლფგანგ ბორხერტი გავიცანი. ბეროშვილის მიერ თარგმნილი ბორხერტის მოთხრობები გასული წლის მიწურულს ერთ-ერთ ალმანახში გამოქვეყნდა.

ბორხერტმა ლიტერატურის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლების ინტერესი რამდენიმე მიზეზის გამო შეიძლება გამოიწვიოს.

უპირველეს ყოვლისა, ყურადღება მის ტრაგიკულ ბედს უნდა მივაპყროთ. ვოლფგანგ ბორხერტი ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა – გურამ რჩეულიშვილივით, ისიც მხოლოდ 26 წლის გახლდათ. მისი ცხოვრების წლები ევროპისთვის ურთულეს ხანას დაემთხვა. ჰიტლერის ეპოქაში სიღარიბის ზღვარზე მყოფ ადამიანებს იშვიათად შეეძლოთ საქმისა და სწავლის მიტოვება, რათა თეატრალური სამყაროსთვის შეეწირათ თავიანთი დრო და ენერგია. ოჯახის წევრების, დიდი ქალაქების ქუჩებში მარშით მოსიარულე თანატოლების წინააღმდეგობა მომავალმა მწერალმა არაფრად ჩააგდო და წიგნებით ვაჭრობის ხელობაში დაოსტატებაზე უარი განაცხადა, მან განათლების მიღება თეატრალურ სკოლაში განაგრძო. თუმცა ნაცისტურ გერმანიაში ხაკისფერ სამოსში გამოწყობილი დამნაშავეებისგან თავის დაღწევა ასეთი ადვილი არ იყო. 1941 წელს ოცი წლის ხელოვანი ჯარში გაიწვიეს და მისი ცხოვრების ერთადერთ მშვენიერ პერიოდს სიხარულით დაუსვეს წერტილი.

ბორხერტი ვერმახტში მსახურობდა, მაგრამ ხელმძღვანელებს ყოველთვის წინააღმდეგობას უწევდა. მას შეიარაღებული აჯანყების ორგანიზების საშუალება არ ჰქონდა, მწერალს დამოკიდებულების გამოხატვისთვის სულ რამდენიმე ბერკეტი ეპყრა ხელთ.

ბორხერტმა არაერთხელ სცადა სხეულის მსუბუქი დაზიანება, რათა სამხედრო სამსახურისთვის, მისი რწმენით, უსამართლო ომისათვის გამოუსადეგარი ყოფილიყო. ამგვარი ქმედების გამო ის შეიძლებოდა სიკვდილით დაესაჯათ, მაგრამ ხელოვანს სახრჩობელა არ ადარდებდა, მან მშვიდად მიიღო მეთაურთა მიერ დაკისრებული საპატიმრო სასჯელი.

ახალწვეულმა შესანიშნავად იცოდა, რომ ჯარისკაცთა მიმოწერას სპეციალური სამსახურები ამოწმებდნენ, ამიტომ თავის პირად წერილებში მოურიდებლად აკრიტიკებდა ნაცისტურ ხელისუფლებასა და ომის გარდუვალობის იდეას. ახლობლებისთვის გაგზავნილ ტექსტებში გამოთქმული მოსაზრებები ბორხერტს დამატებითი სამუშაოების შესრულებად და მორიგ დამცირებად, საჯარო შეურაცხყოფად უჯდებოდა.

ჰამბურგელ ავტორს სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა, მას ხშირად უწევდა სამხედრო ლაზარეთში ყოფნა, მაგრამ მაინც არ წყვეტდა წინააღმდეგობას, მის ხელთ არსებული რესურსებით სისხლისღვრის გაპროტესტებას. რიგითთა ერთ-ერთ თავყრილობაზე მან იოზეფ გებელსის პაროდია გაითამაშა და პროპაგანდის მინისტრი რამდენიმე ტყუილში ამხილა. ცხადია, ურჩი მსახიობი კიდევ ერთხელ დააპატიმრეს, ბორხერტი სიკვდილს ომის დამთავრებამ გადაარჩინა.

გერმანელი მწერლის გამოცდილებამ მოსწავლეები შესაძლოა ერთ მნიშვნელოვან საკითხზე დააფიქროს. ისინი აღმოაჩენენ, რომ ყველაზე ბნელი და სისხლიანი მტრის ბანაკშიც შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებიც ძალადობას, ჩაგვრას, განადგურებას არ ემხრობიან და მწირი საშუალებებით იბრძვიან თავს მოხვეული გადაწყვეტილებების წინააღმდეგ, პატიმრობისა და მუდმივი ავადმყოფობის მიუხედავად არ ეგუებიან ძლევამოსილ დიქტატორთა მიერ დადგენილ წესრიგს.

ხელოვანის ცხოვრება ომის შემდეგაც თავგადასავლებით დატვირთული გამოდგა. დაბომბილ და მიწასთან გასწორებულ ჰამბურგში დაბრუნებულმა დაავადმყოფებულმა ახალგაზრდამ სცენაზე დადგომა გადაიფიქრა და ადგილობრივ გაზეთში დაიწყო თავისი ლექსებისა და მოთხრობების გამოქვეყნება. ყოფილი ჯარისკაცის ტექსტებმა მალე მოიპოვა პოპულარობა, დიდი ქალაქის მინგრეულ-მონგრეულ ქუჩებში ყველას პირზე ეკერა გადარჩენილი თანაქალაქელის სახელი.

ბორხერტის შემოქმედება უზუსტესად აღწერს დამარცხებულ, შერცხვენილ, მტვრად ქცეულ ევროპაში გამეფებულ ტკივილსა და სასოწარკვეთას. გერმანელის ორ-სამგვერდიანი ნოველები შესაძლებლობას გვაძლევს, დავაკვირდეთ რიგით მოქალაქეებსა და მათ განცდებს.

პატარა მოთხრობაში „პური“ ცოლ-ქმრის ცხოვრებაა აღწერილი. სიღარიბეში აღმოჩენილ ოჯახს მთელი დღის სარჩოდ მხოლოდ პურის ექვსი პატარა ნაჭერი აქვს. კაცი ყოველ ღამე იღვიძებს, სამზარეულოში გასასვლელად ათას მიზეზს იგონებს, რათა დღის ბოლოს შემორჩენილ ნამცეცებს მიაკვლიოს და საუზმისთვის გამზადებული ულუფებიდანაც მოიპაროს სხვისი წილი საკვები. ქალი მამაკაცზე ძლიერი აღმოჩნდება, ბოლომდე უერთგულებს პურის პატიოსნად განაწილების შეთანხმებას, მეტიც, ქმრის მორალური დილემისგან გადასარჩენად შიმშილისთვისაც გადადებს თავს.

ბორხერტის ოჯახშიც, მის სამეზობლოშიც ქალებს უწევდათ ომის შემდგომი გაჭირვების ტვირთის ზიდვა, რათა საყვარელი ადამიანები სიკვდილისა და სირცხვილისგან გადაერჩინათ. „პური“ კიდევ ერთხელ მიანიშნებს დანგრეულ ქალაქებში ქალთა განსაცდელის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.

როგორები იყვნენ მეორე მსოფლიო ომგამოვლილი მასწავლებლები ევროპაში? მათ გრძნობები დაჩლუნგებული ჰქონდათ, აღარაფერი აკვირვებდათ და მოსწავლეებს სამყაროს ყველა სისასტიკეს დაუფარავად უმხელდნენ. პედაგოგთა ნაწილს აღარ შეეძლო იმედისა და მომავლის რწმენის გაღვივება ბავშვების გულში. ბორხერტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოთხრობის: „ღამით ხომ სძინავთ ვირთხებს“, – უმნიშვნელოვანესი პერსონაჟი სწორედ მასწავლებელი გახლავთ. იგი თავის მოსწავლეებს დაუფარავად უხსნის, რომ „ნანგრევებში დარჩენილი მკვდრებით ვირთხები ირჩენენ თავს“. სკოლაში მოსმენილი ფრაზა შეცვლის 8-9 წლის იურგენის ცხოვრებას, რომელიც გარდაცვლილი უმცროსი ძმის გადასარჩენად ღამღამობით თავის დაბომბილ სახლს ყარაულობს. საბედნიეროდ, ბავშვებისთვის ცხოვრების აზრის დაბრუნებაზე მხოლოდ ოჯახის წევრები და სკოლის თანამშრომლები არ ზრუნავენ – მასწავლებლის მოვალეობის შეთავსება გულკეთილ ქურდსაც შეუძლია.

„სამზარეულოს საათის“ ნებისმიერი მკითხველი, ალბათ, დიდხანს იფიქრებს ცხოვრების ყველაზე უბრალო წესის სიკეთეებზე. დიდ კატასტროფას, მასობრივ ნგრევას შესწევს ძალა, ერთ დროს მოსაბეზრებელი რუტინა სამოთხედ წარმოაჩინოს.

ბორხერტის არც ერთი მოთხრობის შინაარსი ბოლომდე თქვენთვის არ გამიმხელია, მხოლოდ ის მსურდა, გერმანელის შემოქმედების ყველაზე მქრქალი კონტურებისთვის გამესვა ხაზი. ჰამბურგელი ავტორის მარტივი, ყველასათვის ადვილად გასაგები, შესანიშნავად თარგმნილი ტექსტები დიდ საფიქრალსა და უამრავ თავსატეხს იტევს, თან კიდევ ერთხელ გვიხსნის, თუ რატომ უნდა ვაქციოთ ომი ისტორიად.

ახალგაზრდა მწერლის ტრაგედიებით სავსე ცხოვრება ტრაგედიითვე დასრულდა. ომის დროს გადატანილმა არაერთმა ავადმყოფობამ და პატიმრობამ, ომის შემდგომმა შიმშილმა საბოლოოდ შეურყია ჯანმრთელობა 26 წლის კაცს. ის იმ დღეს გარდაიცვალა, როდესაც მისი ლექსი პირველად გადასცეს რადიოთი. გარდაცვალებიდან მეორე დღეს ქალაქის ერთ-ერთ მთავარ სცენაზე მისი პიესის პრემიერა გაიმართა.

ბორხერტი ერთ-ერთ ლექსში აღნიშნავს, რომ საკუთარი თავი შუქურად წარმოედგინა, სინამდვილეში კი გასაჭირში მყოფი, დაღუპვისთვის განწირული ნავი აღმოჩნდა. მგონი, მწერალი საკუთარი თავის შეფასებისას შეცდა, მისმა მოთხრობებმა ნაომარ ქვეყანაში არაერთ ადამიანს გაუკვალა გზა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“